უაკ: 621.1
სახელმძღვანელოში თანმიმდევრულადაა განხილული ის ძირითადი საკითხები და ამოცანები, რომელებიც განკუთვნილია თეორიული ცოდნის გაღრმავებისათვის საინჟინრო თერმოდინამიკის სასწავლო კურსში.
სახელმძღვანელოს თითოეულ თავში, თემატიკის მიხედვით, მოცემულია თეორიული ნაწილი, ფორმულები, ცხრილები, გრაფიკები და განმარტები, რომლებიც აუცილებელია ამოცანების ამოსახსნელად. ზოგიერთი ტიპური ამოცანა ამოხსნილია დაწვრილებით.
ამოცანები შედგენილია თბოენერგეტიკულ დანადგარებში მიმდინარე თერმოდინამიკური პროცესებისა და ციკლების გაანგარიშებისა და ანალიზის ჩასატარებლად. სახელმძღვანელოში განხილულია ისეთ მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: სხეულის მდგომარეობის პარამეტრები; იდეალური აირები და აირების ძირითადი კანონები; აირთა სითბოტევადობა; თერმოდინამიკის პირველი და მეორე კანონი; ძირითადი თერმოდინამიკური პროცესები; წრიული პროცესები ანუ ციკლები; წყლის ორთქლი; სითხეების და აირების გამოდინება; ორთქლძალური და მაცივარი დანადგარების ციკლები; ტენიანი ჰაერი.
ავტორები მადლობას უხდიან ლიზი გაბრიჭიძეს, დედანის მომზადებაში გაწეული ტექნიკური დახმარებისათვის.ყოველ მართებულ შენიშვნას ავტორები კმაყოფილებით მიიღებენ და გაითვალისწინებენ.
უაკ: 536.22
მონოგრაფიაში ასახულია ავტორთა მიერ წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევების შედეგები, რომელთა თანახმად, თბოგამცემ ზედაპირზე ხელოვნური ხორკლიანობის შექმნა განაპირობებს კონვექციური თბოგაცემის ინტენსიურობის მნიშვნელოვან ზრდას ერთფაზა სითხის როგორც დახურულ არხებში დაწნევით დინების, ისე ზედაპირზე აფსკის სახით ჩამოდინების პირობებში.
ექსპერიმენტულად დადგენილია, რომ თბოგამცემ ზედაპირზე ხორკლიანობის შექმნა განაპირობებს თბოგაცემის მნიშვნელოვან (3-ჯერ და მეტად) ინტენსიფიკაციას ვერტიკალურ ზედაპირზე სითხის აფსკის ჩამოდინების პირობებში.
განხილულია თეორიული საკითხები, რომლებიც შეეხება ხორკლიანი ზედაპირებისათვის თერმოჰიდროდინამიკური ანალოგიის გამოყენების პრობლემებს.
წარმოდგენილია ხორკლიანი ზედაპირის თბოგაცემის პროცესის ფიზიკური მოდელი. ამ მოდელის საფუძველზე მიღებულია თბოგაცემის ინტენსიურობის საანგარიშო ფორმულა, რომელიც კარგად აზოგადებს ექსპერიმენტულ მონაცემებს.
მონოგრაფია განკუთვნილია ენერგეტიკის, ქიმიური მრეწველობის, მეტალურგიისა და სხვა დარგების სპეციალისტებისათვის, ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 624;69
სახელმძღვანელო სტრუქტურითა და შედგენილობით აგებულია ბაკალავრიატის საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა „მშენებლობის“ შესაბამისად. მოიცავს სამშენებლო საქმის ზოგად დებულებებს, არქიტექტურული და სამშენებლო დიზაინის შესახებ ინფორმაციას, შენობებისა და ნაგებობების მშენებლობის ტექნოლოგიას, ორგანიზაციას, მონიტორინგს, ხარისხის შეფასებას, მშენებლობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის საკითხებს.
განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის „მშენებლობის“, „სამოქალაქო ინჟინერიის“ და სხვა მონათესავე პროგრამების ბაკალავრებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
უაკ: 004
სახელმძღვანელოში წარმოდგენილია კომპიუტერის არქიტექტურისა და ორგანიზაციის საკითხები იერარქიის სხვადასხვა დონეზე. განხილულია როგორც კომპიუტერების თაობები, ტიპები, თვლის პოზიციური სისტემები და ციფრული ლოგიკური დონე, ისე კომპიუტერის მოწყობილობები, მათი მახასიათებლები და მუშაობის პრინციპები, ნაჩვენებია თანამედროვე ტენდენციები კომპიუტერების განვითარების სფეროში.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
უაკ: 167
სახელმძღვანელოში მოცემულია მეცნიერული კვლევის გნოსეოლოგიური საფუძვლები, მეცნიერული ცოდნის აგების მეთოდოლოგიური პრინციპი, თეორიული და ემპირიული კვლევების ზოგადმეცნიერული მეთოდები, ექსპერიმენტის დაგეგმვის თეორიის საკითხები და კვლევის შედეგების მათემატიკური დამუშავება.
მასალის ათვისების გაიოლების მიზნით მოცემულია ამოცანების ამოხსნის ნიმუშები.
განკუთვნილია სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისათვის.
უაკ: 07
სახელმძღვანელო მიზნად ისახავს მედიის კვლევის ძირითადი მეთოდების კლასიფიკაციას, განმარტებას, მათი გამოყენების სფეროების გამოკვეთას და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის იმ თეორიული ბაზის შექმნას, რომელიც აუცილებელია კვლევითი ნაშრომის შესრულებისათვის საჭირო უნარების შესაძენად. კერძოდ, სახელმძღვანელოში საუბარია, რით უნდა იხელმძღვანელოს სტუდენტმა საკვლევი თემის შერჩევისას, რა სამუშაო უნდა შესრულდეს კვლევის კაბინეტურ, საველე ეტაპებზე, რა ტექნიკები უნდა გამოიყენოს ემპირიულ მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზისას. აქვე წარმოდგენილია სხვადასხვა მედიის კვლევების ძირითადი მიმართულებები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებისა და მედიის კვლევით დაინტერესებულ მკითხველთათვის.
უაკ: 54.546
სახელმძღვანელო შექმნილია არაორგანული სინთეზის თეორიული საკითხების შესაბამისი ლაბორატორიული სამუშაოების სწავლების ხანგრძლივი გამოცდილების საფუძველზე. ნაშრომში გადმოცემული თეორიული საკითხები განხილულია ქიმიის მეცნიერების განვითარების შესაბამის თანამედროვე დონეზე და მოიცავს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ყველა საკითხს.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ქიმიური სპეციალობების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.
უაკ: 631.35
ნაშრომში განხილულია სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის აღების თანამედროვე ტექნოლოგიები და მათი შესრულებისას გამოყენებული მანქანები, ასევე სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ზოგიერთი თვისება რომელიც განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ამღები მანქანების სამუშაო ნაწილების ძირითადი პარამეტრების შერჩევაზე.
სახელმძღვანელოს შედგენისას გამოყენებულ იქნა სხვადასხვა ლიტერატურული წყაროა და ავტორთა მიერ ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგები.
განკუთვნილია აგრონომიის, აგროტექნოლოგიისა და მეცხოველეობის სპეციალობების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. ასევე გამოადგება ფერმერებსა და ამ მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებს.