შაშხანა: თოფი; შუშხუნა: 1. შამპანური; 2. სადღესასწაულო ცეცხლი.
შეგროვილი: ვინც ან რაც შეგროვდა; შეგროვებული: ვინც ან რაც შეაგროვეს.
შეგულებული: გონებაში მონიშნული; შესაძენად, მოსაყვანად ნავარაუდები (შეგულებული ქალი / წიგნი / ბინა...); შეგულიანებული: ვინც შეაგულიანეს ან შეგულიანდა; წაქეზებული, წახალისებული.
შედგება (შედგა, შემდგარა): შედგება (მოლაპარაკება); შესდგება (შესდგა, შესდგომია): შესდგება (მტერს ფეხით).
შედგენილობა: ძირითადად გამოიყენება უსულო სახელებთან (ატომის / მოლეკულის; წამლის / პროდუქტის... შედგენილობა); შემადგენლობა: ძირითადად გამოიყენება ადამიანთა სახელებთან (კომისიის / ჟიურის შემადგენლობა), მაგრამ: მოძრავი შემადგენლობა (მატარებლის ვაგონები).
შედუღებული: რაც შეადუღეს ან შედუღდა: შედნობით დაკავშირებული, მიდუღებული (შედუღებული ფოლადის ნაწიბურები); შედუღაბებული: რაც შეადუღაბეს ან შედუღაბდა, დუღაბით შეკრული; შემტკიცებული (შედუღაბებული კედელი).
შეესიტყვება: შეეპასუხება, შეელაპარაკება, ეტყვის საწინააღმდეგოს, შეეკამათება; შეესატყვისება: შეესაბამება, შეეფარდება, შეეფერება.
შეიქნა: 1. ატყდა, დაიწყო; გაიმართა: „შეიქნა საშინელი წივილ-კივილი“ (ვაჟა); 2. გახდა (ცუდად შეიქნა); შეიქმნა: გაკეთდა, აიგო, დაარსდა (შეიქმნა ახალი სახელმწიფო).
ეს სიტყვები ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნავს – თან შეიყვანს (შეიტანს): შეიყოლებს, შეიყოლიებს მეგობარს / ჩანთას, მაგრამ შეიყოლიებს ზმნას სხვა მნიშვნელობაც აქვს: რაიმე გაიტაცებს, გაართობს, შეიქცევს: „შეგვიყოლია... ბაასმა, შუაღამე გადასული იყო, როცა შინ დავბრუნდით“ (აკაკი).
ეს სიტყვები ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნავს – სავარაუდოა; მოსალოდნელია (მას შეიძლება / შესაძლოა / შესაძლებელია უყვარდა ნინო); მაგრამ შეიძლება ზმნას განსხვავებული მნიშვნელობაც აქვს – ნებადართულია; კანონიერია (შეიძლება შემოვიდე? გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 30 დღის განმავლობაში).
შეკაზმავს („ვინ შეკაზმავს ცხენს?“); შეკმაზავს (ვინ შეკმაზავს ლობიოს?).
შემოსავალი (წლიური შემოსავალი); შემოსასვლელი [და არა შემოსავალი] (გზა / კარი / ჭიშკარი).
შესავალი (პოემისა / რომანისა...); შესასვლელი [და არა შესავალი] (თეატრისა / მეტროსი...)
შესაკრები: ვინც, რაც უნდა შეკრიბონ: 1. ერთად შესაგროვებელი, თავმოსაყრელი (შესაკრები ხალხი...); 2. მათემ. ჯამის ერთ-ერთი წევრი; შესაჯამებელთაგანი (ერთ-ერთი შესაკრები); შესაკრებელი: ადგილი, სადაც იკრიბებიან; საკრებულო.
შესახედაობა: გარეგნობა (კარგი შესახედაობა); შეხედულება: მოსაზრება, აზრი, თვალსაზრისი (განსხვავებული შეხედულება).
შეფარული: ის, რაც შეფარულია, დაფარულია (ხმაში შეფარული შიში); შეფარებული: ვინც (რაც) შეაფარეს ან შეეფარა; შეკედლებული (შეფარებული ობოლი).
შეცნობა: აღქმა, გაგება, გაცნობა (ბავშვი იწყებს სამყაროს შეცნობას); შემეცნება: ფილოს. ობიექტური სამყაროს მეცნიერული აღქმა და გაანალიზება (შემეცნების თეორია).
შეწევა: შიგნით მიწევა (უჯრის შეწევა); შეწევნა: დახმარების გაწევა, მიშველება; წყალობა: „ვიღაც გამორბის, შეწევნას ითხოვს“ (ი. მაჩაბ. თარგმ.).
ეს სიტყვები ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნავს – შეგონება, დაჯერება; სხვის ნებისყოფაზე შემოქმედება, მაგრამ შთაგონებას სხვა მნიშვნელობაც აქვს: შემოქმედებითი აღფრთოვანება (შთაგონების წყარო).
შტამბი: ხის ნაწილი ფესვის ყელიდან პირველ განშტოებამდე (ხის ტანი); შტამპი: 1. დეტალების მოსაჭრელი ლითონის ყალიბი; 2. შაბლონი (გადატ. გამოთქმის გაცვეთილი ფორმა; ტრაფარეტი); 3. ბეჭედი დაწესებულების სახელწოდებით.