უაკ: 621.396.44
სახელმძღვანელოში განხილულია საკაბელო ტელეკომუნიკაციის თეორიული საფუძვლები. მასში მოცემულია საკაბელო ტელეკომუნიკაციის მოწყობილობების აგებისა და მრავალარხიანი კავშირის პრინციპები, აღწერილია მათი სტრუქტურული სქემები, რომლებიც ილუსტრირებულია შესაბამისი დროითი დიაგრამებით. მოყვანილია აგრეთვე საკაბელო ტელეკომუნიკაციაში გამოყენებული ელექტრული სიგნალების სიხშირული, დროითი, ტალღური და კოდური კომბინაციების მიხედვით გარდაქმნის მეთოდები, რომელთა საფუძველზე განხილულია ტელეკომუნიკაციის არხების შესაბამისი სიგნალების მულტიპლექსირება-დემულტიპლექსირების საკითხები. სახელმძღვანელო შედგენილია ტელეკომუნიკაციის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის განკუთვნილი მოქმედი სალექციო კურსის, „ტელეკომუნიკაციის სისტემები“, და ახალი საბაკალავრო პროგრამის საგნის, „ტელეკომუნიკაციის სისტემების საფუძვლები“, სილაბუსების შესაბამისად. სახელმძღვანელო სასარგებლო იქნება ასევე ამავე დარგის მაგისტრანტებისა და ტელეკომუნიკაციის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისათვის.
უაკ: 681.3.06
განხილულია Microsoft Office-ში ჩაშენებული VBA (Visual Basic for Applications) დაპროგრამების ენაზე Windows-დანართების შექმნის საკითხი და დაპროგრამების საშუალებები. დაწვრილებით არის აღწერილი პროგრამების შექმნა სხვადასხვა სახის ამოცანის ავტომატურად შესასრულებლად Word-ში, Excel-სა და PowerPoint-ში, აგრეთვე სხვადასხვა სპექტრისა და დონის ამოცანები, დაწყებული მარტივი მაკროსიდან რთული მაკროსის შექმნით დამთავრებული. განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. დიდ დახმარებას გაუწევს დაპროგრამების სფეროში მომუშავე სპეციალისტებს და, საერთოდ, ამ საკითხით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს.
უაკ: 629.1.066
წარმოდგენილია მაღალი ძაბვის მოწყობილობები და მათი დიაგნოსტიკის ხერხები. კერძოდ, მანაწილებელი მოწყობილობების აპარატურები: იზოლატორები, გამთიშები, მოკლედ ჩამრთველები, გამცალკევებლები, განმმუხტველები, გადაძაბვის არაწრფივი შემზღუდველები; საჰაერო, ზეთიანი, ელექტროგაზური, ვაკუუმური და ელექტრომაგნიტური ამომრთველები. დაწვრილებით განხილულია ქვესადგურის ყველაზე მთავარი ელემენტის – ძალური ტრანსფორმატორის დიაგნოსტიკა, თეორიული პრინციპის, მისი კონსტრუქციული ელემენტების, სახეებისა და მუშაობის რეჟიმების შესახებ. განკუთვნილია, როგორც ძირითადი სახელმძღვანელო, ელექტრომოწყობილობათა დიაგნოსტიკის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისათვის. დიდ დახმარებას გაუწევს ასევევ ელექტროსადგურების, ელექტროქსელებისა და სამრეწველო დაწესებულებების ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს მაღალი ძაბვის ელექტრომოწყობილობების ექსპლუატაციის, დიაგნოსტიკისა და რემონტის საკითხების გადაწყვეტისას.
უაკ: 629.13.658.82
სახელმძღვანელოში „შრომის უსაფრთხოება მშენებლობაზე და უსაფრთხოების ტექნიკის საფუძვლები“ განხილულია უსაფრთხოების ტექნიკის საფუძვლების შემდეგი ძირითადი საკითხები: პირველი ნაწილი – შრომის კანონმდებლობის საფუძვლები, შრომის უსაფრთხოების ორგანიზაცია, შრომის სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, საწარმოო ტრავმატიზმი და პროფესიული დაავადებანი, საინჟინრო ფსიქოლოგია, მეტეოროლოგიური პირობები, სამრეწველო ვენტილაცია, განათება, მაიონიზებელი გამოსხივება, ხმაური და ვიბრაცია. მეორე ნაწილი – ელექტრული უსაფრთხოება, წნევის გავლენით მომუშავე დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაცია, სახანძრო პროფილაქტიკა, მანქანა-მექანიზმების უსაფრთხო ექსპლუატაცია, სანიტარული ნორმები. სახელმძღვანელო შედგენილია პროგრამის მიხედვით და განკუთვნილია სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობის სტუდენტებისათვის. იგი შეიძლება გამოიყენოს აგრეთვე ამ სფეროში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკურმა პერსონალმა. აღნიშნულ სასწავლო დისციპლინაში წინამდებარე სახელმძღვანელო პირველი ნაშრომია ქართულ ენაზე. ამდენად იგი არ იქნება დაზღვეული ხარვეზებისაგან. ყოველგვარი საქმიანი შენიშვნა და რჩევა დიდი მადლიერების გრძნობით მიიღება ავტორების მიერ და გაითვალისწინება შემოდგომ გამოცემაში.
უაკ: 549(2):552
განხილულია საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული მინერალები და ქანები. მოცემულია მათი თავისებურებანი, გავრცელების არეალი და გამოყენების სფეროები. გათვალისწინებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, ამასთან გარკვეულ დახმარებას გაუწევს მაგისტრანტებს და საქართველოს მინერალებითა და ქანებით დაინტერესებულ ყველა მკითხველს.
უაკ: 615.849.1
წინამდებარე ნაშრომი არის „მაიონიზებელი გამოსხივება მედიცინაში“ სახელმძღვანელოს პირველი ნაწილი - „დიაგნოსტიკა“. განხილულია დიაგნოსტიკის თანამედროვე და პერსპექტიული მიმართულებები, სადაც გამოყენებულია მაიონიზებელი გამოსხივება. მოცემულია ამ მეთოდების ფიზიკური არსი და მათი მნიშვნელობა მედიცინაში. განმარტებულია რადიაციის ცნება და რადიაციის ენერგიის ნივთიერებაზე გადაცემის მექანიზმები, მისი ზემოქმედება ცოცხალ ორგანიზმზე. მოცემულია გამოსხივების დოზები და საზომი ერთეულები. განხილულია რადიაციული მედიცინის ძირითადი პრინციპები. ფართოდ არის გაშუქებული რადიონუკლიდური დიაგნოსტიკის კლინიკური მეთოდები: ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, რენტგენული დიაგნოსტიკა, ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია, სცინტიგრაფია და მათი ფიზიკური არსი. მოყვანილია მთელი რიგი დაავადების რადიონუკლიდური დიაგნოსტიკის მაგალითები. იგი განკუთვნილია სტუ-ის სამედიცინო ფიზიკის, ფარმაციის, რადიაციული უსაფრთხოების სპეციალობის და სხვადასხვა ტექნიკური დარგის საბაკალავრო სწავლების სტუდენტებისათვის. აგრეთვე, სასარგებლო იქნება სხვა დაინტერესებული პირებისთვისაც.
ნაშრომში წარმოდგენილია, ინტელექტუალური სისტემების დაპროექტებისას, გრაფიკული ოპერატორების გამოყენების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები. ავტორები პროგრამულ ინსტრუმენტად იყენებენ მიზნობრივი დაპროგრამების ალგორითმული ენის „პროლოგის“ უახლეს ვერსიას: „Strawberry Prolog (Light edition, version 2.92, for Windows XP/NT). სახელმძღვანელოში მოცემულია „პროლოგის“ გრაფიკული ოპერატორების წარმოდგენის ფორმები და აღწერა. მათ ბაზაზე, კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების მიმართულების სასწავლო კურსში - „ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები“, 2006-2010 წწ. ბაკალავრებისა და მაგისტრების მიერ, ადამიანის გონებრივი მოღვაწეობის სხვადასხვა „საპრობლემო არისათვის“, დაპროექტდა ინტელექტუალური სისტემები. ნაშრომი განკუთვნილია სტუ-ის იმს-ის ფაკულტეტის ბაკალავრებისა და მაგისტრებისათვის. იგი დააინტერესებს მეცნიერების ამ მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებს და პროფესორ-მასწავლებელთა ფართო წრეს.
უაკ: 621.1.016.4
განხილულია თბოგადამტანის ერთფაზა კონვექციური ნაკადის თბოგადაცემის, ორთქლწარმოქმნისა და კონდენსაციის პროცესების ინტენსიფიკაციის მეთოდები და მოწყობილობები. აღწერილია ის თბური და ტექნოლოგიური დანადგარები, სადაც პრაქტიკულად რეალიზებულია თბოგადაცემის ინტენსიფიკაციის მეთოდები. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის თბოენერგეტიკული დანადგარებისა და ენერგიის არატრადიციული და განახლებადი წყაროებისა და სამშენებლო ფაკულტეტის თბოაირმომარაგების მიმართულებების მაგისტრანტებისათვის და შედგენილია მოქმედი სილაბუსის შესაბამისად. წიგნით შეუძლიათ ისარგებლონ დოქტორანტებმა და ენერგოეფექტურობის საკითხებით დაინტერესებულმა, თბოგადაცემის საფუძვლებს დაუფლებულმა საინჟინრო-ტექნიკურმა პერსონალმა.