რაოდენობითი (გრამატ. რიცხვითი სახელები); რაოდენობრივი (მაჩვენებლები / ზრდა).
რეალური: 1. ნამდვილად არსებული, ჭეშმარიტი (რეალური მდგომარეობა); 2. რისი განხორციელებაც შესაძლებელია (რეალური მოთხოვნა); რეალისტური: რეალიზმისათვის (რეალისტური მიმართულებისათვის) დამახასიათებელი (მწერლის რეალისტური ხედვა).
რეგრესი: უკუსვლა, დაქვეითება; რეგრესია: ზღვის უკან დახევა.
რედაქციული (ტექსტში რედაქციული ცვლილებების შეტანა); სარედაქციო (კოლეგია / სტატია...).
რვატომეული (განმარტებითი ლექსიკონისა); რვატომიანი (ნაშრომი).
რითმა: ბგერათა ერთი და იმავე ან მსგავსი კომპლექსების კანონზომიერი გამეორება გარკვეულ რიტმულ მონაკვეთში (ძირითადად სტრიქონების ბოლოს: ლექსის რითმა); რიტმი: თანაბარზომიერი, პერიოდული მონაცვლეობა რაიმე ელემენტებისა (მოძრაობის, ბგერების...): რიტმის გრძნობა.
რითმული (ლექსის რითმული ხიბლი); რიტმული (ცეკვა „მთიულურის“ რიტმული თავისებურება).
რიტორული: მჭევრმეტყველისათვის დამახასიათებელი (რიტორული ნიჭი); რიტორიკული: მჭევრმეტყველების თეორიისთვის დამახასიათებელი (რიტორიკული კითხვა).
რიცხვი: 1. ერთზე მეტი ციფრისაგან შედგენილი რაოდენობის გამომხატველი ცნება (წილადი / ლუწი / კენტი რიცხვი); 2. რაოდენობა: „მაყურებელთა რიცხვი უთვალავი იყო“ (ილია); 3. რაიმეს ერთობლიობა, რიგი, ჯგუფი: „სტუდენტების რიცხვში მეც ვიყავი“ (აკაკი); 4. რიგის მიხედვით ესა თუ ის დღე (დღეს რა რიცხვია?); 5. გრამატ. მორფოლოგიური კატეგორია (მხოლობითი/მრავლობითი რიცხვი); ციფრი: 1. რიცხვის გრაფიკული ნიშანი (არაბული/რომაული ციფრები); 2. რაოდენობის გამომხატველი ცნება ნულიდან ათამდე.
რიცხვული (სიდიდე / თანაშეფარდება); რიცხული (თანხა).
როგორიც (ისეთი, როგორიც): იყიდა სწორედ ისეთი კომპიუტერი, როგორიც უნდოდა; როგორც (ისე, როგორც): „ყველას ნება აქვს – როგორც სურს, ისე შეიქციოს თავი“ (ილია).
ეს სიტყვები ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნავს – ხის ან ბუჩქის გამონაზარდი (შეისხა რტო; ბუჩქის შტო), მაგრამ შტოს სხვა მნიშვნელობაც აქვს: მდინარის, ქედის, რკინიგზის... განაყოფი სხვადასხვა მხარეს; განშტოება (მთის / მდინარის... შტო); შდრ.: გვარის შტო.
რქიანი, რქოსანი: პირუტყვი; რქოვანი (წამონაზარდი); შდრ.: თვალის რქოვანი გარსი.
სააქციო: აქციებისთვის განკუთვნილი, აქციებთან დაკავშირებული, აქციებზე დამყარებული (სააქციო საზოგადოება); სააქციზო: აქციზისათვის განკუთვნილი, აქციზით განსაზღვრული (სააქციზო პატენტი / უწყება...).
საბალახე (გადასახადი); საბალახო (ადგილი).
საბრალდებო: სამართ. ბრალდების შემცველი. განმსაზღვრელი (საბრალდებო დასკვნა); შდრ.: საბრალდებულო: ბრალდებულისათვ განკუთვნილი (საბრალდებულო საკანი).
საგადამხდელო: გადამხდელისთვის განკუთვნილი (საგადამხდელო ბალანსი); საგადასახადო: გადასახადთან დაკავშირებული (საგადასახადო სამსახური).
საექსპერტო: ექსპერტთან დაკავშირებული (საექსპერტო კომისია / დასკვნა); შდრ.: საექსპორტო: ექსპორტისათვის განკუთვნილი (საექსპორტო საქონელი).
სავსებით (გასაგები / დამაჯერებელი...); სრულიად (გაუგეგარი / დაუჯერებელი...).
სათითე, სათითური: თითზე ჩამოსაცმელი კერვის დროს; გადატ. რამდენიც ერთ სათითეში ჩადის (ერთი სათითე თესლი); სათითურა: ბოტან. მრავალწლოვანი ბალახი მარცვლოვანთა ოჯახისა.