უაკ: 613
სახელმძღვანელოში მოცემულია როგორც მოკლე თეორიული მასალა კურსიდან - ზოგადი ჰიგიენა, ისე მასალა სტუდენტთა ლაბორატორიული და დამოუკიდებელი მეცადინეობისათვის. მოცემულია ასევე ტესტები შუალედური ტესტირებისა და საბოლოო შეფასებისათვის.
ძირითადი აქცენტები მიმართულია იქით, რომ მომავალმა პროვიზორებმა იცოდნენ სააფთიაქო დაწესებულებათა დაგეგმარება-მოწყობის თანამედროვე მოთხოვნები, სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა რეჟიმი, საწარმოსა და გარემოს მავნე თუ სხვა ფაქტორების შეფასება (მიკროკლიმატი, ჰაერის დაბინძურება ქიმიური ან წამლისმიერი მტვრით, განათებულობა, ვენტილაცია, გათბობა, ხმაური, ვიბრაცია და ა.შ), შეეძლოთ ნორმატიული და საცნობარო ხასიათის ინფორმაციის მოძიება სააფთიაქო დაწესებულებათა, ფარმაცევტულ საწარმოთა და სააფთიაქო ბაზების შრომის ჰიგიენის, სამუშაო ადგილების ატესტაციის შესახებ, ასევე სწორი კვების, ჰიგიენური სწავლებისა და აღზრდის მეთოდებისა და ფორმების შესახებ. ერკვეოდნენ საწარმოს ჰიგიენის, რადიაციული ჰიგიენის ძირითად საკითხებში, შეისწავლონ ცხოვრების ჯანსაღი წესის ძირითადი დებულებები.
უაკ: 621. 373. 826. 004.14
სახელმძღვანელოში განხილულია ლაზერების გამოყენება შედუღების, ჭრის, თერმოგამტკიცებისა და საკონსტრუქციო მასალების დადუღებისათვის. მოყვანილია ტექნოლოგიური ლაზერული დანადგარების მაფოკუსირებელი სისტემების ანგარიშები. განხილულია ლაზერული გამოსხივების გაუმჭვირ მყარ მასალებზე ენერგიის გადაცემის ფიზიკური მოვლენები. გამოკვლეულია ლაზერული გამოსხივების შედეგად მიღებულ მასალათა სტრუქტურები და თვისებები. აღწერილია ლაზერული შედუღების, ჭრის, თერმული დამუშავებისა და დადუღების ტექნოლოგიური პროცესები, მოცემულია წარმოებაში გამოყენების პრაქტიკული რეკომენდაციები.
გამოცემა განკუთვნილია მასალათმცოდნეობის პროგრამების, როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
რუსულიდან თარგმნა მალხაზ ხუციშვილმა.
უაკ: 666.3/.7:666.1
სახელმძღვანელოში განხილულია საქართველოს ტერიტორიასა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მინისა და კერამიკული წარმოების ჩასახვისა და განვითარების ისტორიული ასპექტები ისტორიამდელი პერიოდიდან დღემდე. დახასიათებულია ნაკეთობების ძირითადი სახეობები და მოცემულია მათი კლასიფიკაცია. აღწერილია ტექნოლოგიური სრულყოფის საფეხურები პრიმიტიული ნაკეთობებიდან თანამედროვე ნაწარმის ტექნოლოგიური დახასიათებით დამთავრებული. მოცემულია ნაკეთობათა დამზადების ზოგადი ტექნოლოგია და გამოყენებული ნედლეულის დახასიათება.
წიგნი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, სამთო-გეოლოგიური, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის (და არა მარტო) ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 625.82:622
სახელმძღვანელოში განხილულია საიუველირო და სანახელავო ქვების ფიზიკური და ქიმიური თვისებები, გენეზისი, გავრცელება, მოპოვება და გამოყენება. ასევე, ვრცლად არის დახასიათებული კეთილშობილი ლითონები და მათი შენადნობები; საიუველირო ნაკეთობების დასამზადებლად გამოყენებული ძირითადი ოპერაციები, სინჯებისა და დამღების სისტემები და მათი განსაზღვრის მეთოდები; ქვის ჩამაგრების ხერხები; საიუველირო ნაკეთობების კლასიფიკაცია და ასორტიმენტი. სახელმძღვანელოს შინაარსი და სტრუქტურა სრულად შეესაბამება სამთო-გეოლოგიური, ბიზნესტექნოლოგიების, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბაკალავრებისთვის განკუთვნილი ,,ძვირფასი ქვებისა და კეთილშობილი ლითონების’’ კურსის სილაბუსს.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური, ბიზნესტექნოლოგიების, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, ასევე დოქტორანტების, პრაქტიკოსი გეოლოგების, გემოლოგებისა და ძვირფასი ქვებითა და კეთილშობილი ლითონებით დაინტერესებულ პირთათვის.
უაკ: 62-52
სახელმძღვანელო მოიცავს მართვის არაწრფივი და დისკრეტული სისტემების ძირითად ცნებებს, განმარტებებს, თეორიულ საფუძვლებს, კვლევის მეთოდებს და პრაქტიკულ ამოცანებს. წარმოდგენილია არაწრფივი სისტემების კვლევის ფაზური სივრცის, ჰარმონიული გაწრფივების მეთოდები, გაწრფივების თეორიის პრაქტიკული გამოყენების მაგალითები. განხილულია არაწრფივი სისტემების მდგრადობის პრობლემა და მისი გადაწყვეტის გზები ლიაპუნოვის და პოპოვის მეთოდების გამოყენებით. სახელმძღვანელოს მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა დისკრეტულ სისტემებს, მათი მათემატიკური აღწერის, მდგრადობის კვლევის მეთოდებს, ციფრული სისტემების სინთეზის ამოცანებს.
სახელმძღვანელოში მოყვანილია მრავალი საილუსტრაციო მაგალითი, ფართოდაა გამოყენებული მართვის ობიეტების ავტომატური კვლევის კომპიუტერული სისტემა sistema Matlab/Simulink-ი ცალკეული ამოცანების გადასაწყვეტად და თვალსაჩინო ვიზუალური გამოსახულებების მისაღებად.
წიგნი გათვლილია მკითხველთა ფართო აუდიტორიისათვის. ის საჭირო დახმარებას გაუწევს მართვის სპეციალისტებს: სტუდენტებს, ინჟინრებს, მაგისტრებსა და სხვებს, ვისაც სურვილი აქვს დაეუფლოს მართვის თანამედროვე თეორიას.
უაკ: 66.087.7
სახელმძღვანელოში განხილულია თეორიული ელექტროქიმიის ძირითადი საკითხები: ელექტროლიტთა თეორია, ორმაგი ელექტრული შრის აღნაგობა, ელექტროქიმიური თერმოდინამიკა და კინეტიკა.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისათვის.
ავტორები მადლობას ვუხდით ქალბატონ ლ. შერვაშიძეს სახელმძღვანელოს მომზადებაში გაწეული დახმარებისათვის.
უაკ: 681.3
სახელმძღვანელოში განხილულია PHP-ს თანამედროვე ვერსია. წიგნში აღწერილია PHP-ს ჩამოტვირთვისა და ინსტალაციის ეტაპები, დაპროგრამების ძირითადი ცნებები, როგორიცაა: ცვლადები, ციკლი, პირობითი ოპერატორები და მასივები, აგრეთვე ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების საფუძვლები და PHP 5-ში მათი გამოყენების შესაძლებლობები. სახელმძღვანელოში მრავლადაა მოყვანილი შესაბამისი მაგალითები და მოცემულია დამოუკიდებლად შესასრულებელი მრავალი დავალება.
განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესიული სწავლების, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. სახელმძღვანელო საინტერესო იქნება იმ სპეციალისტებისათვისაც, ვისაც დინამიკური ვებსაიტების შექმნის შესწავლა სურს.
უაკ: 551.49:626.87
სახელმძღვანელოს მეორე, შევსებულ და გადამუშავებულ გამოცემაში (პირველი გამოცემა 1999 წ.) დამატებულია მასალა ძირითადი სარწყავი სისტემების ახლანდელი მდგომარეობისა და მათი აღდგენის მიმდინარე სამუშაოების შესახებ.
სახელმძღვანელოში დეტალურადაა განხილული მელიორაციული სისტემების დაპროექტების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ჰიდროგეოლოგიური პირობების ცვლილებების კანონზომიერებანი. აღწერილია მორწყვითი მელიორაციის ჰიდროგეოლოგიური დასაბუთების, ასევე ნიადაგების დამარილიანების და მასთან ბრძოლის საკითხები. გაანალიზებულია სარწყავ მასივებზე ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების შინაარსი და თავისებურებანი.
მეორე გამოცემაში დამატებულია თავი, სადაც აღნიშნულია, რომ ჩატარდა აღმოსავლეთ საქართველოში არსებული სარწყავი სისტემების მაგისტრალური და გამანაწილებელი არხების რეაბილიტაცია, რის შემდეგაც, დღეისათვის, სარწყავი წყლით უზრუნველყოფილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, რაც უდავოდ დადებითად იმოქმედებს საქართველოს სოფლის მეურნეობაზე.
სახელმძღვანელო განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, იგი ასევე ქმედით დახმარებას გაუწევს საინჟინრო გეოლოგიის დარგში მომუშავე სპეციალისტებს.