image-1
თ. ბახტაძე, ა. კობიაშვილი

მონაცემთა სტრუქტურები და დაპროგრამება

უაკ: 681.3

სახელმძღვანელოში განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა სპეციფიკაცია, ვერიფიკაცია, ვალიდაცია, კორექტულობა, ალგორითმის კომპლექსურობა და სტრუქტურული ბლოკ-სქემები, ხისა და გრაფის წარმოდგენა. მთლიანად მასალის აღსაქმელად საკმარისია მხოლოდ სკოლის მათემატიკის ელემენტარული კურსის მინიმალური ცოდნა და მკითხველის სიბეჯითე. ალგორითმების ჩასაწერად გამოყენებულია ბლოკ-სქემები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია დამწყებთათვის, რომელთაც არ იციან არც დაპროგრამება და არც ინფორმატიკა.

 

 

image
მ. ხომასურიძე

ღვინის ზადი და ნაკლი

უაკ: 663.2/.3

სახელმძღვანელოში განხილულია ღვინის ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები, ველური მიკროფლორის ზეგავლენა ღვინის ხარისხზე, ღვინისათვის დამახასიათებელი დეფექტები: ზადი, ნაკლი, მიკრობიოლოგიური დაავადებები, მათი პრევენცია და შესაძლებლობის შემთხვევაში, ღვინის გამოსწორების მეთოდები.
სახელმძღვანელო მოიცავს ხარისხოვანი ღვინის წარმოებისათვის საჭირო ღონისძიებების, რთველის დაგეგმვის, ღვინის შედგენილობის მართვის, მჟავიანობის რეგულირების, გოგირდის დიოქსიდის, საფუვრის წმინდა კულტურის, მუხის კასრისა და მისი ალტერნატიული მასალების გამოყენების მეთოდების მიმოხილვას.
სახელმძღვანელო განკუთვნილია მევენახეობა-მეღვინეობის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, მეღვინეებისათვის, სომელიეებისა და ღვინის დეგუსტატორებისათვის.

 

 

image-1
თ. დარსაველიძე

კულტურულ მცენარეთა მეთესლეობა

უაკ: 631.526:677.2

სახელმძღვანელოში მოცემულია ინსტრუქციები კულტურულ მცენარეთა გასავრცელებლად დაშვებული ჯიშებისა და ჰიბრიდების სააპრობაციო ნიმუშების შესწავლის, მცენარეთა თესლის წარმოების, სათესლე ფართობების გაანგარიშებისა და მცენარეთა თესლის ხარისხობრივი მაჩვენებელების განსაზღვრისათვის.
განხილულია ლაბორატორიული სამუშაოების შესრულების მეთოდიკა. ნაშრომი დაეხმარება სტუდენტებს, ისწავლონ მცენარეთა თესლის, ანალიზისათვის პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების მეთოდები.
წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების აგროტექნოლოგიური სპეციალობის სტუდენტებისათვის. კურსის მიზანია გზამკვლევის ფუნქცია შეასრულოს კულტურლ მცენარეთა მეთესლეობის ხარისხობრივი მაჩვენებელების განსაზღვრის, მეთოდების მიზანშეწონილი გამოყენების გზებისა და შესაძლებლობების ძიებაში.
მადლიერებით მივიღებ მკითხველის ყველა შენიშვნასა და წინადადებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ სახელმძღვანელოს გაუმჯობესებას.

 

 

image-1
ე. ბარათაშვილი, ა. აბრალავა, მ. მარიდაშვილი

ინვესტიციების მართვა და მისი სრულყოფის მექანიზმები

უაკ: 336.01

სახელმძღვანელოში განხილულია ინვესტიციების მართვის თეორიული ასპექტები, ინვესტიციების მართვის სრულყოფის მექანიზმები, ინვესტიციების ძირითადი ფორმები და მნიშვნელობა. შესწავლილია საინვესტიციო სფეროში არსებული საფინანსო-საინვესტიციო სამართლებრივი ურთიერთობები, მოცემულია საინვესტიციო სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის გზები. წინამდებარე ნაშრომი აღნიშნულ თემატიკაზე არსებული ლიტერატურისაგან განსხვავდება იმით, რომ მასში გაშუქებულია საინვესტიციო პოლიტიკის პრიორიტეტები და საინვესტიციო საქმიანობის ეფექტიანი ფინანსური ინფრასტრუქტურის ფორმირების ვარიაციები, აგრეთვე ყურადღებაა გამახვილებული ინვესტიციების დანიშნულების ეკონომკურ შინაარსზე, ფასიანი ქაღალდების პორთფელის მართვის საკითხზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როლზე ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში და სხვ.
ნაშრომი ძირითადად განკუთვნილია მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის, ასევე დაეხმარება უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს და ინვესტიციების მართვის საკითხებით დაინტერესებულ ყველა პირს.

 

 

image-1
ი. ყრუაშვილი, ი. ინაშვილი, ე. კეჩხოშვილი

ტუმბოები და სამელიორაციო სატუმბი სადგურები

უაკ: 626.83

სახელმძღვანელოში განხილულია ტუმბოების კლასიფიკაცია და მუშაობის პრინციპები; დინამიკური ტუმბოების მუშა პრინციპი; მელიორაციაში გამოყენებული ტუმბოების კონსტრუქციები; სამელიორაციო სატუმბი სადგურების თავისებურებანი; სატუმბი სადგურის ჰიდროკვანძის ნაგებობები და ტექნოლოგიური გაანგარიშება; დაპროექტების საფუძვლები და ექსპლუატაციის ძირითადი საკითხები. დანართის სახით მოცემულია საქართველოს სამელიორაციო სატუმბი სადგურების აღწერა.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგარარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის და სამშენებლო ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის და, აგრეთვე, იმ სპეციალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ ჰიდროინჟინერიის, ჰიდროტექნიკური მელიორაციის, სასოფლო-სამეურნეო წყალმომარაგების, ჰიდროლოგიის, საინჟინრო ეკოლოგიისა და ჰიდრო-გეოლოგიის განხრით. იგი აგრეთვე დიდ დახმარებას გაუწევს სამელიორაციო სისტემების დაპროექტება-მშენებლობითა და ექსპლუატაციით დაინტერესებულ ინჟინრებს.

 

 

image-1
ლ. ჩხეიძე, ნ. ჯვარელია, ნ. მაჭავარიანი

საწარმოო ავარიები და კატასტროფები

უაკ: 362.654

სახელმძღვანელოში განხილულია საწარმოო ავარიებითა და კატასტროფებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციები, პოტენციურად საშიშ ობიექტებზე ავარიის სახეები, მათი წარმოქმნის მიზეზები და შედეგები, ტექნოგენური საფრთხეების წარმოქმნის მექანიზმები, საფრთხეების თავიდან აცილებისა და შედეგების ლიკვიდაციის მეთოდები; ტექნოგენური საგანგებო სიტუაციის წარმოქმნისას უსაფრთხო ქცევისა და ადამიანთა დაზიანებისას პირველადი დახმარების წესები.
ტექსტი შეხამებულია სქემებთან, სურათებთან და ცხრილებთან, რაც მკითხველს გაუადვილებს თეორიული მასალის აღქმასა და დამახსოვრებას. სახელმძღვანელოს ახლავს ტექნოგენურ ავარიებთან და კატასტროფებთან დაკავშირებული ტერმინების განმარტებები და ძირითადი ცნებები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „უსაფრთხოების ინჟინერია და რისკების შეფასებისა“ და საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვის“ სტუდენტებისათვის. ნაშრომი დახმარებას გაუწევს წარმოებაში დასაქმებულ ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს, შრომის დაცვისა და პროფესიული უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელ პირებსა და ტექნიკურ ინსპექტორებს, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებსა და უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებულ მკითხველს.

 

 

image-1
ლ. გრიგალაშვილი

ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები

უაკ: 657.222

წიგნში განხილულია ბუღალტრული აღრიცხვის თეორიული და პრაქტიკული საკითხები. მოცემულია მრავალი მაგალითი, სავარჯიშო ამოცანები და ტესტები.
წიგნი განკუთვნილია სტუდენტების, პრაქტიკოსი ბუღალტრების, აუდიტორებისა და ამ საკითხების შესწავლით დაინტერესებული სხვა პირებისათვის.

 

 

image-1
†ი. ლომიძე, †ნ. ქუთათელაძე, გრ. ხელიძე, დ. ნამგალაძე, ლ. შატაკიშვილი

ფრთებიანი ტუმბოები

უაკ: 621.674

სახელმძღვანელოში გაშუქებულია ჰიდრომანქანების როლი მეცნიერებისა და ტექნიკის სხვადასხვა დარგისათვის და მოცემულია ჰიდრომანქანების განვითარების მოკლე ისტორიული მიმოხილვა; ჩამოყალიბებულია ჰიდრომანქანების თეორიის ძირითადი ცნებები; განხილულია ტუმბოების გავრცელებული სახეობები და მოცემულია მათი კლასიფიკაცია. სახელმძღვანელოში განზოგადებულია მრავალი ათეული წლის განმავლობაში დაგროვილი თეორიული და ექსპერიმენტული კვლევის შედეგები ტუმბოების კონსტრუირების, მათ მუშა ელემენტებში მოძრავი სითხის ნაკადის სტრუქტურის, ტუმბოების ჰიდროდინამიკური მსგავსების თეორიის, მუშაობის კავიტაციურ რეჟიმებსა და საექსპლუატაციო გაანგარიშებათა საკითხებში და სხვ. ნაჩვენებია განხილული საკითხების მნიშვნელობა საინჟინრო პრაქტიკისათვის, რაც ილუსტრირებულია კონკრეტული ამოცანების ამოხსნით. 
სახელმძღვანელო შეესაბამება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის „ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის“ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების მოთხოვნებს და განკუთვნილია სახელმძღვანელოდ ხსენებული პროგრამების სტუდენტებისათვის.

 

 

 

image-1
†ი. ლომიძე, გრ. ხელიძე, ლ. შატაკიშვილი, თ. კიზირია

გამოყენებითი ჰიდროაერომექანიკის საფუძვლები

უაკ: 620.9:532

სახელმძღვანელოში ძირითადი აქცენტი გადატანილია პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტის თანამედროვე თეორიულ საფუძვლებზე. სახელმძღვანელო შედგენილია „გამოყენებითი ჰიდროაერომექანიკის საფუძვლების“ სალექციო კურსის სილაბუსის შესაბამისად.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის „ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია“ სტუდენტებისათვის. იგი სასარგებლო იქნება ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე პრაქტიკოსი სპეციალისტებისათვისაც.