უაკ: 621.317.726
სახელმძღვანელოში განხილულია ძლიერი იმპულსური დენის ტექნიკის ელემენტები, მცირე ინდუქციურობის მქონე იმპულსური კონდენსატორები, მაღალი ძაბვის დიდი დენის კომუტატორები, საუკეთესო მექანიკური თვისებების მქონე ინდუქტორები ძლიერი იმპულსური მაგნიტური ველების გენერირებისათვის. სახელმძღვანელო მოიცავს იმპულსური ტექნიკის თეორიულ საფუძვლებს, იმპულსურ, ელექტრულ და მექანიკურ სიდიდეთა გაზომვების მეთოდებს და საშუალებებს. წიგნი შედგენილია ელექტროტექნიკური პროფილის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების მიხედვით, ისარგებლებენ წარმოებაში დასაქმებული სპეციალისტებიც.
უაკ: 681,3
სახელმძღვანელოს პირველ ნაწილში მოცემულია კომპიუტერის ზოგადი დახასიათება, მისი ელემენტები და ინფორმაციის წარმოდგენის პრინციპები. მეორე ნაწილი ეძღვნება კომპიუტერული სისტემის და მისი შემადგენელი ნაწილების აგების და ფუნქციონირების საფუძვლებს. შემდგომი ნაწილები ეხება Microsoft Office 2013-ის პაკეტში შემავალ გამოყენებით პროგრამებს: Ms Word, Ms Excel, Ms PowerPoint სახელმძღვანელოში ასევე განხილულია Internet-ში მუშაობის ძირითადი საკითხები. სახელმძღვანელო დიდი რაოდენობით შეიცავს საილუსტრაციო სურათებს და სავარჯიშოებს რაც, თავის მხრივ, გასაგებს ხდის გადმოცემულ მასალას და აადვილებს მის შესწავლას. შესასწავლი მასალა დალაგებულია მარტივიდან რთულისკენ. სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტების სტუდენტთათვის, ასევე ამ საკითხების შესწავლით დაინტერესებულ პირთათვის.
უაკ: 621.8
განხილულია ჰაერის კონდიცირების ტექნოლოგიური საკითხები. აღწერილია ჰაერის მდგომარეობის დამახასიათებელი ძირითადი პარამეტრები და მათი ცვლილების შემთხვევები, კონდიცირების სისტემაში ჰაერის დამუშავების და კონდიციონერის ძირითადი და დამხმარე ელემენტების გაანგარიშების მეთოდები, ცენტრალური და ადგილობრივი კონდიციონერების დაპროექტების საკითხები. მოცემულია კომპიუტერული პროგრამები და ჰაერის კონდიცირების სისტემის დასაპროექტებლად მათი გამოყენების მეთოდები. განკუთვნილია კვების ინდუსტრიის დეპარტამენტის საგანმანათლებლო პროგრამა კვების ინჟინერიის სპეციალობის ბაკალავრებისათვის.
უაკ: 624. 05
სახელმძღვანელოში განხილულია შენობა-ნაგებობათა მშენებლობისას ძირითადი საწარმოო პროცესების თეორიული საფუძვლები და შესრულების ხერხები.განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის „მშენებლობის“ სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს პროფესიული სწავლების სტუდენტებისა და მშენებლობის დარგის სპეციალისტების მიერ.
უაკ: 624
განხილულია საშენი მასალების თვისებები, ძირითადი საშენი მასალები: ბუნებრივი ქვა, კერამიკა, შემკვრელები, ბეტონი და რკინაბეტონი, ლითონი, მერქანი, პლასტმასა, კომპოზიტი და მათი გამოყენება შენობის და ნაგებობის კონსტრუქციაში. სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სამოქალაქო და სამრეწველო, აგროინჟინერიის, არქიტექტურის, საგზაო-სატრანსპორტო, ჰოდროტექნიკური, სამთო საქმის და სხვა სპეციალობის სტუდენტებისათვის, ასევე გამოადგება მაგისტრანტებს, დოქტორანტებს, მშენებლობის ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.
უაკ: 65.015.11
სახელმძღვანელო შედგენილია სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიების საბაკალავრო, საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული საგნის-დარგობრივ სამრეწველო ნაწარმთა კონსტრუირების მეთოდოლოგიის სილაბუსის შესაბამისად. სახელმძღვანელოში განხილულია ის ზოგადი საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც სამრეწველო ნაკეთობის კონსტრუირების დროსაა აუცილებელი. კერძოდ, სამრეწველო ნაკეთობის კლასიფიკაცია და შემადგენელი ძირითადი ელემენტები, ნაკეთობის დასამზადებლად გამოყენებული მასალები და მათი შერჩევის კრიტერიუმები, კონსტრუირების ეტაპები და ძირითადი წესები, კონსტრუქციის დამუშავება, ავტომატიზებული დაპროექტების სისტემა, კონსტრუირებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების გადაწყვეტა ავტომატიზებული დაპროექტების სისტემა Autocad-ის გამოყენებით. ამ ზოგადი საკითხების შესწავლა მომავალ სპეციალისტს კონკრეტული სამრეწველო ნაკეთობის კონსტრუირების საფუძველს უყალიბებს. სახელმძღვანელო განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, ასევე გამოადგება სხვა საინჟინრო სპეციალობების სტუდენტებსაც.
უაკ: 519.83
წიგნში განხილულია თამაშთა თეორიის ძირითადი თანამედროვე მიმართულებების (თეორიების) საწყისები, კერძოდ, არაკოალიციურ თამაშთა კლასები და მათი ანალიზი ნეშის წონასწორობის პრინციპის საფუძველზე, სარგებლიანობის თეორიის საფუძვლები, ეკონომიკური და პოლიტიკური მოვლენების ანალიზი, სასრული და უსასრულო ანტაგონისტური თამაშები, არაანტაგონისტური თამაშების კლასები და მათი ამოხსნის ალგორითმები, სტატისტიკური თამაშების მოდელები, აგრეთვე: დინამიკური თამაშების მიმართულებები-პოზიციური, გამეორებული, ბაიესური, სასიგნალო, იერარქიული, დიფერენციალური თამაშები; აუქციონების თეორიისა და ეკონომიკური მექანიზმების თეორიის შესავალი; ევოლუციურ თამაშთა თეორიის ელემენტები; კოოპერატიულ თამაშთა თეორიის ოპტიმალურობის უმთავრესი პრინციპები; გამოყენება ეკონომიკაში, პოლიტიკასა და სამართალში; ლექსიკოგრაფიული თამაშები; ქსელური თამაშების თეორია და პარადოქსები ქსელურ თამაშებში, მათ შორის სატრანსპორტო ქსელებში.განკუთვნილია სახელმძღვანელოდ თამაშთა თეორიასა და მის გამოყენებებში უმაღლესი სასწავლებლების ყველა პროფილის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის, მათემატიკოსებისათვის, რომლებიც მუშაობენ თამაშთა თეორიის, ოპერაციათა კვლევის, მათემატიკური დაპროგრამებისა და მათემატიკური ეკონომიკის საკითხებზე, ეკონომიკის, ინფორმატიკის, მართვის, პოლიტიკის, უსაფრთხოების, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის, სამართლის, მედიცინის, სამხედრო, ეკოლოგიისა და სხვა დარგების სპეციალისტებისათვის, ხელისუფლების ყველა რგოლის ხელმძღვანელთათვის, საერთოდ ყველასათვის, ვინც დაინტერესებულია კარგის და ცუდის გარჩევით, რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა, შეფასებებისა და პრიორიტეტების დადგენით, ინდივიდებთან, მხარეებთან, ბუნებასთან რაციონალური ურთიერთობების ორგანიზებითა და წონასწორული გადაწყვეტილების მიღებით.
უაკ: 622.23.24
სახელმძღვანელოში მოცემულია ნავთობისა და გაზის საბადოებზე ჭაბურღილების ბურღვის, გამოცდისა და ათვისების, ნავთობსადენებისა და გაზსადენების გადატუმბვის ავტომატიზაციის, უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინაღო ტექნიკის უახლესი მიღწევები. სახელმძღვანელო დიდ დახმარებას გაუწევს როგორც ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, ისე ნავთობის მრეწველობაში მომუშავე სპეციალისტებს.