უაკ: 546
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ქიმიის ძირითადი ცნებები და კანონები, ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა და არაორგანულ ნაერთთა ძირითადი კლასები. მოცემულია თანამედროვე შეხედულებები ატომის აღნაგობასა და ქიმიურ ბმებზე. საფუძვლიანად არის ჩამოყალიბებული კინეტიკის, ხსნარის, ჟანგვა-აღდგენისა და ელექტროქიმიური პროცესების საკითხები.განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის სპეციალობების პროფესიული სწავლების სტუდენტებისთვის, ასევე ზოგადი ქიმიის საკითხებით დაინტერესებულ პირთათვის.
უაკ: 622. 342
დამხმარე სახელმძღვანელოში ყურადღება განსაკუთრებით გამახვილებულია პლატინოიდების მოპოვებისა და გადამუშავების, აგრეთვე აფინაჟის საკითხებზე. ფართოდაა გაშუქებული პლატინოიდების ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, აგრეთვე მათი ქცევა მადნების გამდიდრების პროცესებში, პლატინისა და მისი ჯგუფის ელემენტების წარმოების მეთოდები. ნაშრომში განხილულია სულფიდური მადნების გადამუშავებისას პლატინისა და მისი ჯგუფის ლითონების ქცევის ფიზიკურ-ქიმიური საფუძვლები. დამხმარე სახელმძღვანელოში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პლატინაშემცველი შლამებისა და მეორეული პლატინაშემცველი ნედლეულის გადამუშავების საკითხებს. განხილულია პლატინის ჯგუფის ლითონების შენადნობები და მათი გამოყენების სფეროები. წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის ფერადი ლითონების მეტალურგიის სპეციალობის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის, ასევე, პროფესიული სწავლების სტუდენტებისათვის.
უაკ: 627.2/3
ნაშრომში განხილულია საზღვაო ნავსადგურები, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ლოჯისტიკური კვანძები, სადაც სამოქალაქო საზღვაო ფლოტის სხვადასხვა სახეობით მიმდინარეობს საკონტინენტთაშორისო ტვირთბრუნვა.ყურადღება გამახვილებულია პორტების ტექნიკურ აღჭურვაზე სხვადასხვა სახეობის ტვირთის დატვირთვა-განტვირთვის სამუშაოთა მექანიზაციისა და ავტომატიზაციის კუთხით.წიგნი განკუთვნილია ტექნიკური პროფილის უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის, ლექტორებისა და საზღვაო ტრანსპორტით დაინტერესებულ პირთათვის.
უაკ: 616-07
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია მშენებლობის და მანქანათმშენებლობის სპეციალობის სტუდენტებისათვის. კურსი დაეხმარება სტუდენტს, გამოიმუშაოს პრაქტიკული ჩვევა კონკრეტული ამოცანების ამა თუ იმ კონსტრუქციის და მანქანა-დანადგარების დიაგნოსტიკის მეთოდების შესწავლის დროს. დამხმარე სახელმძღვანელო დიდ დახმარებას გაუწევს ტექნიკური დიაგნოსტიკისა და ექსპერტიზის დარგში მომუშავე სპეციალისტებს.
უაკ: 54.04
დამხმარე სახელმძღვანელოში „ქიმიური ნაერთების გავლენა ბიოსფეროსა და ცოცხალ ორგანიზმზე“ განხილულია ქიმიური ელემენტებისა და მათი ნაერთების მოხვედრის გზები ბიოსფეროსა (ატმოსფერულ ჰაერში, ჰიდროსფეროში, ნიადაგში) და ცოცხალ ორგანიზმებში (ჰიდრობიონტში, ხმელეთის ცხოველებში, ადამიანებში), მათი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები, დისბალანსის მიზეზები. წიგნი განკუთვნილია სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიის, გარემოს დაცვის ინჟინერიისა და უსაფრთხოების სპეციალობის სტუდენტებისათვის.
უაკ: 7:688
დამხმარე სახელმძღვანელოს საფუძვლიანი გაცნობა-შესწავლის შედეგად, თქვენ ჩაწვდებით ხელოვნების ანბანს, საწყის საფეხურს იმ რთული მეცნიერებისას, რასაც ხელოვნება ჰქვია, გაერკვევით მის დარგებსა და მასში შემავალ ჟანრებში, შეიმეცნებთ ხელოვნებათმცოდნეობის ძირითად კრიტერიუმებს, ფუნქციასა და დანიშნულებას, მის განმსაზღვრელ ნიშან-თვისებებს. თქვენთვის ნათელი ხდება სახვითი (და არა მხოლოდ მისი) ხელოვნების ნამუშევრების აღქმა და „დანახვა“. სრულყოფილი საზრისიანობის უნარის გამომუშავება ხდება მხოლოდ ნაწარმოებთა ღრმა ანალიზის საფუძველზე. ამისთვის კი საჭიროა ხელოვნების ნაწარმოებებში მუდმივი ჩართულობა, რაც „აშალაშინებს“ თვალს, გონებას და აფართოებს აზროვნების არეალს.
უაკ: 674
დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია ექსპერიმენტული კვლევის შედეგების ანალიზისა და დამუშავების ძირითადი მეთოდები. განხილულია ემპირიული ფორმულების პარამეტრების განსაზღვრა უმცირეს კვადრატთა მეთოდითა და ემპირიული მონაცემების მოგლუვების საკითხები წრფივი და განმეორებითი მოგლუვებისას. მოცემულია ძირითადი ცნებები კორელაციური დამოკიდებულებების შესახებ, გამოთვლილია კორელაციის ემპირიული კოეფიციენტები და მიღებულია რეგრესიის ემპირიული წრფის განტოლებები. წიგნი განკუთვნილია მერქნული მასალების დამზადებისა და დამუშავების ტექნიკისა და ტექნოლოგიების სპეციალობის მაგისტრანტებისათვის. იგი შეიძლება გამოიყენონ დოქტორანტებმაც.
უაკ: 741/744
მეთოდურ მითითებებში გახილულია ხაზთა ტიპების, შეუღლების, ზომების დასმის, აგრეთვე მოდელის მოცემული ორი ხედის მიხედვით მესამე ხედის აგების მაგალითები და მათი ამოხსნა. მოცემულია თეორიული მასალა აღნიშნული მაგალითების შესასრულებლად. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სპეციალობათა ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, რომელთა სასწავლო გეგმით გათვალისწინებულია საინჟინრო გრაფიკის სრული კურსის შესწავლა. ასევე შეიძლება გამოიყენონ უმაღლესი პროფესიული განათლების სტუდენტებმა და ხაზვით დაინტერესებულმა პირებმა.
უაკ: 681.3
მეთოდიკურ მითითებებში განხილულია სხვადასხვა სახის ორგანიზაციული მართვის ობიექტების დაგეგმვის, აღრიცხვის, კონტროლისა და ანალიზის პრაქტიკული ამოცანები. მოცემულია მათი აღწერა, განსაზღვრულია საწყისი მონაცემები, მისაღები შედეგები, მათემატიკური მოდელები და ალგორითმები; დოკუმენტის ფორმები, საწყისი და საანგარიშო შედეგების ჩასაწერად; განსაზღვრულია ლაბორატორიული სამუშაოების შესრულების თანამიმდევრობა, რომელთა საფუძველზეც შეიძლება განხორციელდეს მათი ავტომატიზაცია. წიგნი განკუთვნილია პროგრამული ინჟინერიის (მართვის ავტომატიზებული სისტემების) სპეციალობის სტუდენტებისათვის.