უაკ: 930.26
არქეოლოგიის პროგრამაში მოცემულია, როგორც თეორიული, ისე ველზე პრაქტიკული მეცადინეობების, რომლის საფუძველზე სტუდენტი გაეცნობა არქეოლოგიური ექსპედიციის ორგანიზაციის საკითხებს, იმ მეთოდებს, რომლებიც მოპოვებული არქეოლოგიური მასალების ანალიზის პროცესში სასიცოცხლოდ აუცილებელია. მომავალი არქეოლოგის თეორიული მომზადება გულისხმობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ აღრიცხული ობიექტებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლისა და დაცვის საკანონმდებლო აქტების ცოდნას. თეორიული სალექციო მეცადინეობის პროცესში სტუდენტები დაეუფლებიან სხვადასხვა ტიპისა და სირთულის ძეგლების გათხრების შესახებ არსებულ ინფორმაციას, ზოგადად საველე არქეოლოგიური კვლევის მეთოდებს, ველზე შრომისა და ყოფის თავისებურებებს, უსაფრთხოებას. აქედან გამომდინარე, სტუდენტები შეიძენენ ცოდნას, რომლის გამოყენებასაც შეძლებენ არქეოლოგიური გათხრების დროს. სწავლების კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს სრული წარმოდგენა ექნებათ არქეოლოგიური მასალების დამუშავებასა და შესაბამის ინტერპრეტაციაზე, ასევე გამოიმუშავებენ ჩვევებს, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ ველზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალის პრეისტორიულ და ისტორიულ მოვლენებთან დაკავშირებას. სწორედ ზემოაღნიშნული საკითხებია განხილული ჩვენ მიერ წარმოდგენილ სასწავლო-მეთოდურ სახელმძღვანელოში, რომელიც ეფუძნება ქართველი და უცხოელი მკვლევრების მიერ შეძენილ ცოდნასა და მათ მიერ შემუშავებული საველე არქეოლოგიური გათხრების მეთოდიკას.
სახელმძღვანელო განკუთვნილია არქეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისა და მათი პრაქტიკული ჩვევების გამომუშავებისათვის.
უაკ: 662.7
სახელმძღვანელოში განხილულია ტექნოლოგიური პროცესების აფეთქებაუსაფრთხოების ზოგადი ცნებები, განმარტებები, მოთხოვნები, აფეთქებაუსაფრთხოების უზრუნველყოფის ორგანიზაციული, ტექნიკური ღონისძიებები და მათ შესრულებაზე კონტროლი. მოყვანილია აფეთქებამდგრადობის, აფეთქებადაცვის ცნებები, რომლებიც ტექნოლოგიურ პროცესში ჩართულ მოწყობილობა-დანადგარების, აპარატურის უსაფრთხო საექსპლუატაციო გარემოს უზრუნველყოფს. აღწერილია ტექნოლოგიური პროცესების დამუშავებისას აფეთქებაუსაფრთხო პირობების შექმნის მიმართულებები, როგორიცაა პროცესის ფლეგმატიზაცია, ინჰიბირება, ინერტული გარემო, ვაკუუმი, დანადგარების ღია მოედნებზე განთავსება, ჰერმეტულობის უზრუნველყოფა.
აღწერილია მოწყობილობების, დანადგარების, შენობების, წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლის აფეთქებაუსაფრთხოება, გაზსადენები, ნავთობსადენები და მათი დაცვა კოროზიული პროცესებისაგან. წარმოდგენილია აფეთქებაუსაფრთხო სანათი და სასიგნალო მოწყობილობები, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების თვისებები და მათ ბაზაზე მიღებუ-ლი მასალები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დახმარებას გაუწევს წარმოებაში მომუშავე ინჟინრებს, შრომის დაცვისა და პროფესიული უსაფრთხოებით დაინტერესებულ პირებს.
უაკ: 513.21
სახელმძღვანელოში განხილულია კომპიუტერული გრაფიკული პროგრამა Revit-ში მუშაობის ძირითადი პრინციპები, ინფორმაციული მოდელირების პროცესი და პროგრამული პროდუქტის ცალკეული ფუნქციური შესაძლებლობები.
სახელმძღვანელო დაეხმარება სტუდენტებს და ყველა დაინტერესებულ პირს შენობათა ინფორმაციული მოდელირებისა და Revit Architecture-ში მუშაობის პრინციპების შესწავლისას.
უაკ: 624.1
წიგნში მოცემულია ქანის მასივისა და მისი ნიმუშის თვისებები, მდგომარეობის განტოლებები და სიმტკიცის ძირითადი თეორიები: განხილულია ქანის მასივის პირველადი დაძაბული მდგომარეობები, მათი განსაზღვრის მეთოდები: აღწერილია მასივის დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის ძირითადი კანონზომიერებები განივკვეთის წრიული, ელიფსური და სხვა ფორმის გვირაბების ირგვლივ. გაშუქებულია სამთო, სატრანსპორტო და ჰიდროტექნიკური გვირაბების მუშაობის თავისებურებები, მიწისქვეშა ნაგებობების სამაგრი კონსტრუქციების, სიხისტის, მდგრადობის და სხვა საკითხები.
წიგნი განკუთვნილია მიწისქვეშა და საშახტო მშენებლობის სპეციალობის სტუდენტებისათვის, მეცნიერი მუშაკებისა და ინჟინერებისათვის.
უაკ: 681.3.06
„არდუინო“ რამდენიმე ტექნოლოგიის ნაკრებია [1, 2, 3], რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია სხვადასხვა სახის ჭკვიანი გაჯეტების, ავტომატიკისა და რობოტოტექნიკის მოწყობილობების აგება. შექმნილია უნივერსიტეტის სტუდენტურ გარემოში, შესაბამისად მისი პლატფორმა ღია და მნიშვნელოვნად ხელმისაწვდომია, სარგებლობს უზარმაზარი პოპულარობით როგორც დამწყებებში, ისე პროფესიონალებში. აღსანიშნავია, რომ „არდუინოს“ დაპროგრამების გარემო Processing Wiring დაფუძნებულია C/C++ ენაზე. ეს ენა შექმნილია რთული პროგრამული პროდუქტების – ოპერაციული სისტემების, მონაცემთა ბაზების, საოფისე პროგრამების, ელექტრონული თამაშების შექმნისთვის, შესაბამისად, მისი გამოყენება დაპროგრამებისათვის არაეფექტურია.
ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ „არდუინოს“ ძირითადი გამომყენებლები პროფესიონალი პროგრამისტები კი არა, ინჟინერ-ელექტრონიკოსები, ელექტრიკოსები, სქემოტექნიკოსები, სისტემოტექნიკოსები არიან, რომელთაც ტექსტურ დაპროგრამებაში საფუძვლიანი ცოდნა არ აქვთ. ამან გამოიწვია გარაფიკული/ვიზუალური დაპროგრამების გარემოებების შექმნა, რომელთა შორის უფასოდ გავრცელებადი პროგრამა FLProg გამოირჩევა. მისი მეშვეობით შეიძლება ვიზუალურად დავაპროგრამოთ არდუინოს კონტროლერი ისე, რომ ეს პროცესი გამოიყურებოდეს როგორც ელექტრონული ან ელექტრული სქემების ხაზვა კომპიუტერის ეკრანზე და საერთოდ არ დაგვჭირდეს დაპროგრამების ტექსტური ენების გამოყენება.
ამ მიზნით FLProg იყენებს პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების დაპროგრამებისათვის გამოყენებულ გრაფიკულ ენებს – FBD და LED, რომლებიც გამოიყენება პრაქტიკულად ყველა სახის ლოგიკური რელეებისა და სამრეწველო კონტროლერების (პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერები) დაპროგრამებისათვის მთელ მსოფლიოში.
სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ციფრული ტექნოლოგიების ათვისებაში.
უაკ: 550.82
წიგნში განხილულია მადნის ტექსტურისა და სტრუქტურის გენეტიკური, მორფოლოგიური და სხვა არსებული კლასიფიკაციები, ცალკეული ტექსტურებისა და სტრუქტურების განმარტებები. ნაჩვენებია, როგორ შეიძლება, მადნების ტექსტურისა და სტრუქტურის მიხედვით, მადნების გენეზისის, მინერალების წარმოშობის თანამიმდევრობის, მინერალური აგრეგატების ურთიერთკავშირის, თერმოდინამიკული პირობების დადგენა და ამ ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენება.
მოცემული ფოტომასალა სტუდენტს დაეხმარება შედარების გზით სწორად განსაზღვროს მადნების სხვადასხვა შენაზარდი, ტექსტურა და სტრუქტურა.
ნაშრომი განკუთვნილია მაგისტრატურის „გეოლოგია“ და „სამთო და გეოინჟინერია“ სპეციალობის სტუდენტებისათვის, აგრეთვე მნიშვნელოვან სამსახურს გაუწევს მადნების კვლევით დაკავებულ ახალგაზრდა სპეციალისტებს.
ნაშრომში განხილულია მყარი სასარგებლო წიაღისეულის კვლევის მნიშვნელოვანი მეთოდები, რომლებიც გეოლოგიური სამეცნიერო და პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად გამოიყენება. მათი ცოდნა აუცილებელია სასარგებლო წიაღისეულის საბადოების სპეციალური კვლევებით დაკავებული კვალიფიციური გეოლოგებისთვის.
ნაშრომში ფართოდაა გამოყენებული არსებული ლიტერატურული მასალები, განზოგადებულია და სისტემაში მოყვანილი მრავალი მკვლევრის მონაცემები, შესრულებულია მათი სისტემური ანალიზი.
მადნების მინერალური კვლევის მეთოდები აღწერილია რიგითობით – იწყება მაკროსკოპულით და გრძელდება დეტალური, სპეციალური კვლევის მეთოდებით.
განკუთვნილია მაგისტრატურის „გეოლოგია“ და „სამთო და გეოინჟინერია“ სპეციალობის სტუდენტებისათვის, მნიშვნელოვან სამსახურს გაუწევს მადნების კვლევით დაკავებულ ახალგაზრდა სპეციალისტებს.