ესკალატორი: მოძრავი კიბე; შდრ.: ექსკავატორი: მიწის სათხრელი მანქანა.
ეტაპობრივი: ეტაპ-ეტაპ, თანდათან მიმდინარე (სწავლების ახალ სისტემაზე ეტაპობრივი გადასვლა); საეტაპო: 1. ეტაპის შემქმნელი, მეტად მნიშვნელოვანი (რუსთაველის თეატრმა დადგა საეტაპო სპექტაკლი); 2. ძვ. ეტაპისა (საეტაპო საპატიმრო).
ეძებს: 1. ცდილობს იპოვოს, მონახოს; 2. ცდილობს მიაღწიოს; იძიებს: გამოძიებას აწარმოებს; იკვლევს; შ დ რ.: შურს იძიებს: სამაგიეროს გადაუხდის.
ეწვია (სტუმარი); ეწია (ბედს).
ეჭვობს: საეჭვოდ მიაჩნია (ვეჭვობ, ამ წამალმა გაამართლოს); ეჭვიანობს: ეჭვიანის თვისებებს ამჟღავნებს (უსაფუძვლოდ ეჭვიანობს მეგობარზე).
ვალდებულება (სამხედრო ვალდებულება); მოვალეობა (საპატიო მოვალეობა; დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი).
ვეგეტატიური (ნევროზი); ვეგეტაციური (გამრავლება).
ვულკანიზაცია, ვულკანიზება: 1. კაუჩუკის დამუშავება გოგირდით ან სხვა ნივთიერებით მისგან რეზინის მისაღებად; 2. დაბერვა, ჰაერით შევსება (საბურავის ვულკანიზაცია); ვულკანიზმი: გეოლ. მოვლენათა ერთობლიობა, რომელიც დაკავშირებულია დედამიწის წიაღში მაგმის მოძრაობასა და მის (ამონთხევასთან ვულკანების გზით).
ზარალი: ქონებრივი დანაკარგი; დანაკლისი: „მოგება და ზარალი ამხანაგები არიანო“ (ანდაზა); ოჯახს ზარალი ზარალზე მოსდიოდა“ (ბ. ჩხ.); ზიანი: ფიზიკურად დაშავება, დაზიანება (ფილოქსერამ ვაზს ზიანი მიაყენა).
ზევით / ზემოთ ადის, მაგრამ: როგორც ზემოთ [და არა ზევით] აღვნიშნეთ / ითქვა...
ზეთიანი (ჭურჭელი / საჭმელი / თითები); ზეთოვანი (კულტურები).
თავდაცობილი (ბოთლი); თავდაცული (კაცი).
თავისი: საკუთარი („მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა“; „ყვავსაც თავისი ბახალა მოსწონს“); მისი: სხვისი (და არა თავისი): გიორგიმ მისი შვილი მოიყვანა (რაც ნიშნავს – მოიყვანა სხვისი შვილი).
თანამდები: ძვ. მოვალე; თანამდევი: ვინც ან რაც თან სდევს; ვინმესთან ან რამესთან მყოფი: „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა! მე ვარო შენი თანამდევი, უკვდავი სული" (ილია).
თარგმნა: ერთი ენიდან მეორეზე გადაღება („ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურად თარგმნა იოლი არ არის); თარგმანი: ერთი ენიდან მეორეზე გადაღებული ტექსტი ან სიტყვა („ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურად თარგმანი).
თემა: საკითხი, რომელსაც ეხება თხზულება რომანის... თემა); შ დ რ.: საუბრის თემა; თემატიკა: თემათა ერთობლიობა. თემათა სისტემა.
თვალსაზრისი: ჩამოყალიბებული შეხედულება, პოზიცია რაიმეს შესახებ (მისაღები თვალსაზრისი); მოსაზრება: ვარაუდი, აზრი ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით (ეს მოსაზრება თავში ამწუთას მოუვიდა).
თხოვნა: სათხოვარი; მოთხოვნა: ერთი მხარის მიერ მეორისათვის რაიმეს კატეგორიულად, დაჟინებით თხოვნა.
იზომავს: ზომავს თავისას (სიცხეს / წნევას იზომავს); იზომებს (კაბას იზომებს).
იკრებს (მეგობრებს / ძალ-ღონეს); იკრეფს (ხილს / ყვავილებს). ·