უაკ: 72.03
სახელმძღვანელოში განხილულია დასავლეთ ევროპის არქიტექტურის ისტორია XI საუკუნიდან XIX საუკუნის პირველი ათწლეულის ჩათვლით, დახასიათებულია აღნიშნულ პერიოდში არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თავისებურებანი, წარმოდგენილია იმ ცალკეულ ხუროთმოძღვართა შემოქმედება, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობით განსაზღვრეს მაშინდელი არქიტექტურის ხასიათი და გავლენა იქონიეს მის შემდგომ განვითარებაზე.განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების არქიტექტურის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.
უაკ: 004.5
სახელმძღვანელოში განხილულია მართვის საინფორმაციო სისტემების პროგრამული უზრუნველყოფის ობიექტორიენტირებული ანალიზის, დაპროექტების, დეველოპინგის, ტესტირების, დანერგვისა და რეინჟინერინგის საკითხები. განსაკუთრებით გამახვილებულია ყურადღება გამოყენებითი სისტემების პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის უნიფიცირებულ (UML) და მოქნილ (Agile) მეთოდოლოგიებზე, სასიცოცხლო ციკლის გუნდური მენეჯმენტის ამოცანებზე.წიგნში შემოთავაზებულია პროგრამული სისტემების მენეჯმენტის როგორც თეორიული საფუძვლები, ისე ლაბორატორიული პრაქტიკუმის ამოცანები. გამოყენებულია MsVisual Studio.NET Framework 4.5 ინტეგრირებული სამუშაო გარემო.სახელმძღვანელო განკუთვნილია პროგრამული ინჟინერიისა და მართვის საინფორმაციო სისტემების სპეციალობის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის მენეჯმენტის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისათვის.
უაკ: 004.65
სახელმძღვანელოში მოცემულია Microsoft SQL Server გარემოში პროგრამების შემუშავების საკითხები. დაწვრილებითაა განხილული Transact SQL-ის საფუძვლები, მონაცემთა ბაზებისა და ცხრილების მართვის საკითხები, ფუნქციებთან, შენახულ პროცედურებთან, ინდექსებთან, წარმოდგენებთან, კურსორებთან და ტრიგერებთან მუშაობის პრინციპები. გადმოცემულია ადმინისტრირების საშუალებები. მეორე გამოცემაში დამატებულია ოპერაციები სიმრავლეებზე, საერთო ცხრილური გამოსახულებები, მონაცემების რეორგანიზების საკითხები. დაწვრილებითაა გაშუქებული ცხრილებს შორის კავშირები. წიგნში უხვადაა მოცემული მაგალითები და სავარჯიშოები. განკუთვნილია როგორც კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ისე პროგრამირების შესწავლის მსურველთათვის.
უაკ: 541.13
წინამდებარე მეთოდიკურ სახელმძღვანელოში სრულყოფილადაა განხილული ზოგადი ქიმიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკვანძო საკითხი– ელექტროქიმიური პროცესები, რომლის გაცნობაც ჯეროვან დახმარებას გაუწევს სტუ-ის პირველკურსელებს (და არა მარტო მათ) ზოგადი და არაორგანული ქიმიის შესწავლისას.
უაკ: 624.131.1
სახელმძღვანელოში განხილულია ფართო სპექტრი საკითხებისა, რომლებიც განაპირობებს ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური პირობების შეფასების აუცილებელ ფაქტორებს. მოცემულია ზოგადი ცნობები დედამიწის, ლითოსფეროს ამგები ქანების ტიპებისა და მათი შემადგენელი ქანმაშენი მინერალების ძირითადი მახასიათებლების შესახებ. ნაშრომში განხილულია დედამიწის შინაგანი (ენდოგენური) და გარეგანი (ეგზოგენური) მოვლენები. მოცემულია კონკრეტულ ნაგებობებთან დაკავშირებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ამოცანები, მათი ეტაპები და სახეები. სახელმძღვანელო შინაარსობრივად და სტრუქტურულად აგებულია სასწავლო დისციპლინის სილაბუსის მიხედვით და განკუთვნილია სხვადასხვა პროფილის სამშენებლო, ჰიდროგეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური მიმართულების მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის და სპეციალისტთა იმ წრისათვის, რომლებიც შეისწავლიან ქანებსა და იმ საინჟინრო გეოდინამიკურ მოვლენებს, რაც მჭიდრო კავშირშია სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა მშენებლობასთან.
