image-1
ნ. ლოლაძე, მ. წეროძე

ალმასის სინთეზის ფიზიკურ-ქიმიური ასპექტები Ме-С სისტემაში

უაკ: 549.211; 621.921.34:

მონოგრაფიაში განხილულია გრაფიტი-ალმასი ფაზური გარდაქმნის თერმოდინამიკა. განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ნახშირბადის მეტასტაბილური ფორმების ალმასთან ფაზური წონასწორობის საკითხებს. განხილულია ალმასის კრისტალების ნუკლეაციისა და ზრდის საკითხები   Ме-С სისტემაში. ექსპერიმენტული მონაცემების საფუძველზე, გამოთქმულია მოსაზრება ჰეტეროგენული პროცესის მიმდინარეობის შესახებ კოლოიდური მექანიზმით. დიდი მოცულობის ექსპერიმენტულ მასალაზე დაყრდნობით,  მოცემულია ალმასის კრისტალის მასურ-სპონტანური კრისტალიზაციის ფიზიკურ-ქიმიური ასპექტები ზემაღალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში. განსაზღვრულია სინთეზის წარმმართველი  ძირითადი თერმოდინამიკური და კინეტიკური ფაქტორები. ალმასის კრისტალიზაციის პროცესის გამოვლენილი ძირითადი კანონზომიერებების საფუძველზე შექმნილია ახალი სარეაქციო კაზმები და ზემაღალი წნევის სარეაქციო უჯრედში მათი განლაგების ახალი სქემები.
ნაშრომი განკუთვნილია ზემაღალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში ზესალი მასალის მიღების სფეროში მოღვაწე მეცნიერების, სამეცნიერო ხარისხის მაძიებლების, ქიმიურ-მეტალურგიული და ფიზიკურ-ქიმიური ფაკულტეტების სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ჯ. დოჭვირი

გენერატორების მართვა უკუკავშირებით

უაკ: 621.313

განხილულია მუდმივი და ცვლადი დენის გენერატორების უკუკავშირებიანი მართვის სისტემები. მათი მუშა (სტატიკური და დინამიკური) რეჟიმების გასაანალიზებლად გამოყენებულია ავტომატური მართვის თეორიაში ცნობილი მეთოდები. გადაწყვეტილია რეგულატორების და კორექტორების დინამიკური ოპტიმიზების ამოცანები როგორც ანალოგური, ციფრული მართვისას.
განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს გენერატორების ძაბვის სტაბილიზაციის უკუკავშირიანი სისტემების მუშაობა.

 

 

image-1
მ. ასლანიშვილი

სანსარა
სიკვდილისა და სიცოცხლის წრებრუნვა

უაკ: 577:577.7

სანსარა სიცოცხლისა და სიკვდილის წრებრუნვაა სამყაროში.
სიცოცხლისა და სიკვდილის კონცეპტები კულტურის საკვანძო კონცეპტებია. ამ კონცეპტების ანალიზმა საშუალება მოგვცა გამოგვევლინა მოცემული კონცეპტების ენობრივი მანიფესტაციის ნაციონალურ-კულტურული სპეციფიკა ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებში.
კვლევის შედეგების (ან მონოგრაფია) გამოყენება შესაძლებელია ლექციათა კურსში ლინგვოკულტუროლოგიაში, ფრაზეოლოგიაში, ლინგვოგეოგრაფიაში, ეთნოლინგვისტიკაში უნივერსიტეტების ფილოლოგიურ ფაკულტეტებზე და აგრეთვე კონცეპტთა ლექსიკონის შექმნის პრაქტიკაში.

 

 

image-1
ი. ქვარაია

რკინაბეტონის გუმბათ-თაღოვანი გადახურვების მოსაწყობი საყალიბო სისტემების აგების მეთოდები და რეალიზაციის მაგალითები

უაკ: 624.05

მონოგრაფიაში განხილულია რკინაბეტონის მონოლითური სამუშაოების შესრულებისას გუმბათ-თაღოვანი გადახურვების მოსაწყობი ხის ყალიბების აგების მეთოდები და მათი გამოყენების პრაქტიკული მაგალითები. კერძოდ, ქ.თბილისში, მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის მიმდინარეობის დროს, მისი არქიტექტურული გადაწყვეტის თავისებურებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა არა მარტო გუმბათ-თაღოვანი გადახურვების, არამედ შენობის არაერთი სხვა ნაწილის ყალიბებისა და საყალიბო სისტემების არასტანდარტულად დამზადება. მრავალი ახალი და საინტერესო ღონისძიების გატარების შედეგად, მნიშვნელოვნად გამარტივდა აღნიშნული კონსტრუქციული ელემენტების მისაღები საყალიბო სისტემების დამზადების, მათი სამუშაო ადგილზე დამონტაჟების, დაბეტონებისა და განყალიბების პროცესები.
მონოგრაფია განკუთვნილია მშენებლობის დარგის სპეციალისტებისათვის.

 

 

image-1
ი. ქვარაია

მშენებლობის პროცესში გამოვლენილი დაზიანებების და ნაკლოვანებების აღმოფხვრა

უაკ: 624.05

მონოგრაფიაში განხილულია ქ.თბილისში, მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის სარდაფის სართულის დასრულების შემდეგ, რკინაბეტონის მზიდ კონსტრუქციებში გამოვლენილი ხარვეზებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრის ღონისძიებები. კერძოდ, ყოველმხრივ გამოკვლეულ იქნა აღნიშნული კონსტრუქციების ფიზიკური მდგომარეობა, ბეტონის სიმტკიცე, როგორც ურღვევი მეთოდით, ისე ცილინდრული ნიმუშების ამოჭრით. შედგენილ იქნა კონსტრუქციების გამაგრების პროექტი და განხორციელდა მათი სრულფასოვანი რეაბილიტაცია. შედეგად აღდგენილ იქნა ყველა კონსტრუქციის მზიდუნარიანობა, გასწორდა არასწორად განლაგებული არმატურის ნაშვერების მდებარეობა და წარმატებით გაგრძელდა მიწისზედა სამუშაოების წარმოება.
მონოგრაფია განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სამშენებლო სპეციალობის ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტების და მშენებლობის დარგის სპეციალისტებისათვის. 

 

 

image-1
მ. გოგოტიშვილი, ჯ. ლომიძე

საქართველოს ძელქვნარები და მათი გავრცელება-გამოყენების პერსპექტივები

უაკ: 58:634.0.16

მონოგრაფიაში განხილულია ძელქვის ბიოეკოლოგიური თავისებურებები, ხელოვნური კორომების გაშენებისა და ამ კორომების ექსპლუატაციის ეკოლოგიურად უვნებელი ტექნოლოგიური სქემები, ამ სქემების განხორციელებისთვის საჭირო ბაგირ-ბლოკური საბაგირო მორსათრევი დანადგარები, რომლებიც უზრუნველყოფს პერსპექტივაში  მოსალოდნელი ტყეკაფების ათვისებისთვის საჭირო ოპერაციების განხორციელებას მაქსიმალურად მექანიზებული წესით.
ნაშრომი დახმარებას გაუწევს სატყეო დარგში მომუშავე მეცნიერ მუშაკებს, კონსტრუქტორებს, დოქტორანტებს, მაგისტრანტებს და ბაკალავრიატის  სტუდენტებს.

 

 

image-1
ე. ჩხაიძე, ნ. ნეფარიძე, დ. ხარაძე

უჯერი ბმების შემცველი პოლიმერები, მათი სინთეზი, თვისებები და გამოყენება

უაკ: 541.6:678.7

მონოგრაფია ეძღვნება უჯერი ბმების შემცველ პოლიმერებს. მასში აღწერილია უჯერი როგორც კარბოჯაჭვური, ისე ჰეტეროჯაჭვური პოლიმერების სინთეზი, განხილულია მათი ძირითადი თვისებები და გამოყენების არეალი. თავმოყრილი და გაანალიზებულია ამ სფეროში გამოქვეყნებული უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული  მასალა. ტექნიკური დანიშნულების უჯერი ჰეტეროჯაჭვური პოლიმერებიდან განხილულია სამრეწველო პოლიესტერები, პოლიამიდები, პოლიესტერამიდები, ეპოქსიფუმარატული ფისები, პოლიურეთანები (თავები 2.1., 2.2.). მონოგრაფიის გამორჩეული ნაწილია მე-3 თავი – ჰეტეროჯაჭვური პოლიმერები ბიოსამედიცინო გამოყენებისათვის, რომელშიც აღწერილია უჯერი ბმების შემცველი სხვადასხვა კლასის პოლიმერები (პოლიესტერები, პოლიამიდები, პოლიესტერამიდები, პოლიანჰიდრიდები, პოლიესტერების თანაპოლიმერები აკრილატებთან, ვინილ-პიროლიდონთან და სხვ.), რომლებიც იქმნებოდა სპეციალურად ბიოსამედიცინო მიზნებისათვის. მონოგრაფიის მე-4 თავი ეძღვნება უჯერი ბმებით მოდიფიცირებულ პოლიმერებს. ასევე, მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს დათმობილი ავტორების მიერ განხორციელებულ კვლევებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კერძოდ, ბიოსამედიცინო პოლიმერებისა და ბიომასალათა კვლევის ცენტრში.
მონოგრაფიის ავტორების მიერ აღწერილია ბუნებრივი ამინომჟავების ბაზაზე მათ მიერ მიღებული სხვადასხვა კლასის AABB ტიპის ჰეტეროჯაჭვური პოლიმერების სინთეზი, რომლებიც გამოცდილია პოლიმერ-მატარებლებისა და მატრიქსების სახით სამკურნალო პრეპარატებისა და ფერმენტების იმობილიზაციისათვის, ფარმაკოლოგიურად აქტიური კომპოზიტების, ფოროვანი  მასალების, მიკრო- და ნანონაწილაკების და სხვათა მისაღებად.
მონოგრაფია მნიშვნელოვანი ნაშრომია ბიოპოლიმერების და სამედიცინო დანიშნულების მასალათმეცნიერების მიმართულებით.
წიგნი დიდ სარგებლობას მოუტანს როგორც დარგით დაინტერესებულ სტუდენტებს, ისე ამ სფეროში მოღვაწე მეცნიერებს.

 

 

 

image-1
ს. ბიწაძე

მაგნიტურჰიდრავლიკური საბიძგებლები

უაკ: 621.3.042

მონოგრაფიაში განხილულია მაგნიტურჰიდრავლიკური საბიძგებელას ჩვენ მიერ შემუშავებული, საავტორო მოწმობებით დაცული, თხუთმეტი ორიგინალური კონსტრუქცია, მათი თეორიული და ექსპერიმენტული კვლევის შედეგები. გადაწყვეტილია საბიძგებელას დინამიკის ზოგიერთი ამოცანა.
აღწერილია საბიძგებლების ლაბორატორიული გამოცდისათვის სპეციალურად შექმნილი სტენდი, რომელზეც ჩატარდა ზოგიერთი იმ პროცესის იმიტირება, რომლებიც გვხვდება მაგნიტურჰიდრავლიკური საბიძგებელას გამოყენებისას ტვირთამწე მანქანების მუხრუჭებსა და სხვა მანქანა-დანადგარებში. მოცემულია სტენდზე გამოცდის მეთოდიკა. მოყვანილია ხანგრძლივი ჩართვის რეჟიმში მუშაობისთვის განკუთვნილი მაგნიტურჰიდრავლიკური საბიძგებლების მართვის ორიგინალური ელექტრული სქემები.
დასახულია მაგნიტურჰიდრავლიკური საბიძგებლების ტექნიკური მახასიათებლების, მუშაუნარიანობისა და ხანგამძლეობის გაუმჯობესების გზები.
მონოგრაფია გამოადგებათ იმ მკვლევრებს, კონსტრუქტორებს, ინჟინრებსა და სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მაგნიტურჰიდრავლიკური საბიძგებლებით, მათი დაპროექტებითა და დინამიკის ამოცანებით.

 

 

image-1
მ. ბიბილური

ნეიტრონული დასხივების გავლენა სამშენებლო კონსტრუქციებში გამოყენებული მასალების საიმედოობაზე

უაკ: 66.085.6

მონოგრაფიაში განხილულია რადიაციული დასხივების პროცესში მასალის თვისებების მახასიათებლებსა და დასხივების დოზებს შორის ურთიერთკავშირი, რაც მნიშვნელოვანია მასალის თვისებების დიაგნოსტიკისა და პროგნოზირების საკითხისათვის. კონსტრუქციის გაანგარიშების მათემატიკური მეთოდი მნიშვნელოვანია რეაქტორის საკონსტრუქციო მასალების საიმედოობის პრობლემისათვის.
ნაშრომში მოცემულია მაღალი ენერგიების ნაწილაკებით დასხივებული ლითონებისაგან დამზადებული კონსტრუქციული კვანძების და მთლიანად წამწის სიმტკიცისა და დეფორმაციის კვლევის შედეგები.
ნაშრომი გამოადგება საინჟინრო ფიზიკისა და სამშენებლო სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებს, ასევე მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. ვფიქრობთ, იგი საინტერესო იქნება იმ მეცნიერი თანამშრომლებისთვისაც, რომლებიც მოღვაწეობენ საინჟინრო ფიზიკასა და სამშენებლო მექანიკაში.