უაკ: 621.1
ენერგეტიკული პოტენციალის მქონე ნარჩენი ბიომასის წინამდებარე კადასტრის გამოცემის მიზანია, გამოავლინოს საქართველოს რეგიონებში არსებული სხვადასხვა სახეობის ნარჩენი ბიომასის სათბობად გამოყენების შესაძლო მასშტაბები და ტექნიკური შესაძლებლობები, მისი გამოყენების ეკონომიკა და კონკურენტუნარიანობა, შექმნას სათანადო საფუძველი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ბიონარჩენებზე მომუშავე ენერგოეფექტური გათბობის სისტემების ფართომასშტაბიანი დანერგვისათვის, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად აამაღლებს სოფლის მოსახლეობის საქმიანობის ეფექტურობას, ეკონომიკურ კეთილდღეობას და გააჯანსაღებს ეკოლოგიურ მდგომარეობას საქართველოში. ჩატარებული კვლევების საფუძველზე შემუშავებულია ნარჩენი ბიომასის ენერგეტიკული პოტენციალის განსაზღვრის მეთოდიკა, დადგენილია მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურების მოსავალი და შინაური ცხოველების სულადობა, ნარჩენების კოეფიციენტები, თბოუნარიანობები, ენერგიის მისაღებად გამოსაყენებელი ბიომასის რაოდენობები და მათი ენერგეტიკული პოტენციალის მნიშვნელობები. შედეგები მიღებულია როგორც მცენარეული კულტურებისა და შინაური ცხოველების სახეობების მიხედვით, ისე საქართველოს იურისდიქციაში არსებული რეგიონებისა და რაიონების ჭრილში.
უაკ: 629. 113.+629. 11.012.
განხილულია ავტორის მიერ დაპატენტებული საკიდარის, მაძრავისა და კარდანული სახსრის ახალი კონსტრუქციების შეთანწყობის შედეგად მიღებული ავტომობილის მამოძრავებელი მექანიზმი.შესწავლილია და დადგენილია ხმელეთზე მოსიარულე ბინადართა სიმდოვრის პირობა. საკიდარისა და მაძრავის კონსტრუქციები აგებულია ამ პირობაზე დაფუძნებით და მიღებულია გაუმჯობესებული მდოვრე სვლა და გამავლობა, რაც დასტურდება მათემატიკური მოდელების გამოთვლის შედეგად. აქვს გადაბიჯების საშუალება გარკვეულ უსწორობებზე და არის გორვითმაბიჯა, რაც არის სიახლე ავტომობილის მაძრავებს შორის.წარმოდგენილია ახალი კონსტრუქციის ჯვარედინად განლაგებული ოთხკოტიანი თანაბარკუთხურსიჩქარიანი კარდანული სფერული სახსარი, რომელშიც მაბრუნი მომენტის გადაცემა ხდება კოტების მეშვეობით, ხაზური კონტაქტით და შესაძლებელია სამუშაო რესურსის გაზრდა დიდი მაბრუნი მომენტის გადაცემისას.მონოგრაფია „ავტომობილის სვლის სიმდოვრისა და გამავლობის ამაღლების მეთოდები“ განკუთვნილია, მანქანათმშენებლობისა და ავტომობილის თეორიისათვის, ამ დარგებში მომუშავე სამეცნიერო-კვლევითი და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისათვის.
უაკ: 669.018.95:621.793
განხილულია ტექნიკის დარგებში გამოყენებული კერამიკული მასალების მიღების ტექნოლოგია, თვისებები და გამოყენების სფეროები. შესწავლილია მყარი სხეულების სტრუქტურულ-მექანიკური, თერმომექანიკური, თერმული, ფიზიკურ-ქიმიური და თბოფიზიკური თვისებები. დადგენილია დამოკიდებულება სტრუქტურულ და მექანიკურ თვისებებს შორის. განხილულია როგორც ტექნიკის მოწინავე დარგებში გამოყენებული ჟანგბადიანი, ისე უჟანგბადო კერამიკული მასალები, ნაკეთობები: კარბიდების, ნიტრიდების და სილიციდების ნაერთებისაგან. განკუთვნილია სამეცნიერო, საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისათვის, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლებისა და კერამიკულ წარმოებაში მომუშავე პერსონალისათვის.
უაკ: 004.5
განიხილება კორპორაციულ სისტემებში თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების საშუალებების, მათ შორის მონაცემთა მულტიმედიური საცავების დაპროექტების, პროგრამული და აპარატურული რეალიზაციის პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები სერვისორიენტირებული არქიტექტურის ბაზაზე. შემოთავაზებულია ელექტრონული საარჩევნო სისტემის, როგორც რთული და დიდი სისტემის მოდელირების, ობიექტორიენტირებული დაპროექტების, ობიექტორიენტირებული ანალიზის და შემდგომი პროგრამული რეალიზაციის საკითხები. გაანალიზებულია დასმული პრობლემების გადაწყვეტის საზღვარგარეთული გამოცდილება, არსებული მეთოდები, არქიტექტურა, პრინციპები, მოდელები, რომლებიც აუცილებელია ელექტრონული საარჩევნო სისტემის წარმატებით დასანერგად. მონოგრაფია განკუთვნილია მართვის საინფორმაციო სისტემების (Management Information Systems) დოქტორანტების, მაგისტრანტების, აგრეთვე ვებ-ტექნოლოგიების შექმნის საკითხებით დაინტერესებული სპეციალისტებისა და მკითხველისათვის.
უაკ: 629.472.7-629.4.077
მონოგრაფია ეძღვნება ვაგონებისა და დანადგარების სახსრულ-ბერკეტული მექანიკური გადაცემების რეალური დინამიკური მოდელების ფორმირების პრობლემური ამოცანის გადაწყვეტას. შექმნილია სამუხრუჭო ბერკეტული გადაცემებისა და ტექნოლოგიური მანქანა-დანადგარების დინამიკური მოდელები, ჩატარებულია მათი სისტემატიზაცია. მოდელების ფორმირებისას შემოტანილია მოძრავი კოორდინატთა სისტემები. დამატებით მოძრაობათა დიფერენციალური განტოლებების შედგენის მიზნით დამუშავებულია ამ მოძრაობათა აღძვრის საწყისი პირობები. დინამიკური მოდელების შექმნის თეორიული საფუძვლები გამოსადეგია ნებისმიერი სირთულის ბრტყელი და სფერული მექანიკური გადაცემის დინამიკური მოდელის ფორმირებისათვის. წიგნი სარგებლობას მოუტანს დოქტორანტებს, მეცნიერ მუშაკებსა და საინჟინრო პერსონალს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სახსრულ-ბერკეტული გადაცემების დაგეგმარების პირობებთან.
უაკ: 631.423.2
განხილულია ღვარცოფული მოვლენები და მათი ბუნება, კლასიფიკაცია, გავრცელების არეალი მსოფლიოსა და კავკასიაში, ღვარცოფული მოვლენების შესწავლის თანამედროვე მდგომარეობა. შემოთავაზებულია ბმული ღვარცოფების ზღვრული წონასწორობისა და მოძრაობის ძირითადი განმსაზღვრელი მაჩვენებლების ლაბორატორიულ-ექსპერიმენტული კვლევების ჩატარების მეთოდიკა და ანალიზი, ბმული ღვარცოფის ჩამოყალიბების პირობები და მათთან ბრძოლის მეთოდები. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრებისა და დოქტორანტებისათვის აგრეთვე, იმ მეცნიერებისა და სპეციალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ ჰიდროინჟინერიის, ჰიდროტექნიკური მელიორაციის, ჰიდროლოგიის, საინჟინრო ეკოლოგიისა და ჰიდროგეოლოგიის განხრით. იგი აგრეთვე დიდ დახმარებას გაუწევს ღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობების პროექტირება-მშენებლობითა და ექსპლუატაციით დაკავებულ ინჟინრებს.
უაკ: 622.692.48
აღწერილია საქართველოს ნავთობისა და გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, გაზსადენი სისტემების დიზაინის, მშენებლობისა და ექსპლუატაციის საკითხები. შეჯამებულია საფრთხეების ანალიზი და რისკების შეფასება და მათი აღმოფხვრისათვის შექმნილია სათანადო მოდელები და ალგორითმები. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის საიმედოობის უზრუნველსაყოფად შემუშავებულია და აღწერილია პრევენციული ეფექტური სტრატეგია. განკუთვნილია გაზსადენი სისტემების დაპროექტების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის საკითხებით დაინტერესებული სპეციალისტებისა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის.
უაკ: 669
მონოგრაფიაში შემოთავაზებულია რუსთავის მეტალურგიული საწარმოს წიდების ფიზიკურ-ქიმიური თვისებების 15-წლიანი შესწავლის ძირითადი შედეგები. თეორიული და ექსპერიმენტული კვლევების საფუძველზე გამოითქვა მოსაზრება, რომ ამ წიდების ღია ცის ქვეშ, მრავალი ათწლეულის განმავლობაში, განლაგების შედეგად წარმოიქმნა თვისობრივად ახალი მასალა, რომლის გათვალისწინების გარეშე, მისი, როგორც ტექნოგენური ნედლეულის ოპტიმალური გამოყენების (რაციონალური უტილიზაციის) ამოცანის გადაჭრა, მართებული არ იქნება. ავტორების მოსაზრებები კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წარმოდგენილია ზოგადად, მყარი ნარჩენების ტექნოგენური ნედლეულისადმი მიკუთვნების ფიზიკურ-ქიმიური ასპექტების შესახებ. მათი მართებულობის დასამტკიცებლად ლაბორატორიულ პირობებში განხორციელებულია შეფერილი ტარის მისაღებად გამიზნული მინის მიღება წიდების გამოყენებით. მონოგრაფია ძირითადად განკუთვნილია მულტიმინერალურ ხელოვნურ და ბუნებრივ სისტემებში (სხვადასხვა სახის ზეგავლენის პირობებში) მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური პროცესებისა და გარემოს დაცვის საკითხების სფეროებში მოღვაწე მკვლევრებისა და პრაქტიკოსებისათვის. ნაშრომში წარმოდგენილმა ინფორმაციამ მყარი ნარჩენების ფიზიკურ-ქიმიური შესწავლით დაკავებულ სტუდენტებს დიდი სარგებელი შეიძლება მოუტანოს.
უაკ: 546.261+546.171.1
მონოგრაფიაში განხილულია კერამიკული და პოლიმერული კომპოზიციური მასალების მიღების ტექნოლოგიები და მათში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური პროცესები; მოცემულია მასალათა თვისებები და მათი გაუმჯობესების გზები, მასალათმცოდნეობის საკითხები, შესწავლილია მასალათა აღნაგობა, გარე და შიგა ფაქტორების ზემოქმედება მასალათა თვისებებსა და სტრუქტურულ ცვლილებებზე. მოცემულია მათი გამოყენების სფეროები. მონოგრაფია განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის თანამშრომლების, სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. იგი ასევე საინტერესო იქნება: სამშენებლო, სატრანსპორტო, მანქანათმშენებლობის სპეციალობის მეცნიერებისა და სტუდენტებისათვის.