უაკ: 550.89
ნაშრომში მოცემული მასალა წლების განმავლობაში იხვეწებოდა სტუდენტებთან მუშაობის პროცესში. მასში დეტალურადაა აღწერილი სამთო მრეწველობაში გამოყენებული ავტომატიკის საშუალებები, მათი პრინციპული ელექტრული სქემები; აღწერილია ავტომატური მართვის სისტემების სტრუქტურები, მათი შემდგენი ელემენტები; განხილულია კავშირის სახეობანი ავტომატური მართვის სისტემებში; გადაცემის ფუნქციების შედგენა სხვადასხვა სტრუქტურული სქემისათვის; მოცემულია ავტომატური მართვის სისტემების მდგრადობის კვლევა რაუსგურვიცის კრიტერიუმის მაგალითზე. თითოეული სამუშაოს ბოლოს მოცემულია საკონტროლო კითხვები მასალის ათვისების გასამყარებლად, რაც დაეხმარება სტუდენტს მასალის უკეთ ათვისებასა და საგამოცდო ტესტირებისათვის მომზადებაში. მეთოდიკური მითითებები განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო ტექნოლოგიებისა და საინჟინრო გეოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის.
უაკ: 621.771(075):621.735(075.8)
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ლითონების წნევით დამუშავების მანქანების ექსპლუატაციისა და რემონტის საკითხები. დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების მასალათმცოდნეობისა და ლითონების დამუშავების სპეციალობის სტუდენტებისათვის.
უაკ: 546
დამხმარე სახელმძღვანელო (ამ ფორმით იბეჭდება პირველად) შედგენილია თანამედროვე არაორგანული ქიმიის კურსის პროგრამის შესაბამისად და სრულად უპასუხებს დღევანდელი დონის მოთხოვნით გათვალისწინებულ საკითხებს. აქ სრულყოფილი სახით პირველად გაეცნობით არაორგანულ ნაერთთა ოთხ ძირითად კლასს – ოქსიდებს, მჟავებს, ფუძეებსა და მარილებს, მათი მიღების თითქმის ყველა ხერხს, ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებსა და გამოყენების არეალს. დამხმარე სახელმძღვანელო საინტერესო და სასარგებლო იქნება უმაღლესი სასწავლებლებისა (ბაკალავრიატი, მაგისტრანტები) და უმაღლესი პროფესიული განათლების სტუდენტებისათვის. იგი ასევე გამოადგება საჯარო სკოლების უფროსკლასელებსა და პედაგოგებს.
უაკ: 54
დამხმარე სახელმძღვანელო არის ზოგადი და არაორგანული ქიმიის მიმართულებაზე კარგად აპრობირებული სახელმძღვანელოს სრულიად განსხვავებული ვერსია. მასში მოცემულია თანამედროვე ქიმიის საკითხები – ატომურ-მოლეკულური მოძღვრება, ქიმიურ რეაქციათა მიმდევრობის კანონზომიერებები, ნაერთთა კლასები, ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები და სხვა. თითოეულ თემას თან ახლავს შესაბამისი თეორიული მასალა, რათა სტუდენტს გაუადვილდეს ამ საკითხების დამუშავება და უკეთესად გაიაზროს ესა თუ ის ცდა.დამხმარე სახელმძღვანელო გათვალისწინებულია როგორც ქიმიური, ისე სხვა სპეციალობის სტუდენტებისათვის.
უაკ: 2(02)
მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის წიგნი „ალბანეთისა და ხუნძეთის საეკლესიო იურისდიქცია“ შეეხება საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციაში შემავალი ქრისტიანული დაღესტნის საეკლესიო ცხოვრებას შუა საუკუნეებში. წყაროების ჩვენებით აღმოჩნდა, რომ ჩრდილო კავკასია და დაღესტანი იტორიულად დასახლებული იყო ქართველებითა და ქართული საეკლესიო ენის მქონე მრავალრიცხოვანი მრევლით, ხოლო თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ქრისტიანული მოსახლეობა გაერთიანებული იყო ალბანეთის საკათალიკოსოში. არაბთა დაპყრობის შემდეგ ალბანეთის საკათალიკოსომ მიიღო მონოფიზიტური აღმსარებლობა და სომხური ეკლესიის ნაწილად იქცა. გარდა ამისა წიგნში გადმოცემულია სხვა მრავალი საკითხი, რომელიც საინტერესოა მკითხველისათვის.
უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II თავის ეპისტოლეებსა და ქადაგებებში ხშირად აღნიშნავს, საქართველოს ეკლესიის მთლიანობის შესახებ, რომ საქართველოს ყველა კუთხე ერთ საეკლესიო მთლიანობას შეადგენდა წმიდა ნინოს ეპოქიდანვე. საბჭოთა ათეისტურ ეპოქაში ჩამოყალიბდა ეკლესიისათვის სრულიად მიუღებელი თეორია, თითქოსდა დასავლეთ საქართველო 600 წლის მანძილზე IV-X სს. იმყოფებოდა არა საქართველოს, არამედ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში. ეს თეორია მთლიანად ეწინააღმდეგება ძველ ქართულ საეკლესიო ისტორიოგრაფიას, და ამასთანავე საეკლესიო სწავლებას, იმის შესახებ, რომ ჩამოყალიბებისთანავე საქართველოს ეკლესია იყო მთლიანი და ის თავის იურისდიქციაში მოიცავდა, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს. ეკლესიის ეს სწავლება კარგად აქვს გადმოცემული დიდ ივ. ჯავახიშვილს, რომელიც საქართველოს ეკლესიის მთლიანობის უდიდესი ქომაგი იყო. მისი მიდგომა ამ საკითხისადმი სამაგალითოა, რაც უნდა გაითვალისწინონ თანამედროვე ისტორიკოსებმა. სწორედ ამ საკითხს ეხება მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის ნაშრომი „ივანე ჯავახიშვილი და უწმიდესი პატრიარქი ილია II საქართველოს ეკლესიის ერთიანობის შესახებ“. რაც შეეხება ნოტიციებში აღნიშნულ როდოპოლისის, ზიგანას, საისინისა და პეტრას კათედრებს, ისინი მდებარეობდნენ არა დასავლეთ საქართველოში, არამედ ქართველთა უძველეს ქვეყანაში – ქალდეა – ტრაპეზუნტის რეგიონში, ხოლო დასავლეთ საქართველო მუდამ ქართული ეკლესიის იურისდიქციაში იმყოფებოდა.
უაკ: 72
განხილულია „აბრეშუმის გზის“ (ტრასეკას) უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა საქართველოსთვის, მომავალში კვლავ ამოქმედებასთან დაკავშირებული ფუნქციური და არქიტექტურულ-გეგმარებითი პრობლემების გადასაწყვეტი რეკომენდაციები.
უაკ: 681.3
სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ სტუდენტი შეძლებს საინფორმაციო და მიკროპროცესორული სისტემებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებასა და განხორციელებას NET პლატფორმაზე; სერიული პორტების, ADO.NET კლასებისა და ობიექტების შესწავლას და მათ გამოყენებას აღნიშნული ტიპის სისტემების შესაქმნელად.
უაკ: 624.012.35/46
დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია რკინაბეტონის ელემენტების დაპროექტების საერთაშორისო ნორმების – ევრონორმების მოთხოვნებისა და რეკომენდაციების თანამიმდევრული აღწერა, ასევე მოთხოვნები ბეტონისა და არმატურის შესახებ, პრინციპები რკინაბეტონის კონსტრუქციების დასაპროექტებლად. დეტალურადაა გადმოცემული ზიდვის უნარის მიხედვით გაანგარიშება და ნორმალური ექსპლუატაციისას გამოყენება ღუნვადი, შეკუმშული და გაჭიმული ელემენტებისათვის, კონსტრუქციებისათვის, რომლებიც გრეხასა და ჩაღუნვაზე მუშაობს. აღწერილია „მჭიმი და განმბჯენი“ მეთოდის გაფართოებული აღწერა. ყურადღება გამახვილებულია კონსტრუქციულ მოთხოვნებსა და კონსტრუირების მეთოდებზე, რომელიც განსხვავდება არსებული ნორმებისაგან. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს შემკვრელი არმატურის აღწერა და ის მოთხოვნები, რომელიც აუცილებელია მრავალსართულიანი კარკასული შენობების პროგრესირებადი რღვევისადმი წინაღობის უზრუნველსაყოფად. წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს სტუდენტებს, მაგისტრებს, ინჟინრებს, მეცნიერ-მუშაკებს და პედაგოგებს, ყველა მათ, ვინც დაინტერესებულია რკინაბეტონის კონსტრუქციებით.