უაკ: 621.332
ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელირება, როგორც მოდელირების სხვა ნებისმიერი სახეობა, ეფუძნება ანალოგიის პრინციპს ანუ ობიექტის შესწავლის შესაძლებლობას არა უშუალოდ, არამედ მისი მსგავსი, უფრო ხელმისაწვდომი ობიექტის განხილვის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში ასეთი ობიექტის როლში ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელი გვევლინება. ფორმალიზაცია და კვანტიფიკაცია, მოდელის აგების პროცესში, ამა თუ იმ თეორიისა და ჰიპოთეზის შემოწმების საშუალებას იძლევა, რაც ხელს უწყობს გამოსაკვლევი პრობლემების სიღრმეებში წვდომას. სახელმძღვანელო მომზადებულია ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად და პრაქტიკულად მოიცავს ეკონომიკური პროცესების მოდელირების თითქმის ყველა თანამედროვე მიმართულებას. განკუთვნილია აღნიშნულ პროგრამასთან მეტ-ნაკლებად მომიჯნავე სასწავლო პროგრამების როგორც საბაკალავრო, ისე სწავლების უფრო მაღალი საფეხურის სტუდენტებისთვისაც.
უაკ: 669. 2 / 83 : 66.046.8
სახელმძღვანელოში განხილულია ავტოკლავური პროცესების ზოგადი პრინციპები. გადმოცემულია საქართველოში არსებული ლითონის საბადოების მინერალების მაღალი ტემპერატურისა და წნევის პირობებში გადამუშავების ჰიდრომეტალურგიული პროცესების ფიზიკურ-ქიმიური საფუძვლები. გარჩეულია მსოფლიოში არსებული ავტოკლავური გამოტუტვის და დალექვის თანამედროვე ტექნოლოგიური სქემები სპილენძის, თუთიის, ტყვიის, ალუმინის, მოლიბდენის, მანგანუმის და კეთილშობილი ლითონების მეტალურგიაში. განკუთვნილია ფერადი ლითონების მეტალურგიის მიმართულების სწავლების ყველა დონის სტუდენტებისთვის და ამ საკითხით დაინტერესებული მკვლევრებისათვის.
უაკ: 577.1:615.47
სახელმძღვანელოში მოცემულია ბიომედიცინაში ნანოტექნოლოგიების გამოყენების თანამედროვე მდგომარეობა და პერსპექტივები. აღწერილია ნანოტექნოლოგიების განვითარების ისტორია უხსოვარი დროიდან დღემდე. განხილულია ბუნებაში არსებული ნანოეფექტები და მათი ხელოვნური ანალოგიების შექმნის შესაძლებლობები, ასევე ბიოტექნოლოგიის საფუძვლები, წარმოების ზოგადი სქემები მაგალითებით. სახელმძღვანელო მოიცავს თანამედროვე გენური ინჟინერიის საფუძველზე შექმნილი ბიოტექნოლოგიური მეთოდების აღწერას და მათი გამოყენების მაგალითებს, გენური ინჟინერიის დადებით და უარყოფით მხარეებს. მნიშვნელოვანი ნაწილი ეძღვნება ნანომედიცინასა და ბიოტექნოლოგიური ნანოსისტემების აღწერას, ბუნების იმიტირებას–დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას (დნმ) მოლეკულებისგან სხვადასხვა ნაკეთობის, ნანომანქანების, ჩიპების და ა.შ. შექმნას და მათ გამოყენებას. მოცემულია ადამიანის გენომი საერთოდ, ქრომოსომაში დნმ-ს წყობა, გენის დანიშნულება, ფუნქცია და როლი თაობათა ცვლაში. წარმოდგენილია ბიომედიცინაში ნანოტექნოლოგიების გამოყენების სოციალურ-ეთიკური საკითხები, მათდამი საზოგადოების დამოკიდებულება, გამოყენების რისკი და სარგებელი. განკუთვნილია სტუ-ის სამედიცინო ფიზიკის სამაგისტრო სწავლების სტუდენტებისთვის, ასევე სასარგებლო იქნება სპეციალისტებისა და ამ სფეროში დასაქმებული პირებისთვის.
უაკ: 621.757(075.8)
სახელმძღვანელოში ზედმიწევნითაა აღწერილი მექანიკური დამუშავების ტექნოლოგიური პროცესების დაპროექტების თეორიისა და მეთოდიკის საკითხები ერთეულოვანი და სერიული წარმოებისათვის. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წარმოების ტიპისა და სერიულობის გავლენას ტექნოლოგიური ოპერაციების სტრუქტურაზე, ტექნოლოგიური მოწყობილობის ხასიათსა და ტექნოლოგიური პროცესების შინაარსზე. სახელმძღვანელოში ფართოდაა გამოყენებული სტანდარტიზაციის საყოველთაოდ მიღებული სისტემები (ECKD – საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის ერთიანი სისტემა; სტანდარტები: ГОСТ, СЭВ ISO და სხვ.). სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, აგრეთვე მანქანათმშენებლობის საწარმოების სპეციალისტებისათვის.