უაკ: 513
დამხმარე სახელმძღვანელოში გადმოცემულია მასათა ცენტრისა და ინერციის მომენტების თეორია, ამოხსნილია ყველა ამოცანა ი.ვ. მეშჩერსკის თეორიული მექანიკის ამოცანათა კრებულის 36-ე გამოცემიდან. წიგნი განკუთვნილია, ძირითადად, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. ის აგრეთვე გამოადგება ინჟინერს, რომელსაც უწევს მანქანებისა და მექანიზმების მოძრაობის გაანგარიშება.
უაკ: 681.3.06
წიგნში განხილულია Angular ფრეიმვორკი - Google Inc კორპორაციის მიერ შექმნილი, თვისებრივად გაუმჯობესებული ვებგამოყენებების (დანართების) დასაპროექტებლად განკუთვნილი, JavaScript ენაზე დაწერილი და MVW (Model-View-Whatever) მიდგომაზე აგებული პროგრამული პროდუქტი. დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკის სპეციალობათა შემსწავლელი სტუდენტებისა და ვებდანართების დაპროექტების საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის.
უაკ: 541.11
საგამოცდო ტესტების კრებულში მოცემულია ფიზიკური ქიმიის კურსი ორ ნაწილად. პირველში განიხილება ქიმიური თერმოდინამიკის, ქიმიური და ფაზური წონასწორობის, ხოლო მეორეში – ხსნარების ელექტროქიმიის, ქიმიური კინეტიკისა და კატალიზის საკითხები. განკუთვნილია სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის 05, 06, 07, 30 და 50 პროფილის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 681.3
სახელმძღვანელოში განხილულია მიკროპროცესორული სისტემების დაგეგმარების საკითხები. იგი შედგენილია ერთსახელა კურსის პროგრამის მიხედვით და წარმოადგენს მის პირველ ნაწილს. ნაშრომში განხილულია მიკროკონტროლერის არქიტექტურა AVR ოჯახის ერთ-ერთი მიკროკონტროლერის მაგალითზე, აღწერილია მიკროკონტროლერის შემადგენლობაში შემავალი ბლოკების სტრუქტურა, მათი მუშაობის პრინციპი და ურთიერთკავშირი მიკროკონტროლერის მუშაობის დროს, ასევე განხილულია სხვადასხვა ინტერფეისის პროტოკოლები. სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებისა და იმ სპეციალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ მიკროპროცესორული სისტემების დაპროექტებისა და ექპლოატაციის სფეროში.
უაკ: 712.25
დამხმარე სახელმძღვანელო შედგენილია არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სასწავლო გეგმით დამტკიცებული დისციპლინის „ლანდშაფტის არქიტექტურის“ სილაბუსში მოცემული საკითხების მიხედვით. მოცემულია ლანდშაფტის არქიტექტურის ფორმირების ძირითადი პრინციპები, მისი განვითარების ოსტორიული რეტროსპექტივა, დიდი ქალაქების, მათ შორის თბილისის ლანდშაფტურ-ეკოლოგიური პრობლემები, განხილულია საპარკო-რეკრეაციული ლანდშაფტების ფორმირების უახლესი უცხოური გამოცდილება და განვითარების ტენდენციები. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საქალაქო პარკების, ბაღების, ბულვარების და ა.შ. არქიტექტურულ-ლანდშაფტური დაგეგმარების მეთოდებს. დამხმარე სახელმძღვანელოს ერთვის თემატურად დალაგებული ილუსტრაციები. განკუთვნილია სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის, აგრეთვე მომიჯნავე სპეციალობების სტუდენტებისათვის.
უაკ: 612.84+621.039
კრებული შეიცავს ლაბორატორიულ ამოცანებს ოპტიკასა და ატომის ფიზიკაში. ამოცანები შერჩეულია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი ზოგადი ფიზიკის კურსის პროგრამის შესაბამისად და განკუთვნილია საინჟინრო სპეციალობის სტუდენტებისათვის. ყოველ ამოცანას წამძღვარებული აქვს თეორიული ნაწილი, რომელიც მოცემულია საკმაოდ ვრცლად, ვინაიდან სტუდენტს ლაბორატორიული ამოცანების უმრავლესობის შესრულება მოუხდება მაშინ, როცა სათანადო თეორიული მასალა ლექციაზე წაკითხული ჯერ კიდევ არ არის. აღსანიშნავია ისიც, რომ თეორიული ნაწილი ზოგჯერ მეტნაკლებად მეორდება, ვინაიდან, სტუდენტებისათვის სამუშაოს შესრულების გამარტივების მიზნით, უარი ვთქვით ამოცანებისათვის საერთო თეორიის დაწერაზე. გარდა „ძველი“ ტრადიციული ამოცანებისა, კრებულში შეტანილია ახალი, კომპიუტერიზებული ამოცანები. ლაბორატორიული პრაქტიკუმის დანიშნულებაა სტუდენტებს განუმტკიცოს თეორიული ცოდნა და გამოუმუშავოს პრაქტიკული ჩვევები.
უაკ: 331.015.11
დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემული და განხილულია ერგონომიკის საგანი, მისი მიმართულებები – ანთროპომეტრია, საინჟინრო ფსიქოლოგია, შრომის ფიზიოლოგია და შრომის ჰიგიენა.წიგნის მიზანია დაეხმაროს სტუდენტს ერგონომიკის როგორც სამეცნიერო დისციპლინის სწორად გააზრებაში, სასწავლო მასალის სრულად ათვისებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკულ (საპროექტო) გამოყენებაში.დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტისთვის, რომელიც სწავლის პროცესში გადის ერგონომიკის სასწავლო კურსს.
უაკ: 638.24
დამხმარე სახელმძღვანელოში თანამიმდევრულადაა გადმოცემული სასწავლო მასალა წარმოების (კორპორაციის) მართვის შესახებ, კერძოდ, მისი ძირითადი კანონზომიერებები, კანონები და პრინციპები, მართვის პროცესის ოპტიმიზაცია. იგი ასევე მოიცავს ოპერაციული მენეჯმენტის ფინანსურ საკითხებს და შედარებით გამარტივებული სქემით წარმოგვიდგენს ფირმის ფინანსური ანალიზის თანამედროვე ფორმებსა და მეთოდებს: ბალანსს, მოგება-ზარალის ანგარიშს, ანგარიშს ფინანსური რესურსების წყაროებისა და მისი გამოყენების შესახებ, ფულის დროებით ღირებულებებს, უზარალობის ანალიზს და სხვ., რათა ისინი უფრო ადვილად აღსაქმელი გახდეს სტუდენტებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის. წიგნში გადმომოცემულია, აგრეთვე ეკონომიკური უსაფრთხოების კრიტერიუმები და ანტიკრიზისული მართვის თანამედროვე მეთოდები, როგორც მთლიანად ქვეყნის, ისე ცალკეული დარგებისა და საწარმოების მასშტაბით. მკითხველებს აგრეთვე ვთავაზობთ ადგილობრივი თვითმმართველობის ეკონომიკური და სოციალური განვითარების მართვისა და დაგეგმვის სრულყოფის ისეთ აქტუალურ მიმართულებებს, როგორიცაა კომპლექსური გეგმა-პროგრამის შემუშავება და კლასტერები. გადმოცემულია, ასევე, შრომის მართვის აქტუალური პრობლემები ქვეყნის ეკონომიკაში. დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტებისათვის, აგრეთვე აღნიშნული საკითხებით დაინტერესებული ყველა მკითხველისათვის.
უაკ: 547:801.32
ლექსიკონში წარმოდგენილია ორი ათასზე მეტი ლექსიკური ერთეული ბიოორგანული ქიმიის და მომიჯნავე დისციპლინების: ორგანული ქიმია, ბიოქიმია, მოლეკულური ბიოლოგია, აგრარული მეცნიერებები, აგრეთვე ყველა იმ დარგის, რომლებსაც გარკვეული შეხება აქვს ბიოორგანული ქიმიის თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებთან. ლექსიკონი შედგენილია განმარტებითი ლექსიკონების მიმართ არსებული ყველა ძირითადი მოთხოვნის გათვალისწინებით. ის დიდ დახმარებას გაუწევს როგორც დარგის სპეციალისტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, ისე სტუდენტებს, დამწყებ მეცნიერებსა და ყველა დაინტერესებულ პირს.