მადლიანი: 1. მადლის მქონე: „მაზიარე, შენი ჭირიმე, შენი მადლიანი ხელით“ (ილია); 2. კეთილი, სანდო: „მოდი, ერთი მადლიანი საქმე ჰქენ და წიგნი მასწავლე!“ (ილია); 3. სანდომიანი, მიმზიდველი: „იმას ერთი მადლიანი, ჯეირანივით ლამაზი გოგო ჰყავდა“ (ილია); მადლიერი: მადლობის გრძნობის მქონე; კმაყოფილი, მადლობელი: „იცი, ძმობილო, რა მადლიერი ვარ შენი!?“ (ვაჟა).
მათ (როგორც სუბიექტი: მათ თქვეს / მოგვიკითხეს / დაგვირეკეს...); მათმა (როგორც მსაზღვრელი: მათმა მეგობარმა / შვილმა...).
მანკიანი: მანკის მქონე; ნაკლიანი, ზადიანი: „მანკიანი და უმანკო – ყველა აქ მოეშურებოდა“ (ი. მანსვეტ.); მანკიერი: უარყოფითი, ცუდი (სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკებში გაკიცხულია ადამიანთა მანკიერი თვისებები).
მანქანური (დამუშავება ტექსტისა); სამანქანო (გზა).
მარკიზა: მარკიზის ცოლი ან ქალიშვილი; მარკიზი: თავად-აზნაურთა ტიტული (გრაფზე მაღალი და პერცოგზე დაბალი); ამ ტიტულის მქონე პირი.
მასესხებელი: ვინც ასესხებს; მსესხებელი: ვინც სესხულობს.
მასიური: დიდი მოცულობის მქონე. მძიმე (მასიური ავეჯი / ქანდაკება); მასობრივი: მოსახლეობის ფართო ფენების მონაწილეობით განხორციელებული რამ (მასობრივი არეულობა / გამოსვლა); მასური: ფიზ. მასის მიხედვით (მასური წონა).
მასტიტი: სარძევე ჯირკვლის ანთება (ლაქტაციის პერიოდში რძის დაგროვების ფონზე განვითარებული პროცესი); მასტოპათია: ძუძუს ყოველგვარი დაავადება (ჰორმონალური დისბალანსის ფონზე განვითარებული პროცესი).
მატერიალური: ნივთიერი, ფიზიკური, რეალური, ხორცშესხმული (მატერიალური სამყარო / კულტურა / მდგომარეობა / ბაზა...); მატერიალისტური: მატერიალიზმთან დაკავშირებული (სამყაროს მატერიალისტური გაგება; მატერიალისტური თეორია).
მატრიკული: უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტის ჩათვლის წიგნაკი; მეტრიკული: ამონაწერი. მოწმობა დაბადების თარიღის შესახებ.
ეს სიტყვები ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნავს – მშველელი, შემწე; ვინც ან რაც შველის: „მაშველ ჯარს თხოულობსო ყველისციხის პატრონი“ (კ. გამს.); „დაბრიყვებულს მეშველად პირველი ჩალხო აღუჩნდებოდა“ (ვაჟა), მაგრამ: ლინგვ. მეშველი [და არა მაშველი] ზმნა; შდრ.: მაშველები (ზღვის სანაპიროზე); მაშველი (ფეხსაცმლისათვის).
მაცხოვრებელი: ვინც ვინმეს აცხოვრებს; შდრ. საუბ. კარგი (= შეძლებული) მაცხოვრებელი; მცხოვრები: ის, ვინც ცხოვრობს (რამდენი მცხოვრებია ქალაქში?).
მაძებარი, მაძიებელი, მძებნელი (სიმართლის მაძებარი / მაძიებელი / მძებნელი); შდრ: ხარისხის მაძიებელი; მეძებარი: ძაღლის ჯიში.
მახარებელი: სახარების (ოთხთავის) ერთ-ერთი მთხრობელი (მათე, მარკოზი, იოანე); მახარობელი: კარგი ამბის მაუწყებელი.
მგზავრი: გზაში მყოფი; ვინც მგზავრობს; მოგზაური: სამოგზაუროდ, მხარეთა დასათვალიერებლად, მოსახილველად მავალი.
მგზავრობა: შორ გზაზე სვლა (მანქანით, მატარებლით...); მოგზაურობა: რაიმე მიზნით სხვადასხვა მხარეში სიარული.
მგზავრობს: გზაშია (მეტროთი მგზავრობს); მოგზაურობს: მოგზაურობაშია (მოგზაურობს სხვადასხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში).
მევალე: ვალის გამცემი, გამსესხებელი; მოვალე: 1. ვალის ამღები, ვისაც ვალი მართებს; 2. ვისაც რაიმე ევალება; ვალდებული.
მევალეობა: მევალედ ყოფნა; მოვალეობა: 1. რაც ევალება, ეკისრება ვინმეს; ვალდებულება (მოქალაქეობრივი / საპატიო მოვალეობა); 2. თანამდებობა (დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი).
მეზვერე: ძვ. მებაჟე, ზვერის ამღები; მეზვრე: ზვრის (ვენახის) მომვლელი და მცველი.