მ. მარდაშოვა, ხ. ავალიანი, ა. ქემოკლიძე

მუხრანის წყალამღების ტერიტორიის ჰიდროგეოლოგიური პირობები და საექსპლუატაციო ჭაბურღილების ჰიდროდინამიკური რეჟიმის შესწავლა

image-1

უაკ 55/556

ISBN 978-9941-28-690-2

168 გვერდი

დამტკიცების თარიღი 10.12.2020


 

მონოგრაფიაში განხილულია მუხრანის წყალამღებზე ჩატარებული კომპლექსური ჰიდროგეოლოგიური კვლევების შედეგები და შესრულებული სამუშაოების მონაცემები, აგრეთვე არსებული საფონდო და ლიტერატურული წყაროების ანალიზის შედეგად დაგროვილი საკმაოდ დიდი რაოდენობის ფაქტობრივი მასალის მუხრანის წყალამღების ტერიტორიაზე მოქმედი ჭაბურღილების მწარმოებლურობის, მათში წნევიანი მიწისქვეშა წყლების დონეების განაწილების, წყალშემცველი ჰორიზონტების გავრცელებისა და ვერტიკალურ ჭრილში მათი განლაგების, სასაზღვრო ჰიდროდინამიკური პირობების, დროში დონეების ცვალებადობის, მიწისქვეშა წყლების ფიზიკური თვისებებისა და ქიმიური შედგენილობის, ამ წყლების ბაქტერიოლოგიური მდგომარეობის, საბადოზე სანიტარიული პირობებისა და სხვა აუცილებელი პარამეტრების შესახებ, რომელთა სისტემატიზაციის გზით შესაძლებელი გახდა წყალამღების ტერიტორიაზე მიწისქვეშა წნევიანი წყლების საექსპლუატაციო მარაგების დიდი სიზუსტით შეფასება.

ჩატარებული კომპლექსური საველე, ლაბორატორიული და კამერალური ჰიდროგეოლოგიური კვლევების შედეგად გამოვლენილია მუხრანის არტეზიული აუზის ჰიდროგეოლოგიური პირობები, მანამდე შეუსწავლელი თავისებურებები.

მუხრანის წყალამღების ჭაბურღილებში ჩატარებული საველე საცდელ-ფილტრაციული ამოტუმბვების მონაცემებით ირკვევა, რომ მუხრანის არტეზი-ული აუზის წნევიანი წყალშემცველი ჰორიზონტები მაღალი ფილტრაციული პარამეტრებით (ფილტრაციის კოეფიციენტი, წყალგამტარობა, პიეზოგამტარობის კოეფიციენტი) ხასიათდება. აღნიშნულ ფაქტორს ერთვის აუზის ერთგვარად ჩაკეტილი, ფართობით არცთუ დიდი ჰიდროგეოლოგიური სტრუქტურის ინტენსიური კვება არა მხოლოდ მდინარეების - ქსნისა და არაგვის მძლავრი ფილტრატების ხარჯზე, არამედ ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შემომსაზღვრელ ქედებზე ფორმირებული მნიშვნელოვანი მიწისქვეშა ჩამონადენების ხარჯზეც. ბუნებრივი ფაქტორების ამგვარი ხელსაყრელი შერწყმა განაპირობებს აუზის ფარგლებში მიწისქვეშა წნევიანი წყლების ასეთი სტრუქტურისთვის, შეიძლება ითქვას, კოლოსალური რესურსის ჩამოყალიბებას, რაც მუხრანის არტეზიული აუზის წყლებს დედაქალაქის (და არა მხოლოდ დედაქალაქის) სასმელი წყალმომარაგების უალტერნატივო წყაროდ აქცევს.

მონოგრაფია განკუთვნილია დარგის სპეციალისტების, მიწისქვეშა წყლების რესურსებისა და მარაგების საკითხებით დაინტერესებული სტუდენტებისა და მკითხველისათვის.


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები