უაკ: 669. 21/23 (075.8)
სახელმძღვანელოში მოცემული ცნობები ახასიათებს ოქროსა და ვერცხლის თანამედროვე მეტალურგიულ წარმოებას. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბოლო 20-30 წლის მანძილზე რეალიზებულ პროცესებს და ზოგიერთ თეორიულ საკითხს, რომლებიც უშუალოდაა დაკავშირებული ოქროსა და ვერცხლის გახსნასა და ხსნარებიდან მათ გამოყოფასთან.მოცემულია ისტორიული ცნობები ოქროსა და ვერცხლის მეტალურგიის წარმოშობისა და განვითარების, მსოფლიოში მათი წარმოების მასშტაბების, მოხმარების სტრუქტურის, სავალუტო ფუნქციისა და გამოყენების სფეროების შესახებ. აღწერილია ოქროსა და ვერცხლის შემცველი ნედლეულების მოსამზადებელი და გამამდიდრებელი ოპერაციები; ამოწვლილვის ტექნოლოგიები ქვიშრობებიდან და ძირეული საბადოებიდან; განხილულია თანამედროვე ტექნოლოგიური სქემები; საზღვარგარეთის მეტალურგიული და აფინაჟის ქარხნების პრაქტიკა. მოცემულია ცნობები კეთილშობილი ლითონების მეორეული მეტალურგიის შესახებ, რომელიც მოიცავს ნედლეულის კლასიფიკაციას და მახასიათებლებს, მათი გამდიდრების და მეტალურგიულად გადამუშავების მეთოდებს.სახელმძღვანელო განკუთვნილია სწავლების ყველა დონის სტუდენტებისთვის, რომლებიც ეუფლებიან კეთილშობილი ლითონების მეტალურგიას და ამ სფეროში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისთვის.
უაკ: 528.48(075.8)
წიგნში განხილულია სატრანსპორტო საინჟინრო ნაგებობათა, სამოქალაქო და სამრეწველო ობიექტების, ხიდების, გვირაბების, ჰიდროტექნიკური, პრეციზიული და სხვა ტიპის ნაგებობათა მშენებლობისას ჩასატარებელი საინჟინრო-გეოდეზიური სამუშაოები – მიმოკვლევის, გეოდეზიურ სამუშაოთა დაპროექტების, დაკვალვის, მშენებლობისა და ექსპლუატაციის სტადიებში. დეტალურადაა განხილული საინჟინრო-გეოდეზიური სამუშაოები, რომლებიც უნდა შესრულდეს საგზაო მშენებლობის, ხიდებისა და გვირაბების გეოდეზიური უზრუნველყოფის, შემხვედრი გვირაბების გაყვანისა და მიწისქვეშა გეოდეზიური საფუძვლის ორიენტირების ხერხების გამოყენების, პრეციზიულ ნაგებობათა მშენებლობის დროს და სხვა. განკუთვნილია საინჟინრო გეოდეზიის, მარკშეიდერიისა და კადასტრის სპეციალობების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.
უაკ: 528.48 (075.8)
მოცემულია გეოდეზიური საყრდენი ქსელების სახეები, მათი პროექტების შედგენისა და სიზუსტის შეფასების მეთოდები, ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური მიმოკვლევები, წრფივ ნაგებობათა ტრასირების საკითხები, დაკვალვითი სამუშაოების მეთოდები, მშენებლობისას გეომეტრიული პარამეტრების დაცვის კონტროლი და საინჟინრო ნაგებობათა დეფორმაციებზე გეოდეზიური დაკვირვებები.ყურადღება გამახვილებულია გეოდეზიური საფუძვლის გეგმური და სასიმაღლო ქსელების პროექტების სიზუსტის შეფასების, ასევე გეოდეზიურ სამუშაოთა წარმოების პროექტების შედგენასა და საინჟინრო ნაგებობათა დაწევებსა და ძვრებზე გეოდეზიური დაკვირვების მეთოდებზე.განკუთვნილია საინჟინრო გეოდეზიის, მარკშეიდერიისა და კადასტრის სპეციალობების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.
უაკ: 801.32
განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში ეფექტურად ფუნქციონირებს მენეჯმენტი, ანუ მართვის თეორია, მაგრამ საქართველოს ეკონომიკაში იგი შედარებით ახალი მიმართულებაა. საქართველოში მენეჯმენტის თეორიის ფორმირება დაიწყო ახალ სამეურნეო მექანიზმზე გადასვლასთან დაკავშირებით: ტარდებოდა სამეცნიერო გამოკვლევები, მუშავდებოდა სასწავლო−მეთოდური ლიტერატურა. ამ მიმართულებით მუშაობა ამჟამადაც გრძელდება, მაგრამ დღემდე გარკვეულ დეფიციტს წარმოადგენს მენეჯმენტის ტერმინოლოგიის საცნობარო ლექსიკონის არსებობა. სწორედ ამ დეფიციტის შევსების მცდელობაა წინამდებარე „მენეჯმენტის ლექსიკონი−ცნობარი“. მენეჯმენტის ლექსიკონი−ცნობარი განკუთვნილია სპეციალისტების, სტუდნტებისა და დაინტერესებულ პირთა ფართო წრისათვის.
უაკ: 339.15
წიგნი შედგება 3 ნაწილისაგან: პირველი ნაწილი მოიცავს ბიზნესის ეთიკის არსს და სპეციფიკას, მორალის ნორმებს, პრინციპებს და ფუნქციებს. ამ ნაწილში განხილულია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხები. მეორე ნაწილში გადმოცემულია საქმიანი ადამიანების ქცევის ნორმები და ეტიკეტი, საქმიანი კორესპოდენციის შედგენის ზოგადი წესები. მესამე ნაწილი მთლიანად ეთმობა ბიზნესმოლაპარაკების თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს ასევე ბიზნესურთიერთობათა ფსიქოლოგიურ ასპექტებს და კონფლიქტის გადაწყვეტის ხერხებს. გათვალისწინებულია ეკონომიკისა და ბიზნესის პროფილის სტუდენტებისათვის, იგი აგრეთვე დიდ დახმარებას გაუწევს დამწყებ ბიზნესმენებს და ყველა დაინტერესებულ პირს. გამოსაცემად მომზადებულია მოცემული თემების შესაბამისი ტესტების, სიტუაციური ამოცანების (კეისების) და საქმიანი თამაშების კრებული.
უაკ: 54
განათლებისა და მეცნიერების სისტემაში ჩატარებულმა სახელმწიფო რეფორმამ მოითხოვა უმაღლესი საუნივერსიტეტო სწავლების სამსაფეხურიან − ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა − ფორმაზე გადასვლა. რეფორმის შესაბამისად გადაუდებელი გახდა სხვადასხვა დისციპლინაში, მათ შორის „ქიმიაში სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების“ შემუშავება, ხოლო შემდგომ მათ საფუძველზე საერთაშორისო სტანდარტების დონის თანამედროვე სახელმძღვანელოების შექმნა, რაც ხელს შეუწყობს ქიმიის, ქიმიური მეცნიერების, ახალი ქიმიური ტექნოლოგიების განვითარებას და მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი კადრების მიზანმიმართულად მომზადებას. რეფორმის შემდგომ შექმნილი წინამდებარე ნაშრომი − „ზოგადი, არაორგანული და კოორდინაციული ქიმია“. რჩეული თავები სამი მაპროფილებელი საგნის ქართულ ენაზე შექმნილ, სახელმძღვანელოთა შორის ერთი პირველთაგანია და განკუთვნილია მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. მასში განხილული თეორიული საკითხების და მეცნიერული კვლევის მეთოდების სრულყოფილად შესწავლა აგრეთვე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება-განვითარება უზრუნველყოფს მომავლის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად მათ მომზადება-ჩამოყალიბებას. ქიმიის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის პროგრამით გათვალისწინებული სამი მაპროფილებელი საგნის, ქიმიის, სამი ნაწილის − ზოგადი ქიმიის, არაორგანული ქიმიისა და კოორდინაციული ქიმიის ერთ სახელმძღვანელოდ ორგანულად გაერთიანებამ შექმნა პრეცენდენტი, რომელსაც დღემდე ანალოგი არ გააჩნია, როგორც საგნებს შორის წარმოჩენილი ბუნებრივი კავშირით, ისე კომპაქტურობის და სერვისის თვალსაზრისით. სახელმძღვანელო დიდ დახმარებას გაუწევს აგრეთვე ქიმია-ბიოლოგიის, ფარმაცევტული ქიმიის, ეკოლოგიის და ქიმიური ტექნოლოგიის სპეციალობათა მაგისტრანტებს, დოქტორანტებს და, საერთოდ, ქიმიით დაინტერესებულ მკითხველს.
უაკ: 549:552.4
განხილულია ქანებისა და მთავარი ქანმაშენი მინერალების კვლევის ძირითადი მეთოდი – კვლევა პოლარიზაციული მიკროსკოპის საშუალებით. დეტალურადაა აღწერილი კვლევის მეთოდები ერთი ნიკოლით (უანალიზატოროდ) და ჯვარედინ ნიკოლებში (ანალიზატორით). განკუთვნილია გეოლოგიური სპეციალობის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისთვის. დახმარებას გაუწევს პეტროლოგიის დარგში მომუშავე ახალგაზრდა სპეციალისტებს.
უაკ: 615.015
განხილულია დამხმარე ნივთიერებები (ფუძეები და ემულგატორები), რომელთაც იყენებენ მალამოს მომზადების ტექნოლოგიაში. მოყვანილია დამხმარე ნივთიერებების გაანგარიშების მაგალითები, სხვადასხვა მალამოს მომზადების ტექნოლოგიის განსაკუთრებულობა. სახელმძღვანელოში მოცემულია დანართები, რომლებიც მოიცავს საცნობარო მონაცემებს, სამკურნალო ნივთიერებების თვისებებს, ფუძის კომპონენტებს, მათ შეთავსებულობას, ოფიციალური და უნიფიცირებული შედგენილობების სამკურნალო და ჰომეოპათიური მალამოების რეცეპტებს. განკუთვნილია უმაღლესი ფარმაცევტული სპეციალობის სტუდენტებისათვის, ასევე აფთიაქის მუშაკებისათვის, რომლებიც მალამოებს სააფთიაქო პირობებში ამზადებენ.
უაკ: 539.3:539.52:559.376
სახელმძღვანელოში განხილული ყველა ძირითადი საკითხი შეესაბამება შესაბამისი საგნის სილაბუსებს, ილუსტრირებულია კონკრეტული ამოცანებით და რიცხვითი მაგალითებით, რაც საშუალებას მისცემს სტუდენტებს, დამოუკიდებლად შეასრულონ საკურსო სამუშაოები. დრეკადობის, პლასტიკურობისა და ცოცვადობის თეორიების მოკლე კურსი განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების სტუდენტებისათვის. ამ სახელმძღვანელოს გამოყენება შესაძლებელია აგრეთვე სწავლების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებისათვის.