image-1
ი. ქვარაია

მშენებლობის პროცესში გამოვლენილი დაზიანებების და ნაკლოვანებების აღმოფხვრა

უაკ: 624.05

მონოგრაფიაში განხილულია ქ.თბილისში, მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის სარდაფის სართულის დასრულების შემდეგ, რკინაბეტონის მზიდ კონსტრუქციებში გამოვლენილი ხარვეზებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრის ღონისძიებები. კერძოდ, ყოველმხრივ გამოკვლეულ იქნა აღნიშნული კონსტრუქციების ფიზიკური მდგომარეობა, ბეტონის სიმტკიცე, როგორც ურღვევი მეთოდით, ისე ცილინდრული ნიმუშების ამოჭრით. შედგენილ იქნა კონსტრუქციების გამაგრების პროექტი და განხორციელდა მათი სრულფასოვანი რეაბილიტაცია. შედეგად აღდგენილ იქნა ყველა კონსტრუქციის მზიდუნარიანობა, გასწორდა არასწორად განლაგებული არმატურის ნაშვერების მდებარეობა და წარმატებით გაგრძელდა მიწისზედა სამუშაოების წარმოება.
მონოგრაფია განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სამშენებლო სპეციალობის ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტების და მშენებლობის დარგის სპეციალისტებისათვის. 

 

 

image-1
მ. გოგოტიშვილი, ჯ. ლომიძე

საქართველოს ძელქვნარები და მათი გავრცელება-გამოყენების პერსპექტივები

უაკ: 58:634.0.16

მონოგრაფიაში განხილულია ძელქვის ბიოეკოლოგიური თავისებურებები, ხელოვნური კორომების გაშენებისა და ამ კორომების ექსპლუატაციის ეკოლოგიურად უვნებელი ტექნოლოგიური სქემები, ამ სქემების განხორციელებისთვის საჭირო ბაგირ-ბლოკური საბაგირო მორსათრევი დანადგარები, რომლებიც უზრუნველყოფს პერსპექტივაში  მოსალოდნელი ტყეკაფების ათვისებისთვის საჭირო ოპერაციების განხორციელებას მაქსიმალურად მექანიზებული წესით.
ნაშრომი დახმარებას გაუწევს სატყეო დარგში მომუშავე მეცნიერ მუშაკებს, კონსტრუქტორებს, დოქტორანტებს, მაგისტრანტებს და ბაკალავრიატის  სტუდენტებს.

 

 

image-1
ე. ჩხაიძე, ნ. ნეფარიძე, დ. ხარაძე

უჯერი ბმების შემცველი პოლიმერები, მათი სინთეზი, თვისებები და გამოყენება

უაკ: 541.6:678.7

მონოგრაფია ეძღვნება უჯერი ბმების შემცველ პოლიმერებს. მასში აღწერილია უჯერი როგორც კარბოჯაჭვური, ისე ჰეტეროჯაჭვური პოლიმერების სინთეზი, განხილულია მათი ძირითადი თვისებები და გამოყენების არეალი. თავმოყრილი და გაანალიზებულია ამ სფეროში გამოქვეყნებული უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული  მასალა. ტექნიკური დანიშნულების უჯერი ჰეტეროჯაჭვური პოლიმერებიდან განხილულია სამრეწველო პოლიესტერები, პოლიამიდები, პოლიესტერამიდები, ეპოქსიფუმარატული ფისები, პოლიურეთანები (თავები 2.1., 2.2.). მონოგრაფიის გამორჩეული ნაწილია მე-3 თავი – ჰეტეროჯაჭვური პოლიმერები ბიოსამედიცინო გამოყენებისათვის, რომელშიც აღწერილია უჯერი ბმების შემცველი სხვადასხვა კლასის პოლიმერები (პოლიესტერები, პოლიამიდები, პოლიესტერამიდები, პოლიანჰიდრიდები, პოლიესტერების თანაპოლიმერები აკრილატებთან, ვინილ-პიროლიდონთან და სხვ.), რომლებიც იქმნებოდა სპეციალურად ბიოსამედიცინო მიზნებისათვის. მონოგრაფიის მე-4 თავი ეძღვნება უჯერი ბმებით მოდიფიცირებულ პოლიმერებს. ასევე, მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს დათმობილი ავტორების მიერ განხორციელებულ კვლევებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კერძოდ, ბიოსამედიცინო პოლიმერებისა და ბიომასალათა კვლევის ცენტრში.
მონოგრაფიის ავტორების მიერ აღწერილია ბუნებრივი ამინომჟავების ბაზაზე მათ მიერ მიღებული სხვადასხვა კლასის AABB ტიპის ჰეტეროჯაჭვური პოლიმერების სინთეზი, რომლებიც გამოცდილია პოლიმერ-მატარებლებისა და მატრიქსების სახით სამკურნალო პრეპარატებისა და ფერმენტების იმობილიზაციისათვის, ფარმაკოლოგიურად აქტიური კომპოზიტების, ფოროვანი  მასალების, მიკრო- და ნანონაწილაკების და სხვათა მისაღებად.
მონოგრაფია მნიშვნელოვანი ნაშრომია ბიოპოლიმერების და სამედიცინო დანიშნულების მასალათმეცნიერების მიმართულებით.
წიგნი დიდ სარგებლობას მოუტანს როგორც დარგით დაინტერესებულ სტუდენტებს, ისე ამ სფეროში მოღვაწე მეცნიერებს.

 

 

 

image-1
ს. ბიწაძე

მაგნიტურჰიდრავლიკური საბიძგებლები

უაკ: 621.3.042

მონოგრაფიაში განხილულია მაგნიტურჰიდრავლიკური საბიძგებელას ჩვენ მიერ შემუშავებული, საავტორო მოწმობებით დაცული, თხუთმეტი ორიგინალური კონსტრუქცია, მათი თეორიული და ექსპერიმენტული კვლევის შედეგები. გადაწყვეტილია საბიძგებელას დინამიკის ზოგიერთი ამოცანა.
აღწერილია საბიძგებლების ლაბორატორიული გამოცდისათვის სპეციალურად შექმნილი სტენდი, რომელზეც ჩატარდა ზოგიერთი იმ პროცესის იმიტირება, რომლებიც გვხვდება მაგნიტურჰიდრავლიკური საბიძგებელას გამოყენებისას ტვირთამწე მანქანების მუხრუჭებსა და სხვა მანქანა-დანადგარებში. მოცემულია სტენდზე გამოცდის მეთოდიკა. მოყვანილია ხანგრძლივი ჩართვის რეჟიმში მუშაობისთვის განკუთვნილი მაგნიტურჰიდრავლიკური საბიძგებლების მართვის ორიგინალური ელექტრული სქემები.
დასახულია მაგნიტურჰიდრავლიკური საბიძგებლების ტექნიკური მახასიათებლების, მუშაუნარიანობისა და ხანგამძლეობის გაუმჯობესების გზები.
მონოგრაფია გამოადგებათ იმ მკვლევრებს, კონსტრუქტორებს, ინჟინრებსა და სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მაგნიტურჰიდრავლიკური საბიძგებლებით, მათი დაპროექტებითა და დინამიკის ამოცანებით.

 

 

image-1
მ. ბიბილური

ნეიტრონული დასხივების გავლენა სამშენებლო კონსტრუქციებში გამოყენებული მასალების საიმედოობაზე

უაკ: 66.085.6

მონოგრაფიაში განხილულია რადიაციული დასხივების პროცესში მასალის თვისებების მახასიათებლებსა და დასხივების დოზებს შორის ურთიერთკავშირი, რაც მნიშვნელოვანია მასალის თვისებების დიაგნოსტიკისა და პროგნოზირების საკითხისათვის. კონსტრუქციის გაანგარიშების მათემატიკური მეთოდი მნიშვნელოვანია რეაქტორის საკონსტრუქციო მასალების საიმედოობის პრობლემისათვის.
ნაშრომში მოცემულია მაღალი ენერგიების ნაწილაკებით დასხივებული ლითონებისაგან დამზადებული კონსტრუქციული კვანძების და მთლიანად წამწის სიმტკიცისა და დეფორმაციის კვლევის შედეგები.
ნაშრომი გამოადგება საინჟინრო ფიზიკისა და სამშენებლო სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებს, ასევე მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. ვფიქრობთ, იგი საინტერესო იქნება იმ მეცნიერი თანამშრომლებისთვისაც, რომლებიც მოღვაწეობენ საინჟინრო ფიზიკასა და სამშენებლო მექანიკაში.

 

 

image-1
დ. ბიბილეიშვილი, ქ. მახაშვილი, ა. გრიგოლიშვილი

ჩამდინარე წყლების მონიტორინგი

უაკ: 628.3

მონოგრაფია ეძღვნება ჩამდინარე წყლების დაბინძურების ხარისხის მაჩვენებლების კვლევისა და მონიტორინგის მეტად აქტუალურ საკითხებს. განხილულია საქართველოს რამდენიმე მდინარის ხარისხობრივი შეფასება აღწერითი (დესკრიფციული) მოდელებით, წყალსარგებლობის კატეგორიების მიხედვით. ყურადღება ეთმობა ჩამდინარე წყლების გაწმენდის ერთ-ერთი მეთოდის – კოაგულაციის მნიშვნელობასა და გამწმენდი საშუალების (კოაგულანტის და ფლოკულანტის) დოზირების საკითხს. აღწერილია ამ პროცესის კონტროლის ანალიტიკური ხელსაწყო, რომელიც ეფუძნება კონდუქტომეტრულ მეთოდს. ნაშრომში მოცემულია ასეთი ხელსაწყოს სტრუქტურა.
განკუთვნილია არა მარტო დარგის მეცნიერებისა და სპეციალისტებისათვის, არამედ შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ვ. აბაიშვილი

ჩარჩოხერხის ჭრის მექანიზმის დინამიკა

უაკ: 621.933.6

მონოგრაფიაში განხილულია ჩარჩოხერხის ჭრის მექანიზმის დინამიკის კვლევა ელექტროამძრავის მახასიათებლების, ბარბაცას დრეკადობის, ბარბაცა-მუხლა ლილვის კინემატიკურ წყვილში ღრეჩოსა და დარტყმითი მოვლენების გათვალისწინებით.
ჩარჩოხერხის წინსვლით-უკუსვლით მოძრავი მასების ინერციის ძალების მავნე გავლენის თავიდან აცილების მიზნით განხილულია პნევმატიკური ამორტიზატორი. ნაჩვენებია, რომ პნევმატიკური ამორტიზატორის გამოყენებით დინამიკური დატვირთვები ჭრის მექანიზმის ელემენტებში მნიშვნელოვნად მცირდება.
მოცემულია ჩარჩოხერხის ჭრის მექანიზმის დინამიკური კვლევის შედეგები. შედგენილია დიფერენციალურ განტოლებათა სისტემა, რომლითაც აღიწერება ელექტრომექანიკურ სისტემაში მიმდინარე პროცესები, როგორც პნევმატიკური ამორტიზატორი მოწყობილობის გათვალისწინებით, ისე მის გარეშე. განსაზღვრულია კინემატიკურ წყვილებში რეაქციის ძალები გაანალიზებულია ვერტიკალური ჩარჩოხერხის ჭრის მექანიზმის ღრეჩოიან კინემატიკურ წყვილში დარტყმითი პროცესი.
მიღებულია კინემატიკურ წყვილში დარტყმისშემდეგი სიჩქარეების მნიშვნელობები, რომელიც გამოიყენება ღრეჩოში დამატებითი მოძრაობის დიფერენციალური განტოლებების ამოსახსნელად აუცილებელი საწყისი პირობების განსაზღვრისათვის.
ნაჩვენებია, რომ პნევმატიკური ამორტიზატორის გამოყენება აუმჯობესებს ჭრის მექანიზმის მუშაობის პირობებს, რაც მწარმოებლურობის ზრდის შესაძლებლობას იძლევა.
მონოგრაფია განკუთვნილია ხის დამუშავების ტექნოლოგიისა და სატყეო საქმის სპეციალობის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.

 

 

image-1
დ. ჯაფარიძე, ნ. გიორგიშვილი

საქართველოს ენერგეტიკული ბალანსის საშუალოვადიანი პროგნოზირება და დაგეგმვა

უაკ: 620.9:657.62

მონოგრაფია ეძღვნება საქართველოსთვის განსაკუთრებულად აქტუალურ პრობლემას, ენერგეტიკული ბალანსის საშუალოვადიან პროგნოზირებასა და დაგეგმვას. პრობლემის გადაწყვეტისადმი მიძღვნილი მეცნიერული კვლევების, მეთოდების, მიღებული შედეგების ანალიზისა და საკითხის შესწავლით კომპლექსური მიდგომის საფუძველზე შემუშავებულია ქვეყნის ენერგეტიკული ბალანსის გრძელვადიანი პროგნოზირებისა და დაგეგმვის ჰიბრიდული მათემატიკური მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია რეგრესული ანალიზის, მრავალფაქტორიანი მოდელისა და ხელოვნური ნეირონული ქსელების ერთობლივი გამოყენება. აღნიშნული მოდელით შესრულებულია საქართველოს ენერგეტიკული ბალანსის საშუალოვადიანი პროგნოზი და დაგეგმვა. ნაშრომში ჩამოყალიბებულია ქვეყნის ენერგეტიკული ბალანსის  პროგნოზირებისა და დაგეგმვის ერთიანი მეთოდიკა. იგი ატარებს უნივერსალურ ხასიათს და მისი მეშვეობით შესაძლებელია წარმოების ნებისმიერი დარგის საშუალოვადიანი პროგნოზირება და დაგეგმვა.
მონოგრაფია განკუთვნილია ენერგეტიკის განვითარების პროგნოზირებით და დაგეგმვით დაინტერესებულ სამეცნიერო, ასევე პრაქტიკულ სფეროში მოღვაწე სპეციალისტებისათვის, შესაბამისი პროფილის უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
მ. დემეტრაძე, †რ. ჩაგუნავა, ნ. კუციავა

პრაქტიკული ქიმიის მიღწევები დასავლეთ საქართველოში (XVII საუკუნის პირველი ნახევარი)

უაკ: 54(479.2)

მონოგრაფიაში განხილულია XVII ს-ის I ნახევრის დასავლეთ საქართველოს სამრეწველო და ხელოსნური წარმოებები, აგრეთვე სოფლის მეურნეობის იმ დარგების საქმიანობა, რომელთა მიღწევებშიც ძირითადი როლი პრაქტიკულმა ქიმიამ შეასრულა.
ხალხური ფარმაციის, ლევან დადიანის ცნობილი საოქრომჭედლო სახელოსნოს და ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებაში თვალსაჩინო მიღწევები მნიშვნელოვანი შენაძენია საქართველოში ქიმიის განვითარების ისტორიული პროცესისათვის.
მონოგრაფიაში მოყვანილი მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც საქართველოში ქიმიის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდის ღირსეულად წარმოსაჩენად, ისე ზოგად სამოქალაქო ისტორიაში ამავე პერიოდის უფრო სრულყოფილი წარმოდგენისათვის.