image-1
დ. გურგენიძე, მ. წიქარიშვილი, თ. ბულია

პორტების რეკონსტრუქცია-გაფართოების კომპლექსური დიაგნოსტიკის მეთოდები და მოდელები ფოთის პორტის მაგალითზე

უაკ: 627.212

მონოგრაფიაში განხილულია პორტში ნავმისადგომის ნაგებობების კომპლექსური დიაგნო­სტიკის გამოყენების მეთოდური უზრუნველყოფა და მოდელირების მეთოდოლოგიის დამუ­შავება ექსპლუატაციის საიმედოობის, სიმტკიცისა და სტაბილურობის დასადგენად, ადგი­ლობრივი პირობების გათვალისწინებით.

მონოგრაფია განკუთვნილია საინჟინრო დარგში მომუშავე მეცნიერი მუშაკებისთვის, სამ­შენებლო პროფილის დოქტორანტების, მაგისტრანტებისა და ბაკალავრებისთვის.

 

 

image-1
მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია. ტომი X
ალბანეთი. ალბანეთის საკათალიკოსო და საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია კახეთსა და ჰერეთში

უაკ: 271.222(479.22)

მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის წიგნი – „ალბანეთი (ალბანეთის საკათალიკოსო და საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია კახეთსა და ჰერეთში)“, იკვლევს საერთაშორისო წრეებში ერთ-ერთ სადავო საკითხს ჩვენი საეკლესიო იურისდიქციის შესახებ. ამჟამად აღიარებული, თუმცა არასწორი მტკიცებით – კახეთის სამხრეთი ნაწილი – გურჯაანი, საინგილო, დავითგარეჯა და თვით ბოდბეც კი, თითქოსდა, ისტორიულად, ალბანეთის საკათალიკოსოში შედიოდა და მხოლოდ მე-10 საუკუნის შემდეგ გადავიდა ქართული ეკლესიის იურისდიქციაში. შესაბამისად, უცხო მხარეს გაუჩნდა პრეტენზია აქაური უძველესი ქართული ეკლესია-მონასტრებისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ.

ნაშრომში გარკვეულია, რომ სინამდვილეში, თავდაპირველი, ისტორიული ჰერეთი, რომელსაც ზოგჯერ ალბანეთსაც უწოდებენ, კახეთს ესაზღვრებოდა მდ. გიშისწყალთან (ზოჯერ კი იქვე გამდინარე მდ. ალიჯანჩაისთან). ჰერეთი დიდი ქვეყანა იყო, გადაშლილი აღნიშნული მდინარეებიდან ვიდრე მდ. აღსუმდე და ძირითადად დასახლებული იყო ქართულენოვანი მოსახლეობით (ჰერებით). მას ასევე შაქის სამეფოსაც უწოდებენ. მისი (ანუ „შაქის ჰერეთის“) საზღვრები გაიზარდა მხოლოდ მე-9 საუკუნეში, როცა მისმა მონოფიზიტმა მმართველმა საჰლ სმბატიანმა არანის (რანის) დაპყრობის შემდეგ არაბთა ხელშეწყობით ასევე შეძლო სამხრეთ კახეთის დაპყრობა გავაზის ხაზამდე. მხოლოდ ამის შემდეგ ეწოდა ისტორიული კახეთის ამ (სამხრეთ) ნაწილს სახელი – „ჰერეთი“. სამხრეთ კახეთის გასათავისუფლებლად იბრძოდნენ კახეთის ქორეპისკოპოსები და აფხაზთა მეფეები. მხოლოდ წმ. დედოფალ დინარას დროს (მე-10 ს.) დაუბრუნდა შაქის ჰერეთი მართლმადიდებელ სარწმუნოებას. იმის გამო, რომ ჰერეთი გიშისწყლიდან მდ. აღსუმდე (თეთრწყლამდე) დასახლებული იყო ქართულენოვანი მოსახლეობით, მას უცხოელები ივერიის ნაწილად მოიაზრებდნენ, ამიტომაც მის დედოფალს წმ. დინარას რუსული წყაროები „ივერიის დედოფალს“ უწოდებდნენ.

 

 

image-1
მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია. ტომი IX
საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ჩრდილოეთ კავკასიაში. დაღესტანი, ალანია, ადიღე-ჩერქეზეთი, დურძუკეთი, ჩრდილოეთ¬კავკასიის სვანეთი, ოსეთი, ქისტეთი, ალბანეთი

უაკ: 271.222(479.22)

მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის ნაშრომი „საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ჩრდილოეთ კავკასიაში“ წარმოადგენს წმ. სინოდის 2015 წლის 22 დეკემბრის დადგენილების აღსასრულებლად გაწეულ სამუშაოს. დადგენილებაში ნათქვამია – „დაევალოს მღვდელმთავართ და საქართველოს საპატრიარქოს უმაღლეს სასწავლებლებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში ისტორიულად შემავალ ეპარქიებში არსებული ეკლესია-მონასტრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ნაშრომების მომზადება“. მიტროპოლიტ ანანიას ნაშრომი სიახლეა იმ მხრივ, რომ პირველად ხდება ჩვენს საეკლესიო ისტორიოგრაფიაში განზოგადებული გამოკვლევა თემისა – „საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ჩრდილოეთ კავკასიაში“. მრავალი რუსი მეცნიერი, განსაკუთრებით დაღესტნელი, ჩეჩენი, ინგუში, ოსი, ყარაჩაელი, ბალყარელი, აფხაზი, აზერბაიჯანელი და სხვა მკვლევრები ინტენსიურად იკვლევენ ამ საკითხს, ძირითადად, შეიძლება ითქვას, ძალზე მიკერძოებით და ტენდენციურად. მეუფე ანანიას ნაშრომი ეფუძნება ქართულ და უცხოურ წყაროებს, ვრცელ სამეცნიერო ლიტერატურას, საინტერნეტო მასალას, ჩრდილოეთ კავკასიაში შემორჩენილ ფაქტებს ქართული კულტურისა და სხვა.
მისი საბოლოო დასკვნით, მართლდება ქართული წყაროები, რომელთა მიხედვითაც, ჩრდილოეთ კავკასიაში თავის იურისდიქციას ახორციელებდა საქართველოს ეკლესია. ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობა თემურლენგის შემოსევამდე და ნაწილობრივ მის შემდეგაც, წარმოადგენდა საქართველოს ეკლესიის მრევლს, რომელიც აგებდა მრავალ ეკლესია-მონასტერს, ჯვარ-ხატთა ნიშებს და იქ აღესრულებოდა ქართულენოვანი წირვა-ლოცვები, საჭიროების დროს კი ჩრდილოკავკასიელი ქრისტიანები თავიანთ საუკეთესო შვილებს ომებში აგზავნდნენ სამშობლოს – საქართველოს დასაცავად.

 

 

image-1
მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია. ტომი VIII
საქართველოს საეკლესიო კანონების კრებული (საქართველოს საეკლესიო კრებების სამართალი, კანონები და დადგენილებები)

უაკ: 271.222(479.22)

საქართველოს ეკლესიაში მოძღვრების, მმართველობისა და საეკლესიო სასამართლოს სფეროში უმაღლესი ხელისუფლება ეკუთვნის საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს (საეკლესიო კრებას), მისი ზრუნვის ერთ-ერთ საგანს წარმოადგენს „საეკლესიო კანონების კრებულის, სასულიერო და საერო სასწავლებლების შესაბამისი სახელმძღვანელოებისა და საღვთისმეტყველო ლიტერატურის“ გამოცემა (1995 წლის საეკლესიო კრების დებულება, თავი II, §20).

ამ მუხლის აღსასრულებლად გაწეულ ნაშრომს წარმოადგენს მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის წიგნი „საქართველოს საეკლესიო კანონების კრებული“ (საქართველოს საეკლესიო კრებების სამართალი, კანონები და დადგენილებები).

ნაშრომში ერთადაა თავმოყრილი და განხილული IV–XX საუკუნეთა საქართველოს საეკლესიო კრებების სამართალი.

განხილულ 15 საკანონმდებლო და 50-ზე მეტ მიმდინარე კრების ანალიზს თან ერთვის კრებების მიერ გამოცემული სამართლის ძეგლები, ამიტომაც ნაშრომი, ამასთანავე, წარმოადგენს საქართველოს საეკლესიო კანონების კრებულს, რომელიც ესაჭიროება როგორც სასულიერო პირებსა და მართლმადიდებელ მრევლს, ასევე საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევრებს. ეს წიგნი, სახელწოდებით „საქართველოს საეკლესიო კრებები“, 2003 წლიდან წარმოადგენს სახელმძღვანელოს სასულიერო აკადემიაში.

 

 

image-1
მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია. ტომი VII
ისტორიული ბედი საქართველოს ეკლესიისაგან განშორებული ქართველებისა. ართველთა დენაციონალიზაცია XVII–XX საუკუნეებში. საინგილო, აფხაზეთი, ქართლ-კახეთი, მესხეთი, თრიალეთი შიდა ქართლი

უაკ: 271.222(479.22)

ერი ცოცხალი ორგანიზმია.

საკუთარ სახელმწიფოში ყოველი ერი მთლიანდება და ნაციად ყალიბდება, მაგრამ უსახელმწიფოებრიობის დროს პირიქით – იშლება და ნაწევრდება, მით უმეტეს, თუ ქვეყანა საუკუნეთა განმავლობაშია მტრისაგან დაპყრობილი. ასეთივე ბუნებისაა, ცხადია, ქართველობაც.

ჩვენი ხალხის ისტორიული მეხსიერებიდან ერთგვარად ამოვარდნილია XV–XVIII სს და ისტორიის შემეცნება ხდება ისე, თითქოსდა აყვავებული პერიოდიდან (დავით აღმაშენებლიდან და თამარიდან) ჩვენ უცებ აღმოვჩნდით XIX ს-ში, მაგრამ კვლევა აჩვენებს, რომ XVII–XVIII სს-ში განვითარებულმა პროცესებმა შვა ჩვენი დღევანდელი პრობლემები. XV ს-ის შემდეგ, საქართველო დაიშალა, შემდეგ მისი ყოველი ნაწილი მტერმა დაიპყრო, დაიწყო დენაციონალიზაცია ქართველი ხალხისა. ეს პროცესი საკმაოდ ღრმა იყო. ეროვნული თვითშემეცნება მხოლოდ იმ ქართველმა მართლმადიდებლებმა შეინარჩუნეს, რომელნიც საქართველოს ეკლესიის წევრები იყვნენ...

XX ს-ის 80-იანი წლების ხანმოკლე ეროვნულ კონსოლიდაციასთან მოჰყვა ხანგრძლივი ათწლეულები ეროვნული დეზინტეგრაციისა, კუთხურობის აღორძინებისა... იმ ადამიანებს, რომელთაც იქამდე თავიანთი თავი ქართველებად ჰქონდათ იდენტიფიცირებული გაუხსენეს წინაპართა ოდინდელი „უცხო წარმომავლობა“. განსაკუთრებით კი მათ უცხოელობას, ოსობას თუ სომხობას იხსენებდნენ მათი მეზობლები, მხედრიონელთა რაზმები, მომენტით მოსარგებლე ყაჩაღები, რომელთაც დიდი ასპარეზი გადაეშალათ XX ს-ის მიწურულს. ასეთ დროს, ამ ადამიანთა დაცვა და შეხსენება მათი მეზობლებისათვის, რომ ისინი ქართველები არიან, მოწმე ვართ იმისა, რომ დადებით შედეგებს იძლეოდა.

ვფიქრობ, წინამდებარე ნაშრომი ხელს შეუწყობს საქართველოს მოსახლეობის ინტეგრაცია-კონსოლიდაცია-გამთლიანების საქმეს. ჩვენმა ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ზოგიერთი თანაკლასელი თუ თანაჯგუფელი, რომელთაც ოსს ან სომეხს უწოდებენ სინამდვილეში არიან იმ ქართველთა შთამომავლები, რომელნიც XVII–XIX სს-ში დენაციონალიზაციის პროცესის მსხვერპლნი იყვნენ. ეს ცოდნა მათ, ალბათ, მეტ ტოლერანტობას შესძენს.

ნაშრომი დაბეჭდილი იყო სხვადასხვა წლებში, ამჟამად ერთ წიგნად შეკრებილს, უცვლელი სახით ვაწოდებთ მკითხველს.

 

 

image-1
მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია. ტომი VI
ქალდეა (საეპისკოპოსოები ლაზიკაში)

უაკ: 271.222(479.22)

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ისა და წმიდა სინოდის მიერ დასმულ საკითხებს ასახავს მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის ვრცელი ნაშრომი „ქალდეა“ (საეპისკოპოსოები ლაზიკაში).

საბჭოთა ეპოქაში გავრცელდა უსაფუძვლო თეორია, თითქოსდა ლაზები VII საუკუნის შემდეგ დასავლეთ საქართველოდან გადასახლდნენ ტრაპეზუნტის რეგიონში, სადაც ამჟამადაც ცხოვრობენ. სინამდვილეში, როგორც წყაროების ანალიზი აჩვენებს ლაზები ამ (ტრაპეზუნტის) რეგიონის მკვიდრი იგივე ქალდები არიან.

სტრაბონის ცნობით ქალდებს (ხალიბებს) ასევე უწოდებდნენ „ალაზონებს“, საიდანაც წარმოდგა პონტოსპირეთისა და მისი მოსახლეობის სახელი „ლაზონია“, „ლაზი“.

უწმიდესი პატრიარქი ილია II აღნიშნავს, რომ „ქალდი“ საერთო ქართულ სამყაროს, კოლხეთის ცენტრს, მის გულს ერქვა. ივ. ჯავახიშვილის კვლევით ქალდეა არა მხოლოდ ლაზების, არამედ ყველა ქართული ტომის სამშობლო იყო. ქართული ტომების ეს მიწა-წყალი ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდა და ეკლესიურად აქ, ქალდეა-ლაზიკაში, ჩამოყალიბდა ფასიდის ეპარქიის პეტრას, როდოპოლისის, ზიგანასა და საისინის საეპისკოპოსოები, ხოლო რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ის გაქრისტიანების შემდეგ, IV საუკუნიდანვე ქართული ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა. ფასიდის ეპარქიის ძირითადი ნაწილი არა დასავლეთ საქართველოში, არამედ აღნიშნულ ქალდეა-ლაზიკაში (ტრაპეზუნტ-თეოდოსიოპოლის შემაერთებელ გზაზე) მდებარეობდა.

ქალდეას, დასავლეთ საქართველოსა და სხვა ქართული ქვეყნების კვლევას ეხება წი-ნამდებარე ნაშრომი, რომელიც დაიწერა ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს სადიდებელად და ეხება საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის საკითხს.

წიგნში მრავალ წყაროზე დაყრდნობით, მიმოხილულია, დასავლეთ საქართველოს, ლაზიკა-ქალდეასა და საქართველოს სხვა ისტორიული რეგიონების საეკლესიო, ეკონომიკური, პოლიტიკური, ადმინისტრაციული, ყოფითი და გეოგრაფიული ვითარება პირველ ათასწლეულში.

 

 

image-1
მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია. ტომი V
საეპისკოპოსოები ისტორიულ ივერიაში (არიან-ქართლი)

უაკ: 271.222(479.22)

საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში ამჟამად დამკვიდრებულია უმართებულო თვალსაზრისი, თითქოსდა ივერები (ივირები) ეწოდებოდათ არა მხოლოდ ქართველებს, არამედ სომხებსაც, ე.წ. სომეხ-ქალკედონიტებს. („პრავოსლავნაია ენციკლოპედია“, ტ. III, მოსკოვი, 2001, გვ. 326, 327, ვ. არუთინოვა-ფიდანიანი, გრიგოლ პაკურიანის ტიპიკონი, ერევანი, 1978, რუს. ენაზე, მისი დამოწმებანი ვიკიპედიის შესაბამის და სხვა საენციკლოპედიო სტატიებში, მაგ. „სომეხი-ქალკედონიტები“, ფონდ „ჰაიაზგის“ ენციკლოპედია და სხვა). იბერიის თემის, ტაოსა და ასევე, მისი მიმდებარე რეგიონების მოსახლეობა ცხადდება სომეხ-ქალკედონიტებად, ამ მხარეებიდან გამოსული წმიდა მამები და ქართველი დიდებულები კი ეთნიკურ სომხებად (მაგ. თორნიკე ერისთავი და საგვარეულო ჩორდვანელებისა, გრიგოლ ბაკურიანის ძე და სხვანი), შესაბამისად ამ მხარეთა ქართული კულტურა, ეკლესია-მონასტრები – სომხურად. სამხრეთ საქართველოსა და მის მიმდებარე რეგიონებში, ძირითადად ტაო-კლარჯეთში მცხოვრები ქართველების სომეხ-ქალკედონიტებად გამოცხადება გაამყარა საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე ორგანომ - „პრავოსლავნაია ენციკლოპედიამ“. საქართველოს სამხრეთ ნაწილში მცხოვრები ქართველები ანუივერები სომეხ-ქალკედონიტებად გამოაცხადეს ისტორიული კონტექსტებიდან ამოგლეჯილი ინფორმაციის მანიპულირების შედეგად. მტკიცებით, რომ თითქოსდა ისინი ქართველები იყვნენ არა ეთნიკურად, არამედ მხოლოდ საეკლესიო-კულტურული თვალსაზრისით და მას შემდეგ იწოდნენ „ქართველებად“, რაც ქალკედონური აღმსარებლობა მიიღეს. ჩხადია, ეს არის თეორია, რომელიც ამჟამად იწოდება „ქართიზაციის თეორიად“. ამ საკითხს იკვლევს წინამდებარე წიგნი. წიგნი „არიან-ქართლი“ მკითხველს სთავაზობს ვრცელ გამოკვლევას, მრავალი ქართული და უცხოური წყაროს დამოწმებით, რომელიც აჩვენებს, რომ სინამდვილეში ტაო-ბასიანი, და სერთოდ „იბერიის თემის“ ტერიტორია, ქართველთა ისტორიულ საცხოვრისს წარმოადგენდა, მას აზონ-ფარნავაზის ეპოქაში ერქვა არიან-ქართლი და ის ძველი ივერია იყო. სტრაბონის ცნობით აღნიშნული სამხრეთის ტერიტორიები (პარიადრედან გოგარენას ჩათვლით) იბერიამ დაკარგა ძვ.წ. II ს-ში არმენიის მეფეთა ექსპანსიისას. მიუხედავად მიტაცებისა, ამ მიწა-წყალზე მცხოვრები მკვიდრი ქართველები (იბერები) გაქრისტიანების შემდეგ მტკიცედ იცავდნენ მართლმადიდებლობას, ხოლო იმის შემდეგ, რაც 726 წლის მანასკერტის კრებაზე სომხურმა ეკლესიამ საბოლოოდ მიიღო მონოფიზიტური აღმსარებლობა, გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი სომხურ ეკლესიასთან და დაუბრუნდა დედა ქართული ეკლესიის წიაღს. წიგნში მოყვანილი მრავალი ისტორიული, გეოგრაფიული, ეთნოგრაფიული თუ ლინგვისტური მასალის დამოწმებით, დამტკიცებულია, რომ არაქსის ხეობისა და ტაო-ბასიანის მომცველი იბერიის თემის მიწა-წყალი ქრისტეშობამდე IV–III სს-ში იწოდებოდა „არიან-ქართლად“ და აქ ქართველობა (ივერები) ყოველთვის მკვიდრ მოსახლეობას შეადგენდა. შემდგომში მათ აქვე დააფუძნეს კიდეც მრავალი ქართული საეპისკოპოსო – ვალაშკერტისა, არზრუმისა, კარისა, ანისისა და სხვა, რომელთაგან ზოგიერთი XVI–XVII სს-შიც კი ფუნქციონირებდა. წიგნი განკუთვნილია სპეციალისტების, სტუდენტებისა და მკითხველი საზოგადოებისათვის.

 

 

image-1
მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია. ტომი IV
XVII-XX საუკუნეები

უაკ: 271.222(479.22)

XVII ს. განსაკუთრებითაა აღსანიშნავი ერისა და ქრისტესათვის თავდადებული წმი-დანების სიუხვით, საქართველოს მნათობი წმიდა ქეთევან დედოფალი, წმიდა მეფე არჩილ II, წმიდა მღვდელი თევდორე, დავით გარეჯას ბერები და სხვანი. თავიანთი მედგარი მაგალითებით ხალხისათვის სამაგალითონი იყვნენ მაჰმადიანური შემოტევებისას. ამ დროს მტერმა ქართლისა და კახეთის სამეფო ტახტებზე მუსულმანი მეფეები დასვეს, რაც მრავალი უბედურების წყაროდ იქცა. ასეთ დროს ჩამოყალიბდა საერთო-სახალხო იდეა – „გამოხსნა და აღდგომა“. „გამოხსნა“ გულისხმობდა მუსულმანთა ბატონობისაგან საქართველოს დახსნას, ხოლო „აღდგომა“ _ საქართველოს სახელმწიფოს რესტავრაციას თავის ძველ ისტორიულ საზღვრებში, რომელიც გააჩნდა მას ოქროს ხანაში. მართლაც 1744 (1745) წელს უფალმა წყალობით მოხედა საქართველოს და განხორციელდა „გამოხსნის“ გეგმა, ქართლის სამეფო ტახტზე ავიდა თეიმურაზ II, ვითარცა ქრისტიანი მეფე, ერეკლე კი კახეთისა, ამის შემდეგ ქართველთა ოცნება იყო საქართველოს „აღდგომა“ ანუ მისი სრული გაერთიანება, მისთვის სამცხე-საათაბაგოს, ჭარ-ბელაქანის, სამხრეთ საქართველოს მიწაწყლის დაბრუნება. მეფე ერეკლე II-ს ყოველივე ამის აღსრულებას ჰპირდებოდა რუსეთის საიმპერატორო ტახტი ეკატერინე II-ის დროს, რისთვისაც დაიდო გეორგიევსკის ტრაქტატი. შემდეგ, 1801 წელს, აღორძინების ნაცვლად რუსეთის იმპერიამ საერთოდ მოსპო ათასწლოვანი ქართული სახელმწიფოებრიობა, მალევე კი _ ეკლესიის ავტოკეფალია. 1917 წელს, ქართველი სამღვდელოებისა და ხალხის თავდადებული ღვაწლით გამოცხადდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. ამ დროს კათალიკოსის ადგილმონაცვლე მიტროპოლიტმა ლეონიდემ მოუწოდა ქართველ ერს – „თავისუფალ ეკლესიას გვერდით ამოვუყენოთ თავისუფალი საქართველოს სახელმწიფო“, მართალც 1918 წელს ქართველმა ერმა გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოს აღდგენა. რომელიც, რუსულ-ბოლშევიკური ანექსიის შემდეგ, საფუძველი გახდა ეროვნული დამოუკიდებლობის იდეისა. ამ პერიოდში, 1943 წელს, რუსულმა ეკლესიამ ცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, ხოლო 1990 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დააგვირგვინა ავტო-კეფალური მოძრაობა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღიარეს კონსტანტი-ნოპოლისა და სხვა საპატრიარქოებმა იმჟამინდელი „საქართველოს სსრ“ საზღვრებში. ამის შემდეგ საქართველოს ეკლესიის წინაშე წარმოდგა სხვა პრობლემა – იურისდიქციის დაცვის საკითხი. რადგანაც აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში დამპყრობლები აქეზებენ ადგილობრივ საეკლესიო სეპარატისტებს, რათა ეს ქართული მხარეები ეკლესიურადაც მოწყვიტონ საქართველოს. ეს საკითხები გამოწვლილვითაა განხილული მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის წიგნში.

 

 

image-1
მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია. ტომი III
XII-XVI საუკუნეები

უაკ: 271.222(479.22)

საქართველოს გაერთიანება ბაგრატ III-ის დროს ქართველთა საუკუნოვან მისწრაფებას წარმოადგენდა. იქამდე, VIII–X საუკუნეებში ქართული საზოგადოებრივი აზრი და წმიდა ეკლესია მისი მემატიანეების (ეპისკოპოს ლეონტი მროველის, არსენ ბერისა და სხვათა) სახით, მიიჩნევდა, რომ პირველი ერთიანი საქართველოს სახელმწიფო, რომელსაც „ქართლის სამეფოს“ უწოდებდნენ, ჩამოაყალიბა მეფე ფარნავაზმა ეგრისის ერისთავ ქუჯისთან ერთად და ის აერთიანებდა სრულიად საქართველოს შავი ზღვიდან (მდ. ეგრისწყლიდან) ვიდრე „კახეთის მთიულეთის“ ჩათვლით (დაღესტნის შუა მხარემდე). მიიჩნეოდა, რომ პირველი ერთიანი სახელმწიფო მრავალი საუკუნე არსებობდა ვიდრე ვახტანგ გორგასლის შთამომავალ წმიდა მეფე არჩილამდე (და მეფე-ერისმთავარ მირამდე), ანუ VIII ს. შუა წლებამდე და დაიშალა არაბთა შემოსევის გამო. მის ადგილზე VIII–X სს.-ში კუთხეებში ჩამოყალიბებული ადგილობრივი სახელმწიფოები – „აფხაზთა“, „ქართველთა“, „რანთა და კახთა“ სამეფოები ცდილობდნენ თავიანთი ჰეგემონობით აღედგინათ საქართველოს ერთიანობა, რაც მართლაც შესაძლებელი გახდა ბაგრატ III-ის დროს. წიგნში ასევე განხილულია ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა XII–XIII საუკუნეებში, საქართველოს ე.წ. `ოქროს ხანაში“ და მისი დაკნინება-დაშლა 1490 წლის სახელმწიფო დარბაზის აღიარებით. ერთიანი სახელმწიფოს დაშლამ და მის ადგილზე ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოების, სამცხე-საათაბაგოს, სამეგრელოსა და გურიის სამთავროების 300-წლოვანმა არსებობამ ხელი შეუწყო ერის ნაციონალური ერთიანობის თვითშეგნების გამოფიტვას, ჩამოაყალიბა იმერლობა, ქართლელობა კახელობა და სხვა თემურ-კუთხური თვითშემეცნება. ასეთ დროს ეკლესია კვლავ სულიერად აერთიანებდა საქართველოს, თავდადებით ახსენებდა ქართველობას მის ოდინდელ ნაციონალურ ვინაობას და ბეჯითად ზრუნავდა ხალხის სულიერი გადარჩენისათვის.