დააჭირეთ Enter-ს შედეგების სანახავად ან Esc-ს გასაუქმებლად.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტექნიკური ფაკულტეტის გახსნისთანავე წამოიჭრა სტუდენტების ქართული სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის საკითხი.
უპირველესად აუცილებელი იყო ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის დამუშავება, თუნდაც მცირე მოცულობით, რაც მოკლე დროში შესრულდა კიდეც გიორგი ნიკოლაძის მუდმივი ზრუნვის შედეგად.
ქართულ ენაზე სახელმძღვანელოს გამოცემის პირველი ცდა ეკუთვნის პროფ. გ. გედევანიშვილს, რომლის ლექციების კურსი
ლითონების მექანიკური ტექნოლოგია დაიბეჭდა 1925 წელს.
ქართულ ენაზე სასწავლო ლიტერატურის შექმნის საქმეში თავიდანვე მონაწილეობდა სტუდენტთა საზოგადოება, რომელიც სტეკლოგრაფით ლექციების კონსპექტებს ამრავლებდა.
სტუდენტთა სამეცნიერო-ტექნიკურმა წრემ 1926 წელს გამოსცა გ. ნიკოლაძის
მხაზველობითი გეომეტრია, რამაც დიდად შეუწყო ხელი ამ საგნის სწავლების მეცნიერული დონის ამაღლებას.
პირველი სახელმძღვანელოები ფუნდამენტურ და სპეციალურ ტექნიკურ დისციპლინებში (ოციან-ოცდაათიან წლებში) შექმნეს ნ. მუსხელიშვილმა, 
ა. ბენაშვილმა ა. გულისაშვილმა, ა. ჭრელაშვილმა, გ. წულუკიძემ, ლ. დიასამიძემ, მ. მაჭავარიანმა, გ. ქურდიანმა, ვ. გურგენიძემ, შ. ნოდიამ, თ. ქარუმიძემ,
ვ. კაკაბაძემ, დ. მშვენიერაძემ, ა. ბაქრაძემ, ვ. გოთოშიამ, ს. ძიძაძემ.
დღეისათვის ქართულ ენაზე 700-ზე მეტი სახელმძღვანელოა დაბეჭდილი. 1959 წელს შეიქმნა პოლიტექნიკური ინსტიტუტის გამომცემლობა, მაგრამ, საკავშირო მთავრობის ბრძანებით, 1962 წელს დაიხურა და პოლიტექნიკურ ინსტიტუტს დაუტოვეს მხოლოდ სარედაქციო ჯგუფი სამი თანამშრომლით. რექტორატის მცდელობის შედეგად, სამოციანი წლების ბოლოს შტატი გაიზარდა და ჩამოყალიბდა სარედაქციო-საგამომცემლო ჯგუფი (მთავარი რედაქტორი
დ. მირიმანოვა, უფროსი რედაქტორები: ე. გიორგაძე, თ. მახარაძე, რედაქტორები: მ. პრეობრაჟენსკაია, მ. ძიძიგური, ზ. ხოსროშვილი, ტექ. რედაქტორები:
ნ. ცირეკიძე, ო. ჭანკვეტაძე, კორექტორი ნ. დოლიძე) სარედაქციო ჯგუფს უფლება ჰქონდა გამოეცა მხოლოდ მცირეტირაჟიანი დამხმარე სახელმძღვანელოები სპეციალურ დისციპლინებში, ლექციების კონსპექტები, მეთოდური მითითებები, აგრეთვე სამეცნიერო შრომების კრებულები.
ამასთანავე, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განყოფილებასთან შეიქმნა სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის პუბლიკაციის სექტორი, რომელიც განაგებდა როგორც პოლიტექნიკური ინსტიტუტის შიგა საგამომცემლო საქმიანობას, ისე ჩვენი ავტორების სახელმძღვანელოებისა და მონოგრაფიების ბეჭდვას სხვა გამომცემლობებში (სექტორის გამგე ე. ცისკარიშვილი). სექტორი აწყობდა გამოცემული სახელმძღვანელოების საჯარო განხილვას სპეციალისტთა ფართო წრეში (გამოცემიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ). აღსანიშნავია, რომ პოლიტექნიკური ფაკულტეტის სამეცნიერო შრომების პირველი კრებული გამოიცა 1924 წელს, მისი რედაქტორი იყო ნიკო მუსხელიშვილი. დღეისათვის სულ გამოცემულია სამეცნიერო შრომების 500 კრებული.
პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებულების მაღალი დონის ნათელი აღიარებაა მისთვის საერთაშორისო ინდექსის მინიჭება-ISSN 1512-0996.
1975 წელს საბჭოთა კავშირის უმაღლესი განათლების მინისტრმა ელუტინმა გამოსცა შავრაზმული სულისკვეთებით აღსავსე ბრძანება, რომლითაც მოკავშირე რესპუბლიკებს ეკრძალებოდათ სახელმძღვანელოების გამოცემა მშობლიურ ენაზე, ვითომდა დუბლირების აღმოფხვრის მიზნით. ამავე ბრძანებით, რესპუბლიკურ უმაღლეს სასწავლებლებს (რომელთაც მთავრობის მიერ დამტკიცებული საკუთარი გამომცემლობები არ გააჩნდათ) სასტიკად აეკრძალათ სამეცნიერო შრომების კრებულების სისტემატური გამოცემა. მათ ეძლეოდათ მხოლოდ ინსტიტუტთშორისი თემატური სამეცნიერო შრომების ბეჭდვის უფლება (ნუმერაციის გარეშე).
პოლიტექნიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელობა არ დაემორჩილა საკავშირო მინისტრის შეურაცხმყოფელ ბრძანებას და გააგრძელა ინტენსიური საგამომცემლო საქმიანობა (სამეცნიერო შრომების კრებულებს სწორედ მას შემდეგ მიენიჭა საერთაშორისო ინდექსი).
1992 წელს, უკვე დამოუკიდებელ საქართველოში, შესაძლებელი გახდა დაარსებულიყო გამომცემლობა
ტექნიკური უნივერსიტეტი.
გამომცემლობა
ტექნიკური უნივერსიტეტი გამოსცემს სახელმძღვანელოებს, დამხმარე სახელმძღვანელოებს, ლექციების კონსპექტებს, სასწავლო-მეთოდურ მითითებებს, სამეცნიერო შრომათა კრებულებს, მონოგრაფიებსა და სხვ.
2007 წელს რეორგანიზაციის შედეგად გამომცემლობა გარდაიქმნა საგამომცემლო სახლ
ტექნიკურ უნივერსიტეტად.
საგამომცემლო სახლ
ტექნიკური უნივერსიტეტის დირექტორია ა. გრიგოლიშვილი.
ბოლო პერიოდში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის ძალისხმევით, საგამომცემლო სახლი აღიჭურვა უახლესი კლასის თანამედროვე პერსონალური კომპიუტერებით, პრინტერებით, ლამინატორით, თერმოამკინძავით და ა.შ.