უაკ: 61:62-5
სახელმძღვანელო „მართვა ბიოსამედიცინო სისტემებში“ ეხება მართვის თეორიას, კონკრეტულად კი მართვის თეორიის გამოყენების საკითხებს ბიოსამედიცინო სისტემებში. განხილულია მართვის ძირითადი პრინციპები, ბიოლოგიური სისტემების სპეციფიკის გათვალისწინებით. მასში მოცემულია მართვის თეორიის ძირითადი კონცეფციები, რაც აუცილებელია დამწყები სპეციალისტისთვის. კონკრეტული მაგალითებით განხილულია მრავალგანზომილებიანი მართვის სისტემების შესწავლის მატრიცული მეთოდები. დეტალურადაა განხილული მდგომარეობის სივრცის მეთოდი. მართვის სისტემების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლები (მდგრადობა, მართვადობა, დაკვირვებადობა, მგრძნობელობა და სხვ.). ასევე განხილულია კომპარტმენტული მოდელირების მეთოდები, რომელთაც ხშირად მიმართავენ ბიოლოგიური სისტემების მოდელირებისა და მართვის ალგორითმების შემუშავებისას. განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტების, ბიოსამედიცინო ინჟინერიის, მართვის სისტემების მიმართულების სტუდენტების და ზოგადად მართვის თეორიით დაინტერესებული დამწყები სპეციალისტებისა და გამოცდილი მკვლევრებისთვის.
უაკ: 339.15
სახელმძღვანელოში განხილულია ბიზნესის ეთიკის, ბიზნესის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული რეალიზაციის ძირითადი მიმართულებები. ფართოდაა გაანალიზებული ეთნიკური და რელიგიური ფაქტორების გავლენა ბიზნესში, ეთიკისა და ეტიკეტის როლი საერთაშორისო ბიზნესურთიერთობებში. სტუდენტებს ვთავაზობთ აგრეთვე ისეთი პრაქტიკული საკითხების განხილვას, რაც სადავოდ ითვლება ბიზნესის ეთიკაში. მთავარი გამჭოლი იდეა, რაც წინამდებარე კურსის სასწავლო თემებს აერთიანებს, ბიზნესისა და ეთიკის თანაარსებობის შესაძლებლობაა. მაგრამ, ასეთი თანაარსებობა მხოლოდ საზოგადოებრივად პასუხისმგებელი ეთიკური ბიზნესის წარმოების პირობებშია შესაძლებელი. სახელმძღვანელო ეფუძნება ქართველ და უცხოელ ავტორთა ნაშრომებს და აგებულია აღნიშნულ დისციპლინაში მოქმედი სილაბუსის შესაბამისად. თითოეულ თემას ახლავს კითხვები, დავალებები და დამატებითი ლიტერატურა სემინარული მეცადინეობისათვის მოსამზადებლად. სახელმძღვანელო განკუთვნილია სამრეწველო ინჟინერინგის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, დახმარებას გაუწევს აგრეთვე ბიზნესის ეთიკისა და ბიზნესის საზოგადოებრივი პასუხისგებლობის საკითხებით დაინტერესებულ პირებს.
უაკ: 681.3
ნაშრომში წარმოდგენილია კომპიუტერის არქიტექტურისა და ორგანიზაციის საკითხები იერარქიის სხვადასხვა დონეზე. განხილულია როგორც თვლის პოზიციური სისტემები და ციფრული ლოგიკური დონე, ასევე კომპიუტერის მოწყობილობები, მათი მახასიათებლები და მუშაობის პრინციპები, კავშირი კომპიუტერებს შორის. გაკეთებულია სხვადასხვა ტიპის კომპუტერების კლასიფიკაცია. ნაჩვენებია თანამედროვე ტენდენციები კომპიუტერების განვითარების სფეროში. სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
უაკ: 621.9.06
წინამდებარე წიგნი აგებულია საგანმანათლებო პროგრამის „მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგიის“ სასაწავლო კურსის „მჭრელი იარაღების“ შესაბამისად. ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს საიარაღო წარმოების სფეროში მომუშავე სპეციალისტებისათვის. სახელმძღვანელოში განხილულია საჭრელი იარაღების გაანგარიშების ძირითადი საკითხები, მათი კონსტრუქციული და გეომეტრიული პარამეტრების ოპტიმიზაცია როგორც ჭრის პირობებიდან, ასევე მჭრელი იარაღის და დასამუშავებელი მასალების თვისებებიდან გამომდინარე. მჭრელი იარაღის კონსტრუქციის ანალიზის დროს მოცემულია მათი განვითარების ტენდენციები მსოფლიო გამოცდილების საფუძველზე. სახელმძღვანელოში ილუსტრირებულია დიდი რაოდენობის ნახაზები. მასში მინიმუმამდეა შემცირებული საცნობარო მასალები. მჭრელი იარაღების ნაირსახეობიდან განხილულია გავრცელებული იარაღები, ისეთები, როგორიცაა: საჭრისები, საწელავები, ბურღები, ზენკერები, საფართები, შიგსაჩარხი და კომბინირებული ინსტრუმენტები, ფრეზები, კუთხვილდასამუშავებელი და კბილსაჭრელი იარაღები. წიგნის მცირე მოცულობის გამო ავტორებმა ვერ შეძლეს დაწვრილებით განეხილათ მოცემული მჭრელი იარაღების ავტომატიზებული დაპროექტება.
უაკ: 72.03
წინამდებარე წიგნი „მსოფლიო არქიტექტურის ისტორია“ - ძველი სამყარო (წიგნი პირველი) წარმოადგენს სახელმძღვანელოების გამოცემათა სერიის ნაწილს, რომელიც მოიცავს მსოფლიო არქიტექტურის ისტორიას. მასში განხილულია ხუროთმოძღვრების ჩასახვის პერიოდი და ამ ეპოქის მნიშვნელოვანი ძეგლები, კერძოდ, პირველყოფილი თემური წყობილების, ძველი ეგვიპტისა და წინა აზიის ქვეყნების არქიტექტურა და სახვითი ხელოვნება. წიგნი გათვალისწინებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების ჰუმანიტარული ფაკულტეტების ბაკალავრებისათვის.
უაკ: 625.1:62-5
სახელმძღვანელოში გადმოცემულია ავტომატიკისა და ტელემექანიკის სასადგურო სისტემების აგების პრინციპები; განხილულია მათი ექსპლუატაციის საფუძვლები და ძირითადი ელემენტები; აღწერილია საველე მოწყობილობების (ისრული ელექტრული ამძრავებისა და შუქნიშნების) კონსტრუქციული აგებულებები და მართვის სქემები, აგრეთვე ტონალური სიხშირის ცვლადი დენის სარელსო წრედების აგებისა და ფუნქციონირების საკითხები; დახასიათებულია რელეური და მიკროპროცესორული ელექტრული ცენტრალიზაციები; განხილულია მახარისხებელი გორაკების მექანიზაციისა და ავტომატიზაციის საკითხები. სახელმძღვანელო განკუთვნილია გადაზიდვების ორგანიზაციისა და მართვის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. სახელმძღვანელოთი შეიძლება ისარგებლონ რკინიგზის ტრანსპორტის სპეციალობების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებმა, აგრეთვე საქართველოს რკინიგზის ავტომატიკისა და ტელემექანიკის მიმართულების პრაქტიკოსმა სპეციალისტებმა.
უაკ: 343
სახელმძღვანელოში განხილულია მოქმედი სისხლის სამართლის პროცესის ყველა ძირითადი საკითხი. ახლებურად არის გაანალიზებული სისხლის სამართლის პროცესის ცნება, სისხლის სამართლის პროცესის ის ინსტიტუტები თუ ცალკეული პროცესუალური საკითხები, რომელიც მოქმედმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსმა შემოგვთავაზა და ჩვენი კანონმდებლობისათვის ნოვაციას წარმოადგენს.წიგნი განკუთვნილია სტუდენტებისათვის, მეცნიერ-მუშაკებისათვის, პრაქტიკოსი იურისტებისა და აღნიშნული საკითხით დაინტერესებული ყველა პირისათვის.
უაკ: 364.2(02)
სახელმძღვანელოში მოცემულია საგანგებო სიტუაციების მართვის კანონმდებლობის ძირითადი ცნებები და განმარტებები, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში შედეგების ლიკვიდაციისა და დაზარალებულთათვის დახმარების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები და უფლებამოსილი პირები. საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის ძირითადი პრინციპები. მოცემულია საქართველოს ფარგლებში ბუნებრივი და ტექნიკური საგანგებო სიტუაციებისგან მოსახლეობის, მიწის, წყლის, საჰაერო სივრცის, სამრეწველო და სოციალური დანიშნულების ობიექტების, ბუნებრივი გარემოს დაცვის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ნორმები. საგანგებო სიტუაციების მართვის კანონმდებლობის ძირითადი მიზანია საგანგებო სიტუაციის წარმოქმნისა და მისი განვითარების თავიდან აცილება, საგანგებო სიტუაციის მიერ მიყენებული ზარალისა და ზიანის მასშტაბების შემცირება და შედეგების ლიკვიდაცია. სახელმძღვანელო განკუთვნილია სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის საგანგებო სიტუაციების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „უსაფრთხოების ინჟინერია და რისკების შეფასება“ სტუდენტებისათვის.
უაკ: 22.151.3
განხილულია ორთოგონალური გეგმილები (მონჟის ეპიური) და პარალელური აქსონომეტრიის ძირითადი თვისებები, აგრეთვე გეგმილური ხაზვის საწყისები.შედგენილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის და გათვალისწინებულია ძირითადად იმ სპეციალობებისათვის (ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის), სადაც საინჟინრო გრაფიკას სწავლობენ ერთსემესტრიანი პროგრამით.