უაკ: 54,66
სახელმძღვანელოში მკითხველი გაეცნობა საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქტების ფართო სპექტრს, ამ მიმართულების სასაქონლო პროდუქტის ხარისხის განმსაზღვრელ მაჩვენებლებს, წარმოების ზოგად ტექნოლოგიურ ხედვებს. წიგნი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური დეპარტამენტის სტუდენტებისათვის და ყველა დაინტერესებული პირისათვის.სახელმძღვანელო გამოსაცემად მომზადებულია მისი ერთ-ერთი ავტორის, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის, პროფესორ დინარა ბასილაიას გარდაცვალების შემდეგ. ამ გამოცემით, პატივს მივაგებთ უნიჭიერესი მეცნიერისა და უსათნოესი ქალბატონის ხსოვნას.
უაკ: 535.23:621.039.553
სახელმძღვანელოში განხილულია რადიაციული უსაფრთხოების საკითხები; განმარტებულია რადიოაქტიურობის არსი, რადიაციის სახეები, ნივთიერებასა და ცოცხალ ორგანიზმზე მათი ზემოქმედების ფიზიკური ასპექტები; მოცემულია რადიაციის სპეციალური საზომი ერთეულები და მათ შორის დამოკიდებულება; მოყვანილია დასხივების დასაშვები ზღვრული დოზები, რადიოაქტიური დასხივების რისკის დონეები. სახელმძღვანელოში განიხილება ბირთვული იარაღის გამოცდები, ატომური ენერგეტიკა, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. აღწერილია ბირთვული რეაქტორისა და ატომური ელექტროსადგურების მუშაობის პრინციპი. მოყვანილია რადიოაქტიური დასხივების უსაფრთხოების ზომები მოსახლეობისათვის, დასხივების შეზღუდვის ღონისძიებათა ჩამონათვალი, სანქციები რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და წესების მოთხოვნების დარღვევისთვის; განხილულია თანამედროვეობის ორი დიდი კატასტროფის „ჩერნობილისა“ (1986 წ) და „ფუკუშიმა I-ის“ (2011წ) აეს-ების ავარიის გამომწვევი მოზეზები და შედეგები. გამოცემა განკუთვნილია სხვადასხვა ტექნიკური დარგის სტუდენტებისათვის; ნაშრომი საინტერესო იქნება საზოგადოების ფართო წრეებისთვისაც.
უაკ: 62.505
სახელმძღვანელოს მეორე ნაწილში გარკვეული ადგილი ეთმობა მართვადობისა და დაკვირვებადობის კრიტერიუმებისა და შესაბამისი მათემატიკური აპარატის განხილვას. ნაჩვენებია უწყვეტი და დისკრეტული არაწრფივი სისტემების პარამეტრული იდენტიფიკაცისას კვაზიგაწრფევების მეთოდის გამოყენების შესაძლებლობა.განხილულია წრფივი და არაწრფივი დაკვირვებადი სისტემების პარამეტრებისა და მდგომარეობის ერთდროული თანამიმდევრული შეფასებისთვის ინვარიანტული ჩადგმის მეთოდის გამოყენების თავისებურებები.წრფივი არასტაციონარული სისტემების იდენტიფიკაციის ამოცანები განხილულია სინუსოიდურ სიგნალზე რეაქციის საფუძველზე და დიფერენციალური განტოლებების ამოხსნის შებრუნებულ ამოცანებთან დაკავშირებით.არაწრფივი დინამიკური სისტემების სტრუქტურული და პარამეტრული იდენტიფიკაციის ამოცანები განხილულია უწყვეტ ბლოკურად ორიენტირებულ მოდელთა სიმრავლეზე. სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუდენტების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, მეცნიერი მუშაკების, ინჟინრებისა და მკითხველთა იმ წრისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სისტემების იდენტიფიკაციის, მართვისა და მოდელირების საკითხებით.
უაკ: 681.3
სახელმძღვანელოში განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა სპეციფიკაცია, ვერიფიკაცია, ვალიდაცია, კორექტულობა, ალგორითმის კომპლექსურობა და სტრუქტურული ბლოკ-სქემები, ხისა და გრაფის წარმოდგენა. მთლიანად მასალის აღსაქმელად საკმარისია მხოლოდ სკოლის მათემატიკის ელემენტარული კურსის მინიმალური ცოდნა და მკითხველის სიბეჯითე. ალგორითმების ჩასაწერად გამოყენებულია ბლოკ-სქემები.სახელმძღვანელო განკუთვნილია დამწყებთათვის, რომელთაც არ იციან არც დაპროგრამება და არც ინფორმატიკა.
უაკ: 663.2/.3
სახელმძღვანელოში განხილულია ღვინის ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები, ველური მიკროფლორის ზეგავლენა ღვინის ხარისხზე, ღვინისათვის დამახასიათებელი დეფექტები: ზადი, ნაკლი, მიკრობიოლოგიური დაავადებები, მათი პრევენცია და შესაძლებლობის შემთხვევაში, ღვინის გამოსწორების მეთოდები. სახელმძღვანელო მოიცავს ხარისხოვანი ღვინის წარმოებისათვის საჭირო ღონისძიებების, რთველის დაგეგმვის, ღვინის შედგენილობის მართვის, მჟავიანობის რეგულირების, გოგირდის დიოქსიდის, საფუვრის წმინდა კულტურის, მუხის კასრისა და მისი ალტერნატიული მასალების გამოყენების მეთოდების მიმოხილვას. სახელმძღვანელო განკუთვნილია მევენახეობა-მეღვინეობის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, მეღვინეებისათვის, სომელიეებისა და ღვინის დეგუსტატორებისათვის.
უაკ: 631.526:677.2
სახელმძღვანელოში მოცემულია ინსტრუქციები კულტურულ მცენარეთა გასავრცელებლად დაშვებული ჯიშებისა და ჰიბრიდების სააპრობაციო ნიმუშების შესწავლის, მცენარეთა თესლის წარმოების, სათესლე ფართობების გაანგარიშებისა და მცენარეთა თესლის ხარისხობრივი მაჩვენებელების განსაზღვრისათვის. განხილულია ლაბორატორიული სამუშაოების შესრულების მეთოდიკა. ნაშრომი დაეხმარება სტუდენტებს, ისწავლონ მცენარეთა თესლის, ანალიზისათვის პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების მეთოდები. წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების აგროტექნოლოგიური სპეციალობის სტუდენტებისათვის. კურსის მიზანია გზამკვლევის ფუნქცია შეასრულოს კულტურლ მცენარეთა მეთესლეობის ხარისხობრივი მაჩვენებელების განსაზღვრის, მეთოდების მიზანშეწონილი გამოყენების გზებისა და შესაძლებლობების ძიებაში. მადლიერებით მივიღებ მკითხველის ყველა შენიშვნასა და წინადადებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ სახელმძღვანელოს გაუმჯობესებას.
უაკ: 336.01
სახელმძღვანელოში განხილულია ინვესტიციების მართვის თეორიული ასპექტები, ინვესტიციების მართვის სრულყოფის მექანიზმები, ინვესტიციების ძირითადი ფორმები და მნიშვნელობა. შესწავლილია საინვესტიციო სფეროში არსებული საფინანსო-საინვესტიციო სამართლებრივი ურთიერთობები, მოცემულია საინვესტიციო სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის გზები. წინამდებარე ნაშრომი აღნიშნულ თემატიკაზე არსებული ლიტერატურისაგან განსხვავდება იმით, რომ მასში გაშუქებულია საინვესტიციო პოლიტიკის პრიორიტეტები და საინვესტიციო საქმიანობის ეფექტიანი ფინანსური ინფრასტრუქტურის ფორმირების ვარიაციები, აგრეთვე ყურადღებაა გამახვილებული ინვესტიციების დანიშნულების ეკონომკურ შინაარსზე, ფასიანი ქაღალდების პორთფელის მართვის საკითხზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როლზე ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში და სხვ.ნაშრომი ძირითადად განკუთვნილია მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის, ასევე დაეხმარება უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს და ინვესტიციების მართვის საკითხებით დაინტერესებულ ყველა პირს.