image-1
ო. მიქაძე

ფოლადის ელექტრომეტალურგია

უაკ: 669.187

სახელმძღვანელოში მოყვანილია ფოლადის მსოფლიო წარმოების უახლესი მონაცემები.

განხილულია ელექტროღუმლების კლასიფიკაციის ძირითადი კრიტერიუმები. მოცემულია ღუმლების აღწერა როგორიცაა წინაღობის, ინდუქციური, რკალური, პლაზმური, ზემძლავრი ელექტრორკალური ღუმლები და ელექტრონულ-სხივური დნობის დანადგარები.

მოცემულ წიგნში განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ფოლადის დნობის ელექტრორკალურ პროცესს და დანადგარებს, როგორც მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ და წარმატებულ ტექნოლოგიას ელექტროფოლადის წარმოებაში. განხილულია ელექტრორკალური პროცესის ჩამოყალიბების ისტორილი ეტაპები. მოცემულია ელექტრორკალური ღუმლის კონსტრუქცია და ძირითადი მოწყობილობა, დამხმარე მოწყობილობა-დანადგარები, გამავალი აირების გაწმენდის სისტემები.

მოცემულია ელექტრორკალური ღუმლის ელექტრომოწყობილობა, აღწერილია ელექტრული რეჟიმი თავისი ავტომატური რეგულირებით და თხევადი ლითონის ელექტრომაგნიტური ამრევის შესა-ძლებლობით.

დაწვრილებით აღწერილია ღუმლების მუშაობა – ჩატვირთვის ოპტიმალური პირობები, დნობის პერიოდი, დნობა დაჟანგვით, ერთწიდიანი პროცესი, ნარჩენების გადადნობა.

მოცემულია პროცესების აღწერა მუდმივი დენის ელექტროფოლადსადნობ ღუმლებში. ნაჩვენებია ამ პროცესის უპირატესობები და წარმატებული პერსპექტივა თანამედროვე მეტალურგიაში.

მეტალურგიის მდიდარი ნედლეულის ბაზის საკმაოდ მწვავე დეფიციტის პირობების გათვალისწინებით განხილულია ელექტრორკალურ პროცესებში მეტალიზებული დანაჭროვნებული მადნური კონცენტრატების გამოყენების ტექნოლოგიები.

ინდუქციურ ღუმლებში ფოლადის მიღების ნაწილში მოცემულია ღუმლის მოწყობილობა, ფო-ლადის დნობის პერიოდები.
განხილულია ელერქტრომეტალურგიის გარემოს დაცვის სპეციფიკა.

სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის მეტალურგიული და სამთო-გეოლოგიური სპეციალობის სტუდენტებისთვის, იგი გამოადგება აგრეთვე მაგისტრანტებს, დოქტორანტებს და სპეციალისტებს მეტალურგიის საწარმოებში, საპროექტო და სამიცნიერო-კვლევით დაწესებულებებში.

წიგნი არის უხვად ილუსტრირებული და მომზადებულია როგორც სალექციო კურსის წასაკითხად, აგრეთვე პრეზენტაციებისთვის ფართო აუდიტორიის წინაშე.

 

 

image-1
შ. ნემსაძე

ელექტრული მოწყობილობების ტექნიკური დიაგნოსტიკა

უაკ: 621.34

სახელმძღვანელოში განხილულია ტექნიკური დიაგნოსტიკის მეთოდები - ნაწილობრივი განმუხტვების მეთოდი, ვიბროდიაგნოსტიკა, სპექტრული მეთოდი, ძრავას სტატორის დენის სპექტრული ანალიზი, აგრეთვე ამ მეთოდებთან დაკავშირებული ტექნიკური საშუალებების გამოყენების მაგალითები. დამხმარე სახელმძღვანელო მოიცავს აგრეთვე ვიბრომეტრიის ელემენტებს, ვიბრომზომი ხელსაწყოების და კომპლექსების აღწერილობას, მათი გამოყენების მეთოდოლოგიას.

წიგნი შედგენილია ელექტროტექნიკური პროფილის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების მიხედვით. ის განკუთვნილია ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, ისარგებლებენ წარმოებაში დასაქმებული სპეციალისტებიც.

 

 

image-1
ა. საყვარელიძე

პორტები და საპორტო ნაგებობები
I ნაწილი

უაკ: 627.78

სახელმძღვანელოში განხილულია პორტების სატრანსპორტო-ეკონომიკური მახასიათებლები, საზღვაო პორტების განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები, პორტების განვითარების განმსაზღვრელი ბუნებრივი სანაპირო რეჟიმები, ნაპირდაცვისა და გარემოს დაცვის საკითხები, საქართველოს პორტების მონაცემები; პორტებისა და საზღვაო არხების შემადგენელი ჰიდროტექნიკური ნაგებობების დაგეგმარებისა და დაპროექტების ძირითადი პრინციპები, მონაცემები პორტების ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სხვადასხვა კომუნიკაციის შესახებ.

გამოცემა განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სამშენებლო ფაკულტეტის როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტდენტებისათვის.

 

 

image-1
თ. მიქიაშვილი

თბოელექტროსადგურების ტექნოლოგია

უაკ: 621.31-21

სახელმძღვანელო შედგენილია „თბოელექტროსადგურების“ ლექციების კურსის საფუძველზე, რომელიც წლების განმავლობაში ეკითხებოდა ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

სახელმძღვანელო ფოკუსირებულია თბოელექტროსადგურების ტექნოლოგიურ და საინჟინრო საკითხებზე, მათი დაგეგმარების ტექნიკურ ასპექტებსა და მუშაობის ეფექტიანობის ანალიზზე.

სახელმძღვანელო განკუთვნილია თბო- და ელექტროინჟინერიის სპეციალობის სტუდენტებისთვის, მექანიკოსებისთვის, ენერგეტიკის სხვა საინჟინრო დისციპლინების სპეციალისტებისა და გამოყენებითი მეცნიერებების მკვლევართათვის. მასში განხილულია ორგანულ სათბობზე მომუშავე რენკინის, ბრაიტონისა და კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურები.

სახელმძღვანელოში უხვადაა მაგალითები, ამოცანები, მათი ამოხსნის მაგალითები, რაც მუშაობაში დაეხმარება შესაბამის სფეროში დასაქმებულ ინჟინრებს, დოქტორანტებს, დამოუკიდებელ მკვლევრებს, დამპროექტებლებს, ენერგეტიკის ანალიტიკოსებს, აუდიტორებს, მენეჯერებსა და ტექნიკური პროფილის სხვა სპეციალისტებს.

 

 

image-1
†ი. ლომიძე, გ. ხელიძე, პ. სამსონაშვილი

ჰიდროენერგეტიკული დანადგარები

უაკ: 621.311.21:627:8

სახელმძღვანელო 2009 წელს ამავე ავტორების მიერ გამოცემული „ჰიდროენერ-გეტიკული დანადგარების“ გადამუშავებული და შევსებული გამოცემაა. მასში განხილულია თანამედროვე ჰიდროენერგეტიკული დანადგარების სახეობები, მათგან ერთ-ერთი ძირითადი სახეობის - ჰიდროელექტროსადგურების ჰიდროენერგეტიკული მოწყობილობის შემადგენელი ნაწილები, მათი მუშაობის თეორიული საფუძვლები, მუშა პროცესები, ენერგეტიკული მახასიათებლები, გამოყენების არეები. მოცემულია მითითებები ძირითადი პარამეტრების შესარჩევად.

სახელმძღვანელო განკუთვნილია საბაკალავრო პროგრამ - „ენერგეტიკა და ელექტროინჟინერიის“ სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ლ. ფერაძე, დ. ბერიაშვილი

სატელეკომუნიკაციო სისტემების მოდელირების პროგრამული ინსტრუმენტები
ქვესისტემების შექმნა Simulink-ში Signal Processing Toolbox პაკეტი II ნაწილი

უაკ: 681.326.3

სახელმძღვანელო არის წიგნის - „მოდელირება რადიოსატელეკომუნიკაციო სისტემებში“ გაგრძელება. პირველ წიგნში აღწერილი იყო კომპიუტერული მათემატიკის ერთ-ერთი წამყვანი პროგრამული პაკეტის - MATLAB-ის გაფართოების ვიზუალური მოდელირების Simulink სისტემის საწყისები. მეორე წიგნში აღწერილია ქვესისტემებისა და საკუთარი ბიბლიოთეკების შექმნა Simulink-ში, მოყვანილია ყველა არსებული სახის ქვესისტემის შექმნის მრავალი მაგალითი. სახელმძღვანელოს მეორე ნაწილი ეძღვნება Sygnal Processing Toolbox პაკეტს, რომელიც აგრეთვე არის MATLAB-ის შემადგენელი ნაწილი. განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა სხვადასხვა სახის სიგნალების გენერირება Sygnal Processing Toolbox-ში, ფურიეს სწრაფი დისკრეტული გარდაქმნები, დისკრეტული სიგნალების სპექტრული ანალიზი, სიგნალების მოდულაცია და დემოდულაცია, სიგნალების ფილტრაცია. აღწერილია აგრეთვე Sygnal Processing Toolbox პაკეტის გრაფიკული ინტერფეისი.

სახელმძღვანელო ილუსტრირებულია მრავალი მაგალითით, რომლებიც ძირითადად ეხება სიგნალების ციფრულ დამუშავებას. მოცემულ სახელმძღვანელოში განხილული მასალა ორიენტირებულია R2013a – R2019a ვერსიებზე.

ნაშრომი განკუთვნილია „ტელეკომუნიკაციისა“ და „რადიოტექნიკისა და მაუწყებლობის“ დეპარტამენტების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, თუმცა სასარგებლო იქნება მკითხველთა ფართო წრისათვის: სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისათვის, დოქტორანტებისა და მეცნიერ მუშაკებისათვის.

 

 

image-1
ი. ბერძენიშვილი

ფორმალური კინეტიკა
ტესტური დავალებები

უაკ: 544.(075.8)

სახელმძღვანელოში განხილულია ქიმიური რეაქციების ფორმალური კინეტიკის საფუძვლები. თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაციის მიზნით იგი შეიცავს მრავალფეროვან ტესტურ დავალებებს, აქტივობებსა და მაგალითებს.

გამოცემა განკუთვნილია ძირითადად ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, ის აგრეთვე სასარგებლო იქნება ბაკალავრებისა და განხილული საკითხების შესწავლით დაინტერესებული პირებისათვის.

 

 

image-1
ნ. ჯიქია, ნ. მაისურაძე, ქ. ქოიავა

ნავთობგაზსარეწაო გეოლოგია, ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავების გეოლოგიური საფუძვლები

უაკ: 550.8

სახელმძღვანელოში „ნავთობგაზსარეწაო გეოლოგია, ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავების გეოლოგიური საფუძვლები“ მოცემულია ნავთობსარეწაო გეოლოგიის ამოცანები, საწყისი გეოლოგიური და სარეწაო ინფორმაციის მიღების მეთოდები. განხილულია ფლუიდების თვისებები და ნახშირწყალბადის ბუდობის ენერგეტიკული მახასიათებლები, ბუდობების სტატიკურ და დინამიკურ მდგომარეობაში მოდელირება, რომელიც მარაგების შეფასებისა და საბადოს დამუშავების საფუძველია. განხილულია ნავთობისა და გაზის მარაგებისა და რესურსების თანამედროვე კლასიფიკაციის მიერ ბუდობის შესწავლაზე წაყენებული მოთხოვნები და მათი მომზადება სამრეწველო ათვისებისათვის, მარაგების გამოთვლისა და რესურსების შეფასების მეთოდები, სარეწაო გეოლოგიური კონტროლი ბუდობის დამუშავებისას.

სახელმძღვანელო განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

 

 

 

image
ნ. ფოფორაძე, ო. სესკურია

გენეტიკური მინერალოგია

უაკ: 549

სახელმძღვანელოში განხილულია გენეტიკური მინერალოგიის არსი და ამოცანები, მინერალების გენეზისი და მათი გენეტიკური ნიშნები ცალკეული გეოლოგიური პროცესის შესაბამისად.

გამოცემა გათვალისწინებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. იგი გარკვეულ დახმარებას გაუწევს, აგრეთვე, მინერალოგიით დაინტერესებულ ყველა მკითხველს.