უაკ: 681.3
წიგნში გადმოცემულია მაიკროსოფთის ფირმის ახალი პროგრამული პლატფორმის ბაზაზე შექმნილი Ms Visual Studio .NET Framework 4.0/4.5 პაკეტის C# დაპროგრამების ენის ვიზუალური ინსტრუმენტული საშუალებანი. წარმოდგენილია C# − 2010/2011 Expression და Professional ვერსიებში არსებული მართვის ვიზუალური ელემენტები და კომპონენტები, ობიექტ-ორიენტირებული მიდგომით პროგრამული სისტემების რეალიზაციის ასპექტები. ინკაფსულაციის, პოლიმორფიზმის, მემკვიდრეობითობის და აბსტრაქციის თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული გამოყენების ამოცანების გადაწყვეტა. განიხილება C#−2010 ენის ვიზუალური კონსტრუქციები ADO.NET, MsAccess, MySQL და Ms SQL Server მონაცემთა ბაზებთან სამუშაოდ, აგრეთვე ვებ-აპლიკაციების აგების საშუალებები ASP.NET და XML. მოცემულია გრაფიკულ რეჟიმში მუშაობის (GDI+ და WPF) მეთოდები და ანიმაციური პროგრამების აგების ვიზუალური საშუალებები. თეორიულ საკითხებთან ერთად შემოთავაზებულია პრაქტიკულ და ლაბორატორიულ ამოცანათა ციკლი C# ენის ასათვისებლად ვინდოუს- და ვებ-აპლიკაციების პროექტების აგების მიზნით. განკუთვნილია მართვის საინფორმაციო სისტემების (Management Information Systems) და პროგრამული ინჟინერიის (Software Engineering) სპეციალობის სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, აგრეთვე სხვა სფეროს სპეციალისტებისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ შეისწავლონ დაპროგრამების ვიზუალური მეთოდები და ინსტრუმენტული საშუალებანი C# ენის ბაზაზე. NET გარემოში.
უაკ: 62-5
მოცემულია საინფორმაციო სისტემის ცნება, კლასიფიკაცია და უზრუნველყოფის ქვესისტემები, საინფორმაციო სისტემის სასიცოცხლო ციკლი და მისი დამუშავების ეტაპები. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული საინფორმაციო სისტემების დაპროექტების თანამედროვე საშუალებებზე – CASE სისტემებზე. განხილულია საინფორმაციო სისტემების სტრუქტურასა და ობიექტზე ორიენტირებული დაპროექტების საშუალებანი, კერძოდ შესაბამისი დიაგრამები, მათი აგების წესები და ამ დიაგრამების ასაგებად გამოყენებულია Windows-ის დიაგრამებისა და ბლოკ-სქემების რედაქტორის Microsoft Visio. განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბაკალავრების, მაგისტრების, დოქტორანტებისა და საინფორმაციო სისტემების დაპროექტებით დაინტერესებული სხვა სპეციალისტებისათვის.
უაკ: 33
ნაშრომში განხილულია უძრავი ქონების მართვის ეკონომიკურ-ორგანიზაციული და სამართლებრივი საკითხები. სახელმძღვანელოში გადმოცემულია უძრავი ქონების არსი, მისი ძირითადი მახასიათებლები, ჩამოყალიბების თავისებურებები და პერსპექტივები; გაანალიზებულია უძრავი ქონების მნიშვნელობა თანამედროვე ეკონომიკის განვითარებისათვის. უძრავი ქონება არის მრავალი სამეცნიერო და სასწავლო დისციპლინის შესწავლის ობიექტი. ესენია: გეოგრაფია, არქიტექტურა, სამართალი, მიწათმოწყობა, აგრონომია, ეკონომიკა, მშენებლობა, სამთო-გეოლოგია და სხვ. ფაქტობრივად, უძრავი ქონების ეკონომიკა ინტერდისციპლინური მეცნიერებაა. უძრავი ქონების ეკონომიკის შესწავლის წინაპირობას წარმოადგენს: ინფორმატიკა, სამოქალაქო სამართალი, ბუნებათსარგებლობა, ფასიანი ქაღალდების ბაზარი და საბირჟო საქმე, ლიზინგი, ეკონომიკური ანალიზი, აუდიტი, ფსიქოლოგია, ფინანსური მენეჯმენტი, ფინანსური აღრიცხვა, მარკეტინგი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, დაზღვევა, ინვესტიციები და უძრავი ქონების მართვასთან დაკავშირებული სხვა მეცნიერული დისციპლინები.სასწავლო კურსი გათვალისწინებულია ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის სპეციალობის სტუდენტებისთვის, აგრეთვე უძრავი ქონების ეკონომიკით დაინტერესებული ყველა მკითხველისათვის.
უაკ: 327.56(479.2)
ეძღვნება დიდი ქართველი პატრიოტების, ქართული ემიგრაციის საშვილიშვილო ღვაწლის წარმომჩენების, ბატონების რეზო თაბუკაშვილისა და გურამ შარაძის ნათელ ხსოვნას. სახელმძღვანელოში ხაზგასმულია, რომ საქართველო თავისი ისტორიით, კულტურული, სოციალური და გეოპოლიტიკური აგებულებით და მდებარეობით ნაჭერია ევროპის. წიგნი განკუთვნილია საერთაშორისო ურთიერთობის, რეგიონმცოდნეობის, პოლიტიკური მეცნიერებების სპეციალობის სტუდენტებისათვის, ქართველი და უცხოელი დიპლომატებისათვის, სპეციალისტებისათვის.
უაკ: 65.012.45
სახელმძღვანელოში წარმოდგენილია ორგანიზაციაში ინფორმაციის კომპლესური დაცვის ძირითადი კონცეფცია და უსაფრთხოების პოლიტიკის სტრუქტურა. განხილულია ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების ანალიზისა და მართვის ისეთი მეთოდიკები, როგორიცაა: CRAMM, FRAP, OCTAVE, RISK WATCH და MICROSOFT. დახასიათებულია ამ მეთოდიკებზე დაყრდნობით მომუშავე პროგრამული საშუალებები. მოცემულია ინფორმაციული უსაფრთხოების შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მიმოხილვა, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალის მომზადებას და ორგანიზაციის ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროს მენეჯმენტის გაუმჯობესებას. სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვის მაგისტრანტებისათვის. აგრეთვე შეიძლება გამოიყენონ მეცნიერ მუშაკებმა და დაინტერესებულმა პირებმა.
წინამდებარე სახელმძღვანელო საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკა AutoCAD 2011 განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლიათ აგრეთვე ინჟინრებს, რომლებიც ფლობენ საინჟინრო გრაფიკას და აქვთ კომპიუტერთან მუშაობის მინიმალური უნარ-ჩვევები. გარდა ამისა ეს სახელმძღვანელო დაეხმარება ყველას, ვინც საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის შესწავლით არის დაინტერესებული.
უაკ: 656.22
სახელმძღვანელო აგებულია საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი საგნის მოქმედი სილაბუსის მიხედვით. განხილულია მოკლე ისტორიული ცნობები სარკინიგზო ტრანსპორტის წარმოშობისა და განვითარების შესახებ. მოთხრობილია გამოჩენილ ადამიანთა ღვაწლის შესახებ, რომელთაც უდიდესი წვლილი მიუძღვით ტრანსპორტის ამ სახეობის შექმნასა და სრულყოფაში. მოცემულია სარკინიგზო გამწევი და არაგამწევი მოძრავი შემადგენლობების (ლოკომოტივების და ვაგონების) დანიშნულებანი, კლასიფიკაცია და ტიპები, განმარტებანი გაბარიტების შესახებ, მოძრავ შემადგენლობათა კონსტრუქციული აღწერა. განხილულია სატვირთო ვაგონების ტექნიკურ-ეკონომიკური პარამეტრების განსაზღვრის მეთოდიკა, ზოგადი მონაცემები სავაგონო და სალოკომოტივო მეურნეობის შესახებ და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული ზოგიერთი სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის „ტრანსპორტის“- სპეციალობის ბაკალავრებისათვის. წიგნი სარგებლობას მოუტანს სარკინიგზო სპეციალობის პროფესიული სწავლების სტუდენტებს და რკინიგზის სფეროში დასაქმებულ მუშაკებს. ქართული სახელმძღვანელო გამოიცა პირველად. მკითხველის მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი რჩევა ან შენიშვნა ავტორთა ჯგუფის მიერ კეთილგანწყობით იქნება მიღებული და გათვალისწინებული შემდგომ გამოცემაში.
უაკ: 76:681.3
განხილულია კომპიუტერული გრაფიკისა და ვიზუალიზაციის ძირითადი საკითხები, მისი განვითარების ისტორია და გამოყენების სფერო. სახელმძღვანელოს პირველ ნაწილში განიხილება კომპიუტერული გრაფიკის ამოცანები და სტრუქტურა, აღწერილია კომპიუტერული გრაფიკის ძირითადი მიმართულებები − ვექტორული, რასტრული და ფრაქტალური გრაფიკა, მათი მუშაობის პრინციპები, ინფორმაციის წარმოდგენის ხერხები, რასტრი და რასტრული მასივი, გრაფიკული პრიმიტივები, ფრაქტალების აგების რეცეპტი და ამ მიმართულებათა დადებითი და უარყოფითი მხარეები. განხილულია ასევე კომპიუტერული გრაფიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ფერი და სინათლე, ფერთა თეორიის ელემენტები, გრასმანის კანონები, სინათლის ატრიბუტები, ფერთა მოდელები (RGB, CMYK, Lab, HSB, Grayscale), რეჟიმები და პალიტრები. სახელმძღვანელოს ერთი თავი ეთმობა სასწავლო კურსის მნიშვნელოვან საკითხს − ვიზუალიზაციას. აღწერილია კომპიუტერული ვიზუალიზაციის სახეები − მეცნიერული, პროგრამული და ინფორმაციული. მოყვანილია სემიოტიკის ზოგიერთი განმარტებები, ვიზუალური ენა, მეტაფორა და ბოლოს კომპიუტერული ვიზუალიზაციის ძირითადი დებულებები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აგრეთვე კომპიუტერული გრაფიკის მათემატიკურ აპარატს, რაც გულისხმობს ანალიზური გეომეტრიის ელემენტებს, კოორდინატთა სისტემებს, ბრტყელი მრუდების წარმოდგენას, ბეზიეს მრუდებს, სპლაინებს, აფინური გარდაქმნებს და სხვ. გათვალისწინებულია „კომპიუტერული გრაფიკისა და ვიზუალიზაციის“ მეორე ნაწილის გამოცემა, სადაც დეტალურად განიხილება რასტრული სივრცის განზოგადებული მოდელი, ფერთა არხები და ფენები, რასტრულ გამოსახულებათა გარდაქმნები, ვექტორული გრაფიკის რედაქტორებთან მუშაობის ძირითადი პრინციპები, გრაფიკული ფაილების პოპულარული ფორმატები, გრაფიკული ინფორმაციის შეტანა/გამოტანის მოწყობილობები, ციფრული კამერა, სკანერი, მონიტორი, პრინტერი და სხვ. სახელმძღვანელო განკუთვნილია კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის სტუდენტებისა და ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის. ასევე შეიძლება გამოიყენოს ანალოგიური სპეციალობის სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმაც.
უაკ: 657.1
საქართველოს ეკონომიკის შემდგომი განვითარების, ქვეყანაში მეწარმეობა ბიზნესის გონივრულად წარმართვის უზრუნველსაყოფად ფრიად მნიშვნელოვანია მართვისა და ადმინისტრირების სფეროების სიღრმისეული შესწავლა, მართვის ფუნქციების წარმატებით განხორციელებისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად საბუღალტრო საქმის შემდგომი სრულყოფა და მეწარმეობის სფეროში მისი ცივილიზებული განვითარებადამკვიდრება გვევლინება. სახელმძღვანელოში განხილულია ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის თეორიული და პრაქტიკული საკითხები. გადმოცემულია ფინანსური აქტივების და დებიტორული დავალიანებების, არაფინანსური აქტივების და ფინანსური ვალდებულებების, ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების, წმინდა ღირებულების, შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის საკითხები ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად. განხილულია საბუღალტრო საქმის რეგულირების საკვანძო საკითხები; ფინანსური ანგარიშგების სრული პაკეტის მახასიათებლები. ნაშრომში გათვალისწინებულია თეორიული და პრაქტიკული მასალების ურთიერთკავშირი. სახელმძღვანელო განკუთვნილია ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების პროფილის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ასათვისებლად. ასევე სასარგებლო იქნება ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის.