უაკ: 624.131.1
სახელმძღვანელოში განხილულია ფართო სპექტრი საკითხებისა, რომლებიც განაპირობებს ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური პირობების შეფასების აუცილებელ ფაქტორებს. მოცემულია ზოგადი ცნობები დედამიწის, ლითოსფეროს ამგები ქანების ტიპებისა და მათი შემადგენელი ქანმაშენი მინერალების ძირითადი მახასიათებლების შესახებ. ნაშრომში განხილულია დედამიწის შინაგანი (ენდოგენური) და გარეგანი (ეგზოგენური) მოვლენები. მოცემულია კონკრეტულ ნაგებობებთან დაკავშირებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ამოცანები, მათი ეტაპები და სახეები. სახელმძღვანელო შინაარსობრივად და სტრუქტურულად აგებულია სასწავლო დისციპლინის სილაბუსის მიხედვით და განკუთვნილია სხვადასხვა პროფილის სამშენებლო, ჰიდროგეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური მიმართულების მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის და სპეციალისტთა იმ წრისათვის, რომლებიც შეისწავლიან ქანებსა და იმ საინჟინრო გეოდინამიკურ მოვლენებს, რაც მჭიდრო კავშირშია სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა მშენებლობასთან.
უაკ: 621.332
ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელირება, როგორც მოდელირების სხვა ნებისმიერი სახეობა, ეფუძნება ანალოგიის პრინციპს ანუ ობიექტის შესწავლის შესაძლებლობას არა უშუალოდ, არამედ მისი მსგავსი, უფრო ხელმისაწვდომი ობიექტის განხილვის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში ასეთი ობიექტის როლში ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელი გვევლინება. ფორმალიზაცია და კვანტიფიკაცია, მოდელის აგების პროცესში, ამა თუ იმ თეორიისა და ჰიპოთეზის შემოწმების საშუალებას იძლევა, რაც ხელს უწყობს გამოსაკვლევი პრობლემების სიღრმეებში წვდომას. სახელმძღვანელო მომზადებულია ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად და პრაქტიკულად მოიცავს ეკონომიკური პროცესების მოდელირების თითქმის ყველა თანამედროვე მიმართულებას. განკუთვნილია აღნიშნულ პროგრამასთან მეტ-ნაკლებად მომიჯნავე სასწავლო პროგრამების როგორც საბაკალავრო, ისე სწავლების უფრო მაღალი საფეხურის სტუდენტებისთვისაც.
უაკ: 669. 2 / 83 : 66.046.8
სახელმძღვანელოში განხილულია ავტოკლავური პროცესების ზოგადი პრინციპები. გადმოცემულია საქართველოში არსებული ლითონის საბადოების მინერალების მაღალი ტემპერატურისა და წნევის პირობებში გადამუშავების ჰიდრომეტალურგიული პროცესების ფიზიკურ-ქიმიური საფუძვლები. გარჩეულია მსოფლიოში არსებული ავტოკლავური გამოტუტვის და დალექვის თანამედროვე ტექნოლოგიური სქემები სპილენძის, თუთიის, ტყვიის, ალუმინის, მოლიბდენის, მანგანუმის და კეთილშობილი ლითონების მეტალურგიაში. განკუთვნილია ფერადი ლითონების მეტალურგიის მიმართულების სწავლების ყველა დონის სტუდენტებისთვის და ამ საკითხით დაინტერესებული მკვლევრებისათვის.
უაკ: 577.1:615.47
სახელმძღვანელოში მოცემულია ბიომედიცინაში ნანოტექნოლოგიების გამოყენების თანამედროვე მდგომარეობა და პერსპექტივები. აღწერილია ნანოტექნოლოგიების განვითარების ისტორია უხსოვარი დროიდან დღემდე. განხილულია ბუნებაში არსებული ნანოეფექტები და მათი ხელოვნური ანალოგიების შექმნის შესაძლებლობები, ასევე ბიოტექნოლოგიის საფუძვლები, წარმოების ზოგადი სქემები მაგალითებით. სახელმძღვანელო მოიცავს თანამედროვე გენური ინჟინერიის საფუძველზე შექმნილი ბიოტექნოლოგიური მეთოდების აღწერას და მათი გამოყენების მაგალითებს, გენური ინჟინერიის დადებით და უარყოფით მხარეებს. მნიშვნელოვანი ნაწილი ეძღვნება ნანომედიცინასა და ბიოტექნოლოგიური ნანოსისტემების აღწერას, ბუნების იმიტირებას–დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას (დნმ) მოლეკულებისგან სხვადასხვა ნაკეთობის, ნანომანქანების, ჩიპების და ა.შ. შექმნას და მათ გამოყენებას. მოცემულია ადამიანის გენომი საერთოდ, ქრომოსომაში დნმ-ს წყობა, გენის დანიშნულება, ფუნქცია და როლი თაობათა ცვლაში. წარმოდგენილია ბიომედიცინაში ნანოტექნოლოგიების გამოყენების სოციალურ-ეთიკური საკითხები, მათდამი საზოგადოების დამოკიდებულება, გამოყენების რისკი და სარგებელი. განკუთვნილია სტუ-ის სამედიცინო ფიზიკის სამაგისტრო სწავლების სტუდენტებისთვის, ასევე სასარგებლო იქნება სპეციალისტებისა და ამ სფეროში დასაქმებული პირებისთვის.
უაკ: 621.757(075.8)
სახელმძღვანელოში ზედმიწევნითაა აღწერილი მექანიკური დამუშავების ტექნოლოგიური პროცესების დაპროექტების თეორიისა და მეთოდიკის საკითხები ერთეულოვანი და სერიული წარმოებისათვის. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წარმოების ტიპისა და სერიულობის გავლენას ტექნოლოგიური ოპერაციების სტრუქტურაზე, ტექნოლოგიური მოწყობილობის ხასიათსა და ტექნოლოგიური პროცესების შინაარსზე. სახელმძღვანელოში ფართოდაა გამოყენებული სტანდარტიზაციის საყოველთაოდ მიღებული სისტემები (ECKD – საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის ერთიანი სისტემა; სტანდარტები: ГОСТ, СЭВ ISO და სხვ.). სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, აგრეთვე მანქანათმშენებლობის საწარმოების სპეციალისტებისათვის.
უაკ: 577.1
სახელმძღვანელოში განხილულია მარცვლეულისა და პურის, ხილისა და ბოსტნეულის, ჩაისა და ჩაის მრეწველობის, თამბაქოს შრობისა და ფერმენტაციის, ასევე მეღვინეობისა და ფერმენტული პრეპარატების მიღებისა და გამოყენების ბიოქიმიური საფუძვლები. მოცემული მასალის საფუძვლიანი შესწავლა უზრუნველყოფს სტუდენტის სათანადო დონეზე მომზადებას და მიღებული ცოდნა დაეხმარება მაღალკვალიფიციურ სპეციალისტად ჩამოყალიბებაში. განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის კვების ინდუსტრიის დეპარტამენტის კვების მრეწველობის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სპეციალობის ბაკალავრებისათვის.
უაკ: 550.8, 075.8
სახელმძღვანელოში განხილულია მინერალური ნედლეულის ეკონომიკური მნიშვნელობის შესაფასებლად აუცილებელი მონაცემები ბუნებ და სახეობები. დახასიათებულია სასარგებლო წიაღისეულის მარაგები, როგორც საბადოს სამრეწველო-ეკონომიკური ფასეულობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ძირითადი პარამეტრი, მისი რაოდენობის გამოთვლის მეთოდიკისა და თანამიმდევრობის თავისებურებები.გეოლოგია, როგორც საინჟინრო-საბუნებისმეტყველო დარგი, მოითხოვს თეორიისა და პრაქტიკის განუწყვეტელ შერწყმას. ყოველი თემატიკის თეორიულ საფუძვლებს მოსდევს პრაქტიკული მაგალითი ამოხსნით და განმარტებით. იქვე, უმეტეს შემთხვევაში, მოცემულია ახალი ამოცანები და მითითებები მათი ამოხსნის შესახებ.სახელმძღვანელო განკუთვნილია გეოლოგიური სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის მსმენელებისათვის. მნიშვნელოვან სამსახურს გაუწევს ამ საკითხებზე მომუშავე დოქტორანტებს და დამწყებ სპეციალისტებს.
უაკ: 621.317.726
სახელმძღვანელოში განხილულია ძლიერი იმპულსური დენის ტექნიკის ელემენტები, მცირე ინდუქციურობის მქონე იმპულსური კონდენსატორები, მაღალი ძაბვის დიდი დენის კომუტატორები, საუკეთესო მექანიკური თვისებების მქონე ინდუქტორები ძლიერი იმპულსური მაგნიტური ველების გენერირებისათვის. სახელმძღვანელო მოიცავს იმპულსური ტექნიკის თეორიულ საფუძვლებს, იმპულსურ, ელექტრულ და მექანიკურ სიდიდეთა გაზომვების მეთოდებს და საშუალებებს. წიგნი შედგენილია ელექტროტექნიკური პროფილის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების მიხედვით, ისარგებლებენ წარმოებაში დასაქმებული სპეციალისტებიც.
უაკ: 681,3
სახელმძღვანელოს პირველ ნაწილში მოცემულია კომპიუტერის ზოგადი დახასიათება, მისი ელემენტები და ინფორმაციის წარმოდგენის პრინციპები. მეორე ნაწილი ეძღვნება კომპიუტერული სისტემის და მისი შემადგენელი ნაწილების აგების და ფუნქციონირების საფუძვლებს. შემდგომი ნაწილები ეხება Microsoft Office 2013-ის პაკეტში შემავალ გამოყენებით პროგრამებს: Ms Word, Ms Excel, Ms PowerPoint სახელმძღვანელოში ასევე განხილულია Internet-ში მუშაობის ძირითადი საკითხები. სახელმძღვანელო დიდი რაოდენობით შეიცავს საილუსტრაციო სურათებს და სავარჯიშოებს რაც, თავის მხრივ, გასაგებს ხდის გადმოცემულ მასალას და აადვილებს მის შესწავლას. შესასწავლი მასალა დალაგებულია მარტივიდან რთულისკენ. სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტების სტუდენტთათვის, ასევე ამ საკითხების შესწავლით დაინტერესებულ პირთათვის.