პარონიმები ეწოდება ისეთ სიტყვებს, რომლებიც ბგერობრივად (ხან საერთო წარმომავლობის ან მსგავსი წარმოების გამო, ხან შემთხვევით, ზოგჯერ სემანტიკური ელფერითაც) ჰგვანან ერთმანეთს, რაც მიზეზი ხდება მათი აღრევისა (ისინი გაუმართლებლად მონაცვლეობენ როგორც ზეპირ, ისე წერით მეტყველებაში). გთავაზობთ პარონიმებს, რომლებიც, ჩვენი აზრით, საყურადღებო უნდა იყოს საგამომცემლო სახლის ავტორებისათვის. ჩვენ ვიხელმძღვანელეთ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ 2011 წელს გამოცემული ქართული ენის პარონიმთა ლექსიკონით. მთავარი რედაქტორი - თ. ვაშაკიძე.



 
საკაცე – საკაცო

საკაცე (ავადმყოფი საკაცეზე დააწვინეს); საკაცო (საკაცო საქმე).


 
საკბილე – საკბილო

საკბილე: კბილებისთვის განკუთვნილი (საკბილე მორჩი...); საკბილო: 1. შესაჭმელი (მგელმა საკბილო დაინახა); 2. გადატ. რაიმე ქმედების (ძირითადად უარყოფითი) სავარაუდო ობიექტი (საკბილო ვერაფერი იპოვა).


 
საკითხი – საკითხავი

საკითხი: რაც გარკვევას, გადაწყვეტას, განხილვას საჭიროებს; რაზეც მსჯელობენ; რასაც იკვლევენ (საკვლევი / საჭირბოროტო საკითხი); შდრ.: დროის / ზრდილობის საკითხი; საკითხავი: 1. რაც უნდა ჰკითხონ ან იკითხონ, შესაკითი; 2. ვინც ან რაც უნდა მოიკითხონ; ვისი ან რისი ამბავიც უნდა იკითხონ (საკითხავი კაცი / ამბავი...); 3. რაც უნდა წაიკითხონ, კითხვისათვის განკუთვნილი, წასაკითხი (საკითხავი წიგნი...).


 
საკორექტორო – საკორექტურო

საკორექტორო: კორექტორებისათვის განკუთვნილი (საკორექტორო ოთახი); საკორექტურო: კორექტურისთვის განკუთვნილი; რაც კორექტურას საჭიროებს (საკორექტურო ანაბეჭდი).


 
სალტე – სალტო

სალტე: ლითონის რკალი (რაიმეს გასამაგრებლად); შდრ.: სალტო: 1. აკრობატული ნახტომი, რომლის დროსაც სხეული ჰაერში ამოტრიალდება; 2. გადატ. სახიფათო ნაბიჯი.


 
სამათხოვროდ – სანათხოვროდ

სამათხოვროდ: მათხოვრობის მიზნით: „რამდენიმე კაცი სოფლიდან წასულიყო სამათხოვროდ ქალებით და ბავშვებით“ (დ. კლდ.); სანათხოვროდ: დროებით სათხოვებლად: „იქნება სანათხოვროდ მაინც ვიშოვოთ სადმე ცალი ჩექმა“ (ა. ბელ.).


 
სამამულე – სამამულო

სამამულე (რქა); სამამულო (ომი / ნაწარმი).


 
სამწერლო – სამწერლობო

სამწერლო (ასპარეზი); სამწერლობო (ენა).


 
სამწყე[მ] სავი – სამწყესური

სამწყე[მ]სავი: რაც უნდა მწყემსონ (სამწყესავი ნახირი); სამწყესური: ადგილი, სადაც საქონელს მწყემსავენ.


 
სანაშენე – სანაშენო

სანაშენე (მეურნეობა); სანაშენო (საქონელი).


 
სანიშნე – სანიშნო

სანიშნე და სანიშნო ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნავს: რასაც უმიზნებენ, ნიშანში ამოსაღები (სანიშნე / სანიშნო ფიცარი...), მაგრამ სანიშნოს განსხვავებული მნიშვნელობაც აქვს: რითაც უნდა ანიშნონ, ნიშნის მისაცემი; სასიგნალო (სანიშნო ალამი / ზარი...).


 
სანიშნი, სანიშნებელი – სანიშნე

სანიშნი, სანიშნებელი: რითაც უნდა ანიშნონ, ნიშნის მისაცემი; სასიგნალო (ხმა, ალამი, ზარი...); შდრ: სანიშნი წიგნისთვის /ბლოკნოტისთვის; სანიშნე: რასაც უმიზნებენ, ნიშანში ამოსაღები (სანიშნე ფიცარი...).


 
საპილოტე – საპილოტო

საპილოტე: პილოტისთვის განკუთვნილი (საპილოტე ფორმა); საპილოტო: რისი პილოტი­რებაც უნდა მოხდეს; რაც უნდა გამოიცადოს, შემოწმდეს (სახელმძღვანელოს საპი­ლოტო ვერსია; საპილოტო პროგრამა / პროექტი).


 
სარეწაო – სარეწი

სარეწაო: რეწვასთან დაკავშირებული (სარეწაო გადასახადი / კოოპერაცია / ფლოტი); სარეწი: მოპოვებითი ხასიათის საწარმო ან საწარმოთა ქსელი: მარილის / ნავთის / თევზის / ოქროს... სარეწი.


 
სარძევე – სარძეო

სარძევე (ჭურჭელი / ჯირკვლები / კბილები); სარძეო (მეურნეობა).


 
სარწყავი – სარწყული – სარწყულებელი

სარწყავი და სარწყული ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნავს: 1. ღვინის, მარცვლეუ­ლის... საწყაო; 2. ჭურჭელი, რომელსაც აქვს ტუჩი ძაბრისმაგვარი დაჩვრეტილი ბოლოთი (ხმარობენ ბაღის, ბოსტნის... მოსარწყავად), მაგრამ არწყავს სხვა მნიშვნელობებიც აქვს: 1. რაც ირწყვება (სარწყავი მინდორი); 2. რითაც რწყავენ (სარწყავი სისტემა); სარწყულებელი: 1. რასაც წყალი უნდა დაალევინონ (სარწყულებელი საქონელი); 2. ადგილი. სადაც პირუტყვს წყალს ასმევენ.


 
სასმელი – სასმისი

სასმელი: რაც უნდა სვან (სასმელი წყალი; ალკოჰოლიანი სასმელი); სასმისი: ჭურჭელი, რითაც ღვინოს ან სხვა მაგარ სასმელს სვამენ (კათხა, ყანწი, ფიალა...).


 
საუკუნო – საუკუნე – საუკუნეობრივი

საუკუნო: სამუდამო, სამარადისო, მუდმივი: „სიყვარული ისა სჯობს, რაც ძველია, საუკუნო მეგობრობის მცველია“ (აკაკი); საუკუნე: დროის მონაკვეთი (ასი წელი); საუკუნეობრივი: დიდი ხნის, ხანგრმლივი (საუკუნეობრივი ოცნება).


 
საქმიანი – საქმოსანი

საქმიანი: 1. საქმის მქონე, მცოდნე, მოყვარული (საქმიანი ადამიანი); 2. საქმესთან დაკავში­რებული (საქმიანი ქაღალდები); 3. ლაკონიური, დაწურული, არსებითი; მხოლოდ საკითხთან დაკავშირებული (საქმიანი ლაპარაკი); საქმოსანი: ვინც თავის საქმიანობაში მხოლოდ პირადი (პრაქტიკული, ჩვეულებრივ, კომერციული) ინტერესებით ხელმძღვანელობს.


 
საქორწილო – საქორწინო

საქორწილო (მზადება); საქორწინო (ბეჭედი).