უაკ: 615.015
განხილულია მოზარდის საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების კლინიკური მიმდინარეობის ეპიდემიოლოგიური თავისებურებები. რისკის ფაქტორთა და მათი კომბინაციების ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბებულია მიზანშეწონილ პრევენციულ ღონისძიებათა იერარქიული თანამიმდევრობა დიფერენცირებულად: პრაქტიკულად ჯანმრთელი, რისკისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადების მქონე მოზარდთა ჯგუფებისთვის. დადგენილია ამ დაავადებათა ჰომეოპათიური პრევენციული ფარმაკოთერაპიის ეფექტურობა მტკიცებითი მედიცინის მოთხოვნათა შესაბამისად.განკუთვნილია მეცნიერების, პრაქტიკოსი ექიმების, განსაკუთრებით პრაქტიკოსი ჰომეოპათების, ფარმაცევტების, სტუდენტებისა და მედიცინით დაინტერესებული პირებისათვის, რომლებსაც სურთ გაეცნონ ამ საინტერესო, უსაფრთხო და ეფექტური მიდგომის ძირითად არსს, ჰომეოპათიური წამლის თავისებურებებსა და ეფექტურობას. მნიშვნელოვანია, რომ ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგებს გაეცნონ არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის პროფესიონალები და სტუდენტები, არამედ თვით მოზარდები და მათი მშობლები.
უაკ: 001
მონოგრაფიაში განიხილება შემოქმედებითი აზროვნების მეთოდოლოგიების შემქმნელი სპეციალისტების დე ბონოს, პოიას, ალტშულერის და სხვათა ნააზრევი. ამგვარ კონცეფციებზე დაყრდნობით, შემოთავაზებულია ახლებური მიდგომა ზოგიერთი რთული პრობლემის გადასაწყვეტად.განკუთვნილია საინჟინრო სპეციალობის შემსწავლელი სტუდენტებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის.
უაკ: 681.3
განხორციელებულია მოდელირების თანამედროვე ტექნოლოგიების ბაზაზე კომპიუტერული ქსელების დაპროექტების მეთოდოლოგიური გარემოს დამუშავება. დამუშავებულია საკვლევი მოდელები, რომლებიც უზრუნველყოფს პროვაიდერული ცენტრების დაგეგმარებისა და მართვის ამოცანის ეფექტურ გადაწყვეტას და პროვაიდერული ცენტრების, როგორც ერთიანი სისტემის, გააზრებას. განკუთვნილია მეცნიერი მუშაკების, დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კომპიუტერული ქსელების კვლევისა და დაპროექტების საკითხებით.
უაკ: 001.8.551.482.215.3.627.14
შემუშავებულია მეთოდოლოგია სტატისტიკური რიგების ანალიზის, მათი მახასიათებლების დადგენის, ურთიერთდამოკიდებულებათა შეფასების, საპროგნოზო პრედიქტორების შერჩევის, ოპტიმალური საპროგნოზო მოდელის შედგენისა და საპროგნოზო განტოლებათა განსაზღვრისათვის შესაბამის შეფასებათა კრიტერიუმებით. შედგენილია საქართველოს მდინარეთა წყალდიდობების ჩამონადენისა და მათი მაქსიმალური ხარჯების გრძელვადიანი (2-3 თვის დროულობის) და წყალმოვარდნების მოკლევადიანი (12-24 სთ-ის წინსწრებით) საპროგნოზო მეთოდები. წყლის მაღალი პიკის შემთხვევისათვის, მათი უსაფრთხოების მიზნით, შედგენილია ჩასატარებელ ღონისძიებათა რეკომენდაციები. მდინარეთა საპროგნოზო მეთოდები და რეკომენდაციები შეიძლება გამოყენებულ იქნეს კატასტროფული წყალდიდობა-წყალმოვარდნებით გამოწვეული ნეგატიური შედეგების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების დაგეგმარებისათვის სამთავრობო, საპროექტო და სამეურნეო ორგანიზაციების მიერ. შემუშავებული მეთოდოლოგიით შესაძლებელია ნებისმიერი სახის მონაცემების ანალიზი და პროგნოზირება, ამიტომ ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მეცნიერების სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მიერ კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად. ნაშრომი დიდ დახმარებას გაუწევს დამპროექტებლებს, გზათა მშენებლებს, ჰიდროტექნიკოსებს, ენერგეტიკოსებს, ეკოლოგებს, საგანგებო სიტუაციების სამსახურს და სხვა. ნაშრომი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც დამხმარე სახელმძღვანელო შესაბამისი მიმართულების ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.
უაკ: 551.482.215.1.7.627.14
მონოგრაფიაში აღწერილია საპროგნოზო მეთოდოლოგია ინფორმაციის უკმარისობის პირობებში. საქართველოს მთავარ მდინარეთა სამეურნეო დანიშნულების ჰიდროკვეთებისათვის შემუშავებულია სავეგეტაციო პერიოდის, აგრეთვე კვარტალური, თვიური, დეკადური და დღეღამური წყლის ხარჯების საპროგნოზო მეთოდები. პირველად შემუშავდა ჯვარის, ვარციხისა და ჟინვალის წყალსაცავებში წლის სხვადასხვა პერიოდში ჩამდინარე წყლის ხარჯების საპროგნოზო მეთოდები. მიღებული საპროგნოზო მეთოდები აუცილებელია ჰიდროელექტრო-სადგურების, წყალსაცავების, წყალმომარაგებისა და სარწყავი სისტემების უსაფრთხო და ეფექტური ექსპლუატაციისათვის. მათ საფუძველზე დგება წყლის რესურსების რაციონალური ხარჯვის გეგმები, წყალსაცავების დისპეტჩერული გრაფიკები და სხვა გაანგარიშებები, რითაც გაიზრდება ელექტროენერგიის გამომუშავება, გაუმჯობესდება წყალმომარაგება და ამაღლდება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა. ამიტომ ეს ნაშრომი დიდ დახმარებას გაუწევს აღნიშნული ჰიდროობიექტების მუშაკებს. მონოგრაფია განკუთვნილია იმ მეცნიერებისა და სპეციალისტების, აგრეთვე ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, რომლებიც მუშაობენ ჰიდროლოგიის, ჰიდროტექნიკის, ენერგეტიკის, გეოგრაფიის, ეკოლოგიის და სხვა განხრით.
უაკ: 621.1
ენერგეტიკული პოტენციალის მქონე ნარჩენი ბიომასის წინამდებარე კადასტრის გამოცემის მიზანია, გამოავლინოს საქართველოს რეგიონებში არსებული სხვადასხვა სახეობის ნარჩენი ბიომასის სათბობად გამოყენების შესაძლო მასშტაბები და ტექნიკური შესაძლებლობები, მისი გამოყენების ეკონომიკა და კონკურენტუნარიანობა, შექმნას სათანადო საფუძველი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ბიონარჩენებზე მომუშავე ენერგოეფექტური გათბობის სისტემების ფართომასშტაბიანი დანერგვისათვის, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად აამაღლებს სოფლის მოსახლეობის საქმიანობის ეფექტურობას, ეკონომიკურ კეთილდღეობას და გააჯანსაღებს ეკოლოგიურ მდგომარეობას საქართველოში. ჩატარებული კვლევების საფუძველზე შემუშავებულია ნარჩენი ბიომასის ენერგეტიკული პოტენციალის განსაზღვრის მეთოდიკა, დადგენილია მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურების მოსავალი და შინაური ცხოველების სულადობა, ნარჩენების კოეფიციენტები, თბოუნარიანობები, ენერგიის მისაღებად გამოსაყენებელი ბიომასის რაოდენობები და მათი ენერგეტიკული პოტენციალის მნიშვნელობები. შედეგები მიღებულია როგორც მცენარეული კულტურებისა და შინაური ცხოველების სახეობების მიხედვით, ისე საქართველოს იურისდიქციაში არსებული რეგიონებისა და რაიონების ჭრილში.
უაკ: 629. 113.+629. 11.012.
განხილულია ავტორის მიერ დაპატენტებული საკიდარის, მაძრავისა და კარდანული სახსრის ახალი კონსტრუქციების შეთანწყობის შედეგად მიღებული ავტომობილის მამოძრავებელი მექანიზმი.შესწავლილია და დადგენილია ხმელეთზე მოსიარულე ბინადართა სიმდოვრის პირობა. საკიდარისა და მაძრავის კონსტრუქციები აგებულია ამ პირობაზე დაფუძნებით და მიღებულია გაუმჯობესებული მდოვრე სვლა და გამავლობა, რაც დასტურდება მათემატიკური მოდელების გამოთვლის შედეგად. აქვს გადაბიჯების საშუალება გარკვეულ უსწორობებზე და არის გორვითმაბიჯა, რაც არის სიახლე ავტომობილის მაძრავებს შორის.წარმოდგენილია ახალი კონსტრუქციის ჯვარედინად განლაგებული ოთხკოტიანი თანაბარკუთხურსიჩქარიანი კარდანული სფერული სახსარი, რომელშიც მაბრუნი მომენტის გადაცემა ხდება კოტების მეშვეობით, ხაზური კონტაქტით და შესაძლებელია სამუშაო რესურსის გაზრდა დიდი მაბრუნი მომენტის გადაცემისას.მონოგრაფია „ავტომობილის სვლის სიმდოვრისა და გამავლობის ამაღლების მეთოდები“ განკუთვნილია, მანქანათმშენებლობისა და ავტომობილის თეორიისათვის, ამ დარგებში მომუშავე სამეცნიერო-კვლევითი და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისათვის.
უაკ: 669.018.95:621.793
განხილულია ტექნიკის დარგებში გამოყენებული კერამიკული მასალების მიღების ტექნოლოგია, თვისებები და გამოყენების სფეროები. შესწავლილია მყარი სხეულების სტრუქტურულ-მექანიკური, თერმომექანიკური, თერმული, ფიზიკურ-ქიმიური და თბოფიზიკური თვისებები. დადგენილია დამოკიდებულება სტრუქტურულ და მექანიკურ თვისებებს შორის. განხილულია როგორც ტექნიკის მოწინავე დარგებში გამოყენებული ჟანგბადიანი, ისე უჟანგბადო კერამიკული მასალები, ნაკეთობები: კარბიდების, ნიტრიდების და სილიციდების ნაერთებისაგან. განკუთვნილია სამეცნიერო, საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისათვის, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლებისა და კერამიკულ წარმოებაში მომუშავე პერსონალისათვის.
უაკ: 004.5
განიხილება კორპორაციულ სისტემებში თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების საშუალებების, მათ შორის მონაცემთა მულტიმედიური საცავების დაპროექტების, პროგრამული და აპარატურული რეალიზაციის პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები სერვისორიენტირებული არქიტექტურის ბაზაზე. შემოთავაზებულია ელექტრონული საარჩევნო სისტემის, როგორც რთული და დიდი სისტემის მოდელირების, ობიექტორიენტირებული დაპროექტების, ობიექტორიენტირებული ანალიზის და შემდგომი პროგრამული რეალიზაციის საკითხები. გაანალიზებულია დასმული პრობლემების გადაწყვეტის საზღვარგარეთული გამოცდილება, არსებული მეთოდები, არქიტექტურა, პრინციპები, მოდელები, რომლებიც აუცილებელია ელექტრონული საარჩევნო სისტემის წარმატებით დასანერგად. მონოგრაფია განკუთვნილია მართვის საინფორმაციო სისტემების (Management Information Systems) დოქტორანტების, მაგისტრანტების, აგრეთვე ვებ-ტექნოლოგიების შექმნის საკითხებით დაინტერესებული სპეციალისტებისა და მკითხველისათვის.