image-1
მ. მილაშვილი, ვ. მჭედლიშვილი

საიუველირო ნაკეთობათა მხატვრული კონსტრუირება

უაკ: 671.12:739

სალექციო კურსი „საიუველირო ნაკეთობათა მხატვრული კონსტრუირება“ შედგენილია შესაბამისი სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსის) მიხედვით, რომელიც სტუდენტს შეასწავლის საიუველირო ნაკეთობათა მხატვრული სახის ფორმირების განვითარების ეტაპებსა და თანამედროვე ტენდენციებს; საერთაშორისო და სამამულო მაგალითებზე დაყრდნობით, საიუველირო ნაკეთობათა მხატვრული კონსტრუირების პრაქტიკაში არსებული სტილისტური მიმდინარეობების ძირითად თავისებურებებსა და ნიშან-თვისებებს; საიუველირო ნაკეთობის მხატვრული კონსტრუირების ხერხებსა და მეთოდებს.
გამოცემა განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის.

 

 

 

image-1
ზ. ლომსაძე, ს. მებონია, მ. ხუციშვილი, ზ. საბაშვილი, ვ. კოპალეიშვილი, რ. გვეტაძე

მასალების დამუშავება

უაკ: 621.7/.9

სალექციო კურსში მოცემულია ლითონის დამუშავების ტექნოლოგიური პროცესების მექანიკურ-მათემატიკური და ფიზიკური თეორიის საფუძვლები. განხილულია ლითონის წნევით დამუშავების ახალი სპეციალიზებული პროცესები, ლითონის პლასტიკური დანაწევრების ხერხები და დანადგარები, საგლინ მანქანა-დანადგარებში დინამიკური და დარტყმითი მოვლენების ანალიზის და ძალების რაციონალური გაანგარიშების მეთოდები, პლაზმური დანაფარების მიღების ხერხები, ლითონების შედუღებისა და მიკროშედუღების საფუძვლები, კონტაქტური შედუღების ხარისხის ოპტიმიზაცია და ფოლადების პლაზმური განმტკიცების ტექნოლოგია, მოცემულია სფერულ-გრაფიტიანი და ბეინიტური თუჯების მიღების ახალი მეთოდები, კომპოზიციური მასალების დამუშავების წინაპირობები და ახალი ტექნოლოგიები.
თავები: 1, 2 შესრულებულია ზ. ლომსაძის მიერ; 3, 4 – ს. მებონიას მიერ; 5, 6 – მ. ხუციშვილის მიერ; 7, 8, 9 – ზ. საბაშვილის მიერ; 10, 11, 12 – ვ. კოპალეიშვილის მიერ; 13 – რ. გვეტაძის მიერ.

 

 

 

image-1
ზ. საბაშვილი

არალითონური მასალების შედუღება

უაკ: 621.791:621.792.6

სალექციო კურსში განხილულია არალითონური მასალების ფიზიკურ-მექანიკური და ქიმიური თვისებები. მათი შედუღების პროცესის არსი და შედუღებადობა. შედუღების პროცესის ძირითადი სტადიები. შენადუღი ნაკერის მიღების მექანიზმი. მოცემულია არალითონური მასალების შედუღების ყველა მეთოდი, მათი ტექნოლოგიები, შენადუღი ნაკერის ხარისხი და შენადუღი შეერთებების შემოწმების ხერხები. 
წიგნი შედგენილია მასალათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრებისათვის და სრულ შესაბამისობაშია სილაბუსში გათვალისწინებულ საკითხებთან.

 

 

 

image-1
ჯ. ქერქაძე

გარემოზე ზემოქმედების შეფასება

უაკ: 577.47/.48

სალექციო კურსში განხილულია ის პრიორიტეტები და სიახლეები, რომლებიც განაპირობებს საქართველოში ცალკეული საქმიანობისათვის გარემოსდაცვითი სანებართვო სისტემის გაუმჯობესებას. აღნიშნულია, რომ გაფართოვდა იმ საქმიანობათა ჩამონათვალი, რომლებიც ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურის განხორციელებას. ძირეულ სიახლედ არის დანახული სანებართვო სისტემის გაუქმება და მის ნაცვლად გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის პროცედურის შემოღება. სიახლეა ისიც, რომ დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად საქმიანობებმა საწყისი ეტაპებიდანვე შესაბამისი თანამიმდევრობით უნდა გაიარონ სკრინინგისა და სკოპინგის პროცედურები. აღსანიშნავია, აგრეთვე, დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობის გაფართოებული მექანიზმი, რაც უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებისას ყველა დაინტერესებული მხარის მოსაზრებათა მაქსიმალურად გათვალისწინებას.
სალექციო კურსში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი სექტორული სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემის განხილვას, რაც პრინციპულისიახლეა მთლიანად ქართული გარემოსდაცვითი საკანონმდებლო სივრცისათვის. მნიშვნელოვან სიახლედ არის აღქმული ამავე კოდექსში მოცემული საქმიანობის წარმართვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების და, აგრეთვე, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან საქმიანობის გათავისუფლების ძირეული მოთხოვნები, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის გარემოსდაცვით საკანონმდებლო ევროდირექტივებთან.
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა „გარემოს ინჟინერია და უსაფრთხოების“ ფარგლებში. იგი ასევე შეიძლება გამოადგეს დამხმარე სახელმძღვანელოდ სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს.

 

 

 

image-1
ჯ. ქერქაძე

გარემოს ბუნებრივი ობიექტებისა და საწარმოთა ეკოლოგიური ექსპერტიზა

უაკ: 577.4:65.012.16

სალექციო კურსში საქართველოს ქალაქების სამრეწველო ცენტრების მაგალითებზე დაყრდნობით განხილულია გარემოს ბუნებრივი ობიექტების (ატმოსფერული ჰაერის, ზედაპირული წყლების, ნიადაგების) ეკოლოგიური მდგომარეობა და მათი ანთროპოგენური დაბინძურების მასშტაბები. ნაშრომის ცალკე თავი ეძღვნება საწარმოო ობიექტის განთავსების რეგიონის გარემომცველი ბუნებრივი გარემოს მრავალმხრივ (ფიზიკურ-გეოგრაფიულ, ჰიდროგეოეკოლოგიურ) გამოკვლევას და მიმდებარე ტერიტორიის კლიმატურ-მეტეოროლოგიური დახასიათების აუცილებლობას.
გაკეთებულია დასკვნა, რომ სრულყოფილი ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი შესრულებულია გარემოს დამაბინძურებელი წყაროების ინვენტარიზაცია; გამოანგარიშებულია საწარმოო აეროზოლების მაქსიმალური გაფრქვევები და მავნე ნივთიერებათა მიწისპირა მაქსიმალური კონცენტრაციები; დადგენილია საწარმოო ჩამდინარე წყლების ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმები; შესწავლილია საწარმოში არსებული გამწმენდი დანადგარების მუშაობის ეფექტურობა და სათანადო პრევენციული ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა.
ნაშრომი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო-სასწავლო პროგრამა „საინჟინრო ეკოლოგიის“ ფარგლებში, იგი ამასთანავე, შეიძლება დამხმარე სახელმძღვანელოდ გამოიყენოს ამავე და სხვა უმაღლესი სასწავლებლების მომიჯნავე სპეციალობების მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა.

 

 

 

image-1
ზ. ლომსაძე

ჭედვა-შტამპვის ტექნოლოგია

უაკ: 621.774.35

სალექციო კურსში მოცემულია ჭედვა-შტამპვის ძირითადი ტექნოლოგიური პროცესების დახასიათება და განვითარების მოკლე ისტორია. განხილულია: საწყისი მასალები და ნამზადები ჭედვისა და შტამპვისათვის; მათი მიღების ძირითადი მეთოდები; უდანაკარგო დანაწევრების პროცესები და მათი კლასიფიკაცია; ნამზადების გახურება და სხვადასხვა ტიპის გამახურებელი მოწყობილობა; ჭედვის ტექნოლოგიური პროცესი და ძირითადი სამჭედლო ოპერაციები; მოცულობითი ცხლად შტამპვის ტექნოლოგიური პროცესი და შტამპვის სახეები, უროებზე შტამპვის ტექნოლოგიური თავისებურებები; საშტამპავი გადასვლები, ნაჭედის დამზადების ტექნოლოგიური საფეხურები; მრუდმხარა ცხლად საშტამპავ წნეხებზე შტამპვა; წარმოებული პროდუქცია, პროცესის უპირატესობა და ნაკლი; წნეხის შტამპის კონსტრუქცია; ჰორიზონტალურ საჭედ მანქანებზე შტამპვა და მისი თავისებურებები, წარმოებული პროდუქცია; შტამპვის სპეციალიზებული პროცესები; ნაჭედის მოსაპირკეთებელი ოპერაციები; ფურცვლოვანი ლითონის ცივად შტამპვა და გამოჭიმვა.
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის „მასალათმცოდნეობის“ სპეციალობის ბაკალავრებისათვის.

 

 

 

image-1
გ. ჯოხაძე

ორგანულ ნივთიერებათა წარმოების დაპროექტების საფუძვლები

უაკ: 547

სალექციო კურსში თანამიმდევრულად არის განხილული ახალი საწარმოების გენეზისის მნიშვნელოვანი საკითხები, კერძოდ კი, დაპროექტების სტადიები, საპროექტო დოკუმენტაციის ძირითადი სახეები, საწარმოთა როგორც ტექნოლოგიური, ისე ტექნიკური დაპროექტების საკითხები, ტექნოლოგიური პროცესების გაანგარიშების, კონტროლის, რეგულირების და კომპიუტერულად ინტეგრირებული ავტომატიზებული მართვის სისტემების საფუძვლები.
ნაშრომში განხილულია აგრეთვე ბიზნესგეგმის კონცეფცია, საინვესტიციო სამართალწარმოება, პროექტების შეთანხმება, ექსპერტიზა და დამტკიცება, საქართველოში დღეს მოქმედი სტანდარტებისა და მეტროლოგიის საკითხები.  
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთათვის. ამ სახელმძღვანელოთი სარგებლობა შეუძლია საწარმოთა ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალსაც.  

 

 

 

image-1
მ. დონაძე, ჯ. შენგელია

გალვანური დანაფარების მიღების ტექნოლოგია

უაკ: 624.131.21

სალექციო კურსში განხილულია ანტიკოროზიული და დეკორატიული გალვანური დანაფარების მიღების ტექნოლოგიები. დაწვრილებითაა აღწერილი მოთუთიების, მოკადმიუმების, მოსპილენძების, მონიკელების, მოქრომვის, მოკალვის, მოოქროვების, მოვერცხვლის და სხვა პროცესები, მოცემულია გალვანური დანაფარების ხარისხზე ელექტროლიტის შედგენილობისა და ელექტროლიზის პირობების გავლენის საკითხები. კურსი მოიცავს, აგრეთვე, გალვანური მეთოდით ორიგინალის ასლების დამზადების ტექნოლოგიას.
გამოცემა განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

 

 

 

image-1


ურთიერთშეცვლადობა, სტანდარტიზაცია და ტექნიკური გაზომვები მეთოდიკური მითითებები და სახელმძღვანელო მასალები საკურსო სამუშაოს შესასრულებლად

უაკ: 331.015.11:389.6:621.01

მეთოდიკურ მითითებებში მოცემულია პრაქტიკული მაგალითები სტანდარტების შესაბამისად ჩასმებისა და დაშვებების გაანგარიშებისა და ნახაზების შესასრულებლად, რასაც ითვალისწინებს „მექანიკის ინჟინერიის“ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსი „ურთიერთშეცვლადობა, სტანდარტიზაცია და ტექნიკური გაზომვები“.
გამოცემა განკუთვნილია „მექანიკის ინჟინერიის“ ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.