ხ. წიქარიშვილი, მ. ცინცაძე, გ. ცინცაძე, †რ. ჩაგუნავა

მექვევრეობა ძველ საქართველოში

image-1

უაკ 663.2

ISBN 978-9941-28-702-2

152 გვერდი

დამტკიცების თარიღი 01.01.1970


 

მონოგრაფიაში, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალების შესწავლის საფუძველზე, დადგენილია ქვევრის მრავალსაუკუნოვანი ფუნქციონირების განმავლობაში, საეტაპო მნიშვნელობის სტადიები. იგი ეხება-ქვევრის შექმნის, მიწაში განთავსების, ქვევრის ქურის ახალი კონსტრუქციის შემუშავების, ციხე-სიმაგრეებში გამოყენების, ქვევრის ფორმებისა და ზომების საბოლოოდ დადგენის, ჩაკირვის და ჩასავალის შემოღების ღონისძიებებს.
შესწავლილი და დაზუსტებულია ქვევრის დამზადების მრავალეტაპიანი ტექნოლოგია, რომელიც მოიცავს თიხის მოპოვებას, მის დამუშავებას, ქვევრის აგებას, შრობას, გამოწვის ოპერაციების სწორად წარმართვას. დასაბუთებულია ქვევრის მიწაში განთავსების უპირატესობები, ჩაკირვა-ჩადუღაბების აუცილებლობა და ქვევრის მიწიდან ამოღების საინტერესო წესი, რომელიც უზრუნველყოფდა მის დაუზიანებლად და უსაფრთხოდ ამოღებას და სხვა ადგილზე გადატანას.

განხილულია ქვევრის, როგორც ღვინის ჭურჭლის უპირატესი მხარეები სხვა ჭურჭელთან შედარებით. რაც აიხსნება, მისი მიწაში განთავსების გამო, ტემპერატურული რეჟიმის ბუნებრივი დაცვით, კონუსური ძირის გამო ღვინო-მასალებში დალექვის, დაწმენდის და დაღვინების პროცესის უკეთ მიმდინარეობით. შეგროვებულია ქვევრის რეცხვის უძველესი წესები. ქვევრი იყო არა მარტო ღვინის დასაყენებელი და შესანახი ჭურჭელი, არამედ ფართოდ გამოიყენებოდა სხვადასხვა პროდუქტის შესანახადაც. უძველეს დროში ქვევრს მეორეული დანიშნულებით მიცვალებულთა დასაკრძალავადაც იყენებდნენ. ნაშრომში აღწერილია ქართულ ყოფაში მნიშვნელოვანი ადგილის მქონე საზედაშე ქვევრების ტრადიცია; ქვევრის მნიშვნელობა „სამთო-მეღვინეობის“ განვითარების და ციხე-სიმაგრეებში თავდაცვასთან დაკავშირებულ საქმეშიც.

ქართველებმა თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში შექმნეს მევენახეობა-მეღვინეობის მაღალი და ორიგინალური კულტურა, რომელიც წარმოუდგენელია ქვევრის გარეშე. ეს გარემოება თავისთავად განსაზღრავს იმ უდიდეს მნიშვნელობას, რომელიც ქვევრს უნდა ჰქონოდა მოპოვებული საქართველოს ყოფაში. შესაბამისად, წინამდებარე მონოგრაფია საინტერესოა მკითხველისათვის თავისი აქტუალობითა და მნიშვნელობით.


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები