image-1
თ. ვანიშვილი

მართვის თანამედროვე მოდელის ფორმირება და ორგანიზაციული ქცევის რეგულირების პრინციპები

უაკ: 62-5

მონოგრაფიაში განხილულია ორგანიზაციული ქცევის არსი და თავისებურებები; მოტივაციის თანამედროვე და კლასიკური თეორიები, რომლის საფუძველზეც დამუშავებულია მოტივაციური ურთიერთქმედების მოდელი, რომელიც ორგანიზაციის და ინდივიდის მოტივაციური პრიორიტეტების თანხვედრას გულისხმობს; განხილულია ორგანიზაციული კულტურა, კულტურათაშორისი კონტექსტი, კულტურული კონტექსტი და მათი სხვადასხვაობა, ადამიანისეული კაპიტალის როლი ორგანიზაციული ქცევის ფორმირებაში, კომუნიკაციის პროცესი, სახეობები და მათი შედარებითი დახასიათება; დახასიათებულია „შედარებითი მენეჯმენტი“ და მისი მიდგომა „მოტივაციის პროცესის მართვაზე; შემოთავაზებულია ორგანიზაციული ქცევის ეფექტურობის კოეფიციენტის ავტორისეული ფორმულირება და ორგანიზაციული ქცევის ეფექტურობის მაჩვენებლის შეფასების კრიტერიუმი; შემუშავებულია ორგანიზაციის სრულყოფისა და ეფექტური ფუნქციონირების კომპლექსური მოდელი; დასაბუთებულია პიროვნების სოციალურ-ფსიქოლოგიური ფაქტორების გათვალისწინების აუცილებლობა, რომელიც საჭიროა ორგანიზაციაში ქცევის რეგულირებისა და სრულყოფისათვის; განხილულია ლიდერის პიროვნული თვისებების გამოვლენა „დიდი ხუთეულის მოდელსა“ და „მაიერს ბრიგსის ტიპთა ინდიკატორის“ საშუალებით, ლიდერის თვისებებისა და ქცევითი თეორიების შეჯამება, ასევე „მეხუთე დონის მენეჯერისა“ და „ახალის ტიპის ლიდერის“ დახასიათება, რომელიც საჭიროა მართვის თანამედროვე მოდელის ჩამოყალიბებისათვის.
დანართის სახით ნაშრომს ერთვის, ორგანიზაციაში ორგანიზაციული ქცევის ეფექტურობის მაჩვენებლის გამოსათვლელად ორეტაპიანი გამოკითხისათვის ჩასატარებელი „კითხვარი“ და „ანკეტური გამოკითხვა“. კვლევის შედეგები, დასკვნები და რეკომენდაციები შეიძლება გამოიყენოს მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა, ასევე, ნებისმიერმა ორგანიზაციამ და საწარმომ ორგანიზაციული ქცევის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.

 

 

 

image-1
ე. გერსამია

ელექტრული მანქანების კონსტრუირების ტექნოლოგიური საფუძლები

უაკ: 621.313


მონოგრაფიაში განხილულია ელექტრული მანქანების კონსტრუირების ტექნოლოგიური საფუძვლების ძირითადი პრინციპები.  
დამუშავებულია ელექტრული მანქანების დაპროექტების მეცნიერული მეთოდები, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების, მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების კონსტრუქციების უნიფიკაციის ძირითად  საკითხებს.  
მოცემულია ელექტრული მანქანის ადრეულ სტადიაზე შრომატევადობის გამოანგარიშების მეთოდოლოგია, გრაგნილიანი სტატორის დამზადების მექანიზაციისა და ავტომატიზაციისათვის კონსტრუქციულ-ტექნოლოგიური პარამეტრების ძირითად სიდიდეთა განსაზღვრა, მათი გავლენა ელექტრული მანქანის მახასიათებლებზე. ნაშრომში დამუშავებულია გამოშვების პროგრამის ოპტიმიზაცია უწყვეტ-ნაკადური წარმოების დანერგვის პრინციპების საფუძველზე და ახალი კონსტრუქციების ტექნოლოგიური უზრუნველყოფის საკითხები.
განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ასევე დიდ დახმარებას გაუწევს ელექტროტექნიკური მრეწველობისა და ენერგეტიკის სფეროში მომუშავე მეცნიერ მუშაკებსა და ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.

 

 

 

image
მ. მაცაბერიძე, ზ. გასიტაშვილი, ი. გორგიძე, გ. ჯავახაძე

სისტემური მსოფლმხედველობა და ანტიკრიზისული სტრატეგიის პრობლემები

უაკ: 656.052

მონოგრაფიაში აღწერილია სისტემური მსოფლმხედველობის თვალსაზრისით სულიერი გავლენის, რწმენის და ცოდნის ურთიერთმიმართება, მართვის, მეცნიერული კვლევის ფუნდამენტური პრობლემების ტიპოლოგია.
სისტემური მსოფლმხედველობა შეუცვლელია ანტიკრიზისული პრობლემატიკის დამუშავებისათვის. ნაშრომში განხილულია ეკონომიკური ვარდნის შეჩერების და ლიდერის პოზიციის დაბრუნება-განვითარების ამერიკული მოდელის ზოგიერთი მნიშვნელოვანი ფრაგმენტი, ასევე იაპონიის საოცარი ეკონომიური ზრდის ძირითად მიზეზთა ზოგადკონცეპტუალური თავისებურებანი. აღწერილია თანამედროვე „სიტუაციური ცენტრების“ ფუნქციონირების სტრატეგიები, სადაც ღებულობენ საკვანძო, სისტემურ გადაწყვეტილებებს მრეწველობისათვის, ეკონომიკისა და პოლიტიკისათვის, სადაც ხდება მოდელირება ყველანაირი კრიზისული სიტუაციისა, სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და სხვადასხვა სახის სწრაფი რეაგირების სამსახურებისათვის.
მონოგრაფია განკუთვნილია უმაღლესი სკოლის ყველა დონის სტუდენტისათვის და ნაშრომში განხილული პრობლემატიკით დაინტერესებული მკითხველისათვის.
 

 

 

image-1
გ. სურგულაძე, ი. ბულია

კორპორაციულ Web-აპლიკაციათა ინტეგრაცია და დაპროექტება

უაკ: 004.5

განიხილება კორპორაციულ და კორპორაციათაშორის სისტემებში ინფორმაციის გაცვლის თანამედროვე საშუალებები მათი ინტეგრაციის მიზნით. გაანალიზებულია მეთოდები, არქიტექტურა, პრინციპები, მოდელები, რომლებიც აიოლებს ინტეგრაციის საკითხებს, ხდის უფრო ეფექტურს. მათი საშუალებით შესაძლებელია დამოუკიდებელ სისტემებს და აპლიკაციებს შორის მონაცემთა გადაცემა და ტრანსფორმაცია, ბიზნეს-პროცესების მენეჯმენტი და ავტომატიზაცია. კორპორაციებში არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფებს შორის ინტეგრაციის საკითხის გადაწყვეტა შემოთავაზებულია თანამედროვე მეთოდების, კერძოდ სერვისზე ორიენტირებული არქიტექტურის იმპლემენტაციით, რომლის განხორციელებისთვის გამოიყენება სხვადასხვა ტექნოლოგია, როგორიცაა: Web-სერვისები, ორგანიზაციის სერვისული არხი (ESB), BPMN/UML, BizTalk, XML, CPN, WPF/XAML და სხვ. აღნიშნული ტექნოლოგიები უზრუნველყოფს ინტეგრაციულ სისტემაში ჰიბრიდული აპლიკაციების შექმნას და მათ ურთიერთქმედებას, სხვადასხვა ფორმატის მონაცემთა გაცვლას, სისტემის ფუნქციონირების მდგრადობას, მოქნილობას, მასშტაბირებას.
მონოგრაფია განკუთვნილია მართვის საინფორმაციო სისტემების (Management Information Systems) დოქტორანტების, მაგისტრანტების, აგრეთვე Web-ტექნოლოგიების შექმნის საკითხით დაინტერესებული სპეციალისტებისა და მკითხველთათვის.

 

 

image-1
დ. ჩომახიძე

ენერგეტიკის მდგრადი განვითარების რეგულირების პრინციპები

უაკ: 620.9

მონოგრაფიაში მსოფლიო გამოცდილების საფუძველზე, გაშუქებულია ენერგეტიკის სახელმწიფო რეგულირების არსი, პრინციპები, ამოცანები, მისი სტრატეგიული მიზნები და გავლენა ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, ეფექტიანი რეგულირების საფუძვლები ფასწარმოქმნასა და ლიცენზირებაში. ამ თვალსაზრისით გაანგარიშებულია საქართველოში ენერგეტიკის რეგულირების 15 - წლიანი გამოცდილება და მიღწეული შედეგები, გამოთქმულია მოსაზრებები მისი სრულყოფისათვის და სხვა.
განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის: სამეცნიერო და პრაქტიკოსი მოღვაწეებისათვის, უმაღლეს სასწავლებელთა პროფესორ-მასწავლებლებისათვის და სტუდენტებისათვის. იგი სასარგებლო იქნება ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულთათვის, ყველასთვის, ვინც ამ პრობლემით არის დაინტერესებული.

 

 

image-1
დ. ჩიქოვანი

ნახვრეტებიანი რკინაბეტონის ფილების დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის გამოკვლევა

უაკ: 624.15.01:539.3

მონოგრაფიაში ფილების თეორიის საფუძველზე და განზოგადებული ფუნქციის თეორიის გამოყენებით პირველადაა გადაწყვეტილი მართკუთხა ფილის ამოცანა. ასევე, პირველად შემუშავდა შეზღუდული სიგრძის მქონე, მართკუთხა გეგმის ერთ-ერთი გვერდის პარალელური ერთი ჭრილის გაანგარიშების მეთოდი, რომელიც ასევე გამოიყენება ნახვრეტების გაანგარიშებისას, ვინაიდან ოთხ ჭრილს შეუძლია შექმნას შეკრული ოთხკუთხა კონტური, და, მაშასადამე, შექმნას ნახვრეტის იმიტაცია. აპროქსიმებული ფინქციების შესაბამისი შერჩევით შემოთავაზებულია ზღვრული პირობების გამოთვლის სხვადასხვა სახე.
წიგნი ძირითადად განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. იგი საინტერესო იქნება შესაბამის სპეციალობაში მომუშავე მეცნიერი თანამშრომლებისთვისაც.

 

 

image-1
ო. ვერულავა, რ. ხუროძე, თ. თოდუა

ქართული ნაბეჭდი სიმბოლოების პრეპარირება

უაკ: 003.62:946.31

მონოგრაფიაში განხილულია ხელოვნური ინტელექტის შემადგენელი ნაწილის, სახეთა ამოცნობის კლასიკური ამოცანა - ნაბეჭდი ტექსტების წინასწარი დამუშავების (პრეპარირების) საკითხები, ქართული ნაბეჭდი სიმბოლოების მაგალითზე. აღწერილია დაგლუვების, დავიწროებისა და გამოსახულების ფონური სტრუქტურებით ანალიზის პრობლემები, მონოგრაფიის ავტორების მიერ ამ ამოცანების ალგორითმული და პროგრამული გადაწყვეტა.
მონოგრაფია განკუთვნილია აღნიშნულ სფეროში მომუშავე მეცნიერებისთვის, დოქტორანტების, მაგისტრანტებისა და ყველა სხვა დაინტერესებული პირისათვის.

 

 

image-1
ი. ქვარაია

გამაგრება-გაძლიერების სამუშაოების წარმოება უკიდურესად შეზღუდულ პირობებში მშენებლობისა და რეკონსტრუქციის დროს

უაკ: 624. 05

მონოგრაფიაში განხილულია ქ. თბილისში, ყველაზე განაშენიანებულ უბანში, უკიდურესად შეზღუდულ პირობებში ერთ-ერთი უნიკალური ობიექტის მშენებლობისა და რეკონსტრუქციის პროცესში ჩატარებული გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები. კერძოდ, აღწერილია მიმდებარე ტერიტორიების, ქვაბულის კედლების, გრუნტის გამაგრების და სარეკონსტრუქციო შენობის კედლების დროებითი გამაგრების ღონისძიებები;  წარმოდგენილია რკინაბეტონის საძირკვლის, კედლების, სვეტებისა და სართულშუა გადახურვის ელემენტების გაძლიერების ტექნოლოგიური გადაწყვეტები; მოყვანილია ძირითადი მზიდი კედლისა და სხვა მზიდი ელემენტების დემონტაჟისა და მათი ახალი კონსტრუქციული ელემენტებით ჩანაცვლების სამუშაოს შესრულების პრაქტიკული მაგალითები.
მონოგრაფია განკუთვნილია მშენებლობის დარგის სპეციალისტებისათვის.

 

 

image-1
გ. წულეისკირი, ი. ბაციკაძე, მ. არაბიძე

სამკუთხედის გეომეტრიის ზოგიერთი საკითხი
I ნაწილი

უაკ: 513

XIX საუკუნეში, ელემენტარულ გეომეტრიაში, ბევრი საინტერესო გამოკვლევა ჩატარდა. ამ გამოკვლევების ერთ-ერთი შედეგია სამკუთხედის ელემენტებს შორის დამოკიდებულებების დადგენა. ყველასათვის ცნობილ სამკუთხედის შესანიშნავ წერტილებს, წრფეებსა და წრეწირებს შეემატა არანაკლებ შესანიშნავი წერტილების, წრფეების და წრეწირების მნიშვნელოვანი რაოდენობა. ამ გამოკვლევების აღწერილობა სათაურით „Новая геометрия треугольника“ შეადგენს პლანიმეტრიის ერთ-ერთ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს ნაწილს.
უცხო ენებზე არსებობს მრავალი გამოკვლევა, რომლებშიც სისტემატიზებულად არის მოცემული სამკუთხედის გეომეტრიის სფეროში არსებული გამოკვლევების შედეგები. 1913 წელს გამოიცა პროფ. დ. ეფრემოვის ნაშრომი „Новая геометрия треугольника“, რომელიც დღეს ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. ასეთივე ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა 1962 წელს მოსკოვში გამოცემული იგივე დასახელების პროფ. ს. ზეგელის წიგნი, რომელიც წინამდებარე ნაშრომს დაედო საფუძვლად.  ავტორებმა ზედმიწევნით შეისწალეს და ქართველი მკითხველისათვის ხელმისაწვდომი გახადეს ნაშრომში მოცემული თეორემები და დებულებები, განაზოგადეს ისინი არასაკუთრივი ელემენტების ცნების გამოყენების და კერძო შემთხვევების განხილვის გზით.
მონოგრაფია საინტერესო იქნება გეომეტრიით დაინტერესებული ყველა მკითხველისათვის.