უაკ 008
ISBN 978-9941-20-953-6
344 გვერდი
დამტკიცების თარიღი 06.12.2017
ჩვენი უნივერსიტეტის საგამომცემლო სახლში კიდევ ერთ კარგ წამოწყებას ჩაეყარა საფუძველი - დაიწყო თემატური გამოცემები. თქვენ წინაშეა ამ სერიის პირველი წიგნი. უდავოდ ჭეშმარიტებაა, რომ მეცნიერებისა და ტექნიკის ისტორიის სიღრმისეული დაუფლება უმნიშვნელოვანესია როგორც წარსულის შეფასების, ისე მომავლის გაუმჯობესების თვალსაზრისით. წარსულის გაანალიზებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვისაც.ქართველთა საკუთარი პოტენციალი და, ასევე, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის შედეგად ნიჭი, შრომა და შემოქმედება მიმართული იყო თითოეული ეპოქის დამახასიათებელი აღმშენებლობისათვის. არტეფაქტები მოწმობს, რომ ჩვენში უძველესი დროიდან მოიპოვებდნენ, გადაამუშავებდნენ და მიზნობრივადაც იყენებდნენ სპილენძსა და ოქროს, ხალიბების მიერ გამოდნობილი ფოლადი ლეგირებული იყო, ჰქონდა ბრწყინვალე თვისებები, ქვითხუროები მაღალ მთებზე აშენებდნენ ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, იქმნებოდა კულტურის მატერიალური ძეგლები და შესანიშნავი საინჟინრო ნაგებობები.ტექნიკური პროგრესის ახალ ერაში კი ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიო მიღწევათა კვალდაკვალ იარა ისტორიის ძნელ გზებზე, შეიქმნა შესანიშნავი საინჟინრო სკოლა, რომლის წარმომადგენლებიც თვალსაჩინონი იყვნენ და არიან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოში საინჟინრო ტექნიკური უმაღლესი განათლებისა და მეცნიერული კვლევების ლიდერი, ევროპული ტიპის საგანმანათლებლო სამეცნიერო-სასწავლო ცენტრია. დღეს იგი ასევე არის ინფორმატიზაცის, ინფორმაციული სისტემების, საკომუნიკაციო არხების, ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვის, ინფორმაციის მართვის ავტომატიზებული სისტემების სწავლების ლიდერი საქართველოში. წიგნში დახასიათებულია ჩვენს ქვეყანაში ინფორმატიზაციის ეპოქის ყველა საფეხური. გადმოცემულია საქართველოში ავტომატიზაციისა და ხელსაწყოთმშენებლობის ორგანიზაციების, ასევე გამოთვლითი ტექნიკისა და ინფორმატიკის დარგების შექმნის ისტორია.
ავტორ-შემდგენლები მადლიერებით მიიღებენ ყველა კონსტრუქციულ შენიშვნას, წინადადებას და გაითვალისწინებენ შემდგომ გამოცემებში.