უაკ: 663.252
მონოგრაფიაში გადმოცემულია ქვევრის ღვინის მიღების ქართული ტექნოლოგიის მეცნიერული საფუძვლები, ტექნოლოგიისა, რომელსაც იუნესკომ 2013 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. წიგნში დეტალურადაა აღწერილი ღვინის წარმოქმნის, ფორმირების, დავარგებისა და დაძველების სტადიებზე მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური გარდაქმნები; განხილულია ალკოჰოლური დუღილის პროცესზე მოქმედი სხვადასხვა ფაქტორი; აღწერილია ღვინის მიღების ევროპული და ქართული ტექნოლოგიებისა და ამ ტექნოლოგიებით მიღებული ღვინის თავისებურებანი; აღწერილია ღვინის დაავადებები და მათი გამოსწორების გზები; მონოგრაფიაში დეტალურადაა გამოკვლეული როგორც ევროპული ტიპის, ისე ქართული ღვინის ფალსიფიკაციისას მიმდინარე ცვლილებები, შემოთავაზებულია ღვინის ნატურალურობის მაჩვენებელი ფიზიკურ-ქიმიური კრიტერიუმები. წიგნი განკუთვნილია მეღვინეობის სფეროში დასაქმებული მეცნიერებისა და სპეციალისტებისათვის. ის ასევე დიდ დახმარებას გაუწევს პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, მეღვინეობის საგანმანათლებლო პროგრამის თეორიული კურსის ათვისებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.
უაკ: 577.4:51
მონოგრაფია არ არის მათემატიკური ეკოლოგიის სისტემური სახელმძღვანელო, თუმცა მისი მიზანია წარმოადგინოს, თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული მათემატიკური მეთოდები გარემოს დაცვის პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტისას. მასალების ფართო სპექტრი და მაგალითების მრავალფეროვნება ნაშრომს სასარგებლოს ხდის დარგის მკლევრების, აგრეთვე ეკონომიკისა და სხვა დარგის სპეციალისტებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გარემოს დაცვის საკითხებით.
უაკ: 681.3
მონოგრაფიაში გადმოცემულია ორგანიზაციული პროცესების მართვის სრულყოფის გზების თეორიული და პრაქტიკული საკითხები მოდელური ინჟინერიის ბაზაზე, რაც პროგრამული ინჟინერიის განვითარების ერთ-ერთი უახლესი მიმართულებაა. ორგანიზაციული პროცესების მართვა განხილულია საბანკო-საკრედიტო სისტემის მაგალითზე. შემოთავაზებულია საკრედიტო მრჩევლის ანალიტიკური ავტომატიზებული სისტემის აგება და რეალიზაცია. სისტემის მოდელის აგება და კვლევა წარმოებს პროგრამული ინჟინერიის ტექნოლოგიების (მ.შ. ბიზნესპროცესების მოდელირების ენის, უნიფიცირებული მოდელირების ენის, ბიზნესწესების მოდელირებისა და მოდელებით მართვადი არქიტექტურის) ბაზაზე. სისტემის ანალიტიკური ფუნქციების მოდელირებისთვის გამოიყენება სესხის გაცემის ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების ხელშემწყობი სისტემებისა და მეთოდების დამუშავება, ხოლო სისტემის ინფორმაციული და პროგრამული უზრუნველყოფა ხორციელდება სერვისორიენტირებული არქიტექტურის ბაზაზე. მონოგრაფია განკუთვნილია პრაქტიკული და გამოყენებითი ინფორმატიკის დარგის სპეციალისტებისთვის. იგი საინტერესო იქნება აგრეთვე დოქტორანტების, მაგისტრანტების, ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, რომლებიც მოღვაწეობენ ორგანიზაციული სისტემების ბიზნესპროცესების მოდელირებისა და პროგრამული დეველოპმენტის სფეროში.
უაკ: 004.5
მონოგრაფიაში განხილულია კორპორაციულ ორგანიზაციებში ERP სისტემის დანერგვის ბიზნესპროცესები. პროექტი დაყოფილია სამ დონედ: სტრატეგიული, ტაქტიკური და ოპერაციული. თითოეული დონისთვის განსაზღვრული პროცესები მოდელირებულია BPMN სტანდარტების საფუძველზე, ხდება მათი შედარება UML ტექნოლოგიასთან. მოცემულია ორგანიზაციული მართვის კონკრეტული ფუნქციური ქვესისტემების ავტომატიზაციის საკითხები ERP სისტემის დანერგვის შედეგად, მათ შორის ლოგისტიკური მენეჯმენტისთვის. შემოთავაზებულია ადამიანური რესურსების მართვის, ხელფასის დარიცხვის სისტემის, პროდუქციის შესყიდვებისა და ტვირთის გადაზიდვის ოპერატიული მართვის პროცესების მოდელირება Bizagi-ს გამოყენებით. წარმოდგენილია პეტრის ფერადი ქსელების (CPN) გამოყენება სერვისული პროცესების იმიტაციური მოდელის ასაგებად და მისი ფუნქციონირების დროითი მახასიათებლების გამოსაკვლევად. მოცემულია ERP/MRP სისტემების ქართული მწარმოებელი კომპანიების მარკეტინგული ანლიზი. ექსპერიმენტულ ნაწილში განხილულია საწარმოში არსებული ბიზნესპროცესების მენეჯმენტისა და ავტომატიზაციის გაუმჯობესების გზები, პროცესების მოდელირების გამოყენებით. ბიზნესპროცესების მოდელირებისა და პროგრამული რეალიზაციისთვის გამოყენებულია Bizagi-ს ორი ინსტრუმენტი Process Modeler და BPM Suite. მონოგრაფია საინტერესო იქნება მართვის საინფორმაციო სისტემების (MIS) და ბიზნესადმინისტრირების (BA) სპეციალობის მაღალი კურსის სტდენტების, მაგისტრანტ-დოქტორანტებისა და სპეციალისტებისთვის.
უაკ: 674.093
მონოგრაფიაში ანალიზის საფუძველზე დასაბუთებულია მთიან ტყეკაფებზე ხე-ტყის მთლიანად დატვირთულ მდგომარეობაში მორთრევის მიზანშეწონილობა, რისთვისაც შექმნილია ახალი ორიგინალური მორსათრევი თვითმტვირთავი აგრეგატი. აგრეგატი აღჭურვილია ძარა-ანძის სახსრულ-ბერკეტულ-კბილანური მექანიზმებით, რომლებითაც ხორციელდება ძარისა და ანძის გადაყვანა მორსათრევ, დასატვირთ და სატრანსპორტო მდგომარეობაში. ჩატარებულია გამოკვლევები მორსათრევი თვითმტვირთავი აგრეგატის გრძივი მდგრადობის ზღვრული შესაძლებლობების დასადგენად მთიანი ტყის ქანობზე ექსტრემალურ პირობებში ექსპლუატაციის დროს. მონოგრაფია განკუთვნილია ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ასევე დახმარებას გაუწევს ხე-ტყის დამზადების საწარმოებში მომუშავე ინჟინრებს, კონსტრუქტორებს და, საერთოდ, ამ დარგის სპეციალისტებს თეორიული და პრაქტიკული საკითხების გადასაწყვეტად.