image-1
ნ. რურუა

სარკინიგზო მტყუნების შესწავლა, ანალიზი და ექსპერტიზა

უაკ: 625.143+629.024

სახელმძღვანელოში განხილულია რელსებიდან მოძრავი შემადგენლობის თვლების ჩამოსვლის მიზეზები და მექანიზმი, კერძოდ: მატარებელში გრძივი მკუმშავი ძალების ზრდის მიზეზი; ურიკის თვლების გვერდითი ზემოქმედება რელსებზე განპირობებული მატარებლის კვაზისტატიკური შეკუმშვით დამუხრუჭების დროს; თვლების რელსებიდან ჩამოსვლის სახეები და მექანიზმი; მრუდებში რელსებიდან თვლების ჩამოსვლა გარე რელსის ჭარბი შემაღლების გამო; მატარებლის ლიანდაგში ჩავარდნის მიზეზების გამოძიების სამი ძირითადი წესი; თვლების რელსებიდან ჩამოსვლის თავიდან აცილების ღონისძიებები; სალიანდაგო მიზეზებით თვლების რელსებიდან ჩამოსვლის თავიდან აცილების ტექნიკური და ტექნოლოგიური ღონისძიებები; ლიანდაგის გაანგარიშების მეთოდიკა და შედეგები თვლის ქიმების წრიული სრიალის დროს რელსის თავის გვერდით წახნაგზე და თვლების გრძივი სრიალის დროს რელსებზე მრუდებში; მიჯახების კუთხის გავლენა რელსების გვერდით ცვეთაზე და მისი ფაქტიური მნიშვნელობების ანალიზი; მრუდებში შიგა ძაფიდან გარე ძაფზე რელსების ცვეთის გადანაწილების ანალიზი; გარე რელსის შემაღლების ოპტიმალური მნიშვნელობების დადგენა მცირერადიუსიან და შედგენილ მრუდებში; თვლის ქიმებისა და რელსების ცვეთის ინტენსიურობის შემცირების პრაქტიკული რეკომენდაციები.
დასაბუთებულია მატარებლის ქვეშ სარელსო ლიანდაგის ტემპერატურული გაგდების შეუძლებლობა. გაანალიზებულია სარკინიგზო მტყუნებები. მოცემულია პრაქტიკული რეკომენდაციები თვლების რელსებიდან ჩამოსვლის ადგილის გამოკვლევის დროს. განხილულია რკინიგზის ტრანსპორტზე მატარებლის მარცხისა და ავარიის შემთხვევის ადგილის დათვალიერების წესები, დათვალიერების თავისებურებები მატარებლების შეჯახების და მოძრავი შემადგენლობის რელსებიდან ჩამოსვლის შემთხვევაში, სასამართლო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარების თავისებურებები მატარებლების შეჯახების და მოძრავი შემადგენლობის რელსებიდან ჩამოსვლის მიზეზების გამოძიების დროს. მოტანილია საცნობარო და ნორმატიულ-ტექნიკური მასალები.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
მ. ვანიშვილი, ნ. ჭიკაიძე, ნ. ვანიშვილი

სოციალური ეკონომიკა

უაკ: 33:316 (075.8)

სახელმძღვანელოში თანამიმდევრულადაა განხილული სოციალური სფეროს თეორიისა და პრაქტიკის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: სოციალური ეკონომიკის შესწავლის საგანი და კვლევის მეთოდოლოგია; სოციალური ეკონომიკა როგორც საზოგადოებრივი თეორია და პრაქტიკა; საზოგადოების სოციალური სტრუქტურა; სოციალური ტრანსფორმაციის არსი და თანამედროვე ტენდენციები; სოციალური უსაფრთხოება და მის უზრუნველყოფაზე მიმართული პოლიტიკა; შრომის ბაზარი და მისი ფუნქციონირების თავისებურებანი; უმუშევრობა და დასაქმების პოლიტიკა; შრომის ანაზღაურება სოციალურ-შრომით ურთიერთობათა სისტემაში; შრომის მწარმოებლურობა–სოციალური ეკონომიკის ეფექტიანობის საფუძველი; სოციალური დაზღვევა სოციალურ-შრომით ურთიერთობათა სისტემაში; მოსახლეობის ცხოვრების დონე – სოციალური ეკონომიკის ეფექტიანობის ინდიკატორი; სოციალური პარტნიორობა – სოციალური ეკონომიკის ეფექტიანობის უზრუნველყოფის საკვანძო მიმართულება; სოციალური ეკონომიკის ფორმირებისა და ფუნქციონირების საზღვარგარეთული გამოცდილება; სოციალური განვითარების სტრატეგია და პრიორიტეტები თანამედროვე საქართველოში.
წიგნი განკუთვნილია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკური და სხვა სოციალური პროფილის სპეციალობების სტუდენტებისათვის, პროფესორ-მასწავლებლებისა და სოციალური ეკონომიკის თეორიული და პრაქტიკული საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

 

 

 

image-1
რ. გახოკიძე, ლ. ტაბატაძე

კვების პროდუქტთა ქიმია

უაკ: 577.1

სახელმძღვანელოში ძირითადი ყურადღება დათმობილი აქვს კვების პროდუქტების ქიმიურ შედგენილობას, კვების პროდუქტთა ძირითადი კომპონენტების ტექნოლოგიურ და ბიოლოგიურ მნიშვნელობას, კვების სისტემაში წყლის როლს, ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს და კვებითი ღირებულების გამაუმჯობესებლებს, ასევე კვების პროდუქტთა უვნებლობას. ნაჩვენებია ბიოორგანული ქიმიისა და ბიოტექნოლოგიის წვლილი კვების პროდუქტთა წარმოებაში.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის, ქიმიური ექსპერტიზის, კვების ინდუსტრიის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სპეციალობის სტუდენტებისათვის.

 

 

image
მ. მაცაბერიძე

ბუნებრივი ნივთიერებები და მათი გამოყენების პერსპექტივები ახალი ბაზრების შექმნის ტექნოლოგიის კომპონენტების გამოყენებით

უაკ: 66.017:546:65.012.16

სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიური და კვების პროდუქტების ექსპერტიზის, არაორგანულ ნივთიერებათა და საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქტების სპეციალიზაციის სტუდენტებისათვის და ეხება მაღალეფექტური სამკურნალო პრეპარატების, ასევე სხვადასხვა სამრეწველო დანიშნულების მასალების წარმოების პრობლემებს ახალი ბაზრების შექმნის ტექნოლოგიის გამოყენებით.
ასევე, ნაშრომში წარმოდგენილი მასალები განკუთვნილია სხვადასხვა პროფილის ტექნოლოგებისათვის, ბიოლოგებისათვის, მედიცინის მუშაკებისა და ფარმაკოლოგებისათვის.

 

 

image-1
ნ. რურუა, ე. მოისწრაფიშვილი, მ. მოისწრაფიშვილი

სალიანდაგო მანქანები, მექანიზმები და იარაღები

უაკ: 625.1

განხილულია რკინიგზის ლიანდაგის შეკეთებებისა და მიმდინარე მოვლა-შენახვის დროს ფართოდ გამოყენებული სალიანდაგო მანქანები, მექანიზმები და იარაღები, მათი ტექნიკური მახასიათებლები, ელექტრომომარაგება, უსაფრთხოების ტექნიკის დაცვის ღონისძიებები ელექტრულ და ჰიდრავლიკურ იარაღებთან მუშაობისას. მოცემულია სალიანდაგო მანქანების კლასიფიკაცია სავალი მოწყობილობების; სამუშაოთა შესრულების წესის; დანიშნულების; ამძრავი ტიპის და გადაადგილების ხერხის მიხედვით. აღწერილია თანამედროვე ინტელექტუალური ციკლური და უწყვეტი მოქმედების სალიანდაგო მანქანების და მექანიზმების მუშაობისა და შერჩევის პრინიპები, განვითარების პერსპექტივა და მათდამი წაყენებული მოთხოვნები.
სახელმძღვანელოში არის მეთოდიკური, საცნობარო და ნორმატიულ-ტექნიკური მასალები. შედგენილია მოქმედი სტანდარტების დაცვით, სილაბუსის შესაბამისად.
განკუთვნილია სატრანსპორტო და სამშენებლო სპეციალობის ბაკალავრებისათვის. დიდ დახმარებას გაუწევს მაგისტრანტებს და რკინიგზის ლიანდაგის ექსპლუატაციის მუშაკებს.

 

 

image-1
კ. მჭედლიშვილი, ა. ბურდულაძე

საავტომობილო გზების დაპროექტების საფუძვლები

უაკ: 625.7

სახელმძღვანელო ეყრდნობა საავტომობილო გზების დაპროექტების ქართული საინჟინრო სკოლის მრავალი ათეული წლის გამოცდილებას. მხედველობაშია მიღებული აგრეთვე რუსული და დასავლეთევროპული სკოლების მიღწევები საავტომობილო გზების დაპროექტებაში.
ნაშრომი განკუთვნილია საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მიმართულების ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისთვის. იგი გამოადგება ამავე მიმართულებით მომუშავე დოქტორანტებსა და პრაქტიკოს ინჟინრებსაც.

 

 

 

image-1
ი. ბაზღაძე

სამრეწველო მიკრობიოლოგია

უაკ: 663.18

სახელმძღვანელოში მოცემულია საწარმოთა ჩამდინარე წყლების ორგანული და ზოგიერთი არაორგანული (მაგ: H2S, სულფიდები, ნიტრატები) გამაჭუჭყიანებლის ფიზიკური, ორგანოლეპტიკური, ქიმიური და ბიოქიმიური მაჩვენებლები. ჩამდინარე წყლების გაწმენდის მნიშვნელოვანი მეთოდია ბიოქიმიური გაწმენდა, რომლის საფუძველია იმ მიკროორგანიზმების გამოყენება, რომლებიც საკვებად იყენებს ჩამდინარე წყალში არსებულ ნივთიერებებს, ე.ი. ხდება ამ გამაჭუჭყიანებლების ქიმიური ჟანგვა. განხილულია ასევე ბიოქიმიური გაწმენდის აერობული და ანაერობული მეთოდების საფუძვლები და შესაბამისი ტექნოლოგიური სქემები და აპარატურა.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და გარემოს დაცვის ინჟინერიის სპეციალობის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისათვის.

 

 

image-1
ი. თვალავაძე, მ. მინდელი, ბ. მაისურაძე

ბრძმედული დნობისათვის კაზმის მომზადების თეორია და ტექნოლოგია

უაკ: 669.02/.09

სახელმძღვანელოში მოცემულია რკინისა და მანგანუმის მადნების კლასიფიკაცია, მათი თვისებები, ფლუსისა და წარმოების ნარჩენების დახასიათება, კოქსის წარმოება და მისი ხარისხის შესწავლა. მოცემულია საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების რკინისა და მანგანუმის ძირითადი საბადოების დახასიათება. დაწვრილებით არის გადმოცემული საკაზმე მასალების დანაჭროვნების მეთოდები, აგლომერაცია, დაგუნდავება და დაბრიკეტება. განხილულია აგლომერატის, გუნდებისა და ბრიკეტების მიღების პროცესები და ტექნოლოგია, მოცემულია დანაჭროვნების ფაბრიკებში გამოყენებული მოწყობილობების ტექნოლოგიური დახასიათება.
სახელმძღვანელო გათვალისწინებულია მეტალურგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლიათ, აგრეთვე, მეტალურგიის სპეციალობით მომუშავე ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.

 

 

image-1
ლ. ფერაძე, მ. სორდია

პროგრამული პაკეტი MATLAB

უაკ: 681.3

წინამდებარე სახელმძღვანელოში აღწერილია კომპიუტერული მათემატიკის ერთ-ერთი წამყვანი პროგრამული პაკეტი – MATLAB მათემატიკური სისტემა (MATLAB 7.5.0 ვერსია), რომელიც ფართოდ გამოიყენება სამეცნიერო და საინჟინრო პრობლემების გადასაწყვეტად. MATLAB-ის მეშვეობით სრულდება ნებისმიერი სირთულის მათემატიკური გამოთვლები და ხდება ამოცანების ამოხსნა როგორც ანალიზური, ასევე რიცხვითი სახით – საჭიროების შემთხვევაში მათი გრაფიკული წარმოდგენით. წიგნში განხილულია MATLAB-ის ძირითადი ცნებები და განსაზღვრებები, აღწერილია ფუნქციები, ბრძანებები, დაპროგრამების ოპერატორები და სიმბოლური ინფორმაციის დამუშავების შესაძლებლობები. სახელმძღვანელოს თან ერთვის დანართები, რომლებშიც მოყვანილია პრაქტიკული ამოცანების ამოხსნის მეთოდები და შესაბამისი პროგრამები.
ნაშრომი განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის: სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისათვის, დოქტორანტებისა და მეცნიერი მუშაკებისათვის.