უაკ: 004.5
განიხილება კორპორაციულ და კორპორაციათაშორის სისტემებში ინფორმაციის გაცვლის თანამედროვე საშუალებები მათი ინტეგრაციის მიზნით. გაანალიზებულია მეთოდები, არქიტექტურა, პრინციპები, მოდელები, რომლებიც აიოლებს ინტეგრაციის საკითხებს, ხდის უფრო ეფექტურს. მათი საშუალებით შესაძლებელია დამოუკიდებელ სისტემებს და აპლიკაციებს შორის მონაცემთა გადაცემა და ტრანსფორმაცია, ბიზნეს-პროცესების მენეჯმენტი და ავტომატიზაცია. კორპორაციებში არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფებს შორის ინტეგრაციის საკითხის გადაწყვეტა შემოთავაზებულია თანამედროვე მეთოდების, კერძოდ სერვისზე ორიენტირებული არქიტექტურის იმპლემენტაციით, რომლის განხორციელებისთვის გამოიყენება სხვადასხვა ტექნოლოგია, როგორიცაა: Web-სერვისები, ორგანიზაციის სერვისული არხი (ESB), BPMN/UML, BizTalk, XML, CPN, WPF/XAML და სხვ. აღნიშნული ტექნოლოგიები უზრუნველყოფს ინტეგრაციულ სისტემაში ჰიბრიდული აპლიკაციების შექმნას და მათ ურთიერთქმედებას, სხვადასხვა ფორმატის მონაცემთა გაცვლას, სისტემის ფუნქციონირების მდგრადობას, მოქნილობას, მასშტაბირებას. მონოგრაფია განკუთვნილია მართვის საინფორმაციო სისტემების (Management Information Systems) დოქტორანტების, მაგისტრანტების, აგრეთვე Web-ტექნოლოგიების შექმნის საკითხით დაინტერესებული სპეციალისტებისა და მკითხველთათვის.
უაკ: 620.9
მონოგრაფიაში მსოფლიო გამოცდილების საფუძველზე, გაშუქებულია ენერგეტიკის სახელმწიფო რეგულირების არსი, პრინციპები, ამოცანები, მისი სტრატეგიული მიზნები და გავლენა ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, ეფექტიანი რეგულირების საფუძვლები ფასწარმოქმნასა და ლიცენზირებაში. ამ თვალსაზრისით გაანგარიშებულია საქართველოში ენერგეტიკის რეგულირების 15 - წლიანი გამოცდილება და მიღწეული შედეგები, გამოთქმულია მოსაზრებები მისი სრულყოფისათვის და სხვა. განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის: სამეცნიერო და პრაქტიკოსი მოღვაწეებისათვის, უმაღლეს სასწავლებელთა პროფესორ-მასწავლებლებისათვის და სტუდენტებისათვის. იგი სასარგებლო იქნება ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულთათვის, ყველასთვის, ვინც ამ პრობლემით არის დაინტერესებული.
უაკ: 624.15.01:539.3
მონოგრაფიაში ფილების თეორიის საფუძველზე და განზოგადებული ფუნქციის თეორიის გამოყენებით პირველადაა გადაწყვეტილი მართკუთხა ფილის ამოცანა. ასევე, პირველად შემუშავდა შეზღუდული სიგრძის მქონე, მართკუთხა გეგმის ერთ-ერთი გვერდის პარალელური ერთი ჭრილის გაანგარიშების მეთოდი, რომელიც ასევე გამოიყენება ნახვრეტების გაანგარიშებისას, ვინაიდან ოთხ ჭრილს შეუძლია შექმნას შეკრული ოთხკუთხა კონტური, და, მაშასადამე, შექმნას ნახვრეტის იმიტაცია. აპროქსიმებული ფინქციების შესაბამისი შერჩევით შემოთავაზებულია ზღვრული პირობების გამოთვლის სხვადასხვა სახე. წიგნი ძირითადად განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. იგი საინტერესო იქნება შესაბამის სპეციალობაში მომუშავე მეცნიერი თანამშრომლებისთვისაც.
უაკ: 003.62:946.31
მონოგრაფიაში განხილულია ხელოვნური ინტელექტის შემადგენელი ნაწილის, სახეთა ამოცნობის კლასიკური ამოცანა - ნაბეჭდი ტექსტების წინასწარი დამუშავების (პრეპარირების) საკითხები, ქართული ნაბეჭდი სიმბოლოების მაგალითზე. აღწერილია დაგლუვების, დავიწროებისა და გამოსახულების ფონური სტრუქტურებით ანალიზის პრობლემები, მონოგრაფიის ავტორების მიერ ამ ამოცანების ალგორითმული და პროგრამული გადაწყვეტა. მონოგრაფია განკუთვნილია აღნიშნულ სფეროში მომუშავე მეცნიერებისთვის, დოქტორანტების, მაგისტრანტებისა და ყველა სხვა დაინტერესებული პირისათვის.
უაკ: 624. 05
მონოგრაფიაში განხილულია ქ. თბილისში, ყველაზე განაშენიანებულ უბანში, უკიდურესად შეზღუდულ პირობებში ერთ-ერთი უნიკალური ობიექტის მშენებლობისა და რეკონსტრუქციის პროცესში ჩატარებული გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები. კერძოდ, აღწერილია მიმდებარე ტერიტორიების, ქვაბულის კედლების, გრუნტის გამაგრების და სარეკონსტრუქციო შენობის კედლების დროებითი გამაგრების ღონისძიებები; წარმოდგენილია რკინაბეტონის საძირკვლის, კედლების, სვეტებისა და სართულშუა გადახურვის ელემენტების გაძლიერების ტექნოლოგიური გადაწყვეტები; მოყვანილია ძირითადი მზიდი კედლისა და სხვა მზიდი ელემენტების დემონტაჟისა და მათი ახალი კონსტრუქციული ელემენტებით ჩანაცვლების სამუშაოს შესრულების პრაქტიკული მაგალითები. მონოგრაფია განკუთვნილია მშენებლობის დარგის სპეციალისტებისათვის.
უაკ: 513
XIX საუკუნეში, ელემენტარულ გეომეტრიაში, ბევრი საინტერესო გამოკვლევა ჩატარდა. ამ გამოკვლევების ერთ-ერთი შედეგია სამკუთხედის ელემენტებს შორის დამოკიდებულებების დადგენა. ყველასათვის ცნობილ სამკუთხედის შესანიშნავ წერტილებს, წრფეებსა და წრეწირებს შეემატა არანაკლებ შესანიშნავი წერტილების, წრფეების და წრეწირების მნიშვნელოვანი რაოდენობა. ამ გამოკვლევების აღწერილობა სათაურით „Новая геометрия треугольника“ შეადგენს პლანიმეტრიის ერთ-ერთ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს ნაწილს.უცხო ენებზე არსებობს მრავალი გამოკვლევა, რომლებშიც სისტემატიზებულად არის მოცემული სამკუთხედის გეომეტრიის სფეროში არსებული გამოკვლევების შედეგები. 1913 წელს გამოიცა პროფ. დ. ეფრემოვის ნაშრომი „Новая геометрия треугольника“, რომელიც დღეს ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. ასეთივე ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა 1962 წელს მოსკოვში გამოცემული იგივე დასახელების პროფ. ს. ზეგელის წიგნი, რომელიც წინამდებარე ნაშრომს დაედო საფუძვლად. ავტორებმა ზედმიწევნით შეისწალეს და ქართველი მკითხველისათვის ხელმისაწვდომი გახადეს ნაშრომში მოცემული თეორემები და დებულებები, განაზოგადეს ისინი არასაკუთრივი ელემენტების ცნების გამოყენების და კერძო შემთხვევების განხილვის გზით.მონოგრაფია საინტერესო იქნება გეომეტრიით დაინტერესებული ყველა მკითხველისათვის.
უაკ: 624.01
მონოგრაფიაში განხილულია სამშენებლო კონსტრუქციებისა და ნაგებობების დაპროექტების ტრადიციული (კერძოდ, ცილინდრული ზამბარის, შენობა-ნაგებობის ფუძის, სამღეროვანი სიმეტრიული წამწის, მართკუთხა, უბან-უბან მუდმივ განივკვეთიანი სვეტის და ორტესებრი კოჭის პარამეტრების გაანგარიშების) მეთოდები, როგორც არაწრფივი მათემატიკური დაპროგრამების ამოცანები. მრავალი ცვლადის, მრავალექსტრემუმიანი მიზნის ფუნქციის გლობალური ექსტრემუმის მოსანახად გამოყენებულია ოპტიმიზაციის სტოქასტიკური, სახელდობრ, შემთხვევითი ძებნისა და სიმძიმის ცენტრების მეთოდები. აღნიშნული მეთოდები დასმულ ამოცანებს ყველაზე წარმატებულად გადაწყვეტენ.ნაშრომში განხილული რეალური ამოცანების ამოხსნის თეორიულ მასალასთან ერთად დამუშავებულია კომპიუტერული პროგრამები. პროგრამების ფუნქციონირების საილუსტრაციოდ მოყვანილია რიცხვითი მაგალითები.მონოგრაფია გათვალისწინებულია მკითხველთა ფართო წრისათვის, მეცნიერი მუშაკების, ინჟინერ-კონსტრუქტორების, დოქტორანტების, მაგისტრანტებისა და შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებისათვის.
ნაშრომში განხილულია გეომეტრიულ ნიველობაში დამოკიდებული გაზომვების ჩატარების მეთოდები, თავისებურებანი, გამოყენების არეალი, უპირატესობანი და სირთულეები. განსაკუთრებული ყურადღება მიქცეულია ასეთი განაზომების მათემატიკური დამუშავებისადმი, რადგან სწორედ ამ მოქმედებების სირთულეა მიზეზი დამოკიდებულ განაზომებზე პრაქტიკაში უარის თქმის. განხილულია ასეთი გაზომვების თავისებურებანი, ყველა შესაძლებელი ვარიანტი და მათი გაწონასწორება რეკურენტულ-პარამეტრული ხერხით. დეტალურადაა განხილული დამოკიდებული და დამოუკიდებელი გაზომვებით შექმნილი გეომეტრიული ნიველობის ქსელების გაწონასწორება. ყველა მეთოდში დადგენილია დადებით-უარყოფითი მხარეები და მოცემულია გაწონასწორების თანმიმდევრობა, რაც საშუალებას იძლევა შეიქმნას ყველა მეთოდისათვის ერთი კომპიუტერული პროგრამა და გამარტივდეს ასეთი კომბინირებული გაზომვების მათემატიკური დამუშავება რიგითი საინჟინრო პერსონალისათვის.
უაკ: 624
მოცემულია ბუნებრივი კალთების და მიწის ნაგებობათა ფერდოების მდგრადობის ამაღლების არსებული ხერხების და მეთოდების კრიტიკული ანალიზი. შემოთავაზებულია აღნიშნული ამოცანის განხორციელების ახალი ტექნოლოგია ელექტროოსმოსის მოვლენის გამოყენებით. განკუთვნილია მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და მშენებლობის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისათვის.