image-1
მ. მელქაძე

შრომით-გამოსასწორებელი ცენტრი მოზარდთათვის

უაკ: 34

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია თემა, რომელიც ეხება პენიტენციური სისტემის ერთ-ერთი ვექტორის - მოზარდთა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამედროვე ინტერპრეტაციას.
გამოცემა განსაზღვრულია არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მოცულობითი არქიტექტურის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
მ. დავითაია, მ. ძიძიგური

არქიტექტურული კრიტიკა - არქიტექტურული კვლევის მეთოდოლოგია

უაკ: 72:001-8

არქიტექტურული კრიტიკა შეიცავს არქიტექტურულ-კრიტიკული მოღვაწეობის ძირითად თეორიულ და მეთოდოლოგიურ ასპექტებს და წარმოაჩენს „არქიტექტურათმცოდნეობის“ თანამედროვე მეთოდებსა და მიდგომებს. არქიტექტურულ-ისტორიული კვლევა არქიტექტურათმცოდნეობის ის ნაწილია, რომლის შესრულებისას მაგისტრანტს საშუალება ეძლევა რეალურად გამოიყენოს მიღებული თეორიული ცოდნა არქიტექტურული კრიტიკის ასპექტში. მეთოდიკურ მითითებაში განხილულია არქიტექტურულ-ისტორიული კვლევის მეთოდოლოგიის საფუძვლები, განსაზღვრულია კვლევის სრულყოფილად ჩატარებისთვის შესასრულებელი სამუშაოები (ჩამონათვალი მოიცავს შვიდ პუნქტს), რაც ეფუძნება საქართველოს კანონს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ (2007 წ.), მუხლი 43, შეფასებული და დასაბუთებულია მაგისტრანტის მიერ ამგვარი სამუშაოების შესრულების მნიშვნელობა პროფესიონალი არქიტექტურის კრიტიკოსის ჩამოყალიბებისთვის. ეს მეთოდიკური მითითება დაეხმარება მათ დავალების შესრულებაში.
ნაშრომში წარმოდგენილია რამდენიმე არქიტექტურულ-ისტორიული კვლევის ნიმუში შესრულებული მეთოდიკური მითითების ავტორებისა და მაგისტრანტის მიერ.
გამოცემა განკუთვნილია არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის მაგისტრატურის პროგრამა „არქიტექტურათმცოდნეობის“ სტუდენტებისათვის.

 

 

image
მ. ახობაძე, ე. კურცხალია, ბ. მესაბლიშვილი

რთული მაკროსისტემეაბის სტრუქტურული ანალიზი და მართვა

უაკ: 330.115

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია სოციალური, ეკონომიკური, სატრანსპორტო სისტემების მათემატიკური მოდელირების, მართვისა და სტრუქტურის ანალიზის მეთოდები. მოყვანილია Q-ანალიზის მეთოდის გამოყენების მაგალითები საგადასახადო, საარჩევნო, ეკონომიკური და სხვა სისტემების მათემატიკური მოდელებისა და მართვისათვის.
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო მიმართულების ყველა საფეხურის სტუდენტთათვის. ვფიქრობ, წიგნი გარკვეულ დახმარებას გაუწევს მათემატიკური მოდელირებისა და მართვის სისტემებით დაინტერესებულ სპეციალისტებს და ახლგაზრდა მეცნიერებს.

 

 

 

image-1
ი. მშვიდობაძე

გრუნტების მექანიკა - მეთოდიკური მითითება ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 624.131

დამხმარე სახელმძღვანელოში - „მეთოდიკური მითითება გრუნტების მექანიკის ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად“ მოცემულია გრუნტების მექანიკის ლაბორატორიული სამუშაოებისას გამოყენებული ძირითადი ცნებები, ტერმინები და განმარტებები. განხილულია ცდების მსვლელობის მეთოდიკა და ექსპერიმენტისათვის საჭირო ხელსაწყო-დანადგარები. სახელმძღვანელო დასურათებულია თვალსაჩინოებებით. აქვეა განხილული ამოცანების ამოხსნის ნიმუშები და კითხვები თვითშემოწმებისათვის.
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის „მშენებლობის“ სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ის ასევე შეიძლება გამოიყენონ პროფესიული სწავლების სტუდენტებმა და მშენებლობის დარგის სპეციალისტებმა.

 

 

 

image-1
მ. მილაშვილი, ვ. მჭედლიშვილი

საიუველირო ნაკეთობათა მხატვრული კონსტრუირება

უაკ: 671.12:739

სალექციო კურსი „საიუველირო ნაკეთობათა მხატვრული კონსტრუირება“ შედგენილია შესაბამისი სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსის) მიხედვით, რომელიც სტუდენტს შეასწავლის საიუველირო ნაკეთობათა მხატვრული სახის ფორმირების განვითარების ეტაპებსა და თანამედროვე ტენდენციებს; საერთაშორისო და სამამულო მაგალითებზე დაყრდნობით, საიუველირო ნაკეთობათა მხატვრული კონსტრუირების პრაქტიკაში არსებული სტილისტური მიმდინარეობების ძირითად თავისებურებებსა და ნიშან-თვისებებს; საიუველირო ნაკეთობის მხატვრული კონსტრუირების ხერხებსა და მეთოდებს.
გამოცემა განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის.

 

 

 

image-1
ზ. ლომსაძე, ს. მებონია, მ. ხუციშვილი, ზ. საბაშვილი, ვ. კოპალეიშვილი, რ. გვეტაძე

მასალების დამუშავება

უაკ: 621.7/.9

სალექციო კურსში მოცემულია ლითონის დამუშავების ტექნოლოგიური პროცესების მექანიკურ-მათემატიკური და ფიზიკური თეორიის საფუძვლები. განხილულია ლითონის წნევით დამუშავების ახალი სპეციალიზებული პროცესები, ლითონის პლასტიკური დანაწევრების ხერხები და დანადგარები, საგლინ მანქანა-დანადგარებში დინამიკური და დარტყმითი მოვლენების ანალიზის და ძალების რაციონალური გაანგარიშების მეთოდები, პლაზმური დანაფარების მიღების ხერხები, ლითონების შედუღებისა და მიკროშედუღების საფუძვლები, კონტაქტური შედუღების ხარისხის ოპტიმიზაცია და ფოლადების პლაზმური განმტკიცების ტექნოლოგია, მოცემულია სფერულ-გრაფიტიანი და ბეინიტური თუჯების მიღების ახალი მეთოდები, კომპოზიციური მასალების დამუშავების წინაპირობები და ახალი ტექნოლოგიები.
თავები: 1, 2 შესრულებულია ზ. ლომსაძის მიერ; 3, 4 – ს. მებონიას მიერ; 5, 6 – მ. ხუციშვილის მიერ; 7, 8, 9 – ზ. საბაშვილის მიერ; 10, 11, 12 – ვ. კოპალეიშვილის მიერ; 13 – რ. გვეტაძის მიერ.

 

 

 

image-1
ზ. საბაშვილი

არალითონური მასალების შედუღება

უაკ: 621.791:621.792.6

სალექციო კურსში განხილულია არალითონური მასალების ფიზიკურ-მექანიკური და ქიმიური თვისებები. მათი შედუღების პროცესის არსი და შედუღებადობა. შედუღების პროცესის ძირითადი სტადიები. შენადუღი ნაკერის მიღების მექანიზმი. მოცემულია არალითონური მასალების შედუღების ყველა მეთოდი, მათი ტექნოლოგიები, შენადუღი ნაკერის ხარისხი და შენადუღი შეერთებების შემოწმების ხერხები. 
წიგნი შედგენილია მასალათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრებისათვის და სრულ შესაბამისობაშია სილაბუსში გათვალისწინებულ საკითხებთან.

 

 

 

image-1
ჯ. ქერქაძე

გარემოზე ზემოქმედების შეფასება

უაკ: 577.47/.48

სალექციო კურსში განხილულია ის პრიორიტეტები და სიახლეები, რომლებიც განაპირობებს საქართველოში ცალკეული საქმიანობისათვის გარემოსდაცვითი სანებართვო სისტემის გაუმჯობესებას. აღნიშნულია, რომ გაფართოვდა იმ საქმიანობათა ჩამონათვალი, რომლებიც ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურის განხორციელებას. ძირეულ სიახლედ არის დანახული სანებართვო სისტემის გაუქმება და მის ნაცვლად გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის პროცედურის შემოღება. სიახლეა ისიც, რომ დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად საქმიანობებმა საწყისი ეტაპებიდანვე შესაბამისი თანამიმდევრობით უნდა გაიარონ სკრინინგისა და სკოპინგის პროცედურები. აღსანიშნავია, აგრეთვე, დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობის გაფართოებული მექანიზმი, რაც უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებისას ყველა დაინტერესებული მხარის მოსაზრებათა მაქსიმალურად გათვალისწინებას.
სალექციო კურსში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი სექტორული სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემის განხილვას, რაც პრინციპულისიახლეა მთლიანად ქართული გარემოსდაცვითი საკანონმდებლო სივრცისათვის. მნიშვნელოვან სიახლედ არის აღქმული ამავე კოდექსში მოცემული საქმიანობის წარმართვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების და, აგრეთვე, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან საქმიანობის გათავისუფლების ძირეული მოთხოვნები, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის გარემოსდაცვით საკანონმდებლო ევროდირექტივებთან.
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა „გარემოს ინჟინერია და უსაფრთხოების“ ფარგლებში. იგი ასევე შეიძლება გამოადგეს დამხმარე სახელმძღვანელოდ სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს.

 

 

 

image-1
ჯ. ქერქაძე

გარემოს ბუნებრივი ობიექტებისა და საწარმოთა ეკოლოგიური ექსპერტიზა

უაკ: 577.4:65.012.16

სალექციო კურსში საქართველოს ქალაქების სამრეწველო ცენტრების მაგალითებზე დაყრდნობით განხილულია გარემოს ბუნებრივი ობიექტების (ატმოსფერული ჰაერის, ზედაპირული წყლების, ნიადაგების) ეკოლოგიური მდგომარეობა და მათი ანთროპოგენური დაბინძურების მასშტაბები. ნაშრომის ცალკე თავი ეძღვნება საწარმოო ობიექტის განთავსების რეგიონის გარემომცველი ბუნებრივი გარემოს მრავალმხრივ (ფიზიკურ-გეოგრაფიულ, ჰიდროგეოეკოლოგიურ) გამოკვლევას და მიმდებარე ტერიტორიის კლიმატურ-მეტეოროლოგიური დახასიათების აუცილებლობას.
გაკეთებულია დასკვნა, რომ სრულყოფილი ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი შესრულებულია გარემოს დამაბინძურებელი წყაროების ინვენტარიზაცია; გამოანგარიშებულია საწარმოო აეროზოლების მაქსიმალური გაფრქვევები და მავნე ნივთიერებათა მიწისპირა მაქსიმალური კონცენტრაციები; დადგენილია საწარმოო ჩამდინარე წყლების ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმები; შესწავლილია საწარმოში არსებული გამწმენდი დანადგარების მუშაობის ეფექტურობა და სათანადო პრევენციული ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა.
ნაშრომი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო-სასწავლო პროგრამა „საინჟინრო ეკოლოგიის“ ფარგლებში, იგი ამასთანავე, შეიძლება დამხმარე სახელმძღვანელოდ გამოიყენოს ამავე და სხვა უმაღლესი სასწავლებლების მომიჯნავე სპეციალობების მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა.