პარონიმები ეწოდება ისეთ სიტყვებს, რომლებიც ბგერობრივად (ხან საერთო წარმომავლობის ან მსგავსი წარმოების გამო, ხან შემთხვევით, ზოგჯერ სემანტიკური ელფერითაც) ჰგვანან ერთმანეთს, რაც მიზეზი ხდება მათი აღრევისა (ისინი გაუმართლებლად მონაცვლეობენ როგორც ზეპირ, ისე წერით მეტყველებაში). გთავაზობთ პარონიმებს, რომლებიც, ჩვენი აზრით, საყურადღებო უნდა იყოს საგამომცემლო სახლის ავტორებისათვის. ჩვენ ვიხელმძღვანელეთ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ 2011 წელს გამოცემული ქართული ენის პარონიმთა ლექსიკონით. მთავარი რედაქტორი - თ. ვაშაკიძე.



 
მეთოდი – მეთოდიკა

მეთოდი: მოვლენის კვლევის ხერხი, მიდგომა (ორიგინალური მეთოდი); მეთოდიკა: 1. ამგვარ ხერხთა სისტემა; 2. პედაგოგიკის დარგი.


 
მეთოდური – მეთოდიკური

მეთოდური: რაიმე მეთოდთან დაკავშირებული (მეთოდური რჩევა-დარიგება); მეთო­დიკური: სწავლების, პრაქტიკულად შესრულების ხერხთა ერთობლიობასთან, მეთოდიკასთან დაკავშირებული (მეთოდიკური ლიტერატურა).


 
მეკავშირე – მოკავშირე

მეკავშირე: სპეც. კავშირის დამამყარებელი სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ბრძოლის დროს (მეკავშირე დილით დაბრუნდა); მოკავშირე: ვისაც (რასაც) კავშირი აქვს შეკრული ვინმესთან (რამესთან): სტრატეგიული მოკავშირეეგი.


 
მელოდია – მელოდიკა

მელოდია: ბგერათა გარკვეული თანამიმდევრობა (რაც ქმნის მუსიკალურ მთლიანობას); ჰანგი, მოტივი; მელოდიკა: მოძღვრება მელოდიის შესახებ.


 
მესია – მისია

მესია: 1. იუდეველთა რწმენით – ებრაელთა მხსნელი; 2. ქრისტეს ეპითეტი; მისია: 1. საგან­გებო დავალება, დანიშნულება, როლი; 2. დიპლომატიური წარმომადგენლობა; 3. მისიონერთა ორგანიზაცია.


 
მესისხლე – მოსისხლე

ეს სიტყვები ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნავს – სისხლის აღებით შურისმაძიებელი: „მესისხლენი გრგვინავდნენ ამოღებულ დანითა“ (ი. გრიშ.); „ხალხნო და ჯამაათნო! ორი მოსისხლე გვარი უნდა გაასამართლოთ“ (ა. ყაზბ.), მაგრამ მოსისხლეს განსხვავებული მნიშვნელობებიც აქვს: 1. დაუ­ძინებელი, შეურიგებელი მტერი: „იმ დღიდან წინანდელი მოსისხლე მტრები შეიქნენ გულითადი მეგობრები“ (ი. გოგებ.); 2. სისხლისმსმელი: „სვავებს, ორბებს, ყვავებს და სხვა მოსისხლე ფრინველთაც სუნი აეღოთ“ (ვაჟა).


 
მეტრი – მეტრო

მეტრი: 1. სიგრძის საზომი ერთეული; 2 ლექსთწყობის ზომა ან მუსიკალური ტაქტის ძლიერი და სუსტი ნაწილების სიმეტრიული განაწილება; 3. საფრანგეთში – მოძმღვარი, მასწავლებელი, ადვოკატი; მეტრო: მეტროპოლიტენი.


 
მთლად – მთლიანად

მთლად (გაგიჟდა); მთლიანად (შეჭამა).


 
მიზომება – მიზომვა

მიზომება (ტანსაცმლისა); მიზომვა (ადგილისა).


 
მოდგა – მოსდგა

მოდგა (აქეთ მოდგა); მოსდგა (ცოლი მოსდგა მთვრალ ქმარს).


 
მოდგამს – მოსდგამს

მოდგამს (ფეხს); მოსდგამს (მამა-პაპისგან).


 
მოდელირება – მოდულირება

მოდელირება: 1. მოდელის (მოდელების) დამზადება; 2. ქანდაკებასა და ფერწერაში – ზედაპირის დამუშავება, ფაქტურის შექმნა; 3. დახვეწა, დამუშავება; შდრ.: მოდულირება: 1. გადასვლა, გარდაქმნა, მოდულაცია; 2. მუს. ერთი ტონალობიდან მეორეზე გადასვლა; 3. ფიზ. მაღალი სიხშირის ელექტრორხევათა ამპლიტუდის ცვლა; 4. ფიზ. ბგერის მიერ გამოწვეულ ელექტრორხევათა გარდაქმნა სინათლის კონად.


 
მოთმენა – მოთმინება

მოთმენა: გაძლება, ატანა (ამის მოთმენა უკვე აღარ შეიძლება); მოთმინება: მოთმენის უნარი: „მოთმინებაც კარგი საქონელია“ (ანდაზა); შდრ.: მოთმინებიდან გამოიყვანს; მოთმინებას დაკარგავს; მოთმინების ფიალა.


 
მოთხოვნა – მოთხოვნილება

მოთხოვნა: ერთი მხარის მიერ მეორისათვის რაიმეს კატეგორიულად, დაჟინებით თხოვნა; მოთხოვნილება: ბუნებრივი, შინაგანი, ფიზიოლოგიური საჭიროება (სულიერი / სასიცოცხლო / ფიზიოლოგიური... მოთხოვნილება).


 
მოკვდავი – მომაკვდავი

მოკვდავი: ვინც კვდება საერთოდ; მომაკვდავი: ვინც ან რაც კვდება ამჟამად.


 
მომკითხავი – მომკითხველი

ეს სიტყვები ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნავს – ვინც მოიკითხავს (ვინმეს ან რაიმეს); ამბის მკითხველი. მაგრამ მომკითხავს სხვა მნიშვნელობაც აქვს: პასუხის მომთხოვნი.


 
მომსახურე – მოსამსახურე

მომსახურე (პერსონალი); მოსამსახურე (მოსამსახურის ოჯახი); შდრ. მოსამსახურე (=მოახლე) გოგონა.


 
მოსავალი – მოსასვლელი

 მოსავალი: აღებული პროდუქციის მთელი რაოდენობა (პურის / ყურძნის მოსავალი); მოსასვლელი: 1. რითაც უნდა მოვიდნენ: მოსასვლელი [და არა მოსავალი] გზა; 2. ვინც, რაც უნდა მოვიდეს.


 
მოსაკრები – მოსაკრეფი

მოსაკრები (ხალხი); მოსაკრეფი (ხილი).


 
მოსალოცი – მოსალოცავი

მოსალოცი (ბარათი); მოსალოცავი (ადგილები).