უაკ: 628.3
მონოგრაფია ეძღვნება ჩამდინარე წყლების დაბინძურების ხარისხის მაჩვენებლების კვლევისა და მონიტორინგის მეტად აქტუალურ საკითხებს. განხილულია საქართველოს რამდენიმე მდინარის ხარისხობრივი შეფასება აღწერითი (დესკრიფციული) მოდელებით, წყალსარგებლობის კატეგორიების მიხედვით. ყურადღება ეთმობა ჩამდინარე წყლების გაწმენდის ერთ-ერთი მეთოდის – კოაგულაციის მნიშვნელობასა და გამწმენდი საშუალების (კოაგულანტის და ფლოკულანტის) დოზირების საკითხს. აღწერილია ამ პროცესის კონტროლის ანალიტიკური ხელსაწყო, რომელიც ეფუძნება კონდუქტომეტრულ მეთოდს. ნაშრომში მოცემულია ასეთი ხელსაწყოს სტრუქტურა.განკუთვნილია არა მარტო დარგის მეცნიერებისა და სპეციალისტებისათვის, არამედ შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებისათვის.
უაკ: 621.933.6
მონოგრაფიაში განხილულია ჩარჩოხერხის ჭრის მექანიზმის დინამიკის კვლევა ელექტროამძრავის მახასიათებლების, ბარბაცას დრეკადობის, ბარბაცა-მუხლა ლილვის კინემატიკურ წყვილში ღრეჩოსა და დარტყმითი მოვლენების გათვალისწინებით. ჩარჩოხერხის წინსვლით-უკუსვლით მოძრავი მასების ინერციის ძალების მავნე გავლენის თავიდან აცილების მიზნით განხილულია პნევმატიკური ამორტიზატორი. ნაჩვენებია, რომ პნევმატიკური ამორტიზატორის გამოყენებით დინამიკური დატვირთვები ჭრის მექანიზმის ელემენტებში მნიშვნელოვნად მცირდება. მოცემულია ჩარჩოხერხის ჭრის მექანიზმის დინამიკური კვლევის შედეგები. შედგენილია დიფერენციალურ განტოლებათა სისტემა, რომლითაც აღიწერება ელექტრომექანიკურ სისტემაში მიმდინარე პროცესები, როგორც პნევმატიკური ამორტიზატორი მოწყობილობის გათვალისწინებით, ისე მის გარეშე. განსაზღვრულია კინემატიკურ წყვილებში რეაქციის ძალები გაანალიზებულია ვერტიკალური ჩარჩოხერხის ჭრის მექანიზმის ღრეჩოიან კინემატიკურ წყვილში დარტყმითი პროცესი. მიღებულია კინემატიკურ წყვილში დარტყმისშემდეგი სიჩქარეების მნიშვნელობები, რომელიც გამოიყენება ღრეჩოში დამატებითი მოძრაობის დიფერენციალური განტოლებების ამოსახსნელად აუცილებელი საწყისი პირობების განსაზღვრისათვის. ნაჩვენებია, რომ პნევმატიკური ამორტიზატორის გამოყენება აუმჯობესებს ჭრის მექანიზმის მუშაობის პირობებს, რაც მწარმოებლურობის ზრდის შესაძლებლობას იძლევა. მონოგრაფია განკუთვნილია ხის დამუშავების ტექნოლოგიისა და სატყეო საქმის სპეციალობის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.
უაკ: 620.9:657.62
მონოგრაფია ეძღვნება საქართველოსთვის განსაკუთრებულად აქტუალურ პრობლემას, ენერგეტიკული ბალანსის საშუალოვადიან პროგნოზირებასა და დაგეგმვას. პრობლემის გადაწყვეტისადმი მიძღვნილი მეცნიერული კვლევების, მეთოდების, მიღებული შედეგების ანალიზისა და საკითხის შესწავლით კომპლექსური მიდგომის საფუძველზე შემუშავებულია ქვეყნის ენერგეტიკული ბალანსის გრძელვადიანი პროგნოზირებისა და დაგეგმვის ჰიბრიდული მათემატიკური მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია რეგრესული ანალიზის, მრავალფაქტორიანი მოდელისა და ხელოვნური ნეირონული ქსელების ერთობლივი გამოყენება. აღნიშნული მოდელით შესრულებულია საქართველოს ენერგეტიკული ბალანსის საშუალოვადიანი პროგნოზი და დაგეგმვა. ნაშრომში ჩამოყალიბებულია ქვეყნის ენერგეტიკული ბალანსის პროგნოზირებისა და დაგეგმვის ერთიანი მეთოდიკა. იგი ატარებს უნივერსალურ ხასიათს და მისი მეშვეობით შესაძლებელია წარმოების ნებისმიერი დარგის საშუალოვადიანი პროგნოზირება და დაგეგმვა. მონოგრაფია განკუთვნილია ენერგეტიკის განვითარების პროგნოზირებით და დაგეგმვით დაინტერესებულ სამეცნიერო, ასევე პრაქტიკულ სფეროში მოღვაწე სპეციალისტებისათვის, შესაბამისი პროფილის უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის.
უაკ: 54(479.2)
მონოგრაფიაში განხილულია XVII ს-ის I ნახევრის დასავლეთ საქართველოს სამრეწველო და ხელოსნური წარმოებები, აგრეთვე სოფლის მეურნეობის იმ დარგების საქმიანობა, რომელთა მიღწევებშიც ძირითადი როლი პრაქტიკულმა ქიმიამ შეასრულა. ხალხური ფარმაციის, ლევან დადიანის ცნობილი საოქრომჭედლო სახელოსნოს და ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებაში თვალსაჩინო მიღწევები მნიშვნელოვანი შენაძენია საქართველოში ქიმიის განვითარების ისტორიული პროცესისათვის. მონოგრაფიაში მოყვანილი მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც საქართველოში ქიმიის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდის ღირსეულად წარმოსაჩენად, ისე ზოგად სამოქალაქო ისტორიაში ამავე პერიოდის უფრო სრულყოფილი წარმოდგენისათვის.
უაკ: 624(083.95)
მონოგრაფიაში განხილულია ექსპლუატაციაში მყოფი შენობა-ნაგებობების ზღვრული მდგომარეობისა და ნარჩენი რესურსის კვლევა დაზიანებების გათვალისწინებით.ნაშრომი განკუთვნილია მეცნიერი მუშაკებისთვის, კონსტრუქტორებისთვის, ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის, სამშენებლო პროფილის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის. ნაშრომი, ასევე, დიდ დახმარებას გაუწევს შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების დარგში დასაქმებულ სპეციალისტებს.
უაკ: 658.78:(075)
მონოგრაფია მიეკუთვნება საქართველოს რეგიონული სატრანსპორტო-ლოგისტიკური სისტემის ორგანიზაციულ-ფუნქციურ სტრუქტურას, მოიცავს ფუნქციური და უზრუნველყოფის ქვესისტემის კომპლექსს, რომელიც ინტეგრირებულია სასაქონლო-მატერიალური ნაკადით. მონოგრაფიაში პროდუქციის დისტრიბუციისა და განაწილების პროცესები შესწავლილია და კვლევის შედეგები განზოგადებულია სხვადასხვა ტიპის გამანაწილებელი ცენტრების მაგალითზე; ცენტრალური კომპანიების, თანამედროვე სამრეწველო ფირმების, საერთაშორისო და რეგიონული სადისტრიბუციო ცენტრების, საბითუმო და სპეციალური გამანაწილებელი ცენტრების მაგალითზე. ინტეგრირებული ლოგისტიკის და სატრანსპორტო-სასაწყობო ობიექტების გამოყენება ხელს შეუწყობს მიწოდებათა ჯაჭვების შექმნას, მართვას ISO-9000 და ხარისხის მენეჯმენტის სხვა პრინციპების თანახმად საერთაშორისო-სატრანსპორტო დერეფნებსა და ინტერმოდალურ საზღვაო გადაზიდვაში პროდუქციის მასობრივი ნაკადების მართვის სისტემების ფორმირებისა და ფუნქციონირების დროს. მონოგრაფია განკუთვნილია უნივერსიტეტებში სატრანსპორტო ლოგისტიკის ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის, სავაჭრო დარგისა და სატრანსპორტო გადაზიდვის ორგანიზაციისა და მართვის სპეციალობის სტუდენტებისათვის, დოქტორანტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის, ბიზნესმენებისა და მეწარმეებისათვის.
უაკ: 627.221.2
მონოგრაფიაში განხილულია საქართველოს შავიზღვისპირა რეგიონებში წარმოქმნილი სახიფათო გეომორფოლოგიური ცვლილებები, განპირობებული ჰიდროსაინჟინრო მშენებლობით მდინარეების – ენგურის, რიონისა და ჭოროხის წყალშემკრებ აუზებში. გამოკვლეულია ნაპირდამცავ ღონისძიებათა წარუმატებლად განხორციელების მიზეზები. კრიტიკულადაა შეფასებული უცხოური ფირმების მიერ საქართველოში განხორციელებული გარემოსდაცვითი და საზღვაო-ჰიდროსაინჟინრო ხასიათის პროექტები. შემუშავებულია ზღვის სანაპირო არეებში კალაპოტური პროცესებისა და საზღვაო-სამდინარო ჰიდროტექნიკური ნაგებობების ჰიდრავლიკური გაანგარიშების ანალიზური და რიცხვითი მეთოდები, რომელთა გამოყენება უზრუნველყოფს სანაპირო ზოლის სტაბილიზაციასა და მდინარეთა შესართავებში არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების საიმედო ექსპლუატაციას. წიგნი ძირითადად მოიცავს ავტორთა მიერ, სხვადასხვა პერიოდში შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და ევროკავშირის პროგრამა – "Black Sea Basin Joint Operational Programme 2007 – 2013" გრანტების ფარგლებში შესრულებულ კვლევათა შედეგებს. მასში გამოყენებულია საქართველოში მოქმედი მრავალი საპროექტო-კვლევითი ორგანიზაციის, კერძოდ, შპს "ნაპირდაცვის", სსიპ "თბილწყალგეოს", შპს "გამა კონსალტინგის" და სხვა ორგანიზაციების მონიტორინგული ხასიათის კვლევების ხელმისაწვდომი მასალა; ნაშრომი განკუთვნილია სამდინარო და საზღვაო ჰიდროტექნიკური მშენებლობისა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალის, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის.
უაკ: 658.012.011.56
მონოგრაფიაში განხილულია დაპროექტების მეთოდიკა როგორც სასოფლო-სამეურნეო კულტურების მორწყვის რეჟიმების მართვის ავტომატიზებული სისტემებისათვის (მთლიანობაში), ისე მისი შემადგენელი ინფორმაციული, მათემატიკური და პროგრამული უზრუნველყოფის ქვესისტემებისათვის. ნაშრომი განკუთვნილია სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ასევე – მონაცემთა ბაზებისა და მართვის ავტომატიზებული სისტემების დამპროექტებლებისათვის.
უაკ: 546.261+546.171.1
მონოგრაფიაში განხილულია სიალონური და მცირევოლფრამიანი კომპოზიციური მასალების მიღების ტექნოლოგიები და მათში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური პროცესები; მოცემულია მასალათა თვისებები და მათი გაუმჯობესების გზები, მასალათმცოდნეობის საკითხები, შესწავლილია მასალათა აღნაგობა, გარე და შიგა ფაქტორების ზემოქმედება მასალათა თვისებებსა და სტრუქტურულ ცვლილებებზე. მოცემულია მათი გამოყენების სფეროები.მონოგრაფია განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის თანამშრომლების, ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ასევე საინტერესო იქნება სამშენებლო, სატრანსპორტო, მანქანათმშენებლობის სპეციალობის მეცნიერებისა და სტუდენტებისათვის.