უაკ: 628.1
სახელმძღვანელოში განხილულია წყლის მიწოდებისა და განაწილების სისტემის სქემები, წყლის მოხმარების ნორმები, საჭირო ხარჯის დადგენის წესი. მოცემულია წყალსადენის ქსელების დახასიათება. აღწერილია კონტრრეზერვუარული და ზონალური სისტემები, მათი გამოყენების სფერო. მოცემულია წყლის მოწოდებისა და განაწილების სისტემაში შემავალი ნაგებობების: ქსელის, წყალდენების, რეზერვუარის, კოშკის კონსტრუქციული და ტექნოლოგიური მოწყობის სამონტაჟო სქემები. მოცემულია სატუმბი სადგურების კლასიფიკაცია, სადგურის კომპლექსში შემავალი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობების დახასიათება, ასევე მათი კონსტრუქციული და ტექნოლოგიური ნაწილის სქემების დამუშავების პრინციპები და სხვადასხვა დანიშნულების სატუმბი სადგურების მუშაობის რეჟიმების აღწერა სისტემის სხვა ნაგებობების მუშაობის რეჟიმთან კავშირში. სახელმძღვანელო განკუთვნილია წყალმომარაგების, წყალარინების, წყლის რესურსების რაციონალური გამოყენებისა და დაცვის და სამშენებლო ფაკულტეტის მონათესავე სპეციალობის ყველა საფეხურის სტუდენტისათვის. წიგნი აგრეთვე გამოადგება ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებს.
უაკ: 364.2(02)
სახელმძღვანელოში განხილულია საგანგებო სიტუაციების რისკის მართვის საფუძვლები, მისი განმსაზღვრელი ძირითადი კომპონენტები და ამ კომპონენტების შეფასების მეთოდები, საგანგებო სიტუაციების რისკის მართვის გეგმების მომზადების, ასევე რისკის შემცირების, საგანგებო სიტუაციებისას მოსახლეობის დაცვის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები, მათი ქცევისა და მოქმედების წესები. სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, ასევე უწყებებისა და ორგანიზაციების სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პასუხისმგებელი პირებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტების მენეჯერთათვის.
უაკ: 681.3
სახელმძღვანელოში განხილულია PHP ენის შესაძლებლობები, PHP5 ვერსიაში შემოღებული სიახლეების გათვალისწინებით. გადმოცემულია და დეტალურად ახსნილი ყველა ის საკითხი და ამოცანა, რომელსაც ვებპროგრამისტი შეიძლება გადააწყდეს ვებსაიტის აგების პროცესში. განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესიული სწავლების, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, გამოადგება ყველას ვინც დაინტერესებულია PHP ენის გამოყენებით ვებგვერდების შექმნით.
უაკ: 697.34
თანამიმდევრობითაა განხილული სითბოს და მასის გავრცელების ძირითადი სახეები, მასთან ერთად გაშუქებულია თბომასაგადაცემის კომპლექსური პროცესი, თბომასაგადამცემი დანადგარების, აგრეთვე სამაცივრო დანადგარების თბური გაანგარიშება და თბოფიკაციის ტექნიკურ-ეკონომიკური ოპტიმიზაცია. თბომასაგადამცემი დანადგარები ამჟამად ფართოდ გამოიყენება მეურნეობის ყველა დარგში. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. შეიძლება გამოიყენონ სხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა, მაგისტრანტებმა, აგრეთვე ინჟინერ-ტექნიკურმა მუშაკებმა.
უაკ: 625.143+629.024
სახელმძღვანელოში განხილულია რელსებიდან მოძრავი შემადგენლობის თვლების ჩამოსვლის მიზეზები და მექანიზმი, კერძოდ: მატარებელში გრძივი მკუმშავი ძალების ზრდის მიზეზი; ურიკის თვლების გვერდითი ზემოქმედება რელსებზე განპირობებული მატარებლის კვაზისტატიკური შეკუმშვით დამუხრუჭების დროს; თვლების რელსებიდან ჩამოსვლის სახეები და მექანიზმი; მრუდებში რელსებიდან თვლების ჩამოსვლა გარე რელსის ჭარბი შემაღლების გამო; მატარებლის ლიანდაგში ჩავარდნის მიზეზების გამოძიების სამი ძირითადი წესი; თვლების რელსებიდან ჩამოსვლის თავიდან აცილების ღონისძიებები; სალიანდაგო მიზეზებით თვლების რელსებიდან ჩამოსვლის თავიდან აცილების ტექნიკური და ტექნოლოგიური ღონისძიებები; ლიანდაგის გაანგარიშების მეთოდიკა და შედეგები თვლის ქიმების წრიული სრიალის დროს რელსის თავის გვერდით წახნაგზე და თვლების გრძივი სრიალის დროს რელსებზე მრუდებში; მიჯახების კუთხის გავლენა რელსების გვერდით ცვეთაზე და მისი ფაქტიური მნიშვნელობების ანალიზი; მრუდებში შიგა ძაფიდან გარე ძაფზე რელსების ცვეთის გადანაწილების ანალიზი; გარე რელსის შემაღლების ოპტიმალური მნიშვნელობების დადგენა მცირერადიუსიან და შედგენილ მრუდებში; თვლის ქიმებისა და რელსების ცვეთის ინტენსიურობის შემცირების პრაქტიკული რეკომენდაციები. დასაბუთებულია მატარებლის ქვეშ სარელსო ლიანდაგის ტემპერატურული გაგდების შეუძლებლობა. გაანალიზებულია სარკინიგზო მტყუნებები. მოცემულია პრაქტიკული რეკომენდაციები თვლების რელსებიდან ჩამოსვლის ადგილის გამოკვლევის დროს. განხილულია რკინიგზის ტრანსპორტზე მატარებლის მარცხისა და ავარიის შემთხვევის ადგილის დათვალიერების წესები, დათვალიერების თავისებურებები მატარებლების შეჯახების და მოძრავი შემადგენლობის რელსებიდან ჩამოსვლის შემთხვევაში, სასამართლო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარების თავისებურებები მატარებლების შეჯახების და მოძრავი შემადგენლობის რელსებიდან ჩამოსვლის მიზეზების გამოძიების დროს. მოტანილია საცნობარო და ნორმატიულ-ტექნიკური მასალები. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის.
უაკ: 33:316 (075.8)
სახელმძღვანელოში თანამიმდევრულადაა განხილული სოციალური სფეროს თეორიისა და პრაქტიკის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: სოციალური ეკონომიკის შესწავლის საგანი და კვლევის მეთოდოლოგია; სოციალური ეკონომიკა როგორც საზოგადოებრივი თეორია და პრაქტიკა; საზოგადოების სოციალური სტრუქტურა; სოციალური ტრანსფორმაციის არსი და თანამედროვე ტენდენციები; სოციალური უსაფრთხოება და მის უზრუნველყოფაზე მიმართული პოლიტიკა; შრომის ბაზარი და მისი ფუნქციონირების თავისებურებანი; უმუშევრობა და დასაქმების პოლიტიკა; შრომის ანაზღაურება სოციალურ-შრომით ურთიერთობათა სისტემაში; შრომის მწარმოებლურობა–სოციალური ეკონომიკის ეფექტიანობის საფუძველი; სოციალური დაზღვევა სოციალურ-შრომით ურთიერთობათა სისტემაში; მოსახლეობის ცხოვრების დონე – სოციალური ეკონომიკის ეფექტიანობის ინდიკატორი; სოციალური პარტნიორობა – სოციალური ეკონომიკის ეფექტიანობის უზრუნველყოფის საკვანძო მიმართულება; სოციალური ეკონომიკის ფორმირებისა და ფუნქციონირების საზღვარგარეთული გამოცდილება; სოციალური განვითარების სტრატეგია და პრიორიტეტები თანამედროვე საქართველოში.წიგნი განკუთვნილია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკური და სხვა სოციალური პროფილის სპეციალობების სტუდენტებისათვის, პროფესორ-მასწავლებლებისა და სოციალური ეკონომიკის თეორიული და პრაქტიკული საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
უაკ: 577.1
სახელმძღვანელოში ძირითადი ყურადღება დათმობილი აქვს კვების პროდუქტების ქიმიურ შედგენილობას, კვების პროდუქტთა ძირითადი კომპონენტების ტექნოლოგიურ და ბიოლოგიურ მნიშვნელობას, კვების სისტემაში წყლის როლს, ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს და კვებითი ღირებულების გამაუმჯობესებლებს, ასევე კვების პროდუქტთა უვნებლობას. ნაჩვენებია ბიოორგანული ქიმიისა და ბიოტექნოლოგიის წვლილი კვების პროდუქტთა წარმოებაში. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის, ქიმიური ექსპერტიზის, კვების ინდუსტრიის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სპეციალობის სტუდენტებისათვის.
უაკ: 66.017:546:65.012.16
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიური და კვების პროდუქტების ექსპერტიზის, არაორგანულ ნივთიერებათა და საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქტების სპეციალიზაციის სტუდენტებისათვის და ეხება მაღალეფექტური სამკურნალო პრეპარატების, ასევე სხვადასხვა სამრეწველო დანიშნულების მასალების წარმოების პრობლემებს ახალი ბაზრების შექმნის ტექნოლოგიის გამოყენებით. ასევე, ნაშრომში წარმოდგენილი მასალები განკუთვნილია სხვადასხვა პროფილის ტექნოლოგებისათვის, ბიოლოგებისათვის, მედიცინის მუშაკებისა და ფარმაკოლოგებისათვის.
უაკ: 625.1
განხილულია რკინიგზის ლიანდაგის შეკეთებებისა და მიმდინარე მოვლა-შენახვის დროს ფართოდ გამოყენებული სალიანდაგო მანქანები, მექანიზმები და იარაღები, მათი ტექნიკური მახასიათებლები, ელექტრომომარაგება, უსაფრთხოების ტექნიკის დაცვის ღონისძიებები ელექტრულ და ჰიდრავლიკურ იარაღებთან მუშაობისას. მოცემულია სალიანდაგო მანქანების კლასიფიკაცია სავალი მოწყობილობების; სამუშაოთა შესრულების წესის; დანიშნულების; ამძრავი ტიპის და გადაადგილების ხერხის მიხედვით. აღწერილია თანამედროვე ინტელექტუალური ციკლური და უწყვეტი მოქმედების სალიანდაგო მანქანების და მექანიზმების მუშაობისა და შერჩევის პრინიპები, განვითარების პერსპექტივა და მათდამი წაყენებული მოთხოვნები. სახელმძღვანელოში არის მეთოდიკური, საცნობარო და ნორმატიულ-ტექნიკური მასალები. შედგენილია მოქმედი სტანდარტების დაცვით, სილაბუსის შესაბამისად. განკუთვნილია სატრანსპორტო და სამშენებლო სპეციალობის ბაკალავრებისათვის. დიდ დახმარებას გაუწევს მაგისტრანტებს და რკინიგზის ლიანდაგის ექსპლუატაციის მუშაკებს.