უაკ: 282.2
მონოგრაფიაში განხილულია მდინარე არაგვის აუზის ფიზიკური გარემო, მასზე მოქმედი ნეგატიური ფაქტორები, მეწყერსაშიში და ერო-ზიული განვითარების უბნები, მცენარეული საფარის მდგომარეობა.
პრიორიტეტულად გამოსახულია მდ. არაგვის აუზის ეკოქიმიური კვლევები – წყლის ნიმუშის სრული ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზი, მდინარის ფსკერული ნალექების ქიმიური ანალიზი, რომელიც განხორციელდა ISo და USEPA სტანდარტული მეთოდების გამოყენებით. შესწავლილია და შეფასებული მდინარე არაგვის წყალზე ანთროპოგენური ფაქტორების გავლენა და დაბინძურების წყაროები, დასახლებული პუნქტების საკანალიზაციო კოლექტორებისა და ჩამდინარე წყლების გაწმენდის მდგომარეობა, ჟინვალის წყალსაცავის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ეკოლოგიური რისკები. დასახულია გარემოსდაცვითი და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების, მდინარის დაბინძურებისაგან დაცვის პრევენციული ღონისძიებები და მონიტორინგის სტრატეგია.
განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
უაკ: 504.661.68.556.614.7
მონოგრაფიაში განხილულია რაჭისა და ქვემო სვანეთის სამრეწველო რეგიონებში დარიშხანის სამრეწველო ნარჩენების განთავსების პირობების ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება, აგრეთვე დარიშხანის ტოქსიკური ნარჩენებით დაბინძურების გავრცელების ძირითადი და შესაძლო მიმართულებების დადგენა. მოცემულია ჩატარებული ექსპედიციური და ეკოქიმიური კვლევების შედეგების მიხედვით მდინარეების ლუხუნისა და ცხენისწყლის წყალსა და ფსკერულ დანალექებში დარიშხანის კონცენტრაციათა განაწილების, გავრცელების რიცხვითი მოდელი სტაციონარული წყაროების მიხედვით.
გამოცემა განკუთვნილია გარემოსდაცვითი ინჟინერიის, საინჟინრო ეკოლოგიის მიმართულებით მომუშავე დოქტორანტების, მაგისტრანტების, ინჟინერ-ტექნიკური მუშაკებისა და მეცნიერი თანამშრომლებისათვის.
უაკ: 536.421.5
მონოგრაფიაში განხილულია მყარი მასალების მიღების ტექნოლოგიები და მათში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური პროცესები კერამიკული კომპოზიტების კონსოლიდაციის პროცესში. მოცემულია მასალათა თვისებები მათში ფორიანი ფაზის შემცველობაზე დამოკიდებულებით და გამოყენების სფეროები. განხილულია მასალის თვისებების დამოკიდებულება მატრიცაში ფორიანი ფაზის შემცველობაზე, როგორც თხიადფაზური შეცხობის, ასევე შერეული და მყარფაზური შეცხობის პროცესებისათვის: კარბიდების, ბორიდების, ნიტრიდების და სილიციდების ბაზაზე მიღებული კომპოზიტებისათვის. მოცემულია მასალათმცოდენეობის საკითხები და ზოგიერთი განმარტება. შესწავლილია კომპოზიტების მორფოლოგიური თვისებები ელექტრონულ-მიკროსკოპული, რენტგენოსტრუქტურული და ოპტიკური კვლევების საფუძველზე. გარე და შიგა ფაქტორების ზემოქმედება მასალათა თვისებებზე, სტრუქტურულ ცვლილებებზე. მიკრო- და მაკრომექანიკური თვისებები, დამოკიდებულებით ფორიანი ფაზის შემცველობაზე მატრიცაში, სინთეზირებული, კონსოლიდირებული მასალებისათვის, როგორც ქსენომორფულ, ასევე იდიომორფულ სტრუქტურებში. წარმოდგენილია ავტორის ხუთი მათემატიკური ფორმულა: დაშლის დაძაბულობის ენერგიის ფორმულა, თერმოგრადიენტული ეფექტის ფორმულა, მაკრომექანიკური თვისებების ფორიანი ფაზაზე დამოკიდებულების ფორმულა, მასალათა მექანიკური მოდულის ფორმულა, კომპოზიტების მაკრო- და მიკრომექანიკური თვისებების დამოკიდებულების ფორმულა მატრიცაში კრისტალური ფაზის შემცველობაზე. აღნიშნული ფორმულები დატესტილია წარმოდგენილ სხვადასხვა სტრუქტურული შედგენილობის მასალაზე.
მონოგრაფია განკუთვნილია ყველა იმ ფაკულტეტის და ინსტიტუტის თანამშრომლებისათვის, ვისაც შეხება აქვს მასალებთან. შესაძლებელია გამოიყენონ ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის, სამშენებლო, სატრანსპორტო, მანქანათმშენებლობის სპეციალობის სტუდენტებმა.
უაკ: 633.72
აღწერილია მატეს სამშობლო, მატეს წარმოების ნედლეული. მოყვანილია ძველი ინდიელების ლეგენდები მატეს სასარგებლო თვისებების შესახებ. წარმოდგენილია მატეს ქიმიური შედგენილობა და ის სასარგებლო თვისებები, რომლებიც მას პოპულარულს ხდის მსოფლიოში. ნაჩვენებია, რომ, ნადლეულის მარაგის სიმცირის გამო, მატეს წარმოება ვერ აკმაყოფილებს მასზე მთელ მსოფლიოში გაზრდილ მოთხოვნილებას, რაც განაპირობებს ახალი ნედლეულის გამოძებნისა და მატეს მსგავსი ჩაის წარმოებისათვის ახალი ტექნოლოგიების დამუშავების აუცილებლობას. ასეთ ნედლეულად მიჩნეულია კავკასიური როდოდენდრონი, საიდანაც შესაძლებელია ჯანმრთელობისათვის ძალზე სასარგებლო პროდუქციის წარმოება.
უაკ: 519.6
წიგნი ეძღვნება საქართველოს ატმოსფეროში მტვრის გავრცელების რიცხვითი მოდელირების პრობლემებს. მასში მოცემულია ატმოსფეროში მტვრის გადატანა-დიფუზიის მათემატიკური მოდელი, მიღებულია შესაბამისი განტოლებათა სისტემა, მოცემულია განტოლებათა რიცხვითი ინტეგრირების ალგორითმი და გაანალიზებულია მოდელის რეალიზაციის შედეგები. კერძოდ, შესწავლილია მტვრის ტრანსსასაზღვრო, რეგიონალური და ლოკალური გავრცელების თავისებურებები, სხვადასხვა მასშტაბის რელიეფის გავლენა მტვრის გადატანა-დიფუზიის პროცესზე. მოდელი შეიძლება წარმატებით გამოიყენონ რთული რელიეფის ტერიტორიებზე ატმოსფეროს დამაბინძურებელი ნივთიერებების გავრცელების თეორიული შესწავლისათვის.
წიგნი განკუთვნილია გარემოს დაბინძურების პრობლემებზე მომუშავე მეცნიერ-მკვლევრების, პრაქტიკოს ეკოლოგების და ატმოსფერული ჰაერის უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებული სპეციალისტებისათვის. ის შეიძლება გამოყენონ როგორც დამხმარე ლიტერატურა ეკოლოგიური პროფილის ბაკალავრებმა, მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა.
უაკ: 669.213/,214
მონოგრაფიაში წერილობით და ეთნოგრაფიულ წყაროებზე, არქეოლოგიურ მასალებზე დაყრდნობით შესწავლილია ოქროს მოპოვების უძველესი კოლხური წესი. დეტალურად განხილულია: ოქროს გადამუშავების ტექნოლოგიები ძველ საქართველოში, აღდგენილია ოქროს ნაკეთობათა დამზადების ძველი ქართული წესები, ამალგამურ-დიფუზურ პროცესებზე დაფუძნებული საოქრომჭედლო წესების ტექნოლოგია, ოქროს ნივთებიდან ოქროს უტილიზაციის რამდენიმე წესი. ლითონებისა და განსაკუთრებით ოქროს მოპოვება-გადამუშავების ამსახველი წერილობითი წყაროების შესწავლის საფუძველზე გამოვლენილია ქიმიის ისტორიისთვის ძალზე საინტერესო ახალი მასალები.
განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, ასევე ფართო მკითხველთა წრისთვის.
უაკ: 663.2
მონოგრაფიაში, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალების შესწავლის საფუძველზე, დადგენილია ქვევრის მრავალსაუკუნოვანი ფუნქციონირების განმავლობაში, საეტაპო მნიშვნელობის სტადიები. იგი ეხება-ქვევრის შექმნის, მიწაში განთავსების, ქვევრის ქურის ახალი კონსტრუქციის შემუშავების, ციხე-სიმაგრეებში გამოყენების, ქვევრის ფორმებისა და ზომების საბოლოოდ დადგენის, ჩაკირვის და ჩასავალის შემოღების ღონისძიებებს.შესწავლილი და დაზუსტებულია ქვევრის დამზადების მრავალეტაპიანი ტექნოლოგია, რომელიც მოიცავს თიხის მოპოვებას, მის დამუშავებას, ქვევრის აგებას, შრობას, გამოწვის ოპერაციების სწორად წარმართვას. დასაბუთებულია ქვევრის მიწაში განთავსების უპირატესობები, ჩაკირვა-ჩადუღაბების აუცილებლობა და ქვევრის მიწიდან ამოღების საინტერესო წესი, რომელიც უზრუნველყოფდა მის დაუზიანებლად და უსაფრთხოდ ამოღებას და სხვა ადგილზე გადატანას.
განხილულია ქვევრის, როგორც ღვინის ჭურჭლის უპირატესი მხარეები სხვა ჭურჭელთან შედარებით. რაც აიხსნება, მისი მიწაში განთავსების გამო, ტემპერატურული რეჟიმის ბუნებრივი დაცვით, კონუსური ძირის გამო ღვინო-მასალებში დალექვის, დაწმენდის და დაღვინების პროცესის უკეთ მიმდინარეობით. შეგროვებულია ქვევრის რეცხვის უძველესი წესები. ქვევრი იყო არა მარტო ღვინის დასაყენებელი და შესანახი ჭურჭელი, არამედ ფართოდ გამოიყენებოდა სხვადასხვა პროდუქტის შესანახადაც. უძველეს დროში ქვევრს მეორეული დანიშნულებით მიცვალებულთა დასაკრძალავადაც იყენებდნენ. ნაშრომში აღწერილია ქართულ ყოფაში მნიშვნელოვანი ადგილის მქონე საზედაშე ქვევრების ტრადიცია; ქვევრის მნიშვნელობა „სამთო-მეღვინეობის“ განვითარების და ციხე-სიმაგრეებში თავდაცვასთან დაკავშირებულ საქმეშიც.
ქართველებმა თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში შექმნეს მევენახეობა-მეღვინეობის მაღალი და ორიგინალური კულტურა, რომელიც წარმოუდგენელია ქვევრის გარეშე. ეს გარემოება თავისთავად განსაზღრავს იმ უდიდეს მნიშვნელობას, რომელიც ქვევრს უნდა ჰქონოდა მოპოვებული საქართველოს ყოფაში. შესაბამისად, წინამდებარე მონოგრაფია საინტერესოა მკითხველისათვის თავისი აქტუალობითა და მნიშვნელობით.
უაკ: 001.4
მონოგრაფიაში გაანალიზებულია გმირული ხასიათის, როგორც ცნების შინაარსი და მისი ეთიკურ-ფილოსოფიური ასპექტები. მითითებულია, რომ გმირული, როგორც ესთეტიკური კატეგორია, ორგანულ კავშირშია მშვენიერთან, ამაღლებულთან და ტრაგიკულთან. არის მსჯელობა გმირული ხასიათის გარემოსთან მიმართების შესახებ, კერძოდ, გმირისა და სინამდვილის ტრაგიკული შეუსაბამობის გარშემო, გმირულ ქმედებაში ორი საწყისის გამოვლენის ტიპოლოგიურ საფუძველზე-ჰამლეტურ და დონ კიხოტურ ხასიათებზე.
ზოგადი თეორიული მონაცემები გმირული ხასიათის რაობის შესახებ, ეფუძნება ევროპული და ქართული მწერლობიდან შერჩეულ შედევრებს.მონოგრაფია განკუთვნილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებისა და ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის.