image-1
თ. მიქიაშვილი

კოგენერაცია სითბური ენერგიის კონსერვაცია აირტურბინული დანადგარები

უაკ: 621.438/311

განხილულია ელექტრული და სითბური ენერგიის კოგენერაცია, ნარჩენი სითბოს გამოყენება, სითბური ენერგიის კონსერვაცია და აირტურბინული დანადგარები, ასევე ყურადღება ეთმობა წყლის ორთქლისა და ტენიანი ჰაერის პარამეტრების ცვლილებას სხვადასხვა თერმოდინამიკურ ციკლში; მოცემულია გაანგარიშების მაგალითები და საანგარიშო დამოკიდებულებები საინჟინრო გამოთვლებისთვის; ასევე ვრცელი მასალა ენტროპიის შესახებ და ჩატარებულია აირტურბინული დანადგარების თერმოდინამიკური ციკლების შედარებითი ანალიზი.
განკუთვნილია თბოსაინჟინრო სპეციალობის სტუდენტებისთვის, რომელთაც მიღებული აქვთ საბაზო ცოდნა ტექნიკურ თერმოდინამიკასა და თბომასაგადაცემაში.
სახელმძღვანელო სარგებლობას მოუტანს ტექნიკური სპეციალობის მაგისტრანტებს და დოქტორანტებს; დახმარებას გაუწევს დამოუკიდებელ მკვლევარებს, თბოტექნიკის ინჟინრებსა და დიზაინერებს, ენერგეტიკის ანალიტიკოსებს, აუდიტორებს, მენეჯერებს, ასევე ტექნიკური პროფილის სხვა სპეციალისტებს.

 

 

image-1
ნ. ქაჯაია, ნ. აბაკელია, ნ. ჯაფარიძე

სტრუქტურული გეოლოგია და გეოლოგიური კარტირება

უაკ: 550.8 : 528(075.8)

განხილულია სტრუქტურული გეოლოგიის მიზნები და ამოცანები, მათ გადასაჭრელად აუცილებელი კვლევის მეთოდები და მოცემულია ზოგადი და სპეციალური ტერმინების განმარტებები.
აღწერილია მაგმური სხეულების წარმოშობის პროცესები და გამოვლენის ფორმები.
მოცემულია გეოლოგიური აგეგმვის და მისი შედეგის სხვადასხვა მასშტაბისა და დანიშნულების გელოგიური რუკების შედგენისათვის აუცილებელი მეთოდიკისა და ტექნიკური საშუალებების აღწერა. განხილულია სხვადასხვა სტრუქტურული ელემენტების შესწავლის თავისებურებები, განსხვავებულ კლიმატურ და გეომორფოლოგიურ პირობებში სამუშაოთა დაგეგმვა-განხორციელების წესები, ასევე გეოლოგიური აგეგმვის შედეგების წარმოდგენის სასურველი და აუცილებელი მასალების ჩამონათვალი და მათი მოკლე აღწერა.
განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, აგრეთვე მნიშვნელოვან სამსახურს გაუწევს მაგისტრატურის მსმენელებს და საველე პირობებში მომუშავე ახალგაზრდა სპეციალისტებს.

 

 

image-1
უ. ზვიადაძე

ჰიდროგეოლოგიური კვლევების მეთოდიკა

უაკ: 624.131.31

განხილულია ჰიდროგეოლოგიურ კვლევებში დღეისათვის გამოყენებული მეთოდების კომპლექსი, მათ შორის კვლევის ინოვაციური მეთოდები და ფილტრაციის პროცესის მოდელირების საკითხები. მიწისქვეშა წყლების რესურსებით მდიდარი ჩვენი ქვეყნის სინამდვილეში დიდი მნიშვნელობა აქვს ამ უნიკალური ეროვნული სიმდიდრის გეგმაზომიერ შესწავლას და მისი რაციონალურად გამოყენების გზების დასახვას, რაც მხოლოდ კვლევის მეთოდების დაუფლებით არის შესაძლებელი.
განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
რ. იაუშოვეტცი

ჰიდრავლიკა წყლით გათბობის ენერგოეფექტურ სისტემებში

უაკ: 697.4(075)

სახელმძღვანელო ეძღვნება წყლით გათბობის ენერგოეფექტური სისტემების დაპროექტების, მუშაობის და მომსახურების საკითხებს. ის შედგენილია წამყვანი დასავლური კომპანიების ტექნოლოგილიური ნოვაციებისა და გამოცდილების საფუძველზე; განკუთვნილია ენერგეტიკული პროფილის სტუდენტების, პრაქტიკოსი ინჟინრებისა და გათბობის სისტემების მომსახურე პერსონალისთვის.

 

 

 

image-1
ნ. ფაილოძე, ჯ. ალანია, ზ. ლიპარტია, ვ. კეკენაძე, ო. ხუციშვილი, გ. სულაშვილი

საბუღალტრო საქმე მესამე შევსებული გამოცემა I ტომი

უაკ: 657.1+657.3](075.8)

საქართველოს ეკონომიკის საბაზრო ტრანსფორმაციის დასაჩქარებლად და ბიზნესის მართვის ფუნქციების წარმატებით შესრულებისათვის ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებად საბუღალტრო საქმის შემდგომი სრულყოფა და მეწარმეობის პრაქტიკაში მისი ცივილიზებული განვითარება-დამკვიდრება გვევლინება, რომელიც ფრიად მნიშვნელოვანია ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობის აღორძინებისათვის.
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება და შემდგომი სრულყოფა კვალიფიციური კადრების ნაკლებობის გამო სირთულეებთან იყო დაკავშირებული. სწორედ ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრასა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაში არსებით როლს შეასრულებს წინამდებარე სახელმძღვანელო.
სახელმძღვანელოში ჩამოყალიბებულია ბუღალტრული აღრიცხვის თეორიის, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე სააღრიცხვო პოლიტიკის ფორმირების ფუძემდებლური პრინციპები, ფინანსურ მენეჯმენტში ეკონომიკური ინფორმაციების მოპოვების, დამუშავებისა და ანალიზის მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ასპექტები.
სახელმძღვანელო ორიენტირებულია ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების პროფილის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ასათვისებლად. ასევე სასარგებლო იქნება თანამედროვე ფინანსური მენეჯმენტის პრაქტიკოსი მუშაკებისათვის ეფექტიანი სამეწარმეო საქმიანობის უზრუნველსაყოფად.

 

 

image-1
კ. ფარცხალაძე, გ. კვირიკაშვილი

მცირე მაცივარი დანადგარები

უაკ: 621. 56/57

წარმოდგენილ სახელმძღვანელოში ძირითადად ყურადღება გამახვილებულია იმ თანამედროვე სამაცივრო მოწყობილობების სახეებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება პრაქტიკაში და მზადდება ამ სფეროში მსოფლიოს წამყვანი ფირმების მიერ.
მესამე თავში სხვადასხვა სამაცივრო ციკლების თერმოდინამიკური უზრუნველყოფის პარამეტრების განხილვისას მოყვანილია ცნება „გარდაქმნის კოეფიციენტი“ - COP (coefficient of performans), რომელიც ბოლო წლებში გამოყენებულია მსოფლიო ტექნიკურ ლიტერატურაში. სწორედ ამ ცნების საფუძველზეა განხილული სამაცივრო ციკლები, რომელიც უფრო ხშირად რეალიზდება სამაცივრო მოწყობილობებში.
მეოთხე თავში აღწერილია თანამედროვე საოჯახო მაცივრებისა და საყინულეების კონსტრუქციების დიდი კლასი, რომელიც შეიცავს ისეთ სისტემებს, როგორებიცაა NO FROST და SUPER რეჟიმები. ცალკეული პარაგრაფების სახითაა განხილული ამ მოწყობილობების ელექტრომომარაგება და ავტომატიზაცია. აგრეთვე განხილულია ენერგეტიკული ეფექტურობის ამაღლების საკითხები, რაც წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბის სერიოზულ პრობლემას.
მეხუთე თავში (სავაჭრო სამაცივრო მოწყობილობები) ტრადიციული ვიტრინების, დახლებისა და კარადების გვერდით მოყვანილია აგრეთვე ამ სახის თანამედროვე მოწყობილობები: ყინულის გენერატორები, წვენის გამაცივებლები, რბილი ნაყინის მწარმოებელი აპარატები, ღვინის სადემონსტრაციო და სავაჭრო კარადები, სკივრის ტიპის მაცივრები, ბონეტები, ლარები და ა.შ. თავის ბოლოს განხილულია ასაწყობი სამაცივრო კამერები, მათი თბური გაანგარიშება და კამერის საჭირო მოცულობის ანგარიში. ეს თავი ფართოდაა ილუსტრირებული.
მეექვსე თავში შეტანილია კლიმატური კამერები და ჩილერები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება მრეწველობაში (საგამოცდო ცენტრები, ფიტოტრონები), ჰაერის კონდიცირებისთვის (სამრეწველო, საყოფაცხოვრებო, საზღვაო ტრანსპორტი), კვების მრეწველობის გადამამუშავებელ საწარმოებში და ა.შ.
აგროსამრეწველო კომპლექსში სიცივის მოხმარების ცალკეული საკითხი განხილულია მეშვიდე თავში. აქ მოცემულია ტექნოლოგიური პროცესები და სხვადასხვა ეტაპზე დაბალი ტემპერატურის გამოყენების საკითხი ნაყინისა და პელმენის წარმოების მიხედვით და ფრინველის ფაბრიკის მაგალითებზე. აქვე მოცემულია სამაცივრო მოწყობილობების შესარჩევად საჭირო გაანგარიშების მაგალითები.
სახელმძღვანელოს ბოლოს ახლავს დანართები, რომლებიც მოიცავს ალტერნატიული სამაცივრო აგენტების მახასიათებლებს, ასევე სამაცივრო სქემების შესადგენად საჭირო თანამედროვე პირობით აღნიშვნებს.
განკუთვნილია სამაცივრო ტექნოლოგიისა და ტექნიკის პროფილის პროფესიული სწავლების, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, ასევე ამ სფეროში მოღვაწე ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისთვის.

 

 

image-1
ნ. ბოჭორიშვილი, ა. აბშილავა, ლ. მახარაძე, ნ. ხუნდაძე

უსაფრთხოების ტექნიკის საფუძვლები ნავთობისა და აირის მოპოვებისა და ექსპლუატაციისას I ნაწილი

უაკ: 628.741:621.643.038

სახელმძღვანელოში მოცემულია ნავთობაირის კვლევების, ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავების, ტრანსპორტირებისა და შენახვის, ჭაბურღილის ბურღვის, სარეწაო გეოფიზიკური უსაფრთხოების ტექნიკის საფუძვლები. ჩამოყალიბებულია სითხისა და აირის მოძრაობის აღწერის ძირითადი პრინციპები, გაანალიზებულია მოსალოდნელი უბედური შემთხვევების თავიდან აცილების გზები ნავთობსარეწი მექანიკის ამოცანების თავისებურებათა გათვალისწინებით (კერძოდ, ნავთობსადენების ჰიდრავლიკური გაანგარიშებებისა). მოიცავს ცნობებს დინამიკური და მოცულობითი ჰიდრომანქანების-ტურბობურღების, ტუმბოების, ჰიდროამძრავების, დგუშიანი, როტორული და დინამიკური კომპრესორების შესახებ.
სახელმძღვანელო შედგენილია ნავთობისა და აირის ჭაბურღილების ბურღვის ტექნოლოგიის, ნავთობისა და აირის საბადოების დამუშავება და ექსპლუატაცია და ნავთობგაზსადენებისა და ნავთობგაზსაცავების დაპროექტება და ექსპლუატაციის სპეციალობათა სტუდენტებისათვის. ასევე ამ დარგში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისათვის.
წინამდებარე სახელმძღვანელო ზემოთ აღნიშნული სპეციალობებისათვის პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე, ამდენად იგი არ იქნება დაზღვეული ხარვეზებისაგან. ყოველგვარი საქმიანი შენიშვნა და რჩევა დიდი მადლიერების გრძნობით მიიღება ავტორების მიერ და გაითვალისწინება შემდგომ გამოცემაში.

 

 

image-1
გ. ლომსაძე, გ. ტაბატაძე, გ. ლობჟანიძე

სამთო საწარმოთა მენეჯმენტი II ნაწილი

უაკ: 338.45:622

სახელმძღვანელოში განხილულია ახალ ეკონომიკურ პირობებში სამთო საწარმოთა მენეჯმენტის არსი, მათი მართვის თანამედროვე პრინციპები, მეთოდები და ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბების თავისებურებანი საბაზრო ურთიერთობათა პირობებში; გაანალიზებულია ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ საწარმოს სამეურნეო საქმიანობასა და მართვის ოპტიმალური სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე; გადმოცემულია საწარმოო მენეჯმენტის მეთოდური საფუძვლები და მისი პრაქტიკული გამოყენების რეკომენდაციები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა სამთო-გეოლოგიური და მონათესავე სპეციალობის სტუდენტებისათვის, დარგში მომუშავე სპეციალისტებისა და სხვა დაინტერესებული მკითხველისათვის.

 

 

image-1
თ. ბაციკაძე, ჯ. ნიჟარაძე

მასალათა გამძლეობა I ნაწილი

უაკ: 539. 3

შედგენილია იმ სილაბუსის მიხედვით, რომელიც შეიცავს ამ საგნის ძირითად საკითხებს. უხვადაა ილუსტრირებული, რაც მკითხველს საკითხების უფრო ნათლად წარმოდგენის საშუალებას აძლევს. შესაბამისი თემების  შეუცდომლად აღქმისათვის და მასალის სწორად გააზრების მიზნით ყოველი თავის დასასრულს დართულია კითხვა-პასუხები. შედგება შვიდი თავისაგან. განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთათვის.