უაკ: 622.64:66.083.4
ავტორთა მიერ შედგენილი მათემატიკური მოდელი ასახავს ამძრავისა და საკონვეიერო ლენტის საკონტაქტო ზედაპირების ვაკუუმში მუშაობის უპირატეს პირობებს. მათ მიერ შემოღებული ცნება საკუთარი წევის ფაქტორის შესახებ რეალურია, ვინაიდან ვაკუუმდოლურ ამძრავს ლენტის მინიმალური საწყისი დაჭიმულობითაც კი შეუძლია ჩვეულებრივ ხახუნის ამძრავთან შედარებით, უპირატესად მეტი წევის ძალის განხორციელება. კარგად არის გადმოცემული თეორიული კვლევის შემოწმების ექსპერიმენტული ნაწილიც. დამაკმაყოფილებელ საზღვრებშია თეორიული და ექსპერიმენტული კვლევის შედეგებს შორის განსხვავებაც. წიგნი იბეჭდება პირველად და განკუთვნილია საკონვეიერო ამძრავების მუშაობის შესწავლით დაინტერესებულ პირთათვის, მათ შორის: ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 681.3
განხილულია ლაბორატორიული სამუშაოების შესრულების მეთოდიკა მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა Oracle 10g XE გარემოში. განკუთვნილია ინფორმატიკის დარგის სტუდენტებისათვის.
განხილულია HTML ენის შესაძლებლობები, HTML5 ვერსიაში შემოღებული სიახლეებისა და დამატებების გათვალისწინებით, HTML ენის ელემენტარული საფუძვლებიდან დაწყებული რთული პრაქტიკული საკითხებით დამთავრებული. ასევე, მოცემულია CSS3 ვებსაიტების დამუშავების უახლესი სტანდარტები, რომლებიც ვებდაპროგრამების ენების ფუნქციურ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და ინტერნეტ-პროექტებისთვის ორიგინალური ვიზუალური გადაწყვეტის საშუალებას იძლევა. განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესიული სწავლებისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისა და HTML და CSS ენის გამოყენებით ვებგვერდების შექმნით დაინტერესებული სხვა პირებისთვის.
უაკ: 656.2.075
განხილულია რკინიგზის ექსპლუატაციის ფუნდამენტური საკითხები და მის განსახორციელებლად საჭირო ტექნიკური საშუალებები; აღწერილია რკინიგზის მრავალდარგოვანი მეურნეობის ცალკეული დარგის ფუნქციონირების სტრუქტურულ-ტექნოლოგიური მოდელები და მათი დამახასიათებელი უმნიშვნელოვანესი საექსპლუატაციო პარამეტრები; მოყვანილია გადაზიდვითი პროცესის განხორციელების ძირითადი პრინციპები. ნაშრომი განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო სწავლების სტუდენტებისათვის. ის შეიძლება გამოადგეს როგორც მაგისტრანტებს, ისე პრაქტიკოს რკინიგზელებსა და ამ დარგით დაინტერესებულ პირებს.
უაკ: 54
ნაშრომი ვირტუალური სამუშაოები ზოგად ქიმიაში დაეხმარება სტუდენტებს, ისწავლონ პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების ერთ-ერთი გავრცელებული ვირტუალური მეთოდი. მასში შეტანილია ზოგადი ქიმიის არსებული სილაბუსის შესაბამისი კომპიუტერული ვირტუალური სასწავლო პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების გარკვეული ნაწილი. მათი დაუფლებით სტუდენტი შეძლებს, ვირტუალურად დააკვირდეს სხვადასხვა ქიმიური პროცესის მიმდინარეობას, გააკეთოს გათვლები და დასკვნები, მიიღოს შესაბამისი შეფასება. ნაშრომს, რომელიც შედგება 2 პრაქტიკული და 8 ლაბორატორიული სამუშაოსაგან თან ერთვის ანიმაციური ვიდეომასალა. ვირტუალური სამუშაოები ზოგად ქიმიაში ხელს შეუწყობს ინფორმაციის ვიზუალურად მიწოდებას, განკუთვნილია სტუდენტთა დამოუკიდებელი მუშაობისათვის და სხვა სასწავლო-მეთოდიკურ ლიტერატურასთან კომპლექსში დიდ დახმარებას გაუწევს მათ პროგრამული მასალის უკეთ ათვისებაში.
უაკ: 581.526.42
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია გეოინფორმაციული სისტემების (გის) საფუძვლები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია გის მომხმარებლისთვის. მოცემულია გის გამოყენების ყველა ეტაპი, ასევე გეოდეზიისა და კარტოგრაფიის საკითხები, რომლებიც პირდაპირაა დაკავშირებული გის გამოყენებასთან. დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სატყეო საქმის და აგრარული მეცნიერების შემსწავლელი სტუდენტებისათვის.
უაკ: 656. 25 (075)
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია სარკინიგზო ავტომატიკის, ტელემექანიკის და ინფორმაციის გადაცემის საფუძვლები, გამოყენებული ავტომატური ბლოკირების, ავტომატური სალოკომოტივო სიგნალიზაციის, ელექტრული და დისპეტჩერული ცენტრალიზაციის, სატელეფონო ავტომატური, მრავალარხიანი და ტექნოლოგიური კავშირგაბმულობის, დისკრეტული ინფორმაციის გადაცემის, რადიო, რადიორელეური და თანამგზავრული კავშირის სისტემის სტრუქტურაში. ამასთან მოიცავს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ დისციპლინებს: ავტომატიკის და ტელემექანიკის სასადგურო სისტემები; ავტომატიკა და ტელემექანიკა გადასარბენებზე; ავტომატიკა, ტელემექანიკა და კავშირგაბმულობა რკინიგზის ტრანსპორტზე; სარკინიგზო საინფორმაციო უზრუნველყოფა. გამოცემა გამიზნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ტრანსპორტის მიმართულების პროფესიული სწავლების და ბაკალავრიატის პროგრამის შემსწავლელი სტუდენტებისათვის.
უაკ: 364.2
მეთოდიკური მითითებების მიზანია სტუდენტებისათვის ქიმიური მდგომარეობის პროგნოზირებისა და შეფასების მეთოდების, ქიმიური მოწამვლის ზონის აგებისა და ავარიის ლიკვიდაციის ღონისძიებების დაგეგმვის სწავლება ტექნოგენური საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შემთხვევაში, რომელსაც ახლავს ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერების გამოფრქვევა (დაღვრა). საინჟინრო გამოთვლები და მდიდარი მასალა ცხრილების სახით, ისეთი აქტუალური გამოთვლების შესრულების საშუალებას იძლევა, როგორიცაა ტექნოგენური საგანგებო სიტუაციის დროს ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერებით შესაძლო და ფაქტობრივი მოწამვლის სიღრმისა და ფართობის, დასახლებულ პუნქტთან მოწამლული ჰაერის ღრუბლის მიღწევის დროის, ადამიანისა და გარემოს დაზიანების საშიშროების განსაზღვრა.წიგნი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის. იგი ასევე დახმარებას გაუწევს საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში დასაქმებულ პრაქტიკოსებს.
უაკ: 621.391
წიგნში განხილულია ჰიბრიდული ინტელექტუალური სისტემები, რომლებიც ძნელად ფორმალიზებადი ამოცანების გადაწყვეტის მიზნით აერთიანებს ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა მეთოდის უპირატესობებს. ნეირონული ქსელები, ექსპერტული სისტემები, არამკაფიო სისტემები, გენეტიკური ალგორითმები და სხვა ერთიანდება ჰიბრიდულ სისტემაში. ასეთ სისტემას შეუძლია დაძლიოს ცალკეული მეთოდების ზოგიერთი ხარვეზი და გადაწყვიტოს ისეთი პრაქტიკული ამოცანები, რომელთა გადაწყვეტა გაძნელებულია ხელოვნური ინტელექტის ავტონომიურად მოქმედი ტრადიციული მეთოდებით. ნაშრომი განკუთვნილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.