უაკ: 54
მონოგრაფიაში „Co(II)-სა და Ni(II)-ის კოორდინაციული ნაერთები აზოტ- და ჟანგბადშემცველ ლიგანდებთან – ჰეტეროციკლური რიგის წარმოებულებთან (მეტა-ნიტრო¬ბენზალდეჰიდის ჰიდრაზონებთან)“ – მოცემულია მეტა-ნიტრობენზალდეჰიდის ბენზოილჰიდრაზონის (L) და მეტა-ნიტრობენზალდეჰიდის მეტა-ნიტრობენზოილჰიდრაზონის (L') მოლეკულების სინთეზის მეთოდები, მათი კვლევა AM1 კვანტურ-ქიმიური მეთოდით და კომპლექსწარმოქმნის უნარი.
მოცემულია ასევე მეტა-ნიტრობენზალდეჰიდის ბენზოილჰიდრაზონთან (L) და მეტა-ნიტრობენზალდეჰიდის მეტა-ნიტრობენზოილჰიდრაზონთან (L') ლითონების, კერძოდ, Co(II)-სა და Ni(II)-ის როდანიდული და ნიტრატული მეტა-ნიტრობენზალდეჰიდის ბენზოილჰიდრაზონთან (L) და ჰალოგენური, როდანიდული, ნიტრატული კომპლექსნაერთები მეტა-ნიტრობენზალდეჰიდის მეტა-ნიტრობენზოილჰიდრაზონთან (L') კოორდინაციული ნაერთების სინთეზი და მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, შთანთქმის იწ სპექტრები, აღნაგობა, თერმოგრავიმეტრული და კალორიმეტრული კვლევა.
ნაშრომში ნაჩვენებია მეტა-ნიტრობენზალდეჰიდის ბენზოილჰიდრაზონთან კობალტ(II)-ის და ნიკელ(II)-ის ქლორიდების ბიოლოგიური აქტიურობა.
მონოგრაფია განკუთვნილია ქიმიკოსებისათვის, ბიოლოგებისათვის, უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგებისათვის, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და ყველა დაინტერესებული პირისათვის.
უაკ: 55/556
მონოგრაფიაში განხილულია მუხრანის წყალამღებზე ჩატარებული კომპლექსური ჰიდროგეოლოგიური კვლევების შედეგები და შესრულებული სამუშაოების მონაცემები, აგრეთვე არსებული საფონდო და ლიტერატურული წყაროების ანალიზის შედეგად დაგროვილი საკმაოდ დიდი რაოდენობის ფაქტობრივი მასალის მუხრანის წყალამღების ტერიტორიაზე მოქმედი ჭაბურღილების მწარმოებლურობის, მათში წნევიანი მიწისქვეშა წყლების დონეების განაწილების, წყალშემცველი ჰორიზონტების გავრცელებისა და ვერტიკალურ ჭრილში მათი განლაგების, სასაზღვრო ჰიდროდინამიკური პირობების, დროში დონეების ცვალებადობის, მიწისქვეშა წყლების ფიზიკური თვისებებისა და ქიმიური შედგენილობის, ამ წყლების ბაქტერიოლოგიური მდგომარეობის, საბადოზე სანიტარიული პირობებისა და სხვა აუცილებელი პარამეტრების შესახებ, რომელთა სისტემატიზაციის გზით შესაძლებელი გახდა წყალამღების ტერიტორიაზე მიწისქვეშა წნევიანი წყლების საექსპლუატაციო მარაგების დიდი სიზუსტით შეფასება.
ჩატარებული კომპლექსური საველე, ლაბორატორიული და კამერალური ჰიდროგეოლოგიური კვლევების შედეგად გამოვლენილია მუხრანის არტეზიული აუზის ჰიდროგეოლოგიური პირობები, მანამდე შეუსწავლელი თავისებურებები.
მუხრანის წყალამღების ჭაბურღილებში ჩატარებული საველე საცდელ-ფილტრაციული ამოტუმბვების მონაცემებით ირკვევა, რომ მუხრანის არტეზი-ული აუზის წნევიანი წყალშემცველი ჰორიზონტები მაღალი ფილტრაციული პარამეტრებით (ფილტრაციის კოეფიციენტი, წყალგამტარობა, პიეზოგამტარობის კოეფიციენტი) ხასიათდება. აღნიშნულ ფაქტორს ერთვის აუზის ერთგვარად ჩაკეტილი, ფართობით არცთუ დიდი ჰიდროგეოლოგიური სტრუქტურის ინტენსიური კვება არა მხოლოდ მდინარეების - ქსნისა და არაგვის მძლავრი ფილტრატების ხარჯზე, არამედ ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შემომსაზღვრელ ქედებზე ფორმირებული მნიშვნელოვანი მიწისქვეშა ჩამონადენების ხარჯზეც. ბუნებრივი ფაქტორების ამგვარი ხელსაყრელი შერწყმა განაპირობებს აუზის ფარგლებში მიწისქვეშა წნევიანი წყლების ასეთი სტრუქტურისთვის, შეიძლება ითქვას, კოლოსალური რესურსის ჩამოყალიბებას, რაც მუხრანის არტეზიული აუზის წყლებს დედაქალაქის (და არა მხოლოდ დედაქალაქის) სასმელი წყალმომარაგების უალტერნატივო წყაროდ აქცევს.
მონოგრაფია განკუთვნილია დარგის სპეციალისტების, მიწისქვეშა წყლების რესურსებისა და მარაგების საკითხებით დაინტერესებული სტუდენტებისა და მკითხველისათვის.
უაკ: 330/37
მონოგრაფიაში განხილულია ციფრული ეკონომიკის წარმოშობის წანამძღვრები არსი, გენეზისი, თავისებურებები, პრინციპები, კონცეფციები, ასევე ინდუსტრიული ეპოქის საგანმანათლებლო მოდელის ხარვეზები და მისი პოსტინდუსტრიული მოდელით შეცვლის აუცილებლობა, განათლების არსის, მიზნისა და დანიშნულების ცვლილება, სწავლების ციფრული ტექნოლოგიების უპირატესობები, განათლების თანამედროვე მიდგომები, პარადიგმები და კონცეფციები, უნივერსიტეტების ახალი მოდელები, ციფრული წიგნიერება (უნარ-ჩვევები) და სხვ. შეფასებულია შრომის ბაზრის ტრანსფორმაციისა და დასაქმების აქტუალური საკითხები ციფრულ გარემოში.
მონოგრაფია გათვალისწინებულია ეკონომიკისა და ბიზნესის სპეციალობის სტუდენტებისა და საზოგადოების ციფრული ტრანსფორმაციის პრობლემებით დაინტერესებული პირებისათვის.
უაკ: 666.29
მონოგრაფიაში წარმოდგენილია ოქროს საფუძველზე შესრულებული შუა საუკუნეების ქართულ-ბიზანტიური ტიხროვანი მინანქრის ტექნოლოგიის კვლევის საკითხები. ეს ტექნოლოგია თავისი არსით მკვეთრად განსხვავდება მაშინდელ მსოფლიოში გავრცელებული ფერადი დეკორატიული მინით ლითონის ნაკეთობების შემკობის სხვა ხერხებისა და მეთოდებისაგან. ნაშრომი ამ განმასხვავებელი ფაქტების, ტიხროვანი მინანქრისათვის საჭირო ფერადი დეკორატიული მინისა და ძვირფასი ლითონის – ოქროს მინერალოგიურ თავისებურებათა კვლევის შედეგებია, რომელიც თანამედროვე ზუსტი ანალიზური ხელსაწყოების გამოყენებით განხორციელდა. მონოგრაფიაში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილი ფერადი დეკორატიული მინის არტეფაქტებისა და ჩვენს დრომდე მოსული მინანქროვანი ძეგლების კვლევის საკითხებზე. ეს არის მცდელობა იმის დასადგენად თუ რა ინტელექტუალური და მატერიალური საშუალებები შეიძლება არსებულიყო უძველეს საქართველოში ესოდენ რთული, ძვირად ღირებული ტექნოლოგიის ადგილობრივი წარმოებისათვის.
მონოგრაფიაში განხილული საკითხები დიდ დახმარებას გაუწევს ამ სფეროში მოღვაწე სპეციალისტებს, აგრეთვე სტუდენტებს და აღნიშნული ტექნოლოგიით დაინტერესებულ მკითხველთა წრეს.
უაკ: 929
საქართველოში საინჟინრო მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით მსოფლიოში ცნობილ ქართველ მეცნიერებს.
აღსანიშნავია, რომ საინჟინრო, საინჟინრო-ტექნიკური პრობლემის გადაწყვეტის მთელმა სიმძიმემ პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეცნიერთა მხრებზე გადაიარა, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა საინჟინრო დარგის სამეცნიერო სკოლების დაფუძნება და განვითარება.
XX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისისთვის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ჩამოყალიბდა როგორც ტექნიკური უნივერსიტეტი.
მონოგრაფიაში ასახულია ტექნიკური უნივერსიტეტის იმ ღვაწლმოსილი ადამიანების შესახებ, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტის და ქვეყნის აღმშენებლობაში, ასევე საქართველოში ხელოვნებისა და სპორტის განვითარებაში.
წიგნს თანდართული აქვს ფოტოალბომი.
უაკ: 681
XX საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში საქართველოში შეიქმნა გამოთვლითი ტექნიკის, ავტომატიკისა და მართვის სისტემების დარგების ფუნდამენტური და გამოყენებითი პრობლემების გადაწყვეტებისა და მათი მეთოდების დანერგვის სამეცნიერო დაწესებულებები: თბილისის ხელსაწყოთმშენებლობისა და ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ავტომატიკისა და ტელემექანიკის, კიბერნეტიკის ინსტიტუტები და სხვა.
ამ პროფილის ორგანიზაციები და საკონსტრუქტორო ბიუროები დაარსდა თბილისსა და რუსთავში, ქუთაისში, გორსა და სოხუმში.
დღის წესრიგში დადგა კადრების მომზადების საკითხი. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ენერგეტიკის ფაკულტეტზე შეიქმნა ახალი სპეციალობა: „საწარმოო პროცესების ავტომატიზაცია“. შემდგომ ენერგეტიკის ფაკულტეტს გამოეყო და დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბდა ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი.
მონოგრაფიაში ასახულია საქართველოში გამოთვლითი ტექნიკის, ავტომატიკისა და მართვის სისტემების ჩამოყალიბებისა და განვითარების ეტაპები. აქვე ნაჩვენებია ახალი ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის პერსპექტივები.
უაკ: 621.565
მონოგრაფიაში განხილულია ქიმიურად საშიში ავარიული ნივთიერებები, აგრეთვე სამაცივრო მეურნეობის განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები, კერძოდ კვების მრეწველობის ობიექტზე გამოყენებული ქიმიურად საშიში ავარიული ნივთიერებები, კვების მრეწველობის სამაცივრო მეურნეობაში შრომის პირობები, ავარიები ქიმიურად საშიშ ობიექტზე, სამაცივრო დანადგარების ექსპლუატაციის უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიური საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების ღონისძიებები, ქიმიურად საშიში ავარიების ლიკვიდაციის მეთოდები და საშუალებები, ქიმიური ავარიების შედეგების ლიკვიდაციის თავისებურებები.
წიგნში წარმოდგენილი გამოთვლების საფუძველზე დამუშავებული რეკომენდაციები, მათი პრაქტიკაში დანერგვის მიზნით, მნიშვნელოვნად გაზრდის ზემოაღნიშნულ ობიექტებზე მომუშავე პერსონალისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის უსაფრთხოების ხარისხს. კვლევის შედეგების გამოიყენება, სამაცივრო დანადგარის ავარიის შემთხვევაში, მოსახლეობის დაცვის პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად, აგრეთვე პოტენციური საშიშროების რაოდენობრივი შეფასებისათვის შემდგომში ამ ობიექტების სამრეწველო უსაფრთხოების დეკლარაციისა და უსაფრთხოების პასპორტის შესადგენად.
მონოგრაფია საინტერესო და სასარგებლო იქნება ამ სფეროში მომუშავე უსაფრთხოების სპეციალისტების, მუშებისა და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისათვის.
უაკ: 546.261+546.171.1
მონოგრაფიაში განხილულია მაღალტემპერატურული კომპოზიციური მასალები ბორის კარბიდის ბაზაზე, მათი მიღების ტექნოლოგიები ტიტანის დიბორიდის, ცირკონიუმის დიბორიდის, ბორის ნიტრიდის, სილიციუმის კარბიდის და ალუმინის ჟანგის დანამატებით. შესწავლილია ამ დანამატების გავლენა მიღებული კომპოზიტის სტრუქტურულ და საექსპლუატაციო თვისებებზე. ახსნილია მასალების მიღების პროცესში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური და თერმოდინამიკური პროცესები, მოცემულია მზა პროდუქტის თვისებები და მათი გაუმჯობესების გზები, მასალათმცოდნეობის საკითხები. შესწავლილია მასალათა აღნაგობა, გარე და შიგა ფაქტორების ზემოქმედება მასალათა თვისებებსა და სტრუქტურულ ცვლილებებზე, მათი გამოყენების სფეროები.
მონოგრაფია განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის. გამოცემა საინტერესო იქნება სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის დარგის მეცნიერებისა და სტუდენტებისათვის.
პირველი და მეორე ნაწილი შეადგინა პროფ. ზ. კოვზირიძემ, მესამე ნაწილი – ასისტ. პროფ. ზ. მესტვირიშვილმა პროფ. ზ. კოვზირიძესთან ერთად.