პარონიმები ეწოდება ისეთ სიტყვებს, რომლებიც ბგერობრივად (ხან საერთო წარმომავლობის ან მსგავსი წარმოების გამო, ხან შემთხვევით, ზოგჯერ სემანტიკური ელფერითაც) ჰგვანან ერთმანეთს, რაც მიზეზი ხდება მათი აღრევისა (ისინი გაუმართლებლად მონაცვლეობენ როგორც ზეპირ, ისე წერით მეტყველებაში). გთავაზობთ პარონიმებს, რომლებიც, ჩვენი აზრით, საყურადღებო უნდა იყოს საგამომცემლო სახლის ავტორებისათვის. ჩვენ ვიხელმძღვანელეთ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ 2011 წელს გამოცემული ქართული ენის პარონიმთა ლექსიკონით. მთავარი რედაქტორი - თ. ვაშაკიძე.



 
ნამყოფი – ყოფილი

ნამყოფი (სოფელში / მთაში...); ყოფილი (პრეზიდენტი / დირექტორი / ქმარი...).


 
ნაოპერაციები – ნაოპერაციევი

ნაოპერაციები: ვისაც ოპერაცია გაუკეთეს; ნაოპერაციევი: ადგილი, რომელზედაც ოპერაცია გაკეთდა.


 
ნაპატიები – ნაპატივები

ნაპატიები (დანაშაული); ნაპატივები: კარგად მოვლილი (ნაპატივები საქონელი...).


 
ნასადილები – ნასადილევს

ნასადილები: ვინც ისადილა; ნასადილევს [და არა ნასადილებს): სადილის შემდეგ.


 
ნასაუზმები – ნახაუზმევს

ნასაუზმები: ვინც ისაუზმა; ნასაუზმევს [და არა ნასაუზმებს]: საუზმის შემდეგ.


 
ნაქმარები – ნაქმრევი

ნაქმარები: ვისაც ქმარი ჰყავდა; ნაქმრევი: ვინც ქმარი იყო.


 
ნაღველი – ნაღველა

ეს სიტყვები ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნავს – მომწვანო-ყვითელი ფერის მწარე სითხე, რომელსაც გამოიმუშავებს ღვიძლი, მაგრამ ნაღველს სხვა მნიშვნელობაც აქვს: გადატ. სევდა, დარდი, მწუხარება: „რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული“ (გ. ტაბ.).


 
ნაშვილები – ნაშვილევი

ნაშვილები: ვინც იშვილეს; ნაშვილევი: შვილნაყოლი.


 
ნაჩქარები – ნაჩქარევი

 ნაჩქარები: ანაჩქარები, აჩქარებული; ნაჩქარევი: ნაადრევი; ზედმეტად ჩქარი, სწრაფი (ნაჩქარევი პასუხი / დასკვნა / გადაწყვეტილება).


 
ნაცნობი – ცნობილი

ნაცნობი: ვისაც, რასაც იცნობენ (ნაცნობი გოგონა / ქუჩა / მუსიკა / წიგნი...); ცნობილი: პოპულარული. აღიარებული (ცნობილი მეცნიერი / მსახიობი...).


 
ნაწარმი – ნაწარმოები

ნაწარმი (რძის/საკონდიტრო... ნაწარმი); ნარმოები (მხატვრული/მუსიკალური... ნაწარმოები).


 
ნაწილი – წილი

ეს სიტყვები ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნავს – მთელის შემადგენელი ერთეული; ის, რისგანაც მთელი შედგება: „ფულს ხუთ ნაწილად ყოფდა“ (ილია), „მზე უშენოდ არ იქნების, რადგან შენ ხარ მისი წილი“ (რუსთაველი), მაგრამ მათ განსხვავებული მნიშვნელობებიც აქვთ – ნაწილი: 1. რაიმე ნაწარმოების, თხზულების, პიესის დასრულებული ნაკვეთი, თავი (რომანი შედგება ორი ნაწილისაგან); 2. ზოგი ორგანიზაციის (ოფისის) განყოფილება (საფინანსო ნაწილი); 3. სამხ. ჯარის ერთეული (სატანკო ნაწილი); შდრ.: მეტყველების ნაწილები; წილი: რაც არგუნეს (ერგო) ვინმეს (რაიმეს გაყოფისას); ხვედრი, კერძი: „ბუტიას წილი გემრიელია“ (ანდაზა); შდრ.: წილს დაიდებს; წილის ყრა; წილად ხვდება.


 
ნერვიული – ნერვული

ნერვიული (ადამიანი); ნერვული (დაავადება).


 
ნესტარი – ნექტარი

ნესტარი: 1. ლანცეტი; 2. დედალი ფუტკრის ორგანო, რომლითაც ჩხვლეტს და კვერცხებს დებს; 3. გველის ენა; ნექტარი: 1. ბერმნულ მითოლოგიაში: ღმერთების სასმელი, რომელიც უკვდავებას ანიჭებდა მათ; 2. ყვავილების გამონაყოფი შაქროვანი წვენი; 3. გადატ. სიამმოვნების მომგვრელი; მეტისმეტად კარგი.


 
ნიშა – ნიში

ნიშა: 1. მოდიდო, თეთრი ნიშანი საქონლის შუბლზე; 2. ასეთი საქონელი (ნიშა ხბო / ხარი / კამეჩი); ნიში: 1. ამოღრმავებული ადგილი კედელში რაიმეს შესადგმელად; 2. სამლოცველო ნაგებობა (წმ. გიორგის ნიში).


 
ნიშანდებული – ნიშანდობლივი

ნიშანდებული: რასაც ნიშანი აქვს დადებული; მარკირებული; ნიშანდობლივი: 1. ზედმი­წევნითი, ზუსტი, ნამდვილი (ნიშანდობლივი ცნობები); 2. განსაკუთრებული, კონკრეტული (ნიშანდობლივი თავისებურება).


 
ნოტა – ნოტი

ნოტა: პოლიტ. ერთი ქვეყნის მთავრობის დიპლომატიური მიმართვა (წერილობითი) მეორე ქვეყნის მთავრობისადმი; ნოტი: 1. მუსიკალური ბგერის პირობითი გრაფიკული ნიშანი (ამ მხიარულ ნოტზე [და არა ნოტაზე] დავამთავროთ ჩვენი გადაცემა); მ რ. ნოტები; ასეთი ნიშნებით ჩაწერილი მუსიკალური ნაწარმოების ტექსტი; ამ ტექსტთა შემცველი რვეული, წიგნი; 2. თვით მუსიკალური ბგერა.


 
ოპერატიული – ოპერაციული

ოპერატიული: 1. სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებული (იერიშის / დაზვერვის ოპერატიული გეგმა); 2. რაც ამა თუ იმ ამოცანათა, გეგმათა, წამოწყებათა დაუყოვნებლივ შესრულებასთან არის დაკავშირებული (ოპერატიული მუშაობა); 3. პრაქტიკული ამოცანების სწრაფად გადაწყვეტის უნარის მქონე; ქმედითი (ოპერატიული ხელმძღვანელობა); ოპერაციული: ოპერაციის ხასიათისა (ოპერაციული ჩარევა).


 
ორატორიული – ორატორული

ორატორიული: ორატორიის ხასიათისა (ორატორია – მუს. დრამატული სიუჟეტის მქონე მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც დაწერილია გუნდის, სოლისტებისა და სიმფონიური ორკესტრისათვის); ორატორული: ორატორისთვის დამახასიათებელი (ორატორი – მჭევრმეტყველი): ორატორული ნიჭი / სიტყვა.


 
ორდენი – ორდერი

ორდენი: 1. საგანგებო ნიშანი, რომლითაც ხელისუფლება აჯილდოებს ამა თუ იმ პირს განსაკუთრებული დამსახურებისათვის; 2. სხვადასხვა საზოგადოება (მასონთა ორდენი); ორდერი: ოფიციალური წერილობითი ბრძანება, განკარგულება; საბუთი ბინით სარგებლობის, დაპატიმრების, ჩხრეკისა და სხვ. უფლებათა მინიჭების შესახებ.