უაკ: 030.8:624
სამშენებლო ენციკლოპედიურ ლექსიკონში თავმოყრილი და გადამუშავებულია 15844 ტერმინი, რომლებიც ეხება სამშენებლო საქმესა და მასთან მონათესავე მიმართულებებს, როგორებიცაა: არქიტექტურა, ხუროთმოძღვრება, საკულტო და საერო ნაგებობები, წყლის ინჟინერია, მენეჯმენტი, ეკონომიკა, უსაფრთხოება, სეისმომედეგობა, მექანიკა, საგანგებო სიტუაციები, გეოინჟინერია, მეტალურგია, ბიზნესი, კომპიუტერული მეცნიერება და სხვ. ტერმინების დიდ ნაწილს თან ახლავს ეტიმოლოგიური კვლევები, რომელთა ბაზისად აღებულია ოქსფორდის უნივერსიტეტის მასალები. ტერმინის განმარტების სრულყოფილად აღქმისათვის ლექსიკონში ჩართულია ფერადი სურათები და ნახაზები, რომელთა რაოდენობა შეადგენს 4636 ერთეულს. ლექსიკონის მოცულობაა 5 ტომი.
ნაშრომი მომზადებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე. ძირითადი ავტორების გარდა მასში მონაწილეობდა ფაკულტეტის 42 პროფესორი და სტუდენტი, აგრეთვე სხვა ორგანიზაციების 6 წარმომადგენელი.
ნაშრომის მიზანია ქართველ მშენებლებს მიაწოდოს მშენებლობასთან დაკავშირებული ტერმინების თანამედროვე განმარტებები, ხოლო პროფესიონალ მკვლევრებს, გამომცემლებს და, ზოგადად, ლექსიკოგრაფიითა და ლექსიკოლოგიით დაინტერესებულ პირებს მისცეს ქართველ მშენებლებთან უშუალო დიალოგის შესაძლებლობა.
ლექსიკონი განკუთვნილია მშენებელი ინჟინრების, სტუდენტების, არქიტექტორების, სამუშაოთა მწარმოებლების, ექსპერტების, ბიზნესმენების, საჯარო რეესტრის, სანოტარო ბიუროების, ადვოკატების, სასამართლოების, სამინისტროების, ქალაქებისა და მუნიციპალური სამსახურების, ჟურნალისტების, მშენებელი მუშებისა და ყველა დაინტერესებული პირისათვის.
პროფესორების - დავით გურგენიძისა და თამაზ ხმელიძის საერთო რედაქციით
უაკ: 550.8
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ზოგადად საველე პრაქტიკისათვის საჭირო სამი ეტაპი (მოსამზადებელი, საველე და კამერალური). განხილულია ბუნებრივ და ხელოვნურ გაშიშვლებებზე მუშაობის ზოგადი წესები, ქანებისა და მადნების აღწერის თავისებურებანი, ნიმუშის და სინჯის აღების და დოკუმენტაციის მეთოდები.
განხილულია გეოლოგიური აგეგმვის, გეოლოგიური რუკის, გეოლოგიური ჭრილების, სტრატიგრაფიული სვეტის აგების და მადნიანი სხეულების შემოკონტურების ძირითადი პრინციპები, სასარგებლო წიაღისეულის მარაგების პირველადი შეფასების და მარაგების ანგარიშისთვის გამოყენებული მეთოდები.
ნაშრომში მოცემულია საველე გეოლოგიური სამუშაოებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალი, საველე ბანაკის მოწყობის და საველე სამუშაოების დროს დასაცავი უსაფრთხოების წესები.
მეთოდიკური მითითებანი მყარი სასარგებლო წიაღისეულის ძებნა-ძიების სასწავლო გეოლოგიური პრაქტიკის ჩასატარებლად დაეხმარება არა მარტო მადნიანი გეოლოგიის სპეციალობის სტუდენტებს, არამედ პრაქტიკოს გეოლოგებსაც.
უაკ: 338.45:622
სალექციო კურსში განხილულია დარგის – გეოდეზიური და სამარკშაიდერო წარმოების ეკონომიკისა და მენეჯმენტის არსი, მისი ფუნქციონირების ეკონომიკური და მმართველობითი საფუძვლები და თავისებურებანი საბაზრო ურთიერთობათა პირობებში, საწარმოს მიკრო- და მაკროგარემო, საწარმოო რესურსები და მათი გამოყენების მაჩვენებლები. გაანალიზებულია საწარმოთა საქმიანობის ეკონომიკური საკითხები და სხვა ძირითადი მახასიათებლები.
გამოცემა განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტების, დარგში მომუშავე სპეციალისტებისა და სხვა დაინტერესებული მკითხველისათვის.
სალექციო კურსში განხილულია გეოლოგიის მენეჯმენტის არსი, მისი ფუნქციონირების მმართველობითი საფუძვლები და თავისებურებანი საბაზრო ურთიერთობათა პირობებში, გეოლოგიური საწარმოს მიკრო- და მაკროგარემო. გაანალიზებულია საწარმოთა საქმიანობის მმართველობითი და სხვა ძირითადი საკითხები.
გამოცემა განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, დარგში მომუშავე სპეციალისტებისა და სხვა დაინტერესებული მკითხველისათვის.
უაკ: 627.8
სალექციო კურსში განხილულია შემდეგი საკითხები: ჰიდროენერგეტიკული დანადგარების დაწნევისა და ხარჯის ბალანსი, ზედა და ქვედა ბიეფების მახასიათებლები, ჰიდროაგრეგატების ენერგეტიკული მახასიათებლები, ჰესების შიგა სასადგურე რეჟიმის ოპტიმიზაციის საკითხები, მდინარის ჩამონადენის რეგულირებისა და წყალსაცავის დაცლაავსების რეჟიმების გაანგარიშება, ასევე ელექტროენერგეტიკული სისტემის სპეციფიკა, მისი დატვირთვის გრაფიკი, საიმედოობა და ელექტროენერგეტიკული სისტემის სიმძლავრისა და ენერგიის ბალანსი.
სალექციო კურსი შეესაბამება სამაგისტრო პროგრამის „ენერგეტიკა და ელექტროინჟინერიის“ სასწავლო დისციპლინის - „ჰიდროენერგეტიკული დანადგარების წყალენერგეტიკული რეჟიმების გაანგარიშების მეთოდების“ სილაბუსს.
გამოცემა განკუთვნილია ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის.
უაკ: 008.01:657.6:658.11
სალექციო კურსში თანამიმდევრულად არის დალაგებული საკითხები, რომლებიც შეეხება საწარმოთა დაპროექტებისათვის საჭირო წანამძღვრების შექმნას, კერძოდ კი, ამ დაპროექტების განსახორციელებლად წინასწარი საპროექტო-ეკოლოგიური გამოკვლევის ჩატარების აუცილებლობას. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, მოიცავს ღონისძიებათა მთელი კომპლექსის რეალიზაციის საჭიროებას, კერძოდ, საწარმოო მეთოდის შერჩევას, ტექნოლოგიური პროცესის საანგარიშო-გრაფიკული მოდელის შექმნას, წარმოების ძირითადი ტექნოლოგიური სქემის შემუშავებასა და ტექნოლოგიური (მატერიალური და ენერგეტიკული) ანგარიშების შესრულებას.
ნაშრომის ცალკე თავშია განხილული ტექნოლოგიური პროცესის კონტროლისა და რეგულირების საკითხები; მოწყობილობა-დანადგარების დამონტაჟების, ადმინისტრაციულ-სამეურნეო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების შენობა-ნაგებობების მოცულობათა განსაზღვრის პირობები; საწარმოთა ტოქსიკურობის, ცეცხლ- და ფეთქებადსაშიშროების ნიშნით გამოწვეული დამახასიათებელი თავისებურებანი და სხვა. ხოლო ნაშრომის ბოლო თავი დათმობილი აქვს საწარმოთა ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების დადგენას მზა პროდუქციის თვითღირებულების კალკულაციით, მომსახურე პერსონალის საშტატო განრიგის შედგენითა და კაპიტალური დანახარჯების განსაზღვრით.
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სასწავლო პროგრამის „გარემოს ინჟინერია და უსაფრთხოება“ ფარგლებში სტუდენტებისათვის, ამავე დროს, იგი შეიძლება წარმატებით გამოვიყენოთ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურების სტუდენტებისათვის სასწავლო პროგრამით „საინჟინრო ეკოლოგია“.