image-1
ტ. კვიციანი

თეორიული მექანიკის კურსი
დინამიკა

უაკ: 531.8

სახელმძღვანელო არის თეორიული მექანიკის მესამე ნაწილი - დინამიკა. როგორც წინა ორი ნაწილი - სტატიკა და კინემატიკა, მესამე ნაწილიც შედგენილია ტექნიკური უმაღლესი სასწავლებლების სასწავლო პროგრამების შესაბამისად. წიგნში განხილულია ნივთიერი წერტილისა და მექანიკური სისტემის დინამიკის, აგრეთვე ანალიზური მექანიკის საკითხები. იგი დაწერილია ავტორის სტუ-ში მიერ წაკითხული ლექციებისა და პედაგოგიური მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე.

მასში ტრადიციულ თეორიულ მასალასთან ერთად მოცემულია გამოყენებითი მნიშვნელობის მქონე მრავალი ამოცანა და მათი ამოხსნის მეთოდები, აგრეთვე სავარჯიშო ამოცანები დამოუკიდებელი მუშაობისთვის. ამის გარდა, ყოველ თავს თვითშემოწმებისთვის დართული აქვს კითხვები.

გამოცემა განკუთვნილია ტექნიკური უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. სახელმძღვანელო ისეა დაწერილი, რომ ამ საგნის ხელმძღვანელის სათანადო მითითების შემდეგ მისი გამოყენება შეეძლება ყველა სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტს. იგი დიდ დახმარებას გაუწევს მაგისტრანტებსა და ინჟინერ-მკვლევრებს.

 

 

image-1
ლ. კლიმიაშვილი, †ი. ყრუაშვილი, ი. ინაშვილი, ე. კეჩხოშვილი

სამელიორაციო სატუმბი სადგურები
სახელმძღვანელო საკურსო სამუშაოს შესასრულებლად

უაკ: 626.83

სახელმძღვანელოში განხილულია სამელიორაციო სატუმბი სადგურების დაპროექტების პრინციპები, სატუმბი სადგურების შემადგენლობაში შემავალი ნაგებობების კონსტრუირებისა და გაანგარიშების, მუშა ტუმბოების შერჩევის საკითხები, სატუმბი სადგურების მუშაობის რეჟიმის, ტუმბოებისა და ქსელის ერთობლივი მუშაობის და სარეჟიმო წერტილის განსაზღვრა; მოცემულია სატუმბი სადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური გაანგარიშების მეთოდიკა გამსხვილებული ნორმებით.

სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საკურსო პროექტის შესასრულებლად.

 

 

image-1
ვ. ხოჭოლავა, ნ. მაჭარაშვილი

მათემატიკური ანალიზი
მეორე ნაწილი

უაკ: 517

სახელმძღვანელო შედგენილია ამჟამად მოქმედი პროგრამის მიხედვით და მოიცავს ჯერადი, წირითი, ზედაპირული ინტეგრალებისა და მწკრივთა თეორიის საკითხებს.

იგი ძირითადად განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების მათემატიკისა და ფიზიკის სპეციალობის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ქ. ქოქრაშვილი

სამეწარმეო სამართალი

უაკ: 347.7

სახელმძღვანელო არის მე-4 განახლებული გამოცემა, რომელიც შედგენილია 2019 წელს არსებული საკანონმდებლო ბაზისა და ამ პერიოდისათვის არსებული პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე.

წიგნი გამოცემულია სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კვლევითი პროექტის ფარგლებში.

 

 

image-1
ბ. მაისურაძე, ქ. წერეთელი

რკინის პირდაპირი მიღების ტექნოლოგიები

უაკ: 669.181

სახელმძღვანელოში განხილულია რკინის პირდაპირი მიღების ტექნოლოგიები, ჩამოყალიბებულია რკინის პირდაპირი მიღების არსი, დახასიათებულია საკაზმე მასალები, განხილულია რკინის აირითა და მყარი ნახშირბადით აღდგენის პროცესების თერმოდინამიკა და კინეტიკა.

წიგნში წარმოდგენილია ღრუბლოვანი რკინის მიღების მსოფლიოში არსებული ძირითადი ხერხები: ჭაშვურ ღუმლებში, მბრუნავ მილოვან ღუმლებში, პერიდოულად მოქმედ რეტორტებში, აგრეთვე მდუღარე შრეში მიმდინარე პროცესები, გვირაბული და მუფელური ღუმლების მუშაობის პრინციპები; განხილულია მადანნახშირიანი ნარევების აღდგენის თავისებურებანი; მადნებისა და ნახშირების ერთობლივად დანაჭროვნების საკითხები, კერძოდ, დაგუნდავებისა და დაბრიკეტების პროცესები და აღნიშნულ მასალებში რკინის მადნის აღდგენის თავისებურებანი; განხილულია მავნებელი მინარევების ქცევის საკითხები მადანნახშირიანი მასალებისა და მადნური მასალების შემთხვევაში; წარმოდგენილია მადნური და მადანნახშირიანი გუნდებისა და ბრიკეტების მეტალიზაციის პროცესში მიმდინარე საკითხები, განხილულია ერთ სტადიაში განხორციელებული ფოლადის მიღების ხერხები და აღდგენითი პროცესები, წარმოდგენილია დღეს მსოფლიოში არსებული რკინის პირდაპირი მიღების მეთოდები და ხერხები, რომლებიც წარმატებით მუშაობს მსოფლიოს წამყვან საწარმოებში.

სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი – ტექნიკური სასწავლებლების მეტალურგიისა და მონათესავე სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. იგი შეიძლება გამოადგეს მაგისტრანტებს, დოქტორანტებს და ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებს.

 

 

 

image-1
ო. ნამიჩეიშვილი, ჟ. გოგიაშვილი

საინჟინრო ეთიკა

უაკ: 172.62 (076)

სახელმძღვანელოს მიზანია სტუდენტის ეთიკური და ზნეობრივი დონის ამაღლება და მისი მომზადება პროფესიული საინჟინრო საქმიანობისათვის. სტუდენტი ისწავლის ეთიკური სტანდარტების დაცვით მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, დასკვნის გაკეთებასა და ეთიკის ნორმების გათვალისწინებით კომუნიკაციის უნარის გამომუშავებას, ასევე პროფესიული ღირებულებების დაუფლებას და დაცვას თავის საქმიანობაში, ინჟინრის როლის შესწავლას, კეთილსინდისიერი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას პროფესიული ვალდებულების შესრულებისას და დასრულებული სამუშაოს შედეგებზე პასუხისმგებლობის შესაძლო უნარის განხორციელებას.

სახელმძღვანელო სტრუქტურირებულია თემატურად და შედგება ხუთი თავისაგან. მოცემული კურსის ფარგლებში განხილულია: ეთიკისა და მორა-ლის საკითხები, საინჟინრო ეთიკის განვითარების ისტორია და ძირითადი ცნებები, საინჟინრო ეთიკის არსი, კანონები, პრინციპები და კოდექსები; ისეთი საკითხები, როგორიც არის საინჟინრო ეთიკური ბიზნესი და წარმატება; საქმიანი ურთიერთობები, ბიზნესის საერთაშორისო სისტემა და სხვა ეთიკური საკითხები. საგნის უკეთ შესწავლის მიზნით კურსში შეტანილია ჩათვლისავის განკუთვნილი საკითხების ნუსხა, ტესტური მასალა დისციპლინაში, დავალებები პრაქტიკულ-სასემინარო მეცადინეობების მიხედვით და დამოუკიდებელი სამუშაოს კითხვები.

სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისა და ამ დარგით დაინტერესებული სხვა სპეციალისტებისათვის.

 

 

image-1
მ. თევზაძე

გეოდეზია
I ნაწილი

უაკ: 528

სახელმძღვანელოში გადმოცემულია გეოდეზიის ზოგადი საკითხები. აღწერილია სამყაროს (კოსმოსის) ფიზიკური და გეომეტრიული ელემენტები. მოცემულია გეოდეზიური სამუშაოების მოკლე მიმოხილვა. განხილულია წერტილების მდებარეობის განსაზღვრის საკითხები, კოორდინატები საინჟინრო გეოდეზიაში. მოცემულია პირობითი აღნიშვნები, თარაზოს თეორია, სამიზნებელი ხელსაწყოები, მანძილის გაზომვა და დასარვა-დაკვალვა.

მოყვანილია ზოგიერთი ცნობა განაზომთა შეცდომების თეორიიდან. ნაშრომში განხილულია კუთხზომითი აგეგმვები, ნიველობის ძირითადი სახეობები და ფართობის გამოთვლის სხვადასხვა ხერხი. ზოგადად არის განხილული საკითხები ფოტოგრამმეტრიიდან.

სახელმძღვანელო ძირითადად განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური, სამშენებლო, სატრანსპორტო და არქიტექტურის ფაკულტეტების სტუდენტებისათვის. იგი გამოადგება ყველა იმ პირს, ვისაც აღნიშნული საგნის შესწავლა აინტერესებს.

სახელმძღვანელო დახმარებას გაუწევს გეოდეზიის, მარკშაიდერიისა და კადასტრის დარგში მომუშავე სპეციალისტებს.

ბატონ მერაბს ნაშრომი გამოსაცემად მზად ჰქონდა, მაგრამ მოულოდნელად გარდაიცვალა და მის სურვილს ჩვენ ვასრულებთ.

 

 

 

image-1
მ. ბალიაშვილი, ნ. ოთხოზორია

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის მართვა

უაკ: 004.05

სახელმძღვანელოში მოცემულია ხარისხის მართვის ზოგადი მოდელის ძირითადი ცნებები. განმარტებულია პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის მართვის კონკრეტული თავისებურებები.

დიდი ადგილი აქვს დათმობილი პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების საკითხებს, როგორიცაა: ტესტირების დონეები, ტესტური გეგმა, ტესტ დიზაინის მეთოდები, მოთხოვნების შესაბამისობის მატრიცა, ტესტ ქეისი და სხვ., მოტანილია მაგალითები.

მოცემულია ინფორმაცია საკუთრივ პროგრამული უზრუნველყოფისა და ტესტირების პროცედურის ჩამტარებელი პერსონალის სერტიფიკაციის შესახებ. განხილულია კიბერუსაფრთხოებაზე სერტიფიცირების საკითხები.

სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. ის შესაძლოა საინტერესო იყოს პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის მართვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვისაც.

 

 

image
მ. ქიტოშვილი

პროფესიული კომუნიკაციები

უაკ: 622:622.26:550.85

სახელმძღვანელოში განხილულია: ძირითადი ცნებები და ტერმინები ინფორმაციის შესახებ, მისი სახეები და წყაროები, ფორმალური და არაფორმალური ურთიერთობები, კომუნიკაციის კვლევა ორგანიზაციაში, იდეის წარმოშობა, ინფორმაციის გადაცემის არხების შერჩევა, გადაწყვეტილების მიღების ფორმები და სახეები, კომპიუტერული მეცნიერებების როლი ინფორმაციის წარმატებით მოპოვებასა და გადაცემაში, კომუნიკაციური ჩვევების გამომუშავება და ა.შ.

გამოცემა განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ბაკალავრიატის პროგრამის სტუდენტებისათვის.