უაკ: 577
სახელმძღვანელო შედგება ორი ნაწილისაგან: პირველ ნაწილში მაქსიმლურად შემჭიდროებული ფორმით გადმოცემულია ზოგადი ფიზიკის ის საკითხები, რომლებიც აუცილებელია მეორე ნაწილში განხილული ბიოლოგიური პროცესების გასაგებად.
სახელმძღვანელოში საფუძვლიანადაა განხილული როგორც მოლეკულური და უჯრედის ბიოფიზიკის ელემენტები, ისე ნერვული იმპულსის გავრცელება და დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისათვის აუცილებელი ისეთი მნიშვნელოვანი პროცესი, როგორიცაა ფოტოსინთეზი. მოცემულია ბიოორგანიზმების თერმოდინამიკა და ენერგიის მუდმივობის კანონი. გასაგებადაა ახსნილი ცოცხალი ორგანიზმის, როგორც ღია თერმოდინამიკური სისტემის არსი. თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რადიაციული ბიოფიზიკა, რაც მოიცავს ბიოლოგიურ ობიექტზე რადიაციის მოქმედების ტიპებსა და ეტაპებს, დოზიმეტრიას.
გამოცემა დიდ სარგებლობას მოუტანს საინჟინრო ფიზიკის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამების სტუდენტებსა და ბიოფიზიკის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველს.
უაკ: 550.8.02:658.382.3
სახელმძღვანელოში მოცემულია შრომის კანონმდებლობის, შრომის უსაფრთხოების სანიტარიულ-ჰიგიენური და სამედიცინო-ბიოლოგიური საფუძვლები, გეოლოგიური სამუშაოების წარმოების ადგილებზე შრომის პირობების გასაუმჯობესებელი ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებების სისტემა. განხილულია შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის შრომისდაცვითი ასპექტები, სახიფათო და მავნე ფაქტორების მახასიათებლები და მომუშავეთა დაცვის საშუალებები, გეოლოგიური პროფილის საწარმოო სათავსების განიავება და მათი საჰაერო გარემო, საწარმოო ტრავმატიზმის ანალიზი, ელექტრული უსაფრთხოების საფუძვლები, საწარმოო მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისა და დამხმარე სამუშაოების წარმოების უსაფრთხოება, სხვადასხვა სახის სპეციალური გეოლოგიური სამუშაოების წარმართვისას უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნები, აგრეთვე საველე სამუშაოების წარმოების უსაფრთხოება და სახანძრო უსაფრთხოების საფუძვლები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფა-კულტეტის ბაკალავრებისათვის.
უაკ: 543∙7(075∙8)
სახელმძღვანელოში განხილულია წონითი და ტიტრიმეტრიული (მოცულობითი) ანალიზის თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული მეთოდები. აღწერილია სამუშაოს შესრულების ხერხები, აპარატურა, ხელსაწყოები და ანალიზის შედეგების გამოთვლის მეთოდები. დიდი რაოდენობითაა მოცემული საკონტროლო კითხვები და ამოცანები. სახელმძღვანელო სრულ შესაბამისობაშია რაოდენობითი ანალიზის სასწავლო პროგრამასთან.
განკუთვნილია სხვადასხვა პროფილის უმაღლესი სასწავლებლების შესაბამისი ფაკულტეტების, სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისათვის.
უაკ: 665.5
სამკურნალო კოსმეტიკური და პარფიუმერული საშუალებების ტექნოლოგიაში ლაბორატორიული სამუშაოების სახელმძღვანელო. პირველად შეიქმნა და განპირობებულია პარფიუმერიისა და კოსმეტიკური ინდუსტრიის კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების აუცილებლობით.
სახელძღვანელოს მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს პარფიუმერიის, და კოსმეტიკური პროდუქტების რეცეპტურის სწორად შედგენა და დასაბუთება, რაციონალური ტექნოლოგიის არჩევის საკითხების გადაჭრა და შესაბამისი პროდუქტების ხარისხის კონტროლი. პროდუქტების თითოეული ჯგუფისთვის მოცემულია პარფიუმერიისა და კოსმეტიკური პროდუქტების რეცეპტურაში შემავალი კომპონენტების კლასიფიკაცია, კოსმეტიკური ეფექტი, მახასიათებლები, ფუნქციური დანიშნულება, ტექნოლოგია, ხარისხის კონტროლი, წარმოდგენილია ტესტური კითხვები და კითხვები თვითმომზადებისათვის. ლაბორატორიული მეცადინეობები ეფუძნება სტუდენტების დამოუკიდებელი მუშაობის პრინციპს, რაც თეორიული მასალის წინასწარ ცოდნას მოითხოვს.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ფარმაცევტული მიმართულების უმაღლესი სასწავლებლებისა და ამავე ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, ასევე გამოადგება კოსმეტოლოგიის სფეროში მომუშავე სპეციალისტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.
ავტორთა გუნდი მადლიერებით მიიღებს ნებისმიერ შენიშვნას, წინადადებას და მხედველობაში მიიღებს შემდეგ გამოცემაში.