უაკ 271.222(479.22)
ISBN 978-9941-28-896-8 (ყველა ნაწილი); 978-9941-28-906-4 (მეათე ნაწილი))
456 გვერდი
დამტკიცების თარიღი 15.04.2024
მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის წიგნი – „ალბანეთი (ალბანეთის საკათალიკოსო და საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია კახეთსა და ჰერეთში)“, იკვლევს საერთაშორისო წრეებში ერთ-ერთ სადავო საკითხს ჩვენი საეკლესიო იურისდიქციის შესახებ. ამჟამად აღიარებული, თუმცა არასწორი მტკიცებით – კახეთის სამხრეთი ნაწილი – გურჯაანი, საინგილო, დავითგარეჯა და თვით ბოდბეც კი, თითქოსდა, ისტორიულად, ალბანეთის საკათალიკოსოში შედიოდა და მხოლოდ მე-10 საუკუნის შემდეგ გადავიდა ქართული ეკლესიის იურისდიქციაში. შესაბამისად, უცხო მხარეს გაუჩნდა პრეტენზია აქაური უძველესი ქართული ეკლესია-მონასტრებისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ.
ნაშრომში გარკვეულია, რომ სინამდვილეში, თავდაპირველი, ისტორიული ჰერეთი, რომელსაც ზოგჯერ ალბანეთსაც უწოდებენ, კახეთს ესაზღვრებოდა მდ. გიშისწყალთან (ზოჯერ კი იქვე გამდინარე მდ. ალიჯანჩაისთან). ჰერეთი დიდი ქვეყანა იყო, გადაშლილი აღნიშნული მდინარეებიდან ვიდრე მდ. აღსუმდე და ძირითადად დასახლებული იყო ქართულენოვანი მოსახლეობით (ჰერებით). მას ასევე შაქის სამეფოსაც უწოდებენ. მისი (ანუ „შაქის ჰერეთის“) საზღვრები გაიზარდა მხოლოდ მე-9 საუკუნეში, როცა მისმა მონოფიზიტმა მმართველმა საჰლ სმბატიანმა არანის (რანის) დაპყრობის შემდეგ არაბთა ხელშეწყობით ასევე შეძლო სამხრეთ კახეთის დაპყრობა გავაზის ხაზამდე. მხოლოდ ამის შემდეგ ეწოდა ისტორიული კახეთის ამ (სამხრეთ) ნაწილს სახელი – „ჰერეთი“. სამხრეთ კახეთის გასათავისუფლებლად იბრძოდნენ კახეთის ქორეპისკოპოსები და აფხაზთა მეფეები. მხოლოდ წმ. დედოფალ დინარას დროს (მე-10 ს.) დაუბრუნდა შაქის ჰერეთი მართლმადიდებელ სარწმუნოებას. იმის გამო, რომ ჰერეთი გიშისწყლიდან მდ. აღსუმდე (თეთრწყლამდე) დასახლებული იყო ქართულენოვანი მოსახლეობით, მას უცხოელები ივერიის ნაწილად მოიაზრებდნენ, ამიტომაც მის დედოფალს წმ. დინარას რუსული წყაროები „ივერიის დედოფალს“ უწოდებდნენ.