უაკ 621. 56/57
ISBN 978-9941-20-171-4
157 გვერდი
დამტკიცების თარიღი 09.03.2012
წარმოდგენილ სახელმძღვანელოში ძირითადად ყურადღება გამახვილებულია იმ თანამედროვე სამაცივრო მოწყობილობების სახეებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება პრაქტიკაში და მზადდება ამ სფეროში მსოფლიოს წამყვანი ფირმების მიერ. მესამე თავში სხვადასხვა სამაცივრო ციკლების თერმოდინამიკური უზრუნველყოფის პარამეტრების განხილვისას მოყვანილია ცნება „გარდაქმნის კოეფიციენტი“ - COP (coefficient of performans), რომელიც ბოლო წლებში გამოყენებულია მსოფლიო ტექნიკურ ლიტერატურაში. სწორედ ამ ცნების საფუძველზეა განხილული სამაცივრო ციკლები, რომელიც უფრო ხშირად რეალიზდება სამაცივრო მოწყობილობებში. მეოთხე თავში აღწერილია თანამედროვე საოჯახო მაცივრებისა და საყინულეების კონსტრუქციების დიდი კლასი, რომელიც შეიცავს ისეთ სისტემებს, როგორებიცაა NO FROST და SUPER რეჟიმები. ცალკეული პარაგრაფების სახითაა განხილული ამ მოწყობილობების ელექტრომომარაგება და ავტომატიზაცია. აგრეთვე განხილულია ენერგეტიკული ეფექტურობის ამაღლების საკითხები, რაც წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბის სერიოზულ პრობლემას. მეხუთე თავში (სავაჭრო სამაცივრო მოწყობილობები) ტრადიციული ვიტრინების, დახლებისა და კარადების გვერდით მოყვანილია აგრეთვე ამ სახის თანამედროვე მოწყობილობები: ყინულის გენერატორები, წვენის გამაცივებლები, რბილი ნაყინის მწარმოებელი აპარატები, ღვინის სადემონსტრაციო და სავაჭრო კარადები, სკივრის ტიპის მაცივრები, ბონეტები, ლარები და ა.შ. თავის ბოლოს განხილულია ასაწყობი სამაცივრო კამერები, მათი თბური გაანგარიშება და კამერის საჭირო მოცულობის ანგარიში. ეს თავი ფართოდაა ილუსტრირებული. მეექვსე თავში შეტანილია კლიმატური კამერები და ჩილერები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება მრეწველობაში (საგამოცდო ცენტრები, ფიტოტრონები), ჰაერის კონდიცირებისთვის (სამრეწველო, საყოფაცხოვრებო, საზღვაო ტრანსპორტი), კვების მრეწველობის გადამამუშავებელ საწარმოებში და ა.შ. აგროსამრეწველო კომპლექსში სიცივის მოხმარების ცალკეული საკითხი განხილულია მეშვიდე თავში. აქ მოცემულია ტექნოლოგიური პროცესები და სხვადასხვა ეტაპზე დაბალი ტემპერატურის გამოყენების საკითხი ნაყინისა და პელმენის წარმოების მიხედვით და ფრინველის ფაბრიკის მაგალითებზე. აქვე მოცემულია სამაცივრო მოწყობილობების შესარჩევად საჭირო გაანგარიშების მაგალითები. სახელმძღვანელოს ბოლოს ახლავს დანართები, რომლებიც მოიცავს ალტერნატიული სამაცივრო აგენტების მახასიათებლებს, ასევე სამაცივრო სქემების შესადგენად საჭირო თანამედროვე პირობით აღნიშვნებს. განკუთვნილია სამაცივრო ტექნოლოგიისა და ტექნიკის პროფილის პროფესიული სწავლების, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, ასევე ამ სფეროში მოღვაწე ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისთვის.