უაკ 541.6:678.7
ISBN 978-9941-20-853-9
48 გვერდი
დამტკიცების თარიღი 17.05.2017
მონოგრაფია ეძღვნება უჯერი ბმების შემცველ პოლიმერებს. მასში აღწერილია უჯერი როგორც კარბოჯაჭვური, ისე ჰეტეროჯაჭვური პოლიმერების სინთეზი, განხილულია მათი ძირითადი თვისებები და გამოყენების არეალი. თავმოყრილი და გაანალიზებულია ამ სფეროში გამოქვეყნებული უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული მასალა. ტექნიკური დანიშნულების უჯერი ჰეტეროჯაჭვური პოლიმერებიდან განხილულია სამრეწველო პოლიესტერები, პოლიამიდები, პოლიესტერამიდები, ეპოქსიფუმარატული ფისები, პოლიურეთანები (თავები 2.1., 2.2.). მონოგრაფიის გამორჩეული ნაწილია მე-3 თავი – ჰეტეროჯაჭვური პოლიმერები ბიოსამედიცინო გამოყენებისათვის, რომელშიც აღწერილია უჯერი ბმების შემცველი სხვადასხვა კლასის პოლიმერები (პოლიესტერები, პოლიამიდები, პოლიესტერამიდები, პოლიანჰიდრიდები, პოლიესტერების თანაპოლიმერები აკრილატებთან, ვინილ-პიროლიდონთან და სხვ.), რომლებიც იქმნებოდა სპეციალურად ბიოსამედიცინო მიზნებისათვის. მონოგრაფიის მე-4 თავი ეძღვნება უჯერი ბმებით მოდიფიცირებულ პოლიმერებს. ასევე, მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს დათმობილი ავტორების მიერ განხორციელებულ კვლევებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კერძოდ, ბიოსამედიცინო პოლიმერებისა და ბიომასალათა კვლევის ცენტრში. მონოგრაფიის ავტორების მიერ აღწერილია ბუნებრივი ამინომჟავების ბაზაზე მათ მიერ მიღებული სხვადასხვა კლასის AABB ტიპის ჰეტეროჯაჭვური პოლიმერების სინთეზი, რომლებიც გამოცდილია პოლიმერ-მატარებლებისა და მატრიქსების სახით სამკურნალო პრეპარატებისა და ფერმენტების იმობილიზაციისათვის, ფარმაკოლოგიურად აქტიური კომპოზიტების, ფოროვანი მასალების, მიკრო- და ნანონაწილაკების და სხვათა მისაღებად. მონოგრაფია მნიშვნელოვანი ნაშრომია ბიოპოლიმერების და სამედიცინო დანიშნულების მასალათმეცნიერების მიმართულებით. წიგნი დიდ სარგებლობას მოუტანს როგორც დარგით დაინტერესებულ სტუდენტებს, ისე ამ სფეროში მოღვაწე მეცნიერებს